ვინ უპირებს მკურნალობას ლიკა ქორქიას და რა მოთხოვნები აქვს მას მამაკაცების მიმართ
ის საოცრად მომხიბლავი და ლამაზია, როგორც გარეგნობით, ასევე შინაგანადაც. შესაბამისად, მას ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს თაყვანისმცემლები, თუმცა ჯერჯერობით არავინ ჰყვარებია. ბოლო დროს ჭორაობის ობიექტიც გახდა, მაგრამ ამ ყველაფერზე ოდნავ ღიზიანდება და შემდეგ უკვე ეცინება. ის უბრალოდ, ლიკუნაა ქორქია, ლამაზი, საყვარელი და წარმატებული.
– საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თემა –ბიჭები, გაპრანჭვა არ გვადარდებდა არც მე და არც ჩემს დას. მეგობარი გოგონები მყავდა, რომლებიც 7-8 წლის ასაკში ჭკუაზე არ იყვნენ, იპრანჭებოდნენ. მე ეს უფრო მეათე კლასში დამეწყო. ბაღში ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, ანი მთელ თავის საჭმელს მე მაჭმევდა, თან მირტყამდა. სხვებს ისე ვეცოდებოდი, რომ თავის ულუფებს აღარ მითმობდნენ და ალბათ, ამით გამოხატავდნენ სიმპათიებს.
– სკოლაში კლასელი ბიჭების მხრიდან განებივრებული იყავი?
– ჩანთის მოპარვა, რვეულის დამალვა, წერილების გაგზავნა – ასეთ უაზრო რაღაცეებს აკეთებდნენ. ახლა, რომ მახსენდება ნერვები მეშლება, თუ გიყვარვარ, მაშინ რატომ მირტყამ?! გარდატეხის ასაკში ძალიან შევიცვალე, სხვანაირი გავხდი. მთელი ბავშვობა შარვლით დავდიოდი, დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ ძალიან გაქვს სიარულის მანერა გაფუჭებულიო და კაბები მიყიდა, ნელ-ნელა შეეგუეო. შეგუების პირველი წლები ჩემთვის კატასტროფა იყო, განსაკუთრებით ანისთან ერთად რომ მივდიოდი. ანი დიდ ბორდიურებს გადააბიჯებდა ხოლმე, მერე მეც მივყვებოდი, სკოლაშიც ოთხ კიბეზე ერთად ავდიოდი და მეჩხუბებოდნენ, კაბა გაცვია, როგორ დადიხარ, ნორმალურად იარეო. მივხვდი, რომ უნდა დავნაზებულიყავი. ჩემთვის იმხელა კატასტროფა იყო დილის 8 საათზე ადგომა, დღესაც ასე ვარ. ხანდახან პიჟამათი მივდივარ უნივერსიტეტში, ისე ცუდად ვიყავი, რომ რასაც დამიდებდნენ, იმას ვიცვამდი.
– როგორ ფიქრობ, არ არის ქალისთვის სასიამოვნო, როდესაც მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს?
– კი, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია, როდესაც ოდნავ გაუღიმებ და ის კი ჩათვლის, რომ უკვე შენი ქმარია. აი, მანდ უნდა „დაასტოპო“, უთხრა, რომ გაჩერდეს. საერთოდ, ამ საკითხს ორი სიტყვით ვაგვარებ, ვიღებ მობილურს და ვეუბნები, ძალიან მაწუხებ და არ დამეკონტაქტო, ან როდესაც საჭირო იქნება, თავად დაგირეკავ-მეთქი.
– რას აკეთებენ შენი გულის დასაპყრობად?
– მიმაჩნია, რომ ამ საკითხში მამაკაცების გონება ძალიან შეზღუდულია, განსაკუთრებით საქართველოში, ანუ ისინი ძირითადად საჩუქრებით შემოიფარგლებიან. მართალია, ისიც ბანალურია, მაგრამ მიხარია, მომწონს და დიდი სიამოვნებით ვიღებ, თუმცა მორიგი საჩუქარია და მეტი არაფერი. ბევრი ადამიანი ინკოგნიტოდ რჩება. მაგალითად, მქონდა ისეთი შემთხვევა, ერთი თვის განმავლობაში სახლში ყოველდღიურად ძალიან ბევრი ყვავილი მომდიოდა, დღეში ასამდე. ვიღებდი და ეკლესიაში მიმქონდა, ან ვინმეს ვჩუქნიდი. დღემდე არ ვიცი ამას ვინ აკეთებდა. მერე აღარ გამოჩნდა და ანის ვეუბნებოდი, ალბათ აღარ მოვწონვარ-მეთქი, თუმცა ერთი თვის განმავლობაში კარგად მახეირა. ყველა ჩემს მეზობელს სახლში ჩემი ვარდები ჰქონდა და სადაც მივდიოდი ყველგან ვარდები მიმქონდა. ისე ჯობია არ გამოჩნდეს, მერე გული, რომ არ დამწყდეს. ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ ბიჭებს, რომ ყვავილებით გასიამოვნებენ. თუმცა, არსებობენ გოგონები, რომლებსაც ძალიან უყვართ ყვავილები და სახლშიც ზრდიან, მაგრამ მე სახლში ვზრდი მხოლოდ ჩინურ პომიდორს, ეს არის პატარა ხე, რომელიც ქოთანშია ჩარგული. ასე 6-7 წლის ვიყავი, როდესაც ჩინური პომიდორი დედაჩემმა გამოფენაზე იყიდა და მას შემდეგ სულ გვაქვს. გახმება, დავაფესვიანებთ და ასე ვზრდით. დაახლოებით, შვიდ პომიდორს ისხამს და ვიღებ მოსავალს.
– მიუხედავად ბევრი ყვავილისა თუ, საჩუქრისა, შენი გულის დაპყრობა მაინც ვერავინ შეძლო.
– ჯერჯერობით ყველა ერთი მიმართულებით მიდის, მივაყაროთ ამ გოგონას ყვავილები, პირამიდა მივუტანოთ, მაგრამ არაფერი გამოსდით?! რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, უნდა ასიამოვნო გოგონას, მაგრამ, ალბათ, ჩემთან ურთიერთობაში მეთოდები და მიდგომა არ უვარგათ. თანაც ჯერჯერობით არ გამოჩენილა ჩემთვის მისაღები პიროვნება.
– რაც დრო გადის მამაკაცების მიმართ უფრო გეზრდება მოთხოვნები, თუ გეცვლება დამოკიდებულება?
– კი, როგორ არა. ადრე ჩემმა ნაცნობმა გვითხრა, წარმოიდგინეთ, მოდიხარ, მაგარ ავტომობილში ზიხარ, მაგარი გოგონა ხარ და გვერდით გიზის ისეთი კაცი – ქმარი, რომ მისი შეხედვისას გული გისკდება. ამ დროს თოვს და ჩაირბენს წყვილი, არც მანქანა ჰყავთ, სხვა რაღაცეებიც არ აქვთ, სამაგიეროდ, ერთმანეთი ძალიან უყვართ. ისინი ხომ უფრო ბედნიერები არიან. ამ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ და უბედური რატომ უნდა იყო. მას შემდეგ ეს ისე გამიჯდა თავში, რომ ვფიქრობ, მთავარია, ბედნიერი ვიყო და მიყვარდეს ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიქნები, მატერიალურ საკითხებს აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ შნო გაქვს და მიზანდასახული ხარ, მაშინ ყველაფერს მოაგვარებ. როცა გიყვარს ეს დიდი სტიმულია, თუმცა ჯერ არავინ მყვარებია, მაგრამ მგონია, რომ კარგი უნდა იყოს. საერთოდ, ისეთი ბიჭები მომწონს, რომ ანი მეუბნება საშინელი გემოვნება გაქვსო. მახინჯი მომწონებია, მითქვამს ეს სიმპათიურია, ლამაზზე კი – რას ჰგავს-მეთქი. უცნაური გემოვნება მაქვს, ანი მეუბნება ხოლმე, უნდა გიმკურნალოო. ძალიან მნიშვნელოვანია, მამაკაცს როგორ თვალზე შევხედავ. რაც მთავარია, არ უნდა იყოს მუდო, იმიტომ, რომ მე ძალიან ხმაურიანი ვარ. ანუ, უნდა იყოს აქტიური და ცოცხალი.
– როგორი იქნება შეყვარებული ლიკა?
– ძალიან კარგი, თბილი ვიქნები, არ მგონია, შევიცვალო. ხშირად ამბობენ ხოლმე, როდესაც გიყვარს, თვალში სხივი გაქვსო, რაღა სხივი მინდა მე?! არ მინდა, რომ დადებილებული ვიყო, ყველაფერი რომ ავიწყდებათ ხოლმე, ასევე არ მიყვარს სანთლის შუქზე ვახშამი, საშინლად არარომანტიკული ადამიანი ვარ.
– ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცებს წარმატებული ქალების შიში აქვთ, შენ მათი მხრიდან თუ გიგრძნია ეს შიში?
– ვიზუალურად ნაკლებ ბიჭებს უფრო დიდი პრეტენზია აქვთ, ვიდრე კარგებს. მიმაჩნია, რომ სიმპათიურ მამაკაცებს უფრო დიდი კომპლექსები აქვთ. ანის ვეუბნები ხოლმე, ალბათ, შურთ ლამაზი გოგონების და უნდათ, რომ გვერდით შედარებით ნაკლები გარეგნობის გოგონა ჰყავდეთ, ხალხმა, რომ თქვას ბიჭი ჯობიაო. ძირითადად სუსტ მამაკაცებს უჩნდებათ წარმატებული ქალების მიმართ შიში და ასეთი მამაკაცი ჩემს გვერდით ნამდვილად ვერ იქნება. საერთოდ, ვაფასებ ისეთ კაცებს, რომლებსაც გვერდით ძალიან კარგი ცოლი ჰყავთ, ეს მათ მოხერხებულობაზე მიუთითებს. მამაკაცი კი მოხერხებული, შნოიანი უნდა იყოს.