კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემები მოაქვს ფულს და როდის ხდება საჭირო მდიდრების მედიკამენტებით მკურნალობა


ყველა ოცნებობს, ჰქონდეს ბევრი ფული, იყოს ძალიან მდიდარი და ჰქონდეს ყველა სურვილის ასრულების შესაძლებლობა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ფული ცუდია, ჭუჭყია და მისი სიყვარული დანაშაულია, უბრალოდ, მოგითხრობთ იმ ნეგატიურ მოვლენებზე, რაც, შეიძლება, ძალიან ბევრმა ფულმა მოუტანოს ადამიანს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი მდიდრების პრობლემებზე საუბრობს.

ნინო ოკრიბელაშვილი: ის, რასაც ადამიანები ხშირად „თავში ავარდნას“ ვუწოდებთ, ვამბობთ, რომ, ჩვენი მეგობარი, რომელმაც ფული იშოვა, შეიცვალა. მეცნიერების მიერ გასული საუკუნის ბოლოს შეფასდა, როგორც სოციალური ფსიქოლოგიის საკითხია. მაგრამ, ვინაიდან ფსიქიატრებს ყველა ტიპის ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა, ამ საკითხებთანაც გვაქვს შეხება. ამ პრობლემას უკვე თავისი სახელიც აქვს – „მოულოდნელი კეთილდღეობის სინდრომი“, რომელიც გასული საუკუნის დასასრულს აღიწერა და სინდრომალურად არის ჩამოყალიბებული. ეს არის ფაქტი, რომელიც მხოლოდ ჩემს პრაქტიკაში კი არა, მსოფლიო ექიმების პრაქტიკაში იყო. არაერთხელ მქონია შეხება წარმატებულ, მატერიალურ კეთილდღეობაში მყოფ ადამიანთან, რომელსაც დიდი რაოდენობის ფულის შოვნამდე არასდროს არ აწუხებდა შფოთვა, პანიკური შეტევები. მას შემდეგ კი რაც მის ცხოვრებაში დიდი ოდენობით ფული შემოვიდა და წარმატებული გახდა, დაიწყო ამ მდგომარეობების სწრაფი ციკლურობა – ხან შფოთავს, ხან პანიკაშია. იწყება უძილობა, გაღიზიანება. პრაქტიკულად, ადამიანი „ავადმყოფურ“ მდგომარეობაშია. „ავადმყოფური“ მდგომარეობა, როგორც ფსიქიატრს, საშუალებას მაძლევს, დავუნიშნო რაიმე მედიკამენტი, რომელიც შფოთვასა და პანიკურ შიშებს შეამცირებს; ასევე, სწორად მივმართო მისი მკურნალობა, ვურჩიო ფსიქოთერაპევტთან მისვლა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მისი „განკურნება“.

– ეს იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ ეშინიათ დაგროვილი ქონების დაკარგვის, თავდასხმის, ქურდობის?

– სხვათა შორის, არა. მოულოდნელი კეთილდღეობის სინდრომის უპირველესი პრობლემა აღმოჩნდა არაცნობიერი ბრალეულობის განცდა, რომ მას ფული აქვს. ადამიანი გადადის ახალ განზომილებაში და ისმება საკრალური შეკითხვა – ვინ ვარ მე? ხანდახან მას თვითდესტრუქციული ქცევაც კი მოსდევს. საერთოდ, ადამიანებს გვიყვარს, როდესაც რაღაც წინასწარ გვაქვს განსაზღვრული. მაგალითად: ადამიანი, რომელიც თავის მომავალ ხატს აგებს, სულ ფიქრობს, რომ ამ ასაკისთვის მინდა ცხოვრების ამ ეტაპზე ვიყო, აქ ვმუშაობდე, მყავდეს შვილები და სხვა... – ეს ხომ ყველას გაგვიკეთებია?! ცხოვრებას ჩვენს წარმოსახვაში გარკვეული კორექტივები შეაქვს, მაგრამ, ძირითადად, მაინც ერთ ხაზს მივყვებით. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელზეც არავის სჯეროდა თუ რამეს მიაღწევდა; რომლის მიმართაც არცთუ სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ და, უცებ, ამ ადამიანმა, ვთქვათ, მოიგო დიდი რაოდენობით თანხა, ან, მისმა პატარა ინვესტიციამ სერიოზული უკუგება გამოიწვია. ეს ადამიანი უცებ განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ფულსაც თავისი თვისებები აქვს, ფული გარკვეული ფსიქიკური თავისებურებების მქონე ადამიანთა ჯგუფს ეჯაჭვება. ცნობილი ფაქტია, რომ სიღარიბე (მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ძალიან საჭირო რაღაცეებზე უარს ამბობს), შესაძლებელია, ადამიანს სტერეოტიპში გადაეზარდოს. ვიღაცას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მაინც არ იყიდოს ფეხსაცმელი, ვიღაცისთვის კი სამ წელიწადში ერთხელ ფეხსაცმლის ყიდვა მონაპოვარია. პიროვნება ხანდახან თვითონ იწებებს ფულს.

– და თუ ამ ადამიანს დიდი ფული გაუჩნდა, მაინც სამ წელიწადში ერთხელ იყიდის ფეხსაცმელს?

– სწორედ ეს არის საინტერესო. ამ დროს ადამიანი საშინლად იბნევა. როდესაც მას გაუჩნდება საშუალება, ფეხსაცმელი თვეში სამჯერ იყიდოს, იწყებს ამ ფულის სტატიკურ რაღაცეებში ჩადებას, ანუ, ფულს კი არ „ატრიალებს“, არამედ, გადააქვს უძრავ ქონებაში – ყიდულობს ბინებს, სახლებს, მიწებს და სხვა, რაც აქეთ საჭიროებს შენგან დანახარჯებს.

– ანუ თანამედროვე მეთოდებით ინახავს მას მუთაქაში.

– სწორედ ასეა. ის ფულს საკუთარ ტვირთად აქცევს, ან, ფულის სახით ინახავს და გობსეკის ამბავი ემართება – საკუთარი სიამოვნებისთვის ვერ იყენებს, ან, პირიქით, ერთვება თვითდესტრუქციულ ფულის ინვესტიციებში. მაგრამ, გარკვეული ფსიქიკის ადამიანები, რომლებიც ფულს მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ და „თამაშობენ“, იგებენ, მაგრამ აგებენ კიდეც. მათთვის ეს მდგომარეობა ადრენალინის მოძიების, ანუ, სიამოვნების მიღების საშუალებაა. ფულთან დამოკიდებულება ძალიან საინტერესო ფენომენია. ადამიანის ფულისადმი დამოკიდებულება იმითაც განისაზღვრება, რა ფული უყვარს მას – ურჩევნია, ჯიბეში მსხვილი კუპიურები ედოს თუ ასლარიანს ათლარიანებად დაახურდავებს და უფრო მეტი რაოდენობის ერთეული ექნება ჯიბეში. მაგალითად, ადამიანი მიდის უცხოეთში, მნიშვნელოვანია მას ფული „ქეშად“ მიაქვს თუ პლასტიკურ ბარათზე. სულ ვამბობ, რომ მიყვარს ადამიანი, რომელიც ფულს „ქეშად“ ატარებს, რადგან ის, მეორე მხრივ, ავანტიურისტია. მას შეუძლია, ძალიან დიდი თანხა, უცებ, თავისი სიამოვნებისთვის, ერთ წუთში დახარჯოს, თუნდაც კაზინოში ითამაშოს. მაგრამ, მეორე მომენტია, რამდენად სასარგებლოა ეს მისთვის და საზოგადოებისთვის (იცინის).

– თვითონ გარემო, მოულოდნელად გამდიდრებული ადამიანის ახლობლები თუ იცვლებიან მის მიმართ?

– როგორც ვთქვით, გამდიდრებულ ადამიანს ეწყება არაცნობიერი ბრალეულობის განცდა, რომ მისი არ სჯეროდათ; „ეს მე ვარ თუ არ ვარ“... ხანდახან ხდება ხატის აბნევა – „მე სხვანაირად წარმომედგინა საკუთარი თავი ამ პერიოდისთვის, ცხოვრების სხვა ეტაპზე უნდა ვყოფილიყავი“... – უცებ კი სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდება. ამ დროს, შეიძლება, დაიწყოს თვითდესტრუქციული ქცევა. ამაში, ვგულისხმობ რომ ყიდულობს ყველაფერს, საჭიროს თუ არასაჭიროს, ისეთ ნივთებს, რომლებიც ხაზს გაუსვამს მის სიმდიდრეს, ფულს უყურებს როგორც ძალაუფლების მოპოვების საშუალებას მათზე, ვისაც მისი არ სჯეროდა. ვიღაცეებს რაღაცეებს უმტკიცებს. მაგრამ, ყველაზე რთული, რაც ამ სინდრომს თან ახლავს, ეს იდენტურობის აბნევაა. ადამიანისთვის ფაქტობრივად, შემოტრიალების წერტილი ხდება მოულოდნელი სიმდიდრე. მაშინ, როდესაც უცხოეთში წელიწადში ერთი კვირა დასვენებაც კი მისთვის პრობლემა იყო, ახლა საშუალება აქვს, თვეობით დარჩეს დასასვენებლად, თავი აარიდოს ჩვეულ მოვალეობებს, გადააფასოს საკუთარი შესაძლებლობები, ფასეულობები, დანერგოს დროის განკარგვის ახალი წესი. ის აღარ არის მიბმული სამსახურზე, ძალიან დიდი თავისუფალი დრო რჩება და ძალიან უცნაურად ცდილობს ამ დროის გამოყენებას. პირველი – იწყებს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, ოპერაციების, კორექციების კეთებას – ქალების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით ხშირია. ძალიან დიდ დროსა და სახსრებს უთმობს კეთილდღეობის გარეგნული ნიშნების შექმნას. იწყებს ახალ ურთიერთობებს, რადგან მას ძველი გარემო აღარ აკმაყოფილებს, მათ ის სხვანაირი ახსოვთ. ერთი რუსი ბიზნესმენი წერს – ადამიანი დიდი ფულის მოპოვების შემდეგ არ იცვლება მხოლოდ მაშინ, თუ არ შეიგრძნობს შურს გარემოცვიდანო. მაგრამ ეს ამ კონკრეტული ადამიანის მოსაზრებაა. მე, როგორც ფსიქიატრი, გეტყვით: როდესაც ადამიანი ამბობს – „ჩემი შურთ“, ეს მისი პროექციაა, მისი არაცნობიერი განცდაა იმაზე, რასაც, შეიძლება ჩემს მიმართ განიცდიდნენ. ანუ, რასაც, სავარაუდოდ, ის განიცდიდა მდიდარი ადამიანის მიმართ.

– რა შემთხვევაში შეიძლება, ეს ყველაფერი არ დაემართოს?

– თუ პიროვნება ძლიერია. სულ არის საუბარი იმაზე, რომ ეს შეუძლებელია და, არ არსებობს ადამიანი, რომელზეც გამდიდრება ასე თუ ისე უარყოფითად არ იმოქმედებს, მაგრამ, ეს მცდარია. დეილი კარნეგი, რომელიც მილიარდერი გარდაიცვალა, წერდა: როდესაც ბევრი ფული გექნება, იზრუნე სოციუმზეო. ანუ, მეცენატობაში ნახა ის, რაც გაცილებით უფრო მაღალმორალურია და უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ავტომობილის უახლესი მოდელის შეძენა. ის კი არა, რომ დიდი კედელი ავიგე სახლის გარშემო და ვერც ჩამუქებული შუშების მიღმა ვხედავ, რა ხდება მსოფლიოში, არამედ, მაქსიმალურად ვცდილობ, ისევ საჭირო დავრჩე.

– რატომ იმუქებენ ფანჯრებს მდიდარი ადამიანები?

– ერთ-ერთი მოსაზრებით მათ „ავტონომიურობის“ დაკარგვის ეშინიათ: ისინი ცალკე არიან და დანარჩენი სამყარო – ცალკე. ყველამ ვერ უნდა შეძლოს მათი გარეგნული იერის დანახვა, იოლად ხელმისაწვდომი და ხელშესახები არ უნდა იყვნენ. მეტსაც გეტყვით. ძალიან ხშირად მქონია „ნოვურიშებთან“ ურთიერთობა და ეს საკმაოდ საინტერესოა. ხანდახან მათთვის ფული ხდება იმის მიღწევის საშუალება, რასაც უფულოდ, თავიანთი მენტალური შესაძლებლობებით, ვერც იოცნებებდნენ. ალბათ, გახსოვთ, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც ბევრმა ჩვენმა ნაცნობმა ძალიან დიდი ფული იშოვა, „ნოვურიშებმა“ ისტერიკულად დაიწყეს საკანდიდატო დისერტაციების „დაწერა-დაცვა“, ანუ ყიდვა. სწორედ ეს არის იდენტობის კრიზისი. არაცნობიერად მივისწრაფოდი, დავმსგავსებოდი კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც ჩემთვის მანათობელი შუქურასავით იყო. მომწონდა, რომ ის იყო „პრაფესორი“, აკადემიკოსი... მაგრამ, როგორც კი გამიჩნდა ფული, მივხვდი, რომ შემიძლია ვიყიდო ის, რაც ჩემს „ეგოს“, ჩემს „მეს“, სიმშვიდეს მისცემს.

– და ეს მათ სიმშვიდეს აძლევდა? ანუ, ამ დროს შეიძლება შინაგანად დამშვიდდე?

– დიახ მაგრამ, მსგავსი მოვლენების ნეგატიური მხარე სულ სხვა რაღაცეებში აისახება. ადამიანი, რომელსაც იდენტურობის კრიზისი ეწყება, ჭაობში ეფლობა. მუდმივად ფიქრობს ფულზე, აკვიატების მდგომარეობამდე მიდის. თუ მისი სამუშაო, ვთქვათ, ბირჟა ან მსგავსი რამაა, რაც დიდ თანხებთან თამაშს უკავშირდება, მისთვის ძილი არ არსებობს. მაგრამ, ყველაზე მეტი შიში, რაც ამას ახლავს, არის მუდმივი შიში იმაზე, რომ არ დაკარგოს კონტროლი არა ფულზე, არამედ ფულით მოპოვებულ ძალაუფლებაზე. ამ სტრატეგიებში ადამიანი ფაქტობრივად ავადმყოფურ მდგომარეობამდე მიდის. მინდა დავკონკრეტდე: როდესაც ვსაუბრობ ძლიერ ადამიანზე, ვგულისხმობ პიროვნებას, რომელიც ჰარმონიულად არის განვითარებული, მას ფული შრომის და არა სხვათა მოტყუების, მკვლელობებისა და შავბნელი მაქინაციების შედეგად მოსდის. ანუ, შემდგარ ადამიანებზე მაქვს საუბარი.

– ხომ არის შემთხვევები, რომლებიც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებენ სიმდიდრეს, მაგრამ, მაინც საოცარი შიში აქვთ მისი დაკარგვის და გაცილებით იმაზე ძუნწები ხდებიან, ვიდრე სიღარიბეში იყვნენ.

– ასეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, ბევრია. მათთვის მნიშვნელოვანია არა სიმდიდრის და ამით პირადი თავისუფლების, არამედ, კონკრეტულად ფულის მოპოვება. კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: რამდენი მდიდარი მემკვიდრე არსებობს მსოფლიო ისტორიაში, რომელიც დაიბადა „ფულზე“, მაგრამ, იმის გამო, რომ ფულის გამომუშავება არ იცოდნენ, გაბანკროტდნენ. იცით, რომ სიმდიდრის შეგრძნება მესამე თაობას ეძლევა?!

– რას ნიშნავს – სიმდიდრის შეგრძნება?

– ანუ, მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ამ სიმდიდრეს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. სიმდიდრე მას კი არ გამოარჩევს, ეს მისი ცხოვრების წესია. ჩვეულებრივი ხარ და შენთვის ჯინსებით სიარული, რომელიც მაინცდამაინც განსაკუთრებული ლეიბლის არ არის, ყოველდღიურობაა. რაღაც ეტაპამდე ადამიანები მხოლოდ სიმდიდრის გარეგნულ ნიშნებზე არიან გადართულნი და მეგობარს, რომელმაც თავის დროზე ფეხსაცმელი აჩუქა, ის არ გაიხსენებს. ქართველ ერს ცოტა ნეკროფილური მომენტებიც გვაქვს – გვიყვარს ის, ვინც გაჭირვებული და უბედურია. სიკვდილის შემდეგ ყველას ვაღმერთებთ. როდესაც ახალ ეტაპზე ავდივართ, კი არ ვივიწყებთ, რომ ვიღაცა გაჭირვებულია, უბრალოდ, ვიკეტებით, რადგან, არ გვინდა ჩვენი კეთილდღეობის მომსწრე ბევრი გახდეს. არ მინდა გვერდით, ის ვინც „ცალ-ცალი კალოშით ჩამოსული“ მნახა, ანუ, „ახლა მე ახალ ტიპს ვქმნი, რომელიც არ ვარ და არ მჭირდება ისინი, ვინც ადრე მიცნობდნენ“... სხვათა შორის, ეს ყველაფერი ახალ სექსუალურ ურთიერთობებშიც გამოიხატება: ცოლმა მისი წარსული იცის, ახლა კი მას სჭიდება ქალი, რომელიც მხოლოდ ისეთს იცნობს, როგორიც იმ წუთასაა. ის არის, „რილექსდ“ – დასვენებული, მოშვებული, ზის ღრმა სავარძელში, აქვს შესაძლებლობები, ერევა პოლიტიკურ გარიგებებში და ამით თავს იცავს, რადგან თავისი ფულის უსაფრთხოების განცდა სჭირდება და სჭირდება ახალი ქალი, რომელიც ახალ ემოციებს მოუტანს.

– ხომ არიან ადამიანები, ვისაც ეს დროებით ემართებათ და მერე წყნარდებიან, ასე ვთქვათ, მიწაზე ეშვებიან?

– დიახ. დაბნეულობის მომენტი, რაღაც პერიოდი, ყველა ადამიანს აქვს, როდესაც გარშემო მყოფები მასზე ამბობენ – თავში აუვარდაო. მაგრამ, ბევრი მერე „მოდის გონს“. ამ დროს რა ხდება?! – ის ახალ ეტაპს ეგუება, ახალ საფეხურზე გადადის და ამას დრო სჭირდება. ადამიანები, როგორებიც არიან, ისეთები რჩებიან სიმდიდრეშიც, სულ პატარა ცვლილებებით. როდესაც ფული წარმატების საზომი ხდება, ეს სოციუმისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ამ საუკუნეში ვცხოვრობთ და გარკვეულ კანონებს ვემორჩილებით. თუმცა, ამ ყველაფრის „შველა“ ფსიქოლოგებისა და, ზოგჯერ, ფსიქიატრების დახმარებით შეიძლება.


скачать dle 11.3