ვინ ამოატრიალებს ლიკა ევგენიძის ცხოვრებას და რატომ არის ის ქმრის გარეშე ნიუ-იორკში
ლიკა ევგენიძე, რომლის ქორწინებაც გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და გლამურული ამბავი იყო, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლიკა დედობის მოლოდინშია და, როგორც მისი მეუღლე, ასევე, მისი შვილიც, ამ ქვეყნის მოქალაქე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში, მსოფლიო მეგაპოლისში, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ქალაქში ცხოვრობს, ლიკა სიმშვიდეში ატარებს დღეებს.
ლიკა ევგენიძე: ორსულობის მეცხრე თვეში ვარ. უკვე თვე-ნახევარია, რაც ნიუ-იორკში ჩამოვედი. თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ აქ უნდა გამეჩინა შვილი და, შესაბამისად, ორსულობის ბოლო პერიოდს ამერიკაში ვატარებ. უკვე შერჩეული მაქვს კლინიკა, სადაც უნდა ვიმშობიარო, ექიმიც ავიყვანე. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მომწონს ის კლინიკა, სადაც შვილი უნდა გავაჩინო. იმედიანად ვარ, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. უკვე ერთი სული მაქვს როდის გაჩნდება. მართალია, ამ თვეებმა ძალიან მალე გაირბინა, მაგრამ ბოლო კვირები საოცრად გაიწელა, თითქოს ნელა გადის დრო.
– გოგოს ელოდებით თუ ბიჭს?
– ველოდებით გოგოს, რომელსაც სახელი უკვე შევურჩიეთ. ვფიქრობთ, ანა-სოფიას დავარქმევთ. ამერიკულ პასპორტში ასეა: პირველი სახელია, ბოლო კი – გვარი. ამერიკული პასპორტი ექნება და, შესაბამისად, იქ ამერიკული სახელი უნდა ეწეროს. ნიკუშა ამერიკის მოქალაქეა, შესაბამისად, მეც მეკუთვნის, როგორც მის მეუღლეს და „გრინ კარტა“ ავიღე.
– ნიუ-იორკში ცხოვრობ, შენთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალაქში – სულ ამბობდი, რომ ეს შენი სტილის ქალაქია.
– ასეა. ნიუ-იორკში პირველად ჩამოვედი და, მან ჩემი მოლოდინი კი არ გაამართლა, აბსოლუტურად ყველაფერს გადააჭარბა. საოცრად შთამბეჭდავი ქალაქია, უნიკალური ენერგეტიკით. რაც ყველაზე მეტად მომწონს, ისაა საერთაშორისო ქალაქი, კოსმოპოლიტური. არავითარ შემთხვევაში არ გრძნობ თავს უცხოდ ან ახალჩამოსულად. ამ ქალაქში რომ ჩამოდიხარ, მისი ნაწილი ხდები. მაგრამ, ესეც ინდივიდუალური მომენტია, რადგან არის ადამიანების კატეგორია, რომელთაც სულ სხვა სტილის, მშვიდი ან ეგზოტიკური ქალაქები მოსწონთ. მომწონს ტემპი – ოცდაოთხი საათის განმავლობაში სულ ცოცხალია და, თან, სულ პოზიტივი მოაქვს. ქუჩაში ყველა გიღიმის, ყველა კარგ ხასიათზეა, დადებით ენერგიას გაძლევენ. ძალიან უყვართ კომპლიმენტების თქმა, გიჟდებიან. შეიძლება, ქუჩაში ვიღაც უცხო მოვიდეს და გითხრას, რა ლამაზი მაისური გაცვიაო. სულაც არ ეუხერხულებათ ეს მომენტი. ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან ეს მაინც უფრო სამხრეთული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი თვისება მეგონა. ამ დროს შენც, როგორ განწყობაზეც არ უნდა იყო, მაშინვე კარგ ხასიათზე დგები. როდესაც ხედავ, რომ ადამიანები გიღიმიან, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს უშვებენ, შენც გადასარევად ხარ. საოცარი ხალხმრავლობაა, ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობს ქუჩებში, მაგრამ, ორგანიზებული ქაოსია, ყველა თავის საქმეზე დარბის. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ტაქსებია, რომლებიც საშინლად დადიან. ტაქსის მძღოლები ინდოეთიდან და ასეთი ქვეყნებიდან არიან. როგორც ჩანს, მიჩვეულები არიან თავის ქვეყანაში უწესოდ და ძალიან სწრაფად სიარულს და, რა დღეში არიან, ვერ აგიწერ, ძალიან მაშინებენ.
– შენ თავიდან ბოლომდე ბავშვის ამბებზე ხარ გადართული?
– დიახ. ვერ გეტყვი, რომ დატვირთული ვცხოვრობ. ხშირად ვერ დავდივარ გამოფენებზე, საინტერესო ღონისძიებებზე, ვერ ვათვალიერებ იმ ყველაფერს რაც ამ ქალაქში სანახავია და ძალიან მაინტერესებს. უბრალოდ, ახლა ამისთვის არ ვარ ჩამოსული და, სიმართლე გითხრა, თავიც არ მაქვს. სულ ბავშვის რაღაცეებზე ვარ გადართული, დედობისთვის ვემზადები.
– წონაში მოიმატე?
– კი, თუმცა, არც იმდენი. მუცელი, რა თქმა უნდა, დიდი მაქვს, მაგრამ, ცხრა თვის ორსულს ნამდვილად არ ვგავარ (იცინის). თითქმის ყველაფერი მზად მაქვს ბავშვისთვის – ტანსაცმელი, აქსესუარები... მოკლედ, დიდ ამბავში და მოლოდინში ვარ. ყველაზე რთული ის არის, რომ ახლა ნიკუშა თბილისშია, სამსახურის საქმეებთან დაკავშირებით წამოვიდა და მე აქ მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. ნიკი მაისის პირველ რიცხვებში ჩამოდის. საშინლად მოვიწყინე მის გარეშე, ძალიან მენატრება. იცი, როგორ ველოდები?! დღეებს ვითვლი. მის გარეშე უკვე ერთი თვეა, რაც ვარ და ეს ძალიან ბევრი მგონია.
– რას აპირებთ, ნიუ-იორკში დაფუძნდებით?
– არა, ბავშვის გაჩენიდან ერთ თვეში თბილისში მოვდივართ. ნიკუშასაც თბილისში აქვს საქმეები და, არ მინდა, მის გარეშე ვიყო. მერე რა იქნება, არ ვიცი, ვნახოთ, აქაურობა ძალიან მომწონს. აბსოლუტურად თავისუფლად, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ ქალაქში. იმდენად ახლოს არის ჩემთან, ჩემს ხასიათთან, რომ მშვენივრად მოვახერხებდი ამას. თუმცა, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა, ვნახოთ რა იქნება.
– რა შეიძლება, ლიკა ევგენიძემ ნიუ-იორკში აკეთოს? თბილისი იქნებოდა ეს თუ მოსკოვი, შენ მაინც მკვეთრად განსაზღვრული ადგილი და სტატუსი გქონდა – იყავი დათო ევგენიძის შვილი.
– ვფიქრობ, რომ ეს უფრო საინტერესოა. არანაირად არ მეშინია ნულიდან დაწყების, მით უმეტეს – ნიუ-იორკში, რომელიც საოცარი შესაძლებლობების ქალაქია. თუ ოდნავი უნარი მაინც გაქვს იმის, რომ რამე გააკეთო, ოდნავ მაინც აზროვნებ, ეს ქალაქი ყველაფერში ხელს გიწყობს. მომწონს ნულიდან დაწყება, დიდი აზარტია. სტატუსის გარეშე რაღაცის მიღწევა გაცილებით რთული, მაგრამ, უფრო გემრიელი იქნება – ამაში დარწმუნებული ვარ. ხელახლა თავის დამკვიდრების პრობლემა არ მაქვს. უამრავი რაღაც შეიძლება აკეთო, თუნდაც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. თუმცა, ამაზე დეტალურად ახლა, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ. აქ ყველაფერი შეგიძლია, აკეთო – ბოდვიდან დაწყებული, სერიოზული რაღაცეებით დამთავრებული და, თან, ყველაფერს ჰყავს თავისი მოყვარული – ბოდვასაც და სერიოზულობასაც. ყველანაირი სტილის და ტიპის ადამიანი ცხოვრობს აქ.
– როგორი ორსულობა გქონდა?
– ძალიან მარტივი, ყოველგვარი ჭირვეულობისა და გართულებების გარეშე. არ ვგრძნობ თავს დამძიმებულად და, შემიძლია, ძალიან ბევრი ვიბოდიალო აქეთ-იქით. ბევრს დავდივარ ფეხით, ვზივარ პარკებში. რა თქმა უნდა, განრიგი არ მაქვს, რომლითაც ყოველდღე ვხელმძღვანელობ; უბრალოდ, გააჩნია, რა ხასიათზე გავიღვიძებ და იმის მიხედვით ვგეგმავ დღესაც. ძირითადად, ბავშვის რაღაცეებზე დავდივარ, არის საღამოები, როდესაც ოპერაში მივდივარ. კარგ ამინდში ცენტრალურ პარკში ყოფნაზე ვგიჟდები, მინდორზე წამოგორდები და მთელ დღეს მშვიდად ატარებ. ვგიჟდები ცხოველებზე და ეს ქალაქი ამის გამო კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა – ნიუ-იორკი ძაღლების ქალაქია და ყოველი მეორე ადამიანი ძაღლით არის გამოსული; ხეებზე ციყვები დარბიან.
– შენ და ნიკუშა მზად ხართ დედობისთვის და მამობისთვის?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, არც მე და არც ნიკუშა არ ვართ ისეთი ტიპები, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გაგვიჭირდეს. ბევრი გოგოსგან მომისმენია, მეშინია, არ ვარ დედობისთვის მზადო, რაც, შეიძლება, ნორმალურია. მაგრამ, ჩვენს შეთხვევაში, თავიდან ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული ის, რომ უკვე მშობლები ვიქნებით და ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება. სულმოუთქმელად ველოდებით შვილს, რომელიც სულ შეცვლის ყველაფერს და ეს მომწონს. თუმცა ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულში არაფერი შეცვლილა. ამბობენ, დაქორწინების შემდეგ, დრო რომ გადის, ყველაფერი იცვლება, სხვანაირი ხდება, სიყვარული ნელდებაო, მაგრამ, არაფრის განელება არ მიგრძნია და არც მინდა ვიგრძნო. შეყვარებულობის დრო არ დამთავრებულა და, უზომოდ მინდა, არც არასდროს დამთავრდეს.
– როგორი მეუღლე აღმოჩნდა ნიკუშა?
– იდეალური ქმარია და ამას ძალიან თამამად ვამბობ. იდეალურობის საზომებიც ინდივიდუალურია და, შესაბამისად, ვგულისხმობ ლიკა ევგენიძისთვის იდეალურ მეორე ნახევარს. ყველა ჩემს სურვილსა და პარამეტრს აკმაყოფილებს. (იცინის). არც მე და არც ის არ ვართ ტიპური ქართველები და, ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ასე კარგად ერთმანეთს. აზროვნებით ვგავართ, რაც ურთიერთობაში უმთავრესია.
– როგორ ფიქრობ, სად იქნები წლების შემდეგ – თბილისში, მოსკოვში, ნიუ-იორკში...
– წარმოდგენა არ მაქვს, მით უმეტეს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე – არასდროს არ ვიცი, რა იქნება ხვალ კი არა, თუნდაც ხუთი წუთის შემდეგ. ერთი რამ ძალიან კარგად ვიცი – რომ მხოლოდ ერთი შვილი არ მეყოლება. ზოგადად, სამი შვილი მინდა, მაგრამ, რამდენიმე წელიწადში, ალბათ, ორი შვილით მაინც ვიქნები – დიდ ოჯახში გავიზარდე და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ახლა მართლა საოცარ სიმშვიდეში ვარ, მაგრამ, ვიცი, რომ ეს სასიამოვნო იდილია მალე დაირღვევა და ამ დღეს ველოდები. დედაჩემს ველოდები, რომელიც ნიკუშასთან ერთად ჩამოდის – მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ეს ამბები. მერე ყველანი ერთად წამოვალთ თბილისში, მაგრამ, იმდენი ბარგი მაქვს, არ ვიცი, როგორ ჩამოვაღწევთ.