რომელ ქვეყანაში ასწავლიდა ნეკა სებისკვერაძე უცხოელებს ქართულ სიმღერას და რატომ არ არის პედაგოგობა მისი მოწოდება
ალბათ, ყველა ადამიანის სურვილია, ბევრი იმოგზაუროს და არაერთი ქვეყნის კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნოს. მათ შორის არის ნეკა სებისკვერაძეც, რომელიც ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი. როგორც ნეკამ აღნიშნა, მოგზაურობის დროს მისთვის აუცილებელია, თან ჰქონდეს ფოტოაპარატი და გვერდით ჰყავდეს საყვარელი ადამიანი.
– განიჭებს თუ არა მოგზაურობა სიამოვნებას და ხშირად თუ მოგზაურობ?
– მოგზაურობა ყველაზე საუკეთესო რამაა, რაც კი ადამიანმა შეიძლება ცხოვრებაში აკეთოს. ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროფესიის წყალობით, ბავშვობიდანვე მიწევდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში. მოგზაურობაზე საუკეთესო მოსაგონარი არ მგონია რაიმე იყოს.
– რამდენ და რომელ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?
– რაოდენობა არასდროს დამითვლია. ნამყოფი ვარ: იაპონიაში, ამერიკაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, იტალიაში, ესპანეთში, მონაკოში და ასე შემდეგ. ისრაელში, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი.
– რომელმა ქვეყანამ მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება?
– ჩემზე განსაკუთრებული და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იაპონიამ, რადგან იქაურობას უკავშირდება ჩემი პირველი გასტროლი 15 წლის ასაკში. მაშინ ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა და 9 ქალაქში ჩავატარეთ კონცერტები. იაპონია არის ქვეყანა, რომელშიც აღმოჩენები არ ილევა და რომლის ტრადიციებიც და კულტურაც ყოველ წუთს იწვევს ადამიანთა გაოცებას. აღარაფერს ვამბობ მათი ცხოვრების წესზე, რომელიც საათივით აქვთ აწყობილი.
ემოციურად ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები ისრაელს უკავშირდება. მაცხოვრის საფლავთან შეხება და გოლგოთას მთის ფეხით მოვლა ეს ჩემთვის დღემდე ყველაზე დიდი განცდაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ვცხოვრობდი და ექვსჯერ მოვიარე იქაურობა, ეს ემოცია არ ნელდება.
– ბოლოს სად იყავი?
– ბოლო ხანებში კაპადოკიაში გახლდით. ქალაქ თბილისის მერიამ ქართველი მხატვრები წაიყვანა სამოგზაუროდ და ჩვენ თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა. ეს გამორჩეული სილამაზე ყველამ საკუთარი თვალით უნდა ნახოს.
რა თქმა უნდა, ყველა მოგზაურობას თან სდევს ემოცია, რომელიც დიდხანს მიგყვება და მათი შედარება ყოველთვის მიჭირს ხოლმე.
– რომელ ქვეყანაში მოგზაურობაზე ოცნებობ?
– ასეთი ქვეყანა ბევრია, მაგალითად ბრაზილია, ინდოეთი... მოგზაურობა, ფრენა და საერთოდ, მგზავრობა, ისე მიყვარს, რომ უარს არც ერთ ქვეყანაში წასვლაზე არ ვიტყოდი.
– როგორც ვიცი, ერთი პერიოდი თურქეთში, ქართულ სიმღერას ასწავლიდი. საინტერესო იყო?
– ეს იყო ორკვირიანი პროექტი, ბანაკური ტიპის, სადაც, სხვადასხვა პედაგოგებთან ერთად, ქართულ სიმღერას ვასწავლიდი ახალგაზრდებს. პედაგოგობა ჩემი მოწოდება ნამდვილად არ არის, თუმცა საინტერესო იყო.
– როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი მოგზაურობის დროს?
– მოგზაურობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, როგორი განწყობით ჩახვალ ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩემოდნების ჩალაგება კი ძალიან მეზარება, მაგრამ თბილისის აეროპორტიდანვე ვიქმნი დადებით განწყობას და ეს მთელი მოგზაურობის განმავლობაში მიმყვება. მოგზაურობის დროს ჩემთვის აუცილებელია, თან მქონდეს ფოტოაპარატი და გვერდით მყავდეს საყვარელი ადამიანი.
– მეუღლესთან ერთად რომელ ქვეყნებში გიმოგზაურია?
– მეუღლესთან ერთად ნამყოფი ვარ თურქეთში, კაპადოკიაში, იტალიაში, ისრაელში. ეს მოგზაურობები განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე.
– უცხო ქალაქში არასდროს დაკარგულხარ?
– არასოდეს. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ორიენტაციის უნარი მაქვს და რუკაც ყოველთვის ჩანთაში მაქვს ხოლმე.
– რომელი ქვეყანა ჰგავს შენს წარმოსახვაში ყველაზე მეტად საქართველოს?
– ვერ გეტყვით, საერთოს პოვნა ძნელია. ზოგან ადამიანები გვგვანან ხასიათებით, ზოგან ქუჩებს მივამსგავსებ ხოლმე, მაგრამ ასე მიჭირს გამოყოფა. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველო თავისი მრავალფეროვნებით და წეს-ჩვეულებებით, რომელიც თუნდაც მარტო მთაში, სოფლებშია შემორჩენილი, განსაკუთრებული და შეუდარებელია.
– რომელი ქვეყნის კერძები მოგწონს და რომელიმეს თუ ამზადებ თავად?
– განსაკუთრებულად მიყვარს ჩინური სამზარეულო, მაგრამ მომზადება არც მიცდია და არც ჩინეთში მიმოგზაურია. ევროპული სამზარეულოდან კი სხვადასხვა სალათებს ვამზადებ.
– როგორც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელს, რომელ ქვეყანაში გიმღერია და როგორი იყო შეფასება?
– ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ თითქმის ყველა ქვეყანაში მაქვს კონცერტი ჩატარებული. ძალიან საინტერესოა, როდესაც უცხო ყური ისმენს ქართულ მუსიკას. მათ რეაქციას განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე. იაპონელების მაგალითზე გეტყვით, რომ ძალიან მოიწონეს ქართული ფოლკლორი. თუმცა, მე იშვიათად შემხვედრია ერი, რომელსაც არ ხიბლავდეს ქართული ხალხური შემოქმედება. როდესაც დიასპორასთან გაქვს კონცერტი, იქ ყოველთვის უამრავი ცრემლია და სცენიდანაც გაათმაგებული ემოციაა. ემიგრანტებთან კონცერტების დროს, ვცდილობ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდო რეპერტუარის შერჩევას, მათ ძირითადად, ქართულ ტრადიციულ სიმღერაზე აქვთ ნოსტალგია. ასეთი სიმღერები კი ჩემს რეპერტუარში მრავლადაა.
– უცხოეთში გადამხდარი კურიოზი იქნებ გაიხსენო?
– ეს კითხვა არ მიყვარს, რადგან მოცემულ მომენტში ვერასდროს ვერაფერს ვიხსენებ. უცებ რაც მომაგონდა, ეს იაპონიაში მოხდა. ჩასვლის პირველივე დღეს მიწისძვრას შევესწარით და 30-ე სართულზე ვიყავი. ერთი წამით მაინც, რომ წარმოიდგინოთ, როგორი დაბნეული დავდიოდი სასტუმროს ჰოლში იმაზე ფიქრით, რომ ღირდა თუ არა ქვემოთ ჩასვლა, ნამდვილად ბევრს იცინებთ. თუმცა, ეს სანახავად გაცილებით ეფექტური სცენა იყო, ვიდრე მოსაყოლად ან წასაკითხად.
– ენის ბარიერი რომელ ქვეყანაში გქონდა და ამის გამო თუ შეგქმნია პრობლემა?
– არასოდეს. ცოტაოდენი ინგლისური ყველა ქვეყანაში იციან. ასე რომ, ამის პრობლემა არ შემქმნია არასდროს.
– რას ურჩევ მოგზაურობის მოყვარულებს?
– ძალიან ბევრი ფული სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოგზაურობით ისიამოვნო. დღესდღეობით ყველანაირი შესაძლებლობების ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი სასტუმროები, ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებები. თუ გულით გინდა ბევრი იმოგზაურო, ამის განსახორციელებლად უამრავ გზას მოძებნი. მოგზაურობა არ გულისხმობს მხოლოდ საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას. ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი ისეთი რამ არის სანახავი, როგორიც სხვებს არც კი აქვთ. ასე რომ, ჯერ აქედან დაიწყეთ და მერე გასცდით საზღვრებს.