რაზე არ უფიქრია ათი წლის განმავლობაში ნინა წკრიალაშვილს და რა ვერ დაალაგა და მოაწესრიგა მან
ნინა წკრიალაშვილი უდარდელი, მხიარული ხასიათით და მოჭარბებული იუმორით ნამდვილად დაიკვეხნის. დღესაც ჩვეული გულახდილობითა და საინტერესო მოსაზრებებით საუბრობს ქორწინებაზე, სექსზე და ფსევდოქალიშვილობის ინსტიტუტზე. მამაკაცებო, თუ გაინტერესებთ, როგორ იქცევა ქალწული შეყვარებულის რქიან საქმროდ მამაკაცი, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინტერვიუ.
– გავიგე, თხოვდები. მართალია?
– უი, მართლა?! ვის მივყვები, რას ამბობენ? (იცინის) არა, მტკნარი სიცრუეა და გეგმაშიც არ მაქვს მსგავსი არაფერი. ეს სიტუაციამ უნდა მოიტანოს. ათი წელია, რაც ქმარს დავშორდი და არც კი მიფიქრია გათხოვებაზე, იმიტომ რომ, სულ ჩემს საქმეს ვაკეთებ. შვილი, კარიერა, მეგობრები და, რა ვიცი, ამაზე ფიქრის დროც არ მრჩება. უფრო სწორად, ეს ნაბიჯი რომ გადავდგა, ალბათ, ვიღაცაზე ძალიან გადარეული შეყვარებული უნდა ვიყო.
– ამ ათი წლის განმავლობაში არავისზე ყოფილხარ გადარეული?
– ვყოფილვარ, როგორ არა. ერთხელ ვიყავი გადარეული შეყვარებული, მაგრამ, როცა ოჯახს მეორედ ქმნი, აქ უკვე მარტო გადასარევობაზეც აღარ არის საქმე. როცა შვილი გყავს, მეტი პასუხისმგებლობაა, უფრო სხვა რამეზე ფიქრობ და ცოტა ტვინიც უნდა ჩართო, მარტო შენი გადარევა არაფერს ნიშნავს. გადარევა რამდენიმე წელში გადაგდის და გრჩება აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი, რომელთანაც ძალიან კომფორტულად უნდა იგრძნო თავი არა მარტო შენ, არამედ შენმა შვილმაც და, ამიტომაც, ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა არ გამომადგება.
– ანუ არ გინდოდა, შენს შვილს მამინაცვალი ჰყოლოდა?
– არა. მამინაცვლობაზე არ არის საქმე. მამინაცვალი იქნება თუ დედინაცვალი, უბრალოდ, ბავშვს არ უნდა მიაწოდო ინფორმაცია, რომ ეს არის მამინაცვალი; მეგობარია და მორჩა. მე თუ შემიყვარდება ადამიანი, რომელსაც ეყოლება შვილები, სულაც არ ვაპირებ „დედობანა“ ვითამაშო. მაქსიმალურად ვეცდები, კარგი ურთიერთობა დავამყარო და უფროსი მეგობარი გავხდე. ისაუბროს ჩემთან ისეთ თემებზე, რომელზეც დედამისთან ვერ იტყვის. ბავშვები ხომ მაინც უჭკუოები არიან და ჰგონიათ, რომ დედას რაღაცეები არ უნდა უთხრან. არადა, დედაზე უკეთესად ვინ მოგისმენს და ვინ დაგარიგებს?! თუ მისი მამა გიყვარს, ის ბავშვებიც უნდა შეიყვარო. ბავშვი ქმრის ნაწილია და, როგორ შეიძლება, შენი მეორე ნახევრის შვილი გძულდეს. თუმცა, ისეც ხდება, რომ ბავშვი იმდენად განიცდის და ეჭვიანობს, რომ მშობლის მეორე ნახევარს მტრად მიიჩნევს და ჰგონია, რომ მას დედას ან მამას წაართმევს. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ცდილობს, მაქსიმალურად ცუდად მოიქცეს.
– ისე ლაპარაკობ, მგონი, შვილებიან კაცზე იყავი შეყვარებული და ამის მწარე გამოცდილება გაქვს.
– არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მეგობრებისგან მსმენია ხშირად. ბევრი ჩემი მეგობარია მეორე ქორწინებაში და ვიცი, რომ ქმარს ცოლი ძალიან უყვარს, გიჟდება, აფანატებს მასზე, მაგრამ, მისი შვილი არ უყვარს.
– ქალს ბოიფრენდობის ინსტიტუტი უფრო ეხმარება კარიერაში თუ ოჯახური კერა?
– შემთხვევას გააჩნია. ასე ვერ ვიტყვი, რომელი უფრო მომგებიანი პოზიციაა. გააჩნია ქალის პროფესიას და კაცის შეგნებას. ზოგს ქმარი უწყობს კარიერას და ზოგს – ბოიფრენდი უშლის ამაში ხელს. ვფიქრობ, ეს საკითხი შეგნების დონეზე წყდება. ისიცაა, რომ ოჯახი მეტ ყურადღებას ითხოვს. არ არის აუცილებელი, კაცმა დააყენოს არჩევნის წინაშე, მაგრამ ქალს ავტომატურად უხდება კარიერასა და ოჯახს შორის არჩევნის გაკეთება. საერთოდ, ჯობია, კაცმა იმუშაოს და ქალი სახლში იჯდეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ქალი კარგავს ქალურობას, აღარ იკეთებს მაკიაჟს, სალონში ისე ხშირად აღარ დადის და მუდმივად მობილიზებული აღარ არის. მოშვებულია, რაც ცუდად აისახება მასზე. არ ვიცი, ძალიან მიჭირს თქმა. ასეთ შემთხვევაში ქალმა, ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გააკეთოს დასკვნა, შეცდომა დაუშვა თუ სწორად მოიქცა, როცა ოჯახი არჩია კარიერას.
– დამოუკიდებელი და უზრუნველი ქალი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარებიან ქორწინებას მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდე, პირიქით, ვიღაცისთვის შენ უფრო კარგი კანდიდატი ხარ. მაგრამ, ზოგადად, რა აზრის ხარ ანგარებიან ქორწინებაზე?
– საერთოდ, ბევრ რამეში ხელს მიშლის ის თვისება, რაც ახლა უნდა გითხრა: ყოველთვის გავრბივარ იმ ხალხისგან ვისთანაც კომფორტს ვერ ვპოულობ, ქალი იქნება ეს, კაცი, შეყვარებული თუ მეზობელი, სულერთია, მთავარია, სულიერი კომფორტი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი ურთიერთობა არ შემიძლია. შესაბამისად, ანგარებიანი ქორწილი ჩემთვის სრულიად მიუღებელია.
– ხინკალზე და ლუდზე დაპატიჟების შემთხვევაში, შეიძლება, რომ მის დარეკილს აღარ უპასუხო?
– ორი ისეთი რაღაც მითხარი, რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს, უფრო სწორად მძულს (იცინის). მაგრამ, კაცებს ხომ უყვართ ლუდი და, თუ მე ის ადამიანი მიყვარს, მის გამო, შემიძლია, მასთან ერთად, პირდაპირ ლუდის ქვაბშიც ჩავჯდე და ისე ვუყურო ფეხბურთს, რომელიც, აგრეთვე, არ მიყვარს (იცინის). ახლა რომ შემოხვედი, ქეით ჯარეტს ვუსმენდი, რომელიც ბევრ მამაკაცს არ მოსწონს და რომ მოკლა, ჯაზს ვერ მოუსმენს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონცერტზე არ დავპატიჟო.
– ჯარეტი მეც მიყვარს, მაგრამ მაქსიმ მვრიცასაც სიამოვნებით ვუსმენ, თუმცა, ხშირად გამიგია, რომ გემოვნების არათანხვედრის გამო ურთიერთობას წყვეტენ, თუნდაც იმის გამო, რომ შავ ფეხსაცმელზე თეთრი „ნასკი“ აცვია.
– გეთანხმები. ჩვენ ძალიან ცუდი ერი ვართ, ყოველთვის ვცდილობთ, ადამიანს რაღაც ნაკლი მოვუძებნოთ, იმაზე დავცინოთ და დადებით თვისებებს აღარ ვაქცევთ ყურადღებას. ყველაფერი გამოსწორდება და, შეიძლება, აუხსნა, რომ თეთრი „ნასკი“ ჩაიცვას ბოტასზე და არა კლასიკურ ფეხსაცმელზე. მთავარია, სხვა რაღაცით იყოს მოწესრიგებული ადამიანი, თორემ, ასეთ წვრილმანებს ქალი არ უნდა ანიჭებდეს მნიშვნელობას.
– მამაკაცის სხეულის რომელი ნაწილი იპყრობს შენს ყურადღებას პირველივე შეხედვით?
– თვალები. რატომღაც, ყოველთვის თვალებბსა და ხელებზე ვაკვირდები ადამიანს. თვალებში უფრო კარგად ამოიცნობა ადამიანის სული. მართალია ბევრჯერ შევმცდარვარ, მაგრამ, ჭკვიანი თვალები თუ აქვს ადამიანს, შემიძლია, ძალიან ბევრი რამ ვაპატიო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა, რაღაც ნაპერწკალს უნდა ვხედავდე მის თვალებში.
– როგორც გამოცდილი ქალი, რას ურჩევ ჩემს მეგობარს, რომელიც ქალიშვილობის გამო თავის შეყვარებულს არ უწვება, რადგან, არ არის დარწმუნებული, რომ ცოლად მოიყვანს?
– ასეთები კიდევ არსებობენ? (იცინის) მე არ ვიცი, შეიძლება, ვცდები, მაგრამ, თუ მისი ქალიშვილობა და რაღაცეები იმის გამო არის, რომ ძალიან რელიგიურია და არ სურს, ჯვრისწერამდე გადადგას ეს ნაბიჯი, მაშინ, მივესალმები და ტაშს დავუკრავ, მაგრამ, თუ თინეიჯერები არ არიან და ერთმანეთზე ჭკუა ეკეტებათ, რა თავს იტანჯავენ?! პატარა ასაკში არანაირად არ მივესალმები სექსუალური ცხოვრების დაწყებას, მაგრამ 24-25 წლის ასაკიდან, როცა გყავს შეყვარებული და სერიოზული ურთიერთობა გაქვს რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთხელ გაკოცებს, ორჯერ გაკოცებს და, ბოლოს და ბოლოს, მიდიხარ იმ სექსამდე, რომელიც სულაც არ ნიშნავს გარყვნილებას. კიდევ ვიმეორებ, თუ აქ რელიგიური ფაქტორი არ არის, მაშინ, რა ვიცი, შეინახოს ის ქალიშვილობა და იყოს ბოლომდე ქალიშვილი, მაგრამ, იქნებ, ამასობაში, ბიჭს აღარც მოუნდეს, არ ფიქრობს მაგდენს?! გადაეცი ჩემგან, რომ მალე იმ ბიჭსაც აღარ მოუნდება და ახლა, თუ არ დაკარგავ ქალიშვილობას, მერე ვეღარ დაკარგავ ვერანაირად-თქო (იცინის). იმისთვის, რომ ქალიშვილობა შეინარჩუნონ, ათას საზიზღრობას სჩადიან და გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობენ. მერე ჩვენი ქართველი უტვინო კაცები ამბობენ, ეს პატიოსანი, ქალიშვილი გოგოაო. ქალიშვილობა სულაც არ ნიშნავს პატიოსანს. არც ის ადამიანია უწესო, რომელსაც ორი-სამი პარტნიორი ჰყავდა. მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა, ასეთი რამეებიც ხდება.
– ვხედავ, ბედნიერი და კმაყოფილი ხარ საკუთარი ცხოვრებით და ქმრის გარეშეც კარგად გრძნობ თავს.
– უნამუსო ადამიანი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, უკმაყოფილო ვარ-მეთქი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი მინდა, მაგრამ, ყველაფერი შედარებითია. როცა რაღაცაზე ვწუწუნებ, ჩემი მეგობარი ყოველთვის მეუბნება, დატკბი იმით, რაც გაქვსო და მართალიც არის. მყავს შვილი, უსაყვარლესი დედ-მამა, და, ძმა, ფანტასტიკური მეგობრები და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ჩემი თავით ვარ უკმაყოფილო, თორემ, ცხოვრებით ძალიანაც კმაყოფილი ვარ. რატომღაც, პირადი ცხოვრება ვერ დავალაგე და მოვაწესრიგე, რაც, ისევ და ისევ, ჩემი ბრალია.
– ამბობენ, ვისაც პირადი ცხოვრება არ აქვს დალაგებული, საშიშიაო. შენს შემთხვევაში როგორაა?
– არა, რა საშიში? (იცინის) ძალიან უსაფრთხო და ადეკვატური ადამიანი ვარ. რაღაც ისე აეწყო, რომ არ მოვინდომე, მერე მოვინდომე, მაგრამ, ვეღარ დავლაგდით და ახლა ვარ ასე მარტო. სამაგიეროდ, დღეს კარგი მეგობრები ვართ და ესეც ნიჭია, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნო. რამე რომ მიჭირს, პირველს მას ვურეკავ და ისიც ასევე იქცევა. ზუსტად ვიცი, რომ მას ჩემი დიდი იმედი აქვს, ისევე, როგორც მე – მისი და, როცა არ უნდა დავჭირდეთ ერთმანეთს, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდგებით. ეს არის ადამიანი, რომლის იმედიც მთელი ცხოვრება მექნება.