კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ ეშინია ქალს ქმრის ღალატის

ცნობილია, რომ ცოლქმრული ღალატი ყველაზე ხშირად ქალებს აზარალებს ხოლმე. საქმე ისაა, რომ მამაკაცები უფრო ადვილად არღვევენ ერთგულების ფიცს და მათ უფრო პატიობენ ამას. ღალატისთვის ცოლ-ქმარი თანაბრად აგებს პასუხს როგორც უფლის, ისე საზოგადოების წინაშე. პატიება-არპატიება ინდივიდუალურია და ნებაყოფლობითი, ანუ თქვენ შეგიძლიათ, აპატიოთ მოღალატეს, ან არ აპატიოთ – გააჩნია, რამდენად ძვირფასია თქვენთვის ის ადამიანი, რომელმაც რაღაც მომენტში თქვენს თავს სხვა ამჯობინა.

ქალების უმრავლესობას პანიკურად ეშინია განქორწინების. მათ აშინებთ მომავალი, რომელიც ქმართან განშორების შემდეგ ექნებათ. ამ დროს უამრავი ფაქტორი მოქმედებს – მატერიალურიც და ფსიქოლოგიურიც. მაგრამ ღალატი ნამდვილად არ არის ქვეყნის აღსასრული. პირიქით, არის შემთხვევები, როცა ღალატი, უბრალოდ, აუცილებელია; როცა მის გარეშე, უბრალოდ, არ გექნება მომავალი.



მარიკო (41 წლის): ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის ერთად ყოფნა გარდაუვალი იყო. რაც თავი მახსოვს, სულ მის გვერდით ვიყავი, ბაღშიც კი ერთად დავდიოდით. ჩვენი მშობლები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და ამანაც განაპირობა ჩვენი დაქორწინება.

– ანუ, ეს იყო ოჯახების გადაწყვეტილება და არა სიყვარული?

– ვერ ვიტყვი ამას. სიყვარულიც იყო. ჩვენ ურთიერთობის ყველა ეტაპი გავიარეთ: მეგობრებიც ვიყავით, შეყვარებულებიც... იმდენი დღე გვაქვს ერთად გატარებული... უმეტესობა – ბედნიერი.

– მიტოვებული ცოლების უმრავლესობა ივიწყებს ხოლმე, რომ ყოფილ ქმართან ოდესღაც ბედნიერი იყო.

– არა, რატომ უნდა დავივიწყო, რა სისულელეა! რადგან ერთად აღარ ვართ, არ ნიშნავს იმას, რომ მტერი ვარ მისი, მძულს და მეხსიერებიდან ყველაფერი კარგი უნდა წავშალო. ვერ დაგიმალავთ, რაღაც ეტაპზე აგრესია ნამდვილად მქონდა. ვერ უარვყოფ იმასაც, რომ ძალიან მძიმე წლები გადავიტანე მისი ღალატის შემდეგ. არ მომექცა კარგად, მაგრამ მის სინდისზე იყოს, ღმერთი თვითონ გაარკვევს მტყუან-მართალს. მთავარი ის არის, რომ გადავრჩი. განქორწინებაც არ აღმოჩნდა ისეთი ტრაგედია, რომლის შემდეგაც ყველაფერი მთავრდება. მე ახლა ისეთი გამოცდილი ვარ, ბევრს დავარიგებ ჭკუას. არადა, ღალატის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. რამდენჯერ მიფიქრია, როცა ვინმეზე გამიგია, ქმარმა უღალატაო, ნეტავი, რანაირად უძლებენ ამას-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, მე რომ დამმართნოდა მსგავსი რამ, მოვკვდებოდი.

– იმაზე არ გიფიქრიათ, რომ აპატიებდით?

– მაგაზეც მიფიქრია და იმ დასკვნამდე მივსულვარ, რომ პატიებაც შესაძლებელია. გააჩნია გარემოებას. თუმცა, როცა თავად აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე, ვერ ვაპატიე. მაგრამ არა, მოდი, ვიტყვი იმას, რაც რეალურად იყო: მე არ დავუყენებივარ ჩემს ქმარს არჩევანის წინაშე. არ უკითხავს, მაპატიებ თუ არაო, მას უნდოდა ოჯახის დანგრევა. უბრალოდ, გამბედაობა არ ჰყოფნიდა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. არიან მამაკაცები, რომლებიც ღალატობენ ცოლებს, ჰყავთ საყვარლები, მაგრამ ოჯახის დანგრევაზე არც კი ფიქრობენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ცოლებმა არ გაიგონ მათი ორგულობის შესახებ. ჩემი ქმარი არ მიეკუთვნება ასეთი მამაკაცების კატეგორიას. თუმცა, მე ახლაც მიმაჩნია, რომ მისი ცხოვრების სტილი რომ არ შეცვლილიყო, შეიძლება, დღეს ისევ ერთად ვყოფილიყავით. ფულმა დაღუპა. იშოვა ბევრი ფული და, წარმოიდგინა, რომ ყველაზე და ყველაფერზე შეეძლო ბატონობა. სანამ გვიჭირდა, არ იხედებოდა „გრძელფეხებიანი და მკერდმაღალი“, – ეს მისი ტერმინია, – შვილისტოლა გოგონებისკენ. იცით, მართლაც როგორ გვიჭირდა? სკოლაში ვმუშაობდი, გახანგრძლივებული ჯგუფი ავიყვანე და გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს ვიტოვებდი. ვაჭმევდი და დავალებების მომზადებაში ვეხმარებოდი. ჩემი საკუთარი შვილიც იქ მყავდა. ბევრს ვწვალობდი, მაგრამ ნამდვილად არ ვწუწუნებდი. მართლა არასოდეს გამომითქვამს პრეტენზია ჩემს ქმართან, არ მომითხოვია მისთვის, თავდაყირა გაევლო და ნებისმიერი საშუალებით მოეტანა სახლში ფული. ვუგებდი, უსიტყვოდაც მესმოდა მისი. ნამდვილად არ მქონია იმის პრეტენზია, ქმარს ბრილიანტებში ჩავესვი, ჩემთვის ყოველ დღესასწაულზე ძვირფასი საჩუქრები მოეტანა, უცხოეთის კურორტებზე ვეტარებინე. ვიცი, რომ ბევრ ოჯახშია ამის ნიადაგზე პრობლემები.

– მიგაჩნიათ, რომ უფულობაც ანგრევს ოჯახს?

– დიახ, უფულობაც ანგრევს. მაგრამ ბევრი ფულიც არ ყოფილა ბედნიერების მომტანი და, რაც მეტს შოულობდა ჩემი ქმარი, მით უფრო იცვლებოდა, სამწუხაროდ, უარესობისკენ.

– უყურადღებო გახდა, გეჩხუბებოდათ, გცემდათ?

– არა, როგორ გეკადრებათ! ცემა მეტისმეტია. ჩემი ქმარი მოღალატეა, ველური კი არა. უხეშობაზე და ძალადობაზე ვინ ლაპარაკობს. ეს საერთოდ წარმოუდგენელია ჩემთვის. ქმარმა მცემოს და ის ციხეში არ ჩავსვა?! – აბსოლუტურად გამორიცხულია. როგორც კი ფულს გემო გაუგო და წელში გაიმართა, მომთხოვა, სამსახურისთვის თავი დამენებებინა.

– რატომ?

– მითხრა, სირცხვილია, ისეთი აწყობილი ბიზნესის მქონე კაცი, როგორიც მე ვარ, ცოლს სკოლაში „აპახავებდესო“. რა გამოდის, ტყუილად ვიკლავ თავს? იყავი სახლში. ბიჭს რთული ასაკი აქვს, მიხედე. არაფერი მოგაკლდება, შენს გემოზე იცხოვრეო. ძალიან მოვტყუვდი, რომ დავუჯერე. თავიდან ყველა წვეულებაზე და კორპორაციულ შეხვედრებზე დავყავდი, მისი ბიზნესპარტნიორები რესტორნებში გვეპატიჟებოდნენ. ერთხელ ნადირობა გადაწყვიტეს და ცოლებიც წაგვიყვანეს. ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. უკვე შემეძლო, თავისთვის ფუფუნების უფლება მიმეცა, მაგრამ ნელ-ნელა ჩემმა ქმარმა ჩემგან გათავისუფლება გადაწყვიტა. ზუსტედ ვერ ვიტყვი, როდის გაიბა ჩემს ქმარსა და მის ოფისმენეჯერს შორის სასიყვარულო ძაფები, მაგრამ მე უკვე აღარ ვჭირდებოდი. ვიჯექი სახლში და მის დაბრუნებას ველოდებოდი. დღითიდღე აუტანელი ხდებოდა მისი ქრონიკული დაგვიანებები, თუ შეიძლება დაგვიანება დავარქვათ იმას, გამთენიისას რომ მოგადგება სახლში და კაბინეტში შეძვრება ქურდივით. სახეც დანაშაულზე წასწრებულის ჰქონდა, თვალებს აცეცებდა და საუბრისას თვალს ვეღარ მისწორებდა.

– რცხვენოდა და იმიტომ?

– შეიძლება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა. უფრო, პასუხისმგებლობას გაურბოდა, რომ არაფერი მეკითხა და იმასაც არ ეპასუხა. ამოეწურა ფანტაზია. თავიდან, როცა ვეკითხებოდი, რატომ აღარსად მიგყავარ-მეთქი, ბიჭებსაც აღარ მოჰყავთ ცოლები და მერიდება მათიო. მერე მოიგონა, ისეთ ადგილებში დავდივართ, იქ ქალთან, მით უმეტეს ცოლთან ერთად მისვლა უხერხულიაო.

– რა ადგილია ასეთი?

– არ ვიცი, არ დაუკონკრეტებია. ისე, ზოგადად ლაპარაკობდა. გამოძრომას ცდილობდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც სერიოზულს მიმალავდა. სულელი ხომ არ ხარ ქალი, კაცი გვერდით რომ აღარ მოგიწვება, იფიქრო, ყველაფერი კარგად არისო. ბუნებრივია, ეჭვი გამიჩნდა, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში არაფერს ვიმჩნევდი. ისევ ისე ვზრუნავდი ჩემს მეუღლეზე, როგორც მანამდე: ვამზადებდი მის საყვარელ კერძებს. ვურეცხავდი და ვუუთოებდი პომადითა და „რუმიანით“ დასვრილ პერანგებს.

– და არ საყვედურობდით?

– არა, ჩუმად ვიყავი. ვფიქრობდი, რომ გაუვლიდა ეს პერიოდი და მოვიდოდა ჭკუაზე. არ მინდოდა ოჯახის არევა. ყველაზე მძიმე წუთებში კი, იმ დღეების გახსენებას ვცდილობდი, როცა ერთად ბედნიერები ვიყავით. მაშინ მატერიალურად ბევრი რამ მაკლდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქმარს ვუყვარდი და მუდმივად ვგრძნობდი ჩემ გვერდით მის არსებობას.

თვალები სრულიად მოულოდნელად ამეხილა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ. ჩემს ქმარს აღარ ვჭირდებოდი – აღარც ჩემი მომზადებული კერძი უნდოდა და აღარც ჩემ მიერ დაუთოებული პერანგები. ის სხვისთვის ცხოვრობდა, სხვასთან იყო მთელი თავისი არსებით, სულით, სხეულით... ჰქონდა აზრი, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლას?! მე მიმაჩნია, რომ არა. ამიტომაც, იმავე საღამოს ჩავულაგე ბარგი და რომ მოვიდა, ვუთხარი, წადი-მეთქი. არ უკითხავს, რატომ მიშვებო. უბრალოდ, მითხრა – რა ვქნა, ორივე მიყვარხართ. ის ახალგაზრდაა და ვნებიანი, შენ კი ძალიან შეგეჩვიეო. თითქოს ქუჩაში ნაპოვნი მაწანწალა ძაღლი ვიყავი, რომელიც სიბრალულის გამო შეიფარა. ისეთი შეურაცხყოფილი დავრჩი, ვერ აგიწერთ. რომ წავიდა, ძალიან ბევრი ვიტირე. ვიტირე და გამოვიტირე. საშინელება ყოფილა, შენში ქალს რომ ვეღარ ხედავენ, მაგრამ, თურმე ყველაფრის მონელება შეიძლება. ისიც ძალიან მწარე იყო, ქუჩაში რომ შევხვდი ხელიხელჩაკიდებულებს. ბედნიერებისგან სახე ისე უბრწყინავდა, რომ გული მომიკვდა. გრძელი ფეხები ნამდვილად ჰქონდა იმ ქალს, ჩემზე რვა-ათი წლით ახალგაზრდაც იყო, მაგრამ, ნუთუ ეს არის მამაკაცისთვის მთავარი, ნუთუ მარტო ამის გამო შეიძლება გიყვარდეს ქალი?! ახლა უკვე ვიცი, რომ არა. მაგრამ მაშინ მათმა დანახვამ გამანადგურა. შეიძლება, სწორედ მაშინ გაიღვიძა ჩემში თვითგადარჩენის ინსტინქტმა. სახლში მისულმა უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა ამის შემდეგ. აღარ მეშინოდა, მარტო რომ დავრჩი, მიტოვებული და უარყოფილი. მივხვდი, რომ ამიერიდან ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. მე ვიყავი პასუხისმგებელი ჩემს შვილზეც, რომელსაც მამის სახლიდან წასვლის გამო არაფერი არ უნდა მოჰკლებოდა.

– თქვენმა ყოფილმა მეუღლემ შვილთანაც გაწყვიტა ურთიერთობა?

– არა, მაგრამ, ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე: თავის დროზე ალიმენტის გადახდაც ავიწყდებოდა; დაპირება, რომ ბავშვის სწავლის ფულსაც ძველებურად გადაიხდიდა, სადღაც გაქრა. თავი იმით გაიმართლა, რომ მეორე ოჯახიც ჰყავდა შესანახი. ერთი სიტყვით, პირისპირ აღმოვჩნდი არცთუ სახარბიელო რეალობასთან. რადიკალურ ზომას მივმართე და უცხოეთში წავედი სამუშაოდ. სამ წელიწადში იმდენი მოვახერხე, რომ ცოტა ფულიც მოვაგროვე და აქ კარგი სამსახური ვიშოვე. გამიმართლა. იქ ვისთანაც ვმუშაობდი, საქართველოში ბიზნესის დაწყება უნდოდა, რაღაც-რაღაცეებში დავეხმარე და, დამლაგებლად წასული, უკან ბიზნესვუმენად დავბრუნდი. ალბათ, ღმერთმა დამასაჩუქრა იმისთვის, რომ სულიერად არ დავეცი. ახლა ყველაფერი მაქვს, მე და ჩემს შვილს არაფერი გვაკლია – შვებულებებს უცხოეთის კურორტებზე ვატარებთ. ახლობლებსაც ვეხმარები. ერთი სიტყვით, ბედისა და უფლის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის განსაცდელიც, რომელიც ღმერთმა ჩემი ქმრის ღალატის სახით მომივლინა, აუცილებელი იყო, რომ საკუთარი თავის ფასი გამეგო და მენახა, რა შემძლებია.

– თქვენი ყოფილი მეუღლის შესახებ იცით რამე თუ საერთოდ არანაირი ურთიერთობა აღარ გაქვთ?

– მე არ მაქვს ურთიერთობა. სიმართლე რომ გითხრათ, არც მისი ამბები მაინტერესებს, მაგრამ ჩვენი შვილი მიდის ხოლმე მამასთან, თანაც, ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. ყრუ და ბრმა ხომ არ ვარ, ყველაფერი მესმის და ყველაფერს ვხედავ...

– რა გესმით და რას ხედავთ?

– იმას, რომ ვერც იმ გრძელფეხება და ვნებიან გოგოსთან იპოვა ჩემმა ქმარმა ბედნიერება. ცოლად კი შეირთო და გოგონაც ჰყავს მასთან, მაგრამ, ეტყობა, საყვარლიდან ცოლად რომ იქცა, ინტერესი დაკარგა მის მიმართ და, ახალი რომანი გააბა კიდევ უფრო გრძელფეხებიანთან და მასზე უფრო ახალგაზრდასთან. ჩემი შვილისთვის შეუჩივლია ჩემი ყოფილის ცოლს, მღალატობსო. საერთოდ, რატომ გავყევი ცოლად, რისთვის მჭირდებოდა ეს მოღალატე. ნეტავი, დედაშენს საერთოდ არ დაეთმო და არ დაშორებოდაო. როგორ მოგწონთ?! ახლა არის თურმე მოღალატე. თვითონ რომ უნგრევდა ოჯახს ცოლიან კაცს, იმას ღალატი არ ერქვა. ეგონა, დიდი განძი ჩაიგდო ხელში და გამარჯვებას ზეიმობდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გადმომხედა ირონიულად – აქაოდა, რა ვქნა, შენზე კარგი ვარ და იმიტომაც არის ჩემთანო. ახლა საკუთარ ტყავზე გამოსცადოს ღალატის მთელი სიმწარე. ღმერთმა იცის, მე მასზე გულში ბოღმა არ ჩამიდევს. თითი არ გამინძრევია, რომ გამემწარებინა ან რამით სამაგიერო გადამეხადა. ქმარს რომ თავისუფლება მივეცი, ეს იქცა ჩემს შურისძიებად, თანაც – ბუნებრივად. ასე რომ, მე ვერაფერს დამაბრალებს. ასეა, ცოლიან კაცთან რომანი მარტო ძვირფასი საჩუქრები და უზრუნველყოფილი მომავლისთვის „მწვანე შუქი“ არ არის. ყველაფრის საფასური მოგვეთხოვება და ყველა ცოდვა მოგვეკითხება. ეს უნდა გვახსოვდეს.



დალი მიქელაძე


скачать dle 11.3