როგორ აღაფრთოვანა, გადარია და თავის ჭკუაზე გადაიყვანა მანიკა ასათიანმა მეუღლე
19 აპრილს ერთ-ერთმა ყველაზე საყვარელმა და საუკეთესო წყვილმა – მანიკა ასათიანმა და ბექა წივწივაძემ, ჯვარი ხარების ეკლესიაში დაიწერეს, ქორწილი კი რესტორან „კრუიზში” გადაიხადეს. ქორწილმა ძალიან მხიარულად, ხალისიანად ჩაიარა, განსაკუთრებით კი პატარძალი აქტიურობდა. დაბალძირიანი ფეხსაცმელები ეცვა და ეს ცეკვასა და გართობაში უფრო ეხმარებოდა. რაც მთავარია, ქორწილში ყველაფერი საოცრად ლამაზად, ორიგინალურად იყო ორგანიზებული და ის დღემდე მთელი თბილისის სალაპარაკო თემაა. ამ უმშვენიერესმა წყვილმა ერთმანეთი წელიწადზე მეტია, რაც გაიცნო. მათი ურთიერთობა ძალიან მალე გადაიზარდა სიყვარულში და დღეს უკვე ერთმანეთის გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებენ.
როგორც ახლად დაქორწინებულებმა მითხრეს, ქორწილის წინ მაინცდამაინც არ ნერვიულობდნენ. თუმცა, ბექა ღამე ვერ იძინებდა, მანიკა კი გაღიზიანებული და აფორიაქებული იყო. მაგრამ, ყველაფერმა საოცრად კარგად ჩაიარა. რაც მთავარია, ქორწილის ორგანიზებასა და დიზაინზე ბექას მშობლებმა, განსაკუთრებით კი, დედამ – ქალბატონმა ხათუნამ იზრუნა. შესაბამისად, ყველაფერი საოცრად ლამაზად და გემოვნებიანად იყო გაკეთებული. სტუმრებისა და თვით ნეფე-პატარძლის აღფრთოვანება კი ვიკა დარჩიას ნახელავმა – ორიგინალური ფორმის უზარმაზარმა ტორტმა დაიმსახურა, რომლის მოსატანადაც საბარგო მანქანის დაქირავება გახდა საჭირო. დარბაზში კი ექვსმა კაცმა რომ ვერ შემოიტანა, სტუმრებიც მიეხმარნენ. ერთმანეთზე ასიმეტრიულად დალაგებული ტორტის რგოლები, გარედან კანფეტებით იყო მორთული და საოცრად გემრიელიც აღმოჩნდა. რაც მთავარია, მისი დიზაინი მთლიანად ბექას დედას, ქალბატონ ხათუნას ეკუთვნოდა.
ბექა წივწივაძე: დედაჩემი რომ არა, თავს ვერაფერს მოვაბამდით. დედა და მამა სულ გასულები იყვნენ, სახლში ვეღარ ვნახულობდი. ესენი რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. ასე კარგი არ გამოვიდოდა ჩვენი ქორწილი.
მანიკა ასათიანი: ისეთი გახარებული ვარ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ყველანი აღფრთოვანებულები დარჩნენ. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. განსაკუთრებული ყურადღება ჩვენმა უზარმაზარმა, ორიგინალური ფორმის ტორტმა დაიმსახურა. დღესაც მირეკავენ და მეკითხებიან, სად გააკეთეთო – ძალიან ორიგინალური და გემრიელი იყო. ყველაფერმა ასე ლამაზად და კარგად რომ ჩაიარა, ტორტიც ასეთი საოცარი რომ იყო, ჩემი მეუღლის დედის დამსახურებაა. რომ არა ის, არც კი ვიცი, ასე კარგად თუ გამოვიდოდა ყველაფერი.
– ქორწილის წინ ხშირად კამათობდით?
მანიკა: არა. ჩვენი გემოვნება ძალიან ემთხვევა. ერთმანეთს, თან, ბექა საერთოდ უპრეტენზიო ადამიანია. ტანსაცმლის შესაკერადაც რომ მივედით, უთხრა, რაც გინდათ, ის შემიკერეთო.
ბექა: ავთანდილმა შემიკერა შარვალ-კოსტიუმი. როდესაც მასთან მივედი, მკითხა, რა გინდაო და მეც ვუთხარი, ბოლომდე გენდობი და როგორიც გინდა, ისეთი შემიკერე-მეთქი. საბოლოო ჯამში, ძალიან მაგარი გამოვიდა, ქორწილში მაგარი კაცი „გავიჩითე“.
მანიკა: მე მანამდე ვნახე, მაგრამ ქორწილში ძალიან მომეწონა, საოცრად უხდებოდა, მშვენივრად გამოიყურებოდა. კლასიკური სტილია, მაგრამ თან თანამედროვე. ჰალსტუხი, რა თქმა უნდა, არ ეკეთა, იმიტომ, რომ არ მიყვარს.
ბექა: მანიკას კაბა წინასწარ არ ვნახე. მინდოდა, ეს ჩემთვის სიურპრიზი ყოფილიყო და მართლა ძალიან კარგი სიურპრიზი გამოუვიდა. ულამაზესი იყო, აღვფრთოვანდი.
მანიკა: კაბის სტილი თვითონ შევარჩიე და „მარი გოლდში“ შემიკერეს, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა.
როცა ჩემთან სახლში მოვიდნენ, მე მეორე ოთახიდან მამამ გამომიყვანა, სიხარულისგან და ემოციებისგან ამეტირა. ვერავის რეაქცია ვერ დავინახე. როცა ბექას დავუდექი გვერდით, მითხრა, ლამაზი ხარო და მაკოცა.
ნეფე-პატარძალმა ხელი რესტორან „კრუიზში“ მოაწერა და ხალხის წინაშე ერთმანეთს დიდი სიყვარული და ერთგულება შეჰფიცა. ამ ყველაფერმა კი, ულამაზესი ფოიერვერკების ფონზე ჩაიარა. სტუმრებს შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო. იყვნენ მოდელები: მშვენიერი ლიკუნა ქორქია, ნანუკა გოგიჩაიშვილი, მარიტა ჯანაშია, დიზაინერი ბიჭოლა, ჯეოსტარელი – ეკა ამყოლაძე, ჯამლეთ ხუხაშვილი, რომელმაც სიძეს კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთები აჩუქა. ფეხბურთის ბურთზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელების ავტოგრაფები იყო აღბეჭდილი. სტუმრებისთვის განკუთვნილი მოსაწვევებიც ძალიან ორიგინალურად იყო გაფორმებული. მასზე ეხატა მანიკა – მიკროფონით ხელში და კალათბურთის ფარი, რომელშიც გულს ბექა და მანიკა აგდებდნენ.
ბექა: ჩვენს ქორწილში ძირითადად ორმეტრიანი ხალხი იყო.
მანიკა: თან არც ერთი არ არის დაოჯახებული, არც კალათბურთელები და არც მოდელები. მგონი, კარგი საქმე გავაკეთეთ. პატარ-პატარა სიმპათიები უკვე გაუჩნდათ ვიღაცეებს ერთმანეთის მიმართ და ვნახოთ, რა მოხდება.
ნეფე-პატარძალს, მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, გვერდს მეჯვარეები უმშვენებდნენ. მანიკას მეჯვარეები იყვნენ: „ვიცე მის საქართველო“ – მშვენიერი ნუკი ყარალაშვილი და მანიკას ბავშვობის მეგობარი – მარიამ კაპანაძე. ბექას მეჯვარეები კი გახლდნენ, ყოფილი კალათბურთელი და როგორც სიძემ თქვა, ისეთი მოთამაშე, ყველაფერს რომ ანგრევდა – გუგა წერეთელი და ბექას თანაგუნდელი – გიორგი მარხოშვილი. ნეფე-პატარძალმა საოცრად ლამაზად შეასრულა ცეკვა „ქართული“ და ყველას მოწონება დაიმსახურა.
მანიკა: ძალიან კარგი მოსწავლეები აღმოვჩნდით. მასწავლებელმა გვითხრა, თქვენნაირი მოწაფეები ჯერ არ მყოლიაო, ერთ დღეში დავდგით მთლიანად ცეკვა. თავიდან გუგამ გამომიცეკვა და მერე უკვე ბექასთან გავაგრძელე ცეკვა. ყველას მოეწონა.
– ბექა, მანიკამ საბოლოოდ გადაგიყვანა თავის ჭკუაზე?
– კი. ახლა მე ვარ გიჟი და ეს დალაგებულია, სულ გადამიყვანა ჭკუიდან.
მანიკა: მე რა დამალაგებს, უბრალოდ, ეს გავაგიჟე. თუმცა ბექა ისედაც გიჟი იყო, მე მხოლოდ, ბოლომდე გავხსენი.
ბექა: ჩაკეტილი ვიყავი?
მანიკა: ჩაკეტილი არ იყავი, უბრალოდ, ჩემთან უფრო მეტად გაიხსენი.
ბექა: ისე, მე უფრო მეტად მაქვს იუმორის გრძნობა, ვიდრე მანიკას, მაგრამ ის ხმის სიძლიერით მჯობნის.
მანიკა: არა. მე ყველაფერში ძლიერი ვარ.
– ძალიან ახალგაზრდებმა გადაწყვიტეთ დაქორწინება...
ბექა: საკუთარ თავშიც და, მანიკაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით და 300 პროცენტით ვიცი, რომ სულ ერთად ყოფნა გვენდომება. დაქორწინება კი იმიტომ დავაჩქარეთ, რომ ზაფხულში სად ვიქნებით, არ ვიცით.
მანიკა: 17 წლის ვარ, 18-20 წლის რომ გავთხოვილიყავი, მაინც პატარა ვიქნებოდი და რისთვის უნდა დამეცადა.
ასე რომ, თბილისში კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა და ქორწილმაც საოცრად კარგად ჩაიარა. ყველამ საუცხოოდ მოილხინა, მთელი საღამოს განმავლობაში ნეფე-პატარძალი სტუმრებთან ერთად მღეროდა და ცეკვავდა. თავად წყვილმა კი ყველას სიურპრიზი გაუკეთა და ლილიკო ნემსაძის, პირადად მათთვის დაწერილი, სიმღერა იმღერა მარიამ ყიფიანთან და გიორგი ღოღობერიძესთან ერთად. თანაც, ყველა აიყოლიეს. ჯეოსტარელმა ეკა ამყოლაძემ მათ სიმღერა მიუძღვნა. პატარძლის თაიგული მისმა უმშვენიერესმა დამ დაიჭირა.
– ისე კარგად ვიმღერეთ, ყველა გაოცდა და ბისზეც გვამღერეს.
ბექა: „ბექებს“ გატუზო გვიკეთებდა, ძალიან კარგად გამოუვიდა. ბოლოს მთელი დარბაზი მღეროდა.
– მანიკა, ალბათ, ბევრი საჩუქარი მიიღე?
– ძალიან ბევრი რამ მაჩუქეს. ნიშნობაზე დიდი სკივრი რომ მომიტანეს, სულ გაივსო. იმდენი საჩუქარი მაქვს, მგონი, მთელ ჩემს საგვარეულოს ეყოფა. ძალიან ლამაზი ხატები მაჩუქეს და ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. კიდევ, ბევრი საოჯახო ნივთიც მაჩუქეს.
მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ უსაყვარლეს წყვილს დაქორწინებას. ღმერთის მფარველობა და სიყვარული არასდროს მოკლებოდეს მათ ახალშექმნილ ოჯახს.