გაჭირვებულად დემოკრატიული
ვინ აღმართავს დროშას
უდავოა, პოსტრევოლუციური საქართველოს ერთ-ერთი მიღწევა ისიცაა, რომ ამ ჩვენს გაჭირვებულად დემოკრატიულ ცხოვრებაში სახელმწიფო ატრიბუტიკად წოდებული სიმბოლოები – სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი – საფუძვლიანად დამკვიდრდა. ჰიმნსაც ვმღერით ხმაშეწყობილად, დროშებსაც ვაფრიალებთ ამერიკული მანერით და გერბითაც გვაქვს დამშვენებული, რის დამშვენებაც შეიძლება და, ხანდახან, არც შეიძლება. ერთი ისაა, რომ ამ ჩვენს ახალ დროშას ძველის ხვედრი დაებედა: ჯერჯერობით ვერ აფრიალდა გაეროს მიერ აღიარებულ, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ სრულიად საქართველოს საზღვრებში. თუმცა, რაკი კაცი იმედით ცოცხლობს და, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი მარიფათის საქმეა, ჩავეჭიდოთ იდეას, რომ მას გამარჯვებულ ბრძოლებშიც ეღირსება აფრიალება. ხოლო, ვიდრე ეს მოხდება, ხერხი სჯობია ღონესაო და, საქართველოს ყველაზე დიდი დროშა თბილისში, კერძოდ, მის შემოსასვლელში, უკვე აღიმართა 40 მეტრის სიმაღლის სვეტზე და 100 კვადრატული მეტრი ფართისა. რაც უნდა საოცარი იყოს, ამ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი სიმბოლო, არც მეტი, არც ნაკლები, თურქეთში დამზადდა (?!), ხარჯები კი დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობამ გაიღო. შესაძლოა, ამიტომაც, თურქეთში სპეცშეკვეთით დამზადებული დროშის აღმართვის საპატიო მისიაც დიდუბე-ჩუღურეთისა და დიღმის მუნიციპალიტეტის გამგებლებს ერგოთ (მარტივი ლოგიკით, ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკასო). მიუხედავად იმისა, რომ სიბეცეს არ ვუჩივით, გამგებელმა, ბ-ნმა სულამანიძემ, მაინც შეგვახსენა, რომ „დღესდღეობით საქართველოში ეს არის ყველაზე დიდი დროშა. სასიამოვნო და საამაყოა, რომ სწორედ ჩვენს რაიონში დგას ასეთი მასშტაბის ეროვნული სიმბოლო“. სიმართლე გითხრათ, პირადად მე საამაყო სხვა რამ მგონია, მაგრამ, კაცია და გუნება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ჩვენი სამშობლო შაგრენის ტყავივით პატარავდება, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ხელში მასზე დიდი ზომის დროშაც შეგვრჩეს.