“ავთანდილის„ საზაფხულო კაბები “ნეპტუნში„
23 აპრილს, ვაკის საცურაო აუზზე, „ნეპტუნში“ კომპანია „არტ-ფეისმა“, რომლის შემადგენლობაშიც არის ჟურნალი „არტ-ფეისი“ და სამოდელო სააგენტო „არტ-ფეისი“, „ავთანდილის“ 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. საღამოს შვიდი საათიდან დაიწყო სტუმრების მოდინება. სამასამდე სტუმარი, შოუს დაწყებამდე, „ბაგრატიონის“ შუშხუნა ღვინითა და ერთმანეთთან საუბრით იქცევდა თავს. ერთ საათში კი ჩვენებაც დაიწყო. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ულამაზესი კოქტეილის და საღამოს კაბები, რომლებიც სამოდელო სააგენტო „არტ-ფეისის“ თვრამეტმა მოდელმა წარმოადგინა. ცნობისთვის, ამ სააგენტოს ულამაზესი და გამოცდილი ლალი ტოტიკაშვილი ხელმძღვანელობს. შოუს დამთავრების შემდეგ სტუმრებს ალაფურშეტი და გრანდიოზული „ავთარფართი“ ელოდათ.
რადგან „ავთანდილზე“ ვსაუბრობთ, აქვე გაგანდობთ ერთ საინტერესო ინფორმაციას: თბილისში გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ ავთო ცქვიტინიძე თაკო ჩხეიძის მიერ ორგანიზებულ „თბილისის მოდის ფესტივალში“ მონაწილეობას არ იღებს და ეს მათ შორის კონფლიქტის მიზეზად იქცაო. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ავთო ცქვიტინიძეს დავუკავშირდით.
ავთო ცქვიტინიძე: მართალია, ფესტივალში მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის კონფლიქტს ჩემსა და თაკოს შორის. უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს, ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი ღონისძიება იქნება. მაგრამ, ვინაიდან შემოდგომა-ზამთრის კოლექცია უკვე ვაჩვენე, აღარ მივიჩნიე მიზანშეწონილად მისი მეორედ ჩვენება. ეს კოლექცია უკვე ყველამ კარგად იცის და ზედმეტი იქნებოდა მისი ხელახლა წარმოდგენა. წარმატებებს ვუსურვებ თაკოს.