კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ზრდის პირდაპირპროპორციულად რუსეთ-საქართველოს მორიგი ომის ალბათობას ნავთობის ფასის მატება


პრეზიდენტ მედვედევის განცხადება, ყირგიზეთის მოვლენები ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეიძლება, განმეორდესო, ყოფილმა მოკავშირე რესპუბლიკებმა თავისებურად აღიქვეს: ბელორუსიის პრეზიდენტმა ყველა გააფრთხილა, რომ მინსკი ასეთ მცდელობებს ძალით აღკვეთს, ქართველმა მაღალჩინოსნებმა კი დაასკვნეს, რომ დიმიტრი მედვედევმა აღიარებითი ჩვენება მისცა (ყირგიზულ გადატრიალებაში თანამონაწილეობა დაადასტურაო). რას გულისხმობდა რფ-ის პრეზიდენტი სტრიქონებს შორის და რატომ უგორებს აშშ-ის პრეზიდენტი პუტინსა და მედვედევს წითელ კვერცხებს, ამ საკითხებზე საომარი წინასწარმეტყველებებით ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი გვესაუბრება.


– თქვენი აზრით, რა იგულისხმა პრეზიდენტმა მედვედევმა, როდესაც ყირგიზეთის მოვლენების სხვაგან განმეორებაზეც ისაუბრა? ვის ბოსტანში ისროლა კენჭი?

– საერთოდ, როდესაც ამბოხება წარმატებით მთავრდება, მას რევოლუციას არქმევენ, წარუმატებლობის შემთხვევაში კი გადატრიალებად მოიხსენიებენ. მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს რაღაც წვლილი მიუძღვის ყირგიზულ გადატრიალებაში, ანუ რევოლუციაში, არ არსებობს, თუმცა მოსკოვში არავის დაუმალავს, რომ ჩვენ მოგვეწონა, რაც იქ მოხდა და, მართლაც, შესაძლოა, რომ ეს სხვაგანაც მოხდეს, მათ შორის, რუსეთშიც. ნებისმიერმა კორუმპირებულმა და ავტორიტარულმა რეჟიმმა შეიძლება, თავისი არსებობა სახალხო აჯანყებით დაასრულოს. ასე მოხდა საქართველოშიც ვარდების რევოლუციის დროს, ამდენად, მედვედევი მართალია, ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორც წესი, ჩამოაგდებენ ხოლმე.

– რით გააბრაზა ბაკიევმა პუტინი?

– მედვედევმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა ვაშინგტონში: ბაკიევი დაჰპირდა რუსეთს, რომ გაყრიდა ამერიკელებს, არ გაყარა და აი, შედეგიც მივიღეთო.

– ლუკაშენკოს რატომ ჰქონდა მწვავე რეაქცია? ისიც ამერიკისკენ იმზირება?

– ნებისმიერ დიქტატორს ეშინია, რომ ჩამოაგდებენ. არ არსებობს არც ერთი დიქტატორი, რომელსაც ასეთი პარანოია არ აწუხებდეს. მართალია, აუცილებელი არ არის, დიქტატორი იყო, რომ პარანოია გქონდეს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს დიქტატორებს ახასიათებთ. იმიტომ კი არა, რომ ავად არიან, უბრალოდ მათ იციან, რომ ბევრ ადამიანს უნდა მათთვის ზურგში დანის ჩაცემა.

– თქვენი ლოგიკით, რაკი საქართველოში მწვავე რეაქცია ჰქონდათ მედვედევის განცხადებაზე, იციან, რომ დიქტატორები არიან?

– საქართველოში ეშინიათ, რადგან ზაფხული მოდის და გაუგებარია, როგორ განვითარდება მოვლენები. მით უმეტეს, რომ რუსეთმა მოახერხა და დიპლომატიური ნაბიჯებით ეფექტიანად მოაქცია საქართველო იზოლაციაში. ამიტომაც ახლა, რაც უნდა გააკეთოს რუსეთმა საქართველოში, დასავლეთის რეაქცია სუსტი იქნება: საქართველო მნიშვნელოვანწილად იზოლირებულია, ამერიკა კი დაინტერესებულია რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით. მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოს სახალხო აჯანყება ემუქრებოდეს. შარშან მოსკოვს ამის იმედი ჰქონდა, მაგრამ დღეს მოსკოვში ქართული ოპოზიციისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა: მიხვდნენ, რომ ქართული ოპოზიცია დიდად არაფრად ვარგა. თუმცა საფრთხე ისევ არის, რადგან რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა არსად გამქრალა.

– თუ რუსეთმა მოახერხა საქართველოს იზოლაცია, როგორც თქვენ ამბობთ, ეს არ ამცირებს ომის პერსპექტივას?

– პირიქით, აძლიერებს. მაგალითად, ამერიკაში გამგზავრების წინ მედვედევმა პირველად თქვა ხმამაღლა, რუსეთმა შეიძლება, არა მხოლოდ სანქციებს დაუჭიროს მხარი ირანის წინააღმდეგ, არამედ ირანისთვის იარაღის მიწოდებას ემბარგოც დაუწესოსო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დათმობაა მოსკოვის მხრიდან, მით უმეტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები რუსეთში არაპოპულარული იქნება. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის, ისევე, როგორც ისრაელისთვის ეს დათმობა: თუ გაეროს უშიშროების საბჭოში ირანისთვის სამხედრო ტვირთებზე ემბარგოს დასაწესებლად კენჭისყრა გაიმართება. ახლა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ გადაიფიქროს ეს, ამიტომ ცდილობენ, რომ შორს დაიჭირონ თავი საქართველოსგან, რათა რუსეთი არ გაბრაზდეს. როგორც ჩანს, ამერიკელები მზად არიან, დიდ დათმობებზე წავიდნენ რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში, რომ თავიანთი გადაწყვეტილებები გაიტანონ გაეროს უშიშროების საბჭოში, მაგრამ ამ დათმობებს აქვს ერთი თავისებურება: როგორც კი დათმობის ფაქტი შედგება, ყველაფერი თავიდან იწყება.

– და რა მოხდება ამ ურთიერთდათმობის შემდეგ?

– მე ხომ არ ვიღებ გადაწყვეტილებებს?! მე ველოდები დიდი შიშით იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამხანაგ პატრუშევის ხაზი: ჩვენ, ანუ რუსეთი მუდმივად ამბობს, რომ გახსნეს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტი, იპოვეს დამკვეთებიც და შემსრულებლებიც, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებენ მათ ვინაობას. უცბად რომ აღმოჩნდეს, ეს რომელიმე ქართველი ძალოვანია?! ხომ შეიძლება, რუსეთის ტელევიზიებში გამოჩნდეს ცუდად გაპარსული ჩეჩენი და თქვას, დიახ, მათ მოაწყვეს მოსკოვის მეტროში ტერაქტიო?!

– და ეს დამაჯერებელი იქნება?

– თუ რუსეთს სჭირდება საბაბი, ეს გამაგრდება რაღაც მონაცემებით, დასავლეთი კი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დათმობა, იტყვის, უნდა გავერკვეთ, რა მოხდა და დაიწყოს გამოძიებაო. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთი საქართველოს აშკარა მხარდაჭერას არ გამოუცხადებს. მოსკოვის ეს დიდხნიანი დუმილი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეები დააპატიმრეს, მაგრამ არ ამხელენ მათ ვინაობას, ეჭვებს აღძრავს. ერთია ავღანეთიდან და პაკისტანიდან მომავალი კვალი და მეორე, თბილისი და პანკისი. არ ვიცი, რამდენად სერიოზული ჩვენებები აქვთ, წავლენ თუ არა ამაზე, ამიტომ მე ვზივარ და ველი (იცინის). მაგრამ, რუსეთისთვის ეს იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდეს.

– სად, პანკისის ხეობაში?

– გაიხსენეთ, როგორ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი: ვენამ ულტიმატუმი წაუყენა სერბებს, რომ ავსტრიის ხელისუფლებისთვის მიეცა გამოძიების ჩატარების ნება სერბეთის ტერიტორიაზე. სერბეთმა ამაზე უარი თქვა და დაიწყო ომი. ანუ ასეთი მაგალითები არის მსოფლიო ისტორიაში. თანაც პატრუშევმა თავისი განცხადებით წინასწარვე შეამზადა სიტუაცია და, თუ სერიოზული მტკიცებულებები იქნა, შესაძლოა, საკითხი ძალისმიერად გადავწყვიტოთ. დასრულდება რუსეთის პრეზიდენტის ყველა უცხოური ვიზიტი, შემდეგ, როდესაც ხელმძღვანელობას მოახსენებენ, რომ საქართველო იზოლირებულია, ამ საკითხს ან ახლავე გადაწყვეტენ, ან გადადებენ.

– რატომ უნდა გადადონ?

– შესაძლოა, გადაწყვიტონ, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა. მეორე მხრივ, ნავთობი ისევ ძვირდება და რუსეთს შემოსავალი ემატება, ესე იგი, აღარ დასჭირდება დასავლეთის კრედიტები.

– შესაძლოა, მოსკოვის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს 30 მაისის არჩევნებმა?

– ძირითადი შეცდომაა, როდესაც ჰგონიათ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოში. მოსკოვს აღელვებს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობა, უნდათ, რომ ისინი სხვადასხვა ფრონტებზე სწორედ მოსკოვზე იყვნენ დამოკიდებული. ნავთობის ფასი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ის 80 დოლარს სცილდება, მოსკოვის ხელისუფლება აგრესიული ხდება, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ნავთობის ფასის ზრდა არგუმენტია მათთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთისთვის ყველაფერი დასაშვებია. მეორე მხრივ, ყირგიზეთის მოვლენებმაც დაადასტურა, რომ დსთ და ახლო აღმოსავლეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვაშინგტონში მკაფიოდ თქვა მედვედევმა, ეს ჩვენი ზონააო. ეს ჩვენთვის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე მნიშვნელოვანია. რუსეთი რეგიონული „დერჟავაა“ და ის, რაც ჩვენ გარშემოა, ყველა სხვა პრობლემაზე სერიოზულია. ახლა უნდა დაველოდოთ მოსკოვის მეტროს ტერაქტის გახსნის შედეგებს. გასაგებია, რომ მედვედევი ჯერ ამერიკაში უნდა წასულიყო, მოელაპარაკათ პოლონეთთან, ახლა კი, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა გადაწყდეს, რა თქვან, ანუ არის თუ არა ამ ტერაქტებში ქართული კვალი.

– მაინც იტყვიან, თუ კვალი რეალურად არ არსებობს?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, იპოვონ ვინმე, ვინც იტყვის, რომ თბილისიდან მოხვდა დაღესტანში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა ეს სიმართლე.

– თქვით, რომ რუსეთისთვის 30 მაისის არჩევნები არ არის მნიშვნელოვანიო, მაგრამ ბაროზუმ თქვა, რომ, თუ საქართველოში 30 მაისს არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, ევროდამკვირვებლებს გაიწვევენ?

– რა თქმა უნდა, რუსეთში ძალიან უნდათ, რომ კონფლიქტურ ზონებში არ იყვნენ ევროპელი დამკვირვებლები. ხშირად მსმენია მოსკოვში სხვადასხვა საუბრები, რომ სარკოზიმ ისინი მოატყუა, თავის დროზე დაჰპირდა, თუ გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლები გავიდოდნენ, ევროკავშირის დამკვირვებლებიც აღარ იქნებოდნენ. იმიტომაც უნდოდათ, რომ ეს საცოდავი გაერო გაეგდოთ, თუმცა მშვენივრად თანამშრომლობდნენ აფხაზეთში ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, რუსეთი ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ ევროდამკვირვებლები გავლენ.

– ანუ ევროპა ეძებს საბაბს, რომ თავისი დამკვირვებლები საქართველოდან გაიყვანოს? იტყვიან, რომ 30 მაისის არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა და ამიტომაც მივდივართო?

– მაგრამ ევროპამ ამ საკითხზე უნდა მოილაპარაკოს. შეიძლება, სარკოზის ძალიანაც უნდოდეს ევროდამკვირვებლების გაყვანა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსია საჭირო, ამის მიღწევა კი რთულია.

– რა მოხდება, თუ ევროდამკვირვებლები წავლენ?

– ეს რუსეთს აძლევს ხელს, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ევროდამკვირვებლები ძალიანაც არ უშლიან ხელს რუსეთს. როდესაც ისრაელი ლიბანში შეიჭრა, იქ იყვნენ გაეროს დამკვირვებლები, ზოგიერთი მათგანი დაზარალდა კიდეც, მაგრამ მერე, რა?! (იცინის). მათ ეტყვიან, რომ წყნარად ისხდნენ, როდესაც რუსული ტანკები ჩაუვლიან.

– ესე იგი, რუსეთი ელოდება, ჩვენით როდის დავღაფავთ სულს?

– გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ: ან ახლა უნდა ვიმოქმედოთ, ან დავიცადოთ. რუსული ჯარი არ დაიძვრება, თუ თბილისში ოპოზიციას დაარბევენ ან არჩევნები გაყალბდება, იმიტომ რომ რუსი ხალხისთვის ეს არ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი. რუსეთს მიუფურთხებია, როგორი არჩევნები გექნებათ. მიუხედავად ჩვენი პროპაგანდისტული მანქანის ეფექტურობისა, რუსეთის მოსახლეობისთვის ეს არ იქნება არგუმენტი, მაგრამ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება, მოსკოვის მოსახლეობის დასაცავად, უკვე სერიოზული არგუმენტია და ამას დაეთანხმება რუსეთის მოსახლეობაც. მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქების შემდეგ რუსული ჯარის ჩეჩნეთში შეჭრა მოსახლეობამ გაამართლა. ჩვენს ხალხს თქვენი კავკასიისთვის მიუფურთხებია (იცინის).

– ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, მართლაც ასე რომ იყოს, თავს დაგვანებებდნენ (მეც ვიცინი).

– ხალხს, თორემ რუსეთის ხელისუფლებას, ბუნებრივია, არ მიუფურთხებია იმისთვის, რაც კავკასიაში ხდება. ერთი სიტყვით, რუსეთის მოსახლეობა მიესალმება საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას.

– თქვენი აზრით, ევროპისთვისაც არ იქნება არგუმენტი 30 მაისის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება?

– მე ახლა ევროპაში კი არა, რუსეთში ვარ.

– ვიცი, ესე იგი, ევროპა ნებისმიერ შემთხვევაში ჩაგვაბარებს რუსეთს?

– თუ რუსულ-ქართული ურთიერთობა გამწვავდება, თუ ჩვენ დავადანაშაულებთ საქართველოს ტერორიზმის მხარდაჭერაში, ევროპა და ამერიკა დროებით ჩაკვდებიან, ძალიან ფრთხილი რეაქცია ექნებათ, რაც იქნება ჩვენი პოლიტიკის – საქართველოს იზოლაციის – შედეგი.

– მე თბილისში ვარ და რთულად წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაატაროს მოსკოვმა საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაცია: რუსული ჯარი შემოვა, ჩამოაგდებს ხელისუფლებას და თავის გუბერნატორს დანიშნავს?

– ალბათ, წამოაყენებენ ულტიმატუმს, რომ ამა და ამ მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს მოსკოვის მეტროში ტერაქტი და გადმოგვეცითო.

– გასაგებია, რომ ჩვენ მათ ვერავის ვერ გადავცემთ.

– უნდა შემოვიდნენ ჩვენი გამომძიებლები, თავიანთი ანტიტერორისტული ნაწილებით, რომ ჩაატარონ გამოძიება. გაიხსენეთ, ამერიკელები თალიბებისგან ბინ ლადენის გადაცემას ითხოვდნენ. თალიბებმა უარი თქვეს და დაიწყო ომი. ასეთი პრეცედენტები არის. არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ალბათობა არის. პატრუშევი ტყუილად ხომ არ იტყოდა, რომ ქართული კვალიც ჩანსო?! მთელი ზამთრის განმავლობაში იმეორებდა, რომ საქართველოში ტერორისტული ბაზებიაო. არ მგონია, „ეფესბეს“ ეს გაუაზრებლად ეთქვას. ასე რომ, სიტუაცია სახიფათოა.

– ჩვენზე არაფერია დამოკიდებული?

– დაელოდეთ და მოემზადეთ. სანგრები გათხარეთ. სტალინის პორტრეტები გამოფინეთ (იცინის). რუსეთმა ევროპასა და ამერიკას დაანახვა თავისი მნიშვნელოვნება. მას შეუძლია, მხარი დაუჭიროს ამერიკას ირანთან მიმართებაში და ამიტომ ამერიკას არ უნდა რუსეთის გაბრაზება. სააკაშვილს კი რის შეთავაზება შეუძლია ამერიკისთვის?! ყველაზე მეტი, „როტის“ გაგზავნა ავღანეთში, ეს სასიამოვნოა, მაგრამ ირანისთვის სამხედრო ტვირთებზე ემბარგოს დაწესება, უფრო მნიშვნელოვანია.


скачать dle 11.3