კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაწერა 18 წლის ბაჩუკი აბრალავამ თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე


20 აპრილს, სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის სახურავიდან გადმომხტარმა ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველკურსელმა ბაჩუკი აბრალავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის საუკეთესო სტუდენტი იყო, ყველა კარგად მოიხსენიებს... ლექსებს წერდა, გალაკტიონი უყვარდა ძალიან. მისი აღსასრულიც ძალიან ჰგავს გალაკტიონისას... დღეს მისი თვითმკვლელობის მრავალ ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა ერთი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ბაჩუკი აბრალავას 27 აპრილს დაკრძალავენ ზუგდიდში.

„მე ბაჩუკ აბრალავა I კურსის სტუდენტი. დავამთავრე ზუგდიდის ¹10 საჯარო სკოლა. ვფიქრობ, ჩემი შინაგანი მე არის სწორედ აქ, ამ უნივერსიტეტის კედლებში. ჩემი მიზანი არ არის ვისწავლო იმისთვის, რომ ვიყო პირველი. აქ, არც პოპულარობისა და სახელისთვის მოვსულვარ... აქ ვარ არა იმისთვის, რომ ვისწავლო, არამედ იმისთვის, რომ შევიმეცნო და აღვიქვა. სწავლა ამ შემთხვევაში უფრო ზეპირულ და ზერელე მნიშვნელობას ატარებს მრავალი მიზეზის გამო,“ – ეს სიტყვები უნივერსიტეტში მოსვლიდან პირველივე დღეებში დაუწერია ბაჩუკი აბრალავას.

მე ბაჩო აბრალავას გაცნობა, მისი გარდაცვალების შემდეგ დავიწყე. დავიწყე იქიდან, საიდანაც მან სიცოცხლე დაასრულა. არავინ მინახავს, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში გაღიმებული. შესასვლელ ფოიეში მისი კუთხე მოეწყოთ. მოდიოდნენ, ბაჩუკის ფოტოებს ათვალიერებდნენ, სანთელს უნთებდნენ... ყველა სხვადასხვანაირად, სიტყვით, ან მოქმედებით გამოხატავდა გულისტკენას, მაგრამ ყველას ერთნაირად ტკიოდა. მათ ტკიოდათ ღრმად, გამოუცდელად, უსაშველოდ... ამავე კუთხეში, ყვავილებს შორის ბაჩოს ლექსი იდო, მისი ხელით ნაწერი. უსათაურო...

„მოდით, მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა,

მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია.

გთხოვთ, მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა,

და მითხარით რომ, ყველაფერი ეს სიზმარია.

მოდით, დალიეთ თითო ჭიქა, ვნების ფიალა

გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის

დალოცეთ ყველა, ვისაც კლავდა გრძნობის იარა,

გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის.

მე საფლავიდან ამოვხეთქავ ამ სათუთ

გრძნობად.

დავიბადები, ალბათ მარტში საშინელ თავსხმად

ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად

და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად!!!“

უთქვამს, ორშაბათს წვერი უნდა გავიპარსო, ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შევხედოო. ნეტავ, რას ფიქრობდა, რას აპირებდა... პოეზია ჰყვარებია, განსაკუთრებით გალაკტიონი. თვითონაც წერდა ლექსებს, რომლებიც სტუდენტებს შორის მოვიძიე. პარასკევს მისი პოეზიის საღამო იყო დაგეგმილი უნივერსიტეტის მერვე კორპუსში. ალბათ, ბაჩუკის საღამო მოგვიანებით შედგება, ოღონდ ბაჩუკის გარეშე...

ძნელია ერთ დღეში ადამიანი კარგად გაიცნო, თუმცა, საკმარისია იმისთვის, გაიგო, რამდენად ღრმა და ფაქიზი სულის პატრონია და დადებითად განიმსჭვალო მისდამი. მის მეგობრებს ბაჩოს ფოტოების დათვალიერება ვთხოვე. ერთად მივუჯექით კომპიუტერს. პოპულარულ „ოდნოკლასნიკებში“, ნაცნობი სახელისა და გვარის ნაცვლად აკრიფეს: სიკვდილით!!! სასიკვდილო!!! ... 2 დღით ადრე დაურქმევია ასე. ბაჩოს მაგივრად გალაკტიონის ფოტო ამოვიდა ეკრანზე. საერთოდაც, საკუთარი ფოტო სულ 2 თუ 3 ჰქონდა. უმეტესწილად გალაკტიონის ფოტოებს აგროვებდა სხვადასხვა მინაწერებით: „გალა ფიქრობს“, „გალა მუდამ მარტო იყო ხალხით გარშემორტყმული“... „ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამი. – 27.03.2010. როცა შენ წარწერა მაჩუქე და მას გული გამოატანე“, – ეს სიტყვები სტატუსად აქვს... ნეტავ ვის მიმართავს?.. ძალიან ფრთხილად, შეფარვით საუბრობენ იმაზე, რომ ბაჩოს ვიღაც გოგო მოსწონდა...

არ ვიცნობთ ისეთ სტუდენტს, ვისაც შეუძლია, ცუდი თქვას, ან გაიხსენოს ბაჩუკი აბრალავაზე. მე უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი სტუდენტი არა მყოლიაო, – იტყვის მისი თვალცრემლიანი ლექტორი. ბაჩუკის 100-პროცენტიანი გრანტი ჰქონდა. თურმე, არასდროს იწერდა ლექციებს, მაგარამ ყოველთვის ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებდა გამოცდებზე. შეეძლო ლექცია ლექსადაც მოეყოლა, ექსპრომტად გარითმავდაო. არც გოგონებთან ურთიერთობისას აწუხებდა რაიმე კომპლექსი, პირიქით თამამიც იყო, ხალისიანიც...

წავიდა... წავიდა და დატოვა უსაზღვრო სევდა, უამრავი კითხვა... ისე წავიდა, არავისთვის არაფერი დაუბარებია. მის რვეულში ნახეს მხოლოდ ჩანაწერი: ახლა, ხომ მაინც დაისვენებთო, – ეწერა. პოლიციას წაუღია ის რვეული. ბოლო პერიოდში ისეთ ლექსებს წერდა... სულ სიკვდილზე, დედაზე... ესეც, სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე დაწერილი ლექსის ფრაგმენტია:

„... დედა, მომიტევე ცხოვრება ასეთი

მინდა, რომ გაგივსო ლექსების გაზეთი.

დედა, ცხოვრება სავსეა ფარსებით

და სიყვარულისთვის დავითარსებით.

დედა, წამები შემინდე ყოველი

შენ წინ ვიჩოქები შენდობის მთხოვნელი.

დედა, ფიქრებში გუშინ მატირე,

დედა ბოდიში, რომ აგატირე.“

რატომ მოიქცა თქვენი აზრით ასე? – ვკითხე მის მეგობრებს... ისინი პასუხს ვერ პოულობენ. თუმცა, კი იხსენებენ, რომ არაერთხელ უთქვამს, მათთან საუბარში: მე თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში კვალი უნდა დავტოვოო...


скачать dle 11.3