რეალურია თუ არა ქორწინება მთაში, ზღვაზე, მინდორსა და ტივზე
განურჩევლად ყველა გოგონას ოცნებაა თეთრი, საპატარძლო კაბა, მენდელსონის ვალსი, საქორწინო თაიგული, ოქროს ბეჭედი, შამპანური, საუცხოო გარემო და ლამაზი ფოიერვერკების მოწყობა. ქორწინების წინ წყვილები იმაზე ფიქრობენ, როგორ გაატარონ მათ ცხოვრებს ეს უმნიშვნელოვანესი დღე, რომ ის წარუშლელ მოგონებად დარჩეს. ამ სურვილის ასრულებაში უთუოდ დაგვეხმარება იუსტიციის რეესტრის სამოქალაქო სააგენტოს ¹3 ქორწინების სახლის ახალბედა დირექტორი თამთა ძლიერიშვილი, რომელიც ხელმოწერის ცერემონიის სხვადასხვა პაკეტებს გაგვაცნობს.
– ჩვენ ვცდილობთ, რომ ქორწინების რეგისტრაციის ცერემონია არ იყოს მხოლოდ ფორმალური პროცესი და ამიტომ წყვილებს ხელისმოწერის მრავალფეროვან რიტუალს ვთავაზობთ.
– კერძოდ, როგორ აპირებთ შეყვარებული წყვილების გაკვირვებას?
– შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე ტიპის მომსახურება. არსებობს კონსერვატორული და შედარებით, ახალგაზრდა წყვილისთვის შექმნილი ცერემონიალი. როცა ისინი ჩვენთან მოვლენ, ვათვალიერებინებთ საქორწინო დარბაზებს და რომელიც მოეწონებათ, იქ შედგება ხელმოწერაც.
მეტად კომფორტულად არის მოწყობილი დარბაზები და ქორწინებისთვის შესაფერისი ატმოსფეროა შექმნილი გემოვნებიანი ინტერიერით. როცა კარი იღება და დარბაზში წყვილი შემოდის, ისეთი განწყობა ეუფლებათ, რომ მოხვდნენ ზღაპრების, ოცნების სამყაროში, ჩვენ კი ამ ოცნებას ავუსრულებთ. სამოქალაქო რეესტრი მათ სიამოვნებით გაუწევს მომსახურებას ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება წყალში, მთაში, თოვლში, მინდორში თუ ტივზე.
– რა სახის ახალ რიტუალებს სთავაზობთ წყვილებს?
– გვაქვს რამდენიმე სახის რიტუალი, თუმცა ყველა წყვილისთვის, მათთან შეთანხმებით, იგეგმება ინდივიდუალური ცერემონიალი.
მაგალითისთვის წარმოგიდგენთ იმ პაკეტებს, რაც სამოქალაქო რეესტრის ¹3 ქორწინების სახლს აქვს:
პაკეტი ¹1 – სტანდარტული რიტუალი: ეს არის უკვე მოქმედი და მოქალაქეებისთვის კარგად ნაცნობი ცერემონიალი, რაც ითვალისწინებს მენდელსონის საქორწინო მარშის თანხლებით, საზეიმოდ მოწყობილ დარბაზში სპეციალური ცერემონიალის ჩატარებას.
რიტუალის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, წყვილი ცეკვავს პირველ საქორწინო ვალსს (მათთვის სასურველი მელოდიის ფონზე) ან ასევე, მათთვის სასურველ ნებისმიერ სხვა ცეკვას, ეგრეთ წოდებული „კონფეტის“ თანხლებით.
პაკეტი ¹2 – რიტუალი სახელწოდებით, „მუხამბაზი“: ვითარდება სასიყვარულო „მუხამბაზის“ მიძღვნის, ქალაქური ტრადიციისა და საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელებული „ნიშნობის“ რიტუალის ელემენტების გათვალისწინებით. რასაც სურვილისამებრ ირჩევს წყვილი.
– როგორც ვიცი, ყველაზე მეტი მოთხოვნა „მუხამბაზის“ სიტუაციაზეა.
– დიახ. ეს რიტუალი წყვილებს ძალიან მოსწონთ. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ცერემონიალი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია, სახელწოდებით „რანდევუ“. ამ რიტუალის დროს სტუმრების დერეფანში გაივლის დედოფალი, რომელიც სიძესთან მამას ან ძმას მიჰყავს.
შემდეგი ცერემონიალია, სახელწოდებით, „ქეთო და კოტე“: შენობაში შემოდიან სტუმრები და ჰოლში ელოდებიან მოვლენების განვითარებას. დასაქორწინებელ წყვილს ფოიეში მოცეკვავეები ან მომღერლები ეგებებიან, რომლებიც, მათი სურვილისა და არჩევანისამებრ, ქართული და მსოფლიოს ქვეყნების ფოლკლორის ან თანამედროვე მიმდინარეობის ცეკვითა და სიმღერით ეგებებიან მათ და სარიტუალო დარბაზისკენ ეპატიჟებიან.
პაკეტი ¹5, სახელწოდებით „არჩევანი“: საცოლე და საქმრო ცალ-ცალკე დგანან მეგობრებით გარშემორტყმულნი, რომლებიც მათ ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. სიმღერით, ცეკვით ან სხვა სახის თეატრალიზებული „წინააღმდეგობით“. მომდევნო ეტაპზე შეყვარებულები ახერხებენ ამ „დაბრკოლების“ გადალახვას და სარიტუალო მაგიდასთან მოდიან. შემდეგ კი იწყება ტრადიციული ქორწინების ცერემონიალი. არის ისეთი მომენტებიც, როცა წყვილს უფრო მდიდარი ფანტაზიის უნარი აქვს და მათი გემოვნების გათვალისწინებით დავარეგისტრირებთ ქორწინებას.
– ისევ მენდელსონით იწყება ხელმოწერის ცერემონია თუ აქაც ცვლილებაა?
– როგორც წესი, მენდელსონის მარში ისმის თავიდან, შემდეგ წყვილთან შეთანხმებით ვარჩევთ მუსიკას, ანუ ყველა დეტალი მათთან ერთადაა გათვლილი. ქორწინების რეგისტრაცია იწყება არა ცნობილი სიტყვებით: „თანახმა ხართ თუ არა...“ არამედ მცირე ექსკურსი უკეთდება ქორწინების ტრადიციას.
ბოლო დროს პოპულარული გახდა ისეთი რიტუალი, სადაც სიძესთან მამას მიჰყავს ქალიშვილი.
ორიგინალურია ის ვარიანტიც, როცა ეგრეთ წოდებული გორგოლაჭებიანი გოგონები შემოდიან და თეთრ ყვავილებს აყრიან ნეფე-პატარძალს.
– ახლახან გაიხსნა ბათუმისა და სიღნაღის ქორწინების სახლები, როგორ მომსახურებას გვპირდებიან ისინი?
– ბათუმის ქორწინების სახლი არის ერთ-ერთი ულამაზესი შენობა საქართველოში. ეს ქორწინების სახლი ზაფხულიდან 24 საათის განმავლობაში მოემსახურება წყვილებს. აქვე აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით, საქართველოში 24-საათიან რეჟიმში უკვე მუშაობს სიღნაღის ქორწინების სახლი. საინტერესო ფაქტია, რომ მსოფლიოში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მხოლოდ ლას-ვეგასის ქორწინების სახლები.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო წყვილებს სთავაზობს ქორწინების რეგისტრაციას რეესტრის შენობებს გარეთაც. ანუ ჩვენი წარმომადგენელი მიდის იქ, სადაც წყვილს სურს ხელის მოწერა. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია „კონკას“ ქორწინების სახლის მიერ განხორციელებული რიტუალი, როცა გვირილებით მოფენილ მინდორში მოხდა ქორწინების რეგისტრაცია.
ცნობისთვის, გასვლითი ქორწინების ცერემონიის ჩატარება ღირს 170 ლარი. შეგიძლიათ, იქორწინოთ ტივზე, ზღვის ნაპირზე. ამას წინათ, უცხოელმა წყვილმა იქორწინა ბოტანიკურ ბაღში. მართლაც საუცხოო სანახაობა იყო, როცა უშგულში – ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას, სვანური კოშკის წინ დარეგისტრირდა ქორწინება.
– რა თანხა ჯდება ხელმოწერის ცერემონიალი, ძველებურად, რიგში დგომა არის საჭირო თუ სპონტანურად შეიძლება ქორწინების რეგისტრაცია?
– ჩვენთან შემოსულ წყვილს თხუთმეტ წუთში მოვაწერინებთ ხელს, მთავარია, საბუთები ჰქონდეთ წესრიგში. რადგან ძალიან ბევრია დასაქორწინებელი წყვილი. ჩვენ მათ ვთხოვთ, წინა დღეს მაინც მოვიდნენ, რომ ქორწილის დღეს ზედმეტად არ შეწუხდნენ. სულ ცოტა ხნის წინ გავხდით ძალიან საინტერესო შემთხვევის მომსწრენი. 20 წლის ცოლ-ქმარმა სპონტანურად მოაწერა ხელი, რასაც მხოლოდ თხუთმეტი წუთი დასჭირდა. მათივე შვილები იყვნენ მშობლების ქორწინების უშუალო მონაწილენი. ისინი, რა თქმა უნდა, საქორწინოდ არ იყვნენ გამოწყობილი. ჩვენთვის არც ეს არის პრობლემა. თუ წყვილი სპორტულ ფორმაში იქნება და სპორტული ტანსაცმელი ეცმევა, ჩვენც არ შევიტანთ მათ რიტუალში ბურჟუაზიულ ელემენტებს.
რაც შეეხება ფასებს: ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება უფასოა – გაუქმდა ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი – 9 ლარი. თუმცა, თუ წყვილს ქორწინების რეგისტრაცია სურს სარიტუალო მომსახურებით, საფასურები შემდეგია – ქორწინების სახლებში: შაბათ-კვირას – 150 ლარი, სხვა დღეებში – 90 ლარი; სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ქორწინების ცერემონიალი – 50 ლარია (მაგალითისთვის სიღნაღში ქორწინების რეგისტრაცია 50 ლარი ღირს); სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ – 170 ლარი.