კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შემცირდა საქართველოში ახალდაბადებული გოგონების რიცხვი ერთ-ნახევარჯერ და რატომ აღარ გვეყოლება საკმარისი რაოდენობის დედები შობადობის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად


მართალია, გვსმენია, რომ დემოგრაფიაში გარღვევა გვაქვს, თუმცა ამ საკითხის მოგვარება ჯერჯერობით უკანა პლანზეა. ქართული პოლიტცხოვრების ამ ეტაპზე ეს გასაგებიცაა: როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ძირითადად საკუთარ ძალებს სკამებისთვის გადამწყვეტი ბრძოლისკენ მიმართავს. ამ ბრძოლაში კი ყველა „ოქროს სარაიების“ აშენებას გვპირდება, თანაც არა მხოლოდ ჩვენგან დე-ფაქტო დარჩენილ, არამედ 2008 წლის 26 აგვისტომდე მდგომარეობით არსებულ საქართველოში. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, გაეროს მონაცემებით, 50 წელიწადში, შობადობის ამ ტემპებით, უფრო ზუსტად, უტემპობით შესაძლოა, გავნახევრდეთ, სრულიად ზედმეტიცაა ძალისხმევის ტერიტორიული გამთლიანებისკენ მიმართვა (თუ 50 წლის შემდეგ იმ ტერიტორიასაც ვერ ავითვისებთ, რაც რუსეთმა ჩვენგან დატოვა). გაეროს კვლევებს ადგილობრივთა კვლევებიც დაემატა და საკმაოდ სავალალო ციფრები მივიღეთ. საქართველოს დემოგრაფიის არცთუ უღრუბლო მომავალზე „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელს ზაზა სოფრომაძეს გავესაუბრეთ.



– რა დემოგრაფიული მდგომარეობაა, თქვენი მონაცემებით, ქვეყანაში და რას ეფუძნება თქვენი კვლევა?

– ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საფრთხეებს შორის დემოგრაფიული საფრთხე ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. ჩვენ შევეცადეთ, სისტემაში მოგვეყვანა დღეისთვის არსებული მონაცემები ამ სფეროში და მივიღეთ კატასტროფული სურათი. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ქართველები ყველაზე უპერსპექტივო ერების რიცხვში არიან. არის რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი, რომლებიც ნათელ სურათს გვაძლევს. ესენია: შობადობის, მოკვდავობის, ბუნებრივი მატების, მოსახლეობის რიცხოვნობისა და მიგრაციის მაჩვენებლები. სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი. შობადობის მაჩვენებლით, გაეროს მონაცმებით, 196 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზე ვართ. ბოლო 5 წლის განმავლობაში, გასული საუკუნის 60-70-იან წლებთან შედარებით, შობადობა ორჯერაა შემცირებული. ყველაზე მეტი ბავშვი საქართველოში 1961 წელს დაიბადა – 104 000 ახალშობილი. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ეს ციფრი 50 000-ის ფარგლებში მერყეობს, ანუ პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შობადობა ორჯერაა შემცირებული. რაც შეეხება მეორე მაჩვენებელს, მოკვდავობას: საქართველოში უკანასკნელ ათწლეულში მოკვდავობის დონე გაზრდილია. კერძოდ, თუ 60-იან წლებში 1 000 სულზე საშუალოდ 6,5 ადამიანი იღუპებოდა წლის განმავლობაში, დღეს ეს მაჩვენებელი არის 11,5. ასეთ ხანგრძლივ პერიოდს იმიტომ ვიღებთ შესადარებლად, რომ დემოგრაფიული ვითარება სრულად წარმოჩინდეს. ესე იგი, მოკვდავობის მაჩვენებელიც ორჯერაა გაზრდილი.

– მოკვდავობის მაჩვენებელში როგორია ასაკობრივი წილი?

– ეს მონაცემი კარგად რომ გავიაზროთ, უნდა შევადაროთ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერი დაბერებულია, რადგან, თუ 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 6-პროცენტზე მეტს შეადგენს, მაშინ ერი დაბერებულად მიიჩნევა, ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 15 პროცენტია. აქედან დასკვნა: ძირითადად, მოკვდავობის მაღალი დონე მოდის ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობაზე. გარდა ამისა, გადავხედოთ ბავშვთა მოკვდავობის დონეს: ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 0-დან ერთ წლამდე ჩვილთა მოკვდავობის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ყოველ ათას ბავშვზე 13,7-დან 19,7-მდე მერყეობს. თუმცა გაეროს მოსახლეობის ფონდმა თავისი კვლევები ჩაატარა და გაცილებით უარესი ციფრი გამოაქვეყნა: ყოველი ათასი ბავშვიდან 29 იღუპება. მეტიც, მკვდრადშობადობის მაჩვენებელი ყოველ ათას სულზე კიდევ 15,3-ია. უკეთ რომ გავაანალიზოთ ვითარება, გეტყვით, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის საშუალო ევროპული მაჩვენებელია 8-9, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კი – 3-4. დავანებოთ თავი მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, ესე იგი, საშუალო ევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, ჩვენთან ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2-2,5-ჯერ მაღალია. ესეც ძალიან საგანგაშო მონაცემებია.

რაც შეეხება შემდეგ მაჩვენებელს, ბუნებრივ ნამატს: აქაც კატასტროფული სურათია. მაგალითად, გასული საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება ყოველ ათას სულზე, დაახლოებით, 25-30 იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი არის 0,8. მეორე მსოფლიო ომის წლებში საქართველოში ბუნებრივმა მატებამ 135 000 ადამიანი შეადგინა, თუმცა ეს გარკვეულწილად მიგრაციული პროცესებითაც იყო განპირობებული. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ამ ციფრმა, ანუ ბუნებრივმა ნამატმა 6 000 შეადგინა. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდიდან მოყოლებული როგორი კლებაა და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ძალიან კარგად ჩანს დემოგრაფიული კატასტროფა იმის მიხედვითაც, თუ როგორია პირველი, მეორე და მესამე შვილის ხვედრითი წილი ოჯახში. ჩვენს ქვეყანაში პირველი ბავშვის წილი არის 60 პროცენტი, 40 პროცენტი მოდის მეორე, მესამე და ასე შემდეგ ბავშვებზე, მაშინ, როდესაც ამერიკაში პირველი შვილის მაჩვენებელი არის 40 პროცენტი, ევროპაში – 45 პროცენტი. ოდნავ შეიცვალა უკეთესობისკენ სურათი, კერძოდ, 3 პროცენტით გაიზარდა მესამე შვილის ხვედრითი წილი, საპატრიარქოს ინიციატივის შემდეგ. ეს ერთადერთი ნათელი წერტილია ჩვენს მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაში, მაგრამ საერთო სურათს მაინც ვერ ცვლის. ჩვენთან ტენდენცია პირველი შვილისკენაა და საქართველოში ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა ერთშვილიანია. ამას გარდა, არის ასეთი მაჩვენებელი – შობადობის ჯამობრივი მაჩვენებელი, რამდენ ბავშვს აჩენს დედა საშუალოდ რეპროდუქციულ ასაკში. მაინცდამაინც განებივრებული ამ ციფრით ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ეს მაჩვენებელი იყო 2,1-2,2, ანუ ერთი დედა საშუალოდ ორ ბავშვს აჩენდა. დღეს ეს მაჩვენებელი არის 1,5, რაც ნიშნავს, რომ დღეს არსებული თაობა მშობლების თაობის განახლებისთვისაც არ არის საკმარისი.

– ანუ იმ რაოდენობასაც ვერ შეინარჩუნებს, რაც მშობლების თაობა იყო?

– დიახ. არსებობს ასეთი მაჩვენებელი: მოსახლეობის გამრავლების რეჟიმის ნეტო კოეფიციენტი, ანუ რამდენი გოგონა იბადება წელიწადში. გასული საუკუნის 80-იან წლებში ათას დედაზე მოდიოდა 1 003 გოგონა, დღეს კი ეს ციფრი 700-ის ფარგლებში მერყეობს. ანუ გოგონების რიცხვმა ერთ-ნახევარჯერ დაიკლო.

– მთელ მსოფლიოში პრობლემაა, რომ ვაჟები უფრო ცოტანი იბადებიან, ვიდრე გოგონები, ჩვენთან რა უკუღმაა ყველაფერი?

– არაოფიციალური ინფორმაციით, ეს გამოწვეულია იმით, რომ აბორტების მსხვერპლი უფრო ხშირად გოგონები ხდებიან. ადრეული ექოსკოპიით იგებენ ბავშვის სქესს და, თუ გოგონაა, აბორტს იკეთებენ. ანუ ყოველ ათას დედაზე 700 გოგონა მოდის და ეს რაოდენობა საკმარისია მხოლოდ დღევანდელი მოსახლეობის 70-80-პროცენტის განახლებისთვის.

– დედები არ გვყავს, რომ ბავშვები გაგვიჩინონ?!

– ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაშიც კი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შედეგებს 10-15 წლის შემდეგ მივიღებთ, რადგან შვილების გამჩენი დედების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს. შევეხოთ მიგრაციულ პროცესსაც, რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს დემოგრაფიულ სურათზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, მილიონითაა შემცირებული. მიგრაციული პროცესების შედეგად, ლეგალური თუ არალეგალური გზით, საქართველოდან მილიონამდე ადამიანი წავიდა. ახლახან გამოქვეყნდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დასკვნა, რომელიც ასახავს 2009 წლის მდგომარეობას: 2009 წელს 2008 წელთან შედარებით საქართველოდან თავშესაფარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ორჯერ მეტმა მოქალაქემ სთხოვა. მოცემულია ციფრებიც: 2009 წელს ეს იყო 10 956, 2008 წელს – 5 454 ადამიანი. გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით, არაოფიციალურად ასეთთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

– „მწვანე ბარათის“ მისაღებად საქართველოდან 660 000-მა მოქალაქემ გააკეთა განაცხადი. იმაზე მეტი უბედურება რა უნდა იყოს, რომ ამდენ ადამიანს აღარ უნდა საქართველოს მოქალაქეობა?!

– ჩვენ ვართ შეტანილი ეგრეთ წოდებულ შავ ათეულში, ანუ მივეკუთვნებით იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეები ყველაზე ხშირად ტოვებენ ქვეყანას და სხვა ქვეყანაში მუდმივად წასვლის მსურველთა რაოდენობის ზრდის ტემპებით, საერთოდაც, პირველ ადგილზე ვართ. ესეც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის დასკვნაა.

– ეროვნული ბანკის საიტზე დევს ინფორმაცია, რომ 2010 წლის მარტში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 80 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს ციფრებიც მეტყველებს ქვეყნიდან გასულთა რაოდენობაზე.

– დაახლოებით, მილიარდი დოლარის გადმორიცხვა ხორციელდება ყოველწლიურად. განვაგრძოთ მიგრაციის თემა: შემომსვლელთა რაოდენობამ მხოლოდ 2005 წელს გადააჭარბა გამსვლელთა რაოდენობას. ამას ეწოდება მიგრაციული სალდო. 2005 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი კატასტროფულად ეცემა, ანუ მიგრაციული სალდო უარყოფითია: ქვეყნიდან გამსვლელთა რიცხვი მუდმივად სჭარბობს შემომსვლელთა რაოდენობას. რაც შეეხება შიდა მიგრაციას: აქაც უმძიმესი სურათია, განსაკუთრებით მაღალმთიანეთში: მაღალმთიანი 162 სოფელი მთლიანადაა დაცარიელებული! ამას უნდა დავუმატოთ ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად დევნილი 255 000 ადამიანი, რომლებსაც დაემატნენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები და, საერთო ჯამში, დევნილი მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 6 პროცენტს შეადგენს. ესეც კატასტროფული მაჩვენებელია.

– არის ამ შემთხვევაში გამოსავალი შვილების გაჩენა? თუმცა, მეორე მხრივ, თუ ისინი ემიგრანტები უნდა გახდნენ, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?

– აუცილებელია ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარება და გრძელვადიანი სტრატეგია. წერტილოვანი ღონისძიებები შედეგს არ მოიტანს. უპირველესია, შობადობის გაზრდა ქვეყანაში, მაგრამ ეს ხომ არ ხდება მექანიკურად, შევუკვეთავთ და ბავშვები გაჩნდებიან?!

– მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დე გოლმა მოუწოდა ფრანგ ქალებს, საფრანგეთს 10 000 ფრანგი სჭირდებაო და ფრანგმა ქალებმა აჩუქეს საფრანგეთს 10 000 ფრანგი ნორმის ზემოთ.

– ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია შესაბამისი გარემოს შექმნა. უპირველესად, ეს უკავშირდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ოღონდ ეს მდგომარეობა რაღაც არარეალური მაჩვენებლებით კი არ უნდა შეაფასო, არამედ მისი პირველი ინდიკატორია ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება. როდესაც შობადობით 164-ე ადგილზე ხარ და მოკვდავობის მაჩვენებელი ორჯერ გაქვს გაზრდილი, რა სიტუაციის გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი?! ამას უკავშირდება დასაქმების პრობლემაც, დასაქმების პრობლემას უკავშირდება მიგრაციული პროცესები. როდესაც მოსახლეობა რეალურად გყავს დასაქმებული და არა ისე ეფემერულად, როგორც ჩვენი დასაქმების პროგრამებში, ეს, თავისთავად, ამცირებს მიგრაციულ პროცესებს და ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. დემოგრაფიის გაუარესებას უკავშირდება ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი სიტუაცია: თუ შენ ჯანდაცვის სისტემა არ გაქვს მისადაგებული ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან, მაშინ, ცხადია, ბავშვთა მოკვდავობის მაჩვენებელი მაღალი გექნება. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები წლების განმავლობაში არათუ შემცირდა, მათი მეტი ნაწილი საერთოდ გაუქმდა და ასეთი რამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არასდროს მომხდარა. არაფერს ვამბობ სამედიცინო დაზღვევაზე: ეს საერთოდ ცალკე თემაა. პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი პოლიტიკა სახელმწიფოებრივად დამანგრეველია.

– სახელმწიფოს პოზიცია ასეთია: რაღაც თანხას ყველა ოჯახი ხარჯავს, ხოლო, თუ ამ თანხას მიმართავს დაზღვევაზე, იქნება ჯანმრთელობადაცულიო. თუმცა, თუ ოჯახს არ აქვს მუდმივი შემოსავალი, საიდან უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად დაზღვევის თანხა?

– თქვენ ნებაყოფლობით დაზღვევაზე ლაპარაკობთ, მე ამჯერად მხოლოდ სახელმწიფო დაზღვევაზე ვსაუბრობ. ძალიან მყიფე ზღვარია უმწეოსა და არაუმწეოს შორის. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ნებისმიერ ჩვენს ახლობელს რომ დაატყდეს თავს რაღაც უბედურება და 10 000-ლარიანი ოპერაცია დასჭირდეს, ერთ დღეში ხომ გახდება უმწეო?!

– თანაც უმწეოს სტატუსის მისაღებად დიდი რიგია.

– იცით, რამდენს აქვს შეტანილი განაცხადი უმწეოს სტატუსის მისაღებად? მილიონ 700 ათასს! როდესაც ეს პროგრამა იწყებოდა, ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობის 7 პროცენტზე მეტი განაცხადს არ შეიტანდა, მაგრამ პირადად მე მაშინაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ციფრი არარეალური იყო: სოფლებში პენსიაა ერთადერთი ფულადი ნიშანი. ერთი სიტყვით, დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგება. ასევე, აუცილებელია ოჯახის ინსტიტუტის განმტკიცება, ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობა და საოჯახო პოლიტიკის გატარება. თითქოს გაცვეთილი ფრაზებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. თუ ახლად შექმნილ ოჯახს არ მიეცი ბავშვის გაჩენის სტიმული, დემოგრაფიული ვითარება არ გაუმჯობესდება. ხომ არ იცით, რა მოუვიდა ინიციატივას, რომელიც უმწეოთა ოჯახებში დაბადებული ბავშვებისთვის ერთჯერად დახმარებას ითვალისწინებდა?

– გაუქმდა.

– ესეც არ არის პრობლემის გადაჭრის საშუალება, მაგრამ რაღაცას ხომ მაინც ნიშნავს?! აღარ ვლაპარაკობ, რა ხდება ახალგაზრდა ოჯახების ხელშესაწყობად დასავლურ ქვეყნებში. ჩვენთან გადასაწყვეტია დეკრეტული შვებულების საკითხიც. მხოლოდ ერთ წელს გრძელდებოდა უფასო მშობიარობის პროგრამაც. ამასთან, თუ ადამიანებს არ შეუქმნი რეალურ სტიმულს, რომ თავის ქვეყანაში დარჩეს, ყოველთვის იქნება მოსახლეობის კლება. აუცილებელია ყურადღების გამახვილება შიდა მიგრაციაზეც. არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვა – შეღავათების. აუცილებლად უნდა დაუწესდეს შეღავათები მაღალმთიან სოფლებს, თორემ დაიცლება. როგორც გითხარით, დღესვე რომ დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება, საუკეთესო შემთხვევაში, დადებით ძვრებს 10-15 წლის შემდეგ თუ მივიღებთ.


скачать dle 11.3