ვის ნახვაზე მშვიდდება, ისვენებს და წყნარდება გიორგი ქორქია და ვის დასაცავად არ დაზოგავს ის თავს
ჟურნალისტი გიორგი ქორქია, რომელიც დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოჩენილა, სულ ახლახან „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის წამყვანად მოგვევლინა. გიორგისთვის ეს ახალი ამპლუაა, რომელიც უკვე მშვენივრად მოირგო. ჩემი კოლეგის ცხოვრებაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ის პატარა და ძალიან საყვარელი ვაჟკაცის, ნიკოლოზის მამა გახდა. გიორგის და მის მეუღლეს – მაკას, ვულოცავ შვილის დაბადებას და მას ჯანმრთელობას, წმიდა ნიკოლოზის მფარველობას ვუსურვებ.
– გიორგი, დიდი ხანია, არსად არ გამოჩენილხარ, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გქონდა. რას საქმიანობდი?
– კი. ნოემბრის დასაწყისში წამოვედი „P.S-იდან“, ნებისმიერი ადგილიდან, სამსახურიდან წამოსვლას თავისი მიზეზი აქვს, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვაპირებ, ჩემი პროექტის გაკეთებას, რომელიც დროში გაიწელა, მაგრამ აუცილებლად გავა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
– არ მეტყვი, რა პროექტია?
– ჯერჯერობით არსად ვამბობ რა პროექტია, თუმცა ვიტყვი, რომ ეს იქნება არაპოლიტიკური, შემეცნებითი, საინტერესო, ცოტა ექსტრემალური, მოკლედ, „ლაითი“ საყურებელი. თითო გადაცემაში იქნება რამდენიმე რეპორტაჟი. რამდენი ჟურნალისტიც ვიქნებით, იმდენი წამყვანი ეყოლება გადაცემას, ანუ ისინი წარადგენენ თავის რეპორტაჟს.
– მგონი, ყველაფერი ის იქნება, რაც შენ გიყვარს.
– ყველაფერი იქნება. რამდენიმე ჟურნალისტი ვაკეთებთ გადაცემას, ყველას თავისი ნიშა ექნება და მეც – ჩემი. ძალიან კარგი ჟურნალისტები იმუშავებენ. ძველებიც არიან, ახლებიც, ცნობილებიც, არაცნობილებიც. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ რაიმე საინტერესო გაგვეკეთებინა. მგონი, ფინანსური საკითხები, ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის, სტარტი აღებული გვაქვს. ცოტა ხანს გავჩერდით. კარგი ფინიში გვინდა.
– შენ თქვი, ყველას თავისი ნიში ექნებაო.
– გავაკეთებთ ადვილად საყურებელ სიუჟეტებს, არ „დავგრუზავთ“ ადამიანებს. არ ვაპირებთ უცხოეთში გასვლას და იქ რეპორტაჟის გაკეთებას, როგორც სხვებს უყვართ ამის გაკეთება. იქნება საქართველოზე და იქნება საინტერესო.
– როდესაც „დროებაში“ მუშაობდი, შენც გიწევდა უცხოეთში რეპორტაჟების მოსამზადებლად წასვლა.
– არასდროს მიყვარდა უცხოეთში რეპორტაჟის მომზადება და არ ვიცი, სხვები რატომ გიჟდებიან ამაზე. როდესაც საქართველოში მუშაობ, კვირაში ერთხელ აკეთებ ერთ საქმეს და ის გადის. საკმარისია, სამი-ოთხი დღით გაგიშვან სხვა ქვეყანაში, რომ პროდიუსერი მოგადგება დიდი სიით. ხუთი რეპორტაჟის გაკეთება ოთხ დღეში როგორ უნდა მოასწრო?! ვერც დასვენებას იგებ, ვერაფერს აკეთებ, მუშაობაც გიჭირს, ადგილს არ იცნობ. ის არ იცი, ეს არ იცი. უამრავი პრობლემაა, ამიტომ არასდროს ვგიჟდებოდი უცხოეთში რეპორტაჟის მოსამზადებლად წასვლაზე. აქ უფრო გემრიელად გავაკეთებდი საქმეს, ვიდრე იქ.
– ალბათ, ადრეც და ახლაც, ისეთი სიუჟეტების მომზადება უფრო გიყვარს, რომელთა იდეაც შენ გეკუთვნის და მოგწონს.
– რა თქმა უნდა, თუმცა შეიძლება, პროდიუსერის ან სხვა ჟურნალისტის იდეა იყოს, მაგრამ ჩემს ხასიათს, სტილს მიესადაგებოდეს. ამას სიამოვნებით ვაკეთებ, მაგრამ, საშინელებაა, როცა ისეთ რამეს გავალებენ, რაც არ გსიამოვნებს და რომელშიც თავისი დირექტივები შეაქვს ყოველ მეორეს, ვინც ოთახში შემოდის. მე ისეთი ადამიანი ვარ, რაც არ მინდა, იმას ვერავინ გამაკეთებინებს.
– ხშირად ყოფილა ასეთი მცდელობა?
– როგორც კი იყო, მაშინვე წამოვედი.
– ახლახან ახალი ამპლუა მოირგე, დილის გადაცემის წამყვანი გახდი, როგორ მოხვდი ამ გადაცემაში?
– სამსახურში ვიყავი, გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გოგიმ მითხრა, კვირაში ერთი დღე ხომ არ დაჯდები ნინო არაზაშვილთან ერთად და იმუშავებ დილის ეთერშიო. თან, კვირაში ერთი სიუჟეტიც გააკეთეო. ვუთხარი, სიამოვნებით დავჯდები-მეთქი. უარს ხომ არ ვეტყოდი, თანაც ეს ჩემთვის სიახლე იყო. სანამ ეთერში დავჯდებოდი, რაღაც პერიოდი, ვემზადებოდი. თან, თვალებზე მქონდა პრობლემები, ლინზები ჩავისვი, ამას ჯობდა სათვალე გამეკეთებინა, მაგრამ თავზე წაკრული, წვერი და კიდევ სათვალე, ძალიან გადატვირთული გამოდიოდა. ამიტომ, ლინზები მაქვს „ჩათხრილი“ და მომდის ცრემლები, თან ნახევარ საათს ვუნდები მის ჩადგმას და ასე გაღიზიანებული, ჩაწითლებული თვალებით ვზივარ ეთერში.
– ნინო არაზაშვილთან ერთად მუშაობა ალბათ ძალიან საინტერესოა და ის გეხმარება კიდეც.
– ნინოსთან ერთად რომ მუშაობ წყვილში, იმედი გაქვს, გადაცემა არ ჩაგივარდება. შენ თუ დაიბნევი, ის მაშინვე აიტაცებს რაღაცას და ამას ისე გააკეთებს, მაყურებელი შეიძლება ვერც მიხვდეს – „პროფია“ რა. თან წლები, გამოცდილება, მაინც თავისას შვრება. უფრო კარგად გავიცანი, ფანტასტიკური ადამიანია, გემრიელად შევთამაშდით. არ არის ისეთი ვისთანაც წყვილში „სლადკაია პარაჩკასავით“ იქნები. ერთი რომ დაამთავრებს და მეორე იწყებს. ნინოს შეგიძლია, გააწყვეტინო, ჩაუძვრე შუა ტექსტში, ეკამათო და ამ ყველაფერზე მშვენივრად მოგყვება. თვითონაც ამას აკეთებს და შენც უნდა გაჰყვე. ცოტა რთულია, ნინოს გაჰყვე. ძალიან ენერგიული ადამიანია, მე არ ვარ ასეთი. იმ დროს უფრო მძინავს, ალბათ, ნელ-ნელა ყველაფერი გამოვა. ავკრიფე უკვე ტემპი. ნინოს შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემის პროდიუსერი ის არის და კარგი შეფასება რომ მომცა, მეც ეგრევე მომეშვა.
– როგორ შეეგუე დილით ადრე გაღვიძებას, არ არის ეს შენთვის პრობლემა?
– დაძინების პრობლემა უფრო მაქვს, ვიდრე – გაღვიძების. პარასკევს, დილას რომ ვარ ეთერში, ხუთშაბათს, ღამის 2-3 საათამდე მიწევს სამსახურში ყოფნა. სახლში რომ მიხვალ, მაშინვე ხომ არ დაიძინებ, უნდა მოწესრიგდე, დაელაპარაკო ოჯახის წევრებს, რომლებიც გელოდებიან, არ იძინებენ. ამის შემდეგ წამოვწვები და ვიძინებ, რასაც სიმბოლური ძილი ჰქვია. მერე რეკავს მაღვიძარა, უნდა ჩავიცვა, „გონში ჩავვარდე“ და წავიდე.
– საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება გქონდა, სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობდი, მოდელიც იყავი, მუსიკოსიც.
– როდესაც მე და ჩემი მეგობრები პოდიუმზე გამოვდიოდით, ეს ჩვენთვის გართობა იყო. თან იმ დამატებითი დროისთვის არცთუ ისე ცუდ შემოსავალს ვიღებდით. როდესაც გარეთ 90-იანი წლები იყო, საშინელებები ხდებოდა... ჩვენ ვაკეთებდით იმას, რასაც ბევრი არ გააკეთებდა. კარგი იყო, უამრავი ხალხი გვეხვია გარშემო. ჩემი ძმაკაცია ბაკურ ბურდული. მასთან დავიწყე დაკვრა, ეს მისთვის პროფესიაა, მაგრამ ჩემთვის გართობა იყო. ამიტომაც, არ გავყევი. უამრავ რაღაცას მივედ-მოვედე, მაგრამ ბოლოს მაინც ჟურნალისტიკას შევრჩი.
– როგორც ვიცი, ძაღლი გყავს სახლში.
– სკოლაში მყავს გაშვებული, სამთვიან კურსებზე, ციმბირული ჰასკია, ცისფერთვალება. მგელია, რომ შეხედავ. ჭკვიანია, მაგრამ ცანცარა იყო და იმიტომ მივაბარე სკოლაში. ქალაქგარეთ სპეციალური მოსამზადებელი ბაზაა, იქ მივიყვანე ერთ-ერთ ყველაზე კარგ მწვრთნელთან. თან არ მანახვებს ძაღლს. არ შეიძლება ნახვაო. მაისში გახდება ერთი წლის, ჯერ პატარაა, ერთ თვეში წამოვიყვან სახლში. მე და ჩემს ცოლს უფრო პატარა ოთახი გვაქვს, ვიდრე მას.
– სულ ახლახან პატარა ვაჟკაცის მამა გახდი. გილოცავ!
– მადლობა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ვერც კი ვლაპარაკობ, იმდენად ჩემია. სულ სახლში მეჩქარება, რომ დავხედო. მივალ, დავხედავ, დავწყნარდები – დასვენებულიც ვარ და ძალიან კარგ ხასიათზეც.
– საერთოდ, ბავშვი ოჯახში ბევრ რამეს ცვლის, სიმშვიდე შემოაქვს. თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება.
– კი, ყველაფერზე მოქმედებს. ბევრს ჰქონდა ნათქვამი, თავიდან ვერ გააცნობიერებ, რომ მამა ხარო და მართლაც ასეა. ნიკოლოზი 26 თებერვალს დაიბადა და თავს გადასარევად გრძნობს. პატარა, საყვარელი ტიპია. თავიდან მეგონა, ხელშიც ვერ დავიჭერდი. მაგრამ, მშვენივრად ამყავს, ვაწვალებ კიდეც, ხან ფეხით მიჭირავს, ხან ხელით.
– პამპერსებსაც ხომ არ უცვლი?
– ჩემი ცოლი, მაკა, ყველაფერს მშვენივრად ართმევს თავს. ღამე მაღვიძებს, პატარას ტირილი, მაგრამ ვიძინებ უპრობლემოდ. ხან მე მიჭირავს და ხელში იძინებს, ხან მაკა აძინებს. დღის განმავლობაში სამსახურში ვარ და ძირითადად ყველაფერს მაკა უკეთებს.
– ემჩნევა უკვე, ვის ჰგავს?
– ორივეს ძალიან გვგავს, მაგრამ ყოველდღე იცვლება. საღამოს სხვანაირია, დილით საწოლში დავხედავ, სხვანაირია. ძირითადად, უფრო მსუქანი მხვდება, თითო ღაბაბი ემატება.
– ოჯახი ხშირად ცვლის ადამიანს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჰმატებს.
– უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, რომლის გაცნობიერება ბევრს უჭირს და მათ შორის მეც. რა თქმა უნდა, ის გაცნობიერებული მაქვს, რომ ცოლი მყავს და შვილი, ბევრი რაღაცაც შეიცვალა. მეც შემეცვალა ხასიათი. რაღაცეებში დამთმობი გავხდი, მაგრამ თუ საქმე ჩემს ოჯახს შეეხება, არანაირ კომპრომისზე არ წავალ. სანამ ბავშვი გვეყოლებოდა, ბევრ რამეზე ისე არ დავდებდი თავს, როგორც ახლა. ხმლით არ დავდივარ, მაგრამ ოჯახის მიმართ რაღაც სხვანაირი გრძნობა გამიჩნდა, დავიცავ ბოლომდე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის და იმედია, კარგად იქნება.