ვის გადაარევინა ტაცია დაშნიანმა მაროკოს მეფე და რა ტრადიცია დაარღვევინა მან მუსლიმანებს
უკვე ექვსი წელია, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კედლებში ცეკვის ანსამბლი „ლაშქარი“ არსებობს. 33 წლის კახა დაშნიანი, რომელსაც, მოცეკვავეთა სამყაროში ცნობილი მამის მსგავსად, „ტაციას“ სახელით იცნობენ, მომავალ ვარსკვლავებს განსაკუთრებული სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ზრდის. „ლაშქარმა“ უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს უცხოეთში, პატარა მოცეკვავეებმა ფურორით „აიღეს“ ევროპა და აფრიკა. კახა ანსამბლში არა მხოლოდ მომავალ მოცეკვავეებს ზრდის, ის პატარა ქართველებს იმ ღირებულებებსაც ასწავლის, რომლებითაც თავადაც გაიზარდა იმ ანსამბლში, სადაც მისი სული და გული დარჩა...
კახა დაშნიანი: ცეკვასთან მთელი ჩემი ცხოვრებით ვარ დაკავშირებული. მამაჩემი ტაცია დაშნიანი, ცნობილი მოცეკვავე იყო და მეც მან „მომწამლა“ ცეკვით. ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქართული ცეკვების ძალიან ცნობილი შემსრულებლები. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ცეკვაზე შემიყვანეს. ტემპს ვასწრებდი და, ყრუ არისო, უთხრეს მამას. გადაირია მამაჩემი – ჩემი შვილი ყრუ როგორ იქნებაო (იცინის). ჯერ „მამულში“ ვცეკვავდი, მერე – „რუსთავში“. „სუხიშვილებშიც“ ვიცეკვე შვიდი წელი, ჩემი აღნაგობის მიუხედავად, სოლისტიც ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში გარდამეცვალა მამა, ის „მართვეში“ მუშაობდა ქორეოგრაფად და მეც ვეხმარებოდი ხოლმე. მამას გარდაცვალების შემდეგ, ორ ადგილზე ერთად ვერ ვიმუშავებდი და შეველიე ჩემს საყვარელ ანსამბლს, თუმცა ჩემი სული და გული „სუხიშვილებში“ დარჩა და დღემდე თავს „სუხიშვილად“ მივიჩნევ. იქიდან რომ წამოვედი, თითქოს ცხოვრება დასრულდა ჩემთვის. ეს ანსამბლი ისეთი აკადემიაა, სადაც, ერთხელ თუ მოხვდი, დამთავრებულია შენი საქმე (იცინის). იქ მარტო ცეკვას კი არ სწავლობ, იქ ადამიანობის, სიკეთის, კაცობის დიდ გაკვეთილებს გადიხარ. ფანტასტიკური ადამიანი იყო ბატონი თენგიზი, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში, მამის გარდაცვალების დროს, კაცურად დამიდგა გვერდში. ასეთია ილიკოც. ამ ანსამბლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ამიტომაც ვზრდი პატარა მოცეკვავეებს იმ განწყობით, რომ წლების მერე „სუხიშვილებში“ უნდა განაგრძონ ცეკვა. თუ პროფესიონალი ხარ, ამ ანსამბლში უნდა იცეკვო, ყველა ჩემი მოსწავლე „სუხიშვილი“ ვერ გახდება, მაგრამ ქორწილში რომ მუსიკას დაუკრავენ და აცეკვებენ, გამზრდელი არავინ არ უნდა შეაგინოს (იცინის).
– როდის გაიხსნა ანსამბლი „ლაშქარი“, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ?
– ყოფილ პიონერთა სასახლეს როგორი ტრადიციები აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და ამის ახსნას არ დავიწყებ. ამ კედლებში ყოველთვის იყო ცეკვის ცნობილი ანსამბლები, რომლებსაც ჩემთვის ძალიან ავტორიტეტული ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. „ლაშქარი“ ექვსი წლის წინ დავაარსე. სვანი კაცი ვარ და ანსამბლს ისეთი სახელი დავარქვი, რომ მებრძოლ სულთან ყოფილიყო დაკავშირებული. მინდოდა, ბავშვებისთვის მესწავლებინა ის, რაც მხოლოდ მე ვიცი და რაც ჩემია. მე ახალი თაობის მოცეკვავე ვარ. ძალიან მტკენს გულს, როცა „სუხიშვილების“ ახალი თაობის ცეკვებს აკრიტიკებენ. ზოგი მათგანი იმ ოჯახშია გაზრდილი და შეიძლება საკუთარი ოჯახი გალანძღო? არ შეიძლება, რომ ჩამოვრჩეთ ტემპს, თუ ადრე ვაკეთებდით ერთწრიან დაცემას, ახლა სამწრიან დაცემას აკეთებენ. მე ძალიან მიყვარს ტემპიანი ცეკვები, თვითონაც ასეთ ცეკვებს ვცეკვავდი. „ქართულის“ მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძემ უნდა გაზარდოს, „ოსურის“ – ხუბაევმა, მე რასაც ვცეკვავდი, იმას ვასწავლი ჩემს ბავშვებს – „ფარიკაობას“, „ხანჯლურს“. რასაც იცეკვებ, მაგრად უნდა იცეკვო...
– „ლაშქარი“ ძალიან ხშირად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებში. როგორც ვიცი, ახლა ძალიან წარმატებული გასტროლი გქონდათ მაროკოში.
– წელი არ გავა ისე, რომ გასტროლებზე არ წავიდეთ. ძალიან ბევრი დიპლომი და სიგელი გვაქვს მოპოვებული, საბერძნეთის პატრიარქმა ღვთისმშობლის მედალიონით დაგვაჯილდოვა. მოვიარეთ მთელი ევროპა – საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, ბელგია. ევროპიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს გამოსვლებს. ვიყავით სამხრეთ ამერიკაში, თვე-ნახევარი გავატარეთ მაროკოში – უკვე მესამედ მიგვიწვია იქ მაროკოს მეფის სასახლის ადმინისტრაციამ. კონცერტი, რომელიც მხოლოდ საცეკვაო ნომრებისგან შედგებოდა, საათი და ოცი წუთი გრძელდებოდა. პროფესიონალები ვერ ცეკვავენ ამდენ ხანს გაუჩერებლად. თავიდან მონაწილეობას ვიღებდით საერთაშორისო ფესტივალში, მერე ჩვენი ბავშვები სამეფო თეატრში მიიწვიეს. გაგიჟდნენ შეიხები და გუბერნატორები, მთელი იქაური მთავრობა ესწრებოდა ჩვენს კონცერტებს, ჩვენ შესახებ წერდა იქაური პრესა. ეს ბავშვები კიდევ ჩამოიყვანეთო, – უთქვამს მეფეს. წლებია, რაც მაროკოში მუშაობს ჩვენი ატაშე რუსიკო ფიცხელაური, რომელიც ძალიან გვეხმარება ღონისძიებების დაგეგმვაში. ანსამბლში 60 მოსწავლე მყავს, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათ ქართული სული და სიყვარული ჩავუნერგო. მე ვერ დავეთანხმები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ამ თაობას ეროვნულობა აკლია. უნდა ნახოთ, ჩოხებში გამოწყობილი ბიჭები, როგორი მაგარი ქართველები არიან. როცა უცხოეთში ვართ, ჩემი ხელით ვაბანავებ ხოლმე ბიჭებს, 8 – 9 წლის ბიჭს თავი კარგად უნდა მოუქექო, შამპუნი რომ არ ჩარჩეს (იცინის). ჩემი და და მეუღლე გოგონებს უვლიან ხოლმე. როცა ასეთ პატარა ბავშვებს გაბარებენ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია – ოკეანის პირას უნდათ გასეირნება, მაღაზიებში რაღაცეების ყიდვა... ერთი პატარა ბიჭი მყავს, ლუკა, ყველა მაღაზიაში ბუცების ყიდვას ითხოვდა. მიდი და აუხსენი, რომ ამდენი ბუცი არ სჭირდება (იცინის). სულ დევნა უნდათ, ფეხი არ დაუცდეთ სადმე. ახლა, ოკეანის სანაპიროზე, ერთ ბავშვს ჯვარი დაუნახა მუსლიმანმა და ფეხი გადადგა თუ არა, მისკენ მე და დაცვის ბიჭები ჰაერში ავფრინდით. შეიძლება, მარტო ჯვრის ახლოდან დანახვა უნდოდა, მაგრამ, რა ვიცი, იქნებ ვიღაც გიჟია და გადარეული?! ყველა ბავშვი წონით და ზომით მყავს ჩაბარებული, თმის ღერების რაოდენობითაც კი... ისე, მუსლიმანები ძალიან კარგი ხალხია, ქუჩაში რომ გაივლი, იცნობ, არ იცნობ, მაინც გესალმებიან. ეს ძალიან მომეწონა, ბავშვებზე და ქართულ ცეკვაზე მთლად შეიშალნენ. გასტროლების დროს მე მაინც ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს კონცერტები, უნდა ნახოთ, კულისებში რა დღეში ვარ. ათას რამეზე მაქვს საფიქრალი, შარშან საქართველოში ზუსტად იმ დროს ჩამოვედით, როცა რუსები გვბომბავდნენ. ბათუმში „გავიჭედეთ“, ფრენაც არ იყო. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ბოლოს გავბედე, ავტობუსს გასტროლების აფიშები ავაკარი და ისე წამოვედით იქიდან. მამაოებმა იცოდნენ ეს, მათი ლოცვაც დაგვეხმარა, რომ უსაფრთხოდ ჩამოვედით თბილისში.
– კახა, შენ თვითონ კიდევ ცეკვავ თუ თავს ვეტერანად მიიჩნევ?
– ვცეკვავ რომელია?! ვცეკვავ ყველგან, სახლშიც კი – სამზარეულოშიც მიცეკვია და აბაზანაშიც (იცინის). ჩემი ოჯახიც ამ ხელოვნებით ცხოვრობს. დედაჩემის გარდა, ყველა დაკავშირებული ვართ ცეკვასთან. ჩემთან ანსამბლში მუშაობს ჩემი და, ლატავრა, ის ანსამბლის „საგარეო საქმეთა მინისტრია“ (იცინის). ლატავრა ფოჩიანის ხათრით დაარქვა მამამ ეს სახელი. სულ ვხუმრობდი, კიდევ კარგი, მე ფრიდონი არ დამარქვი-მეთქი (იცინის). მოცეკვავეა ჩემი მეუღლეც. ბავშვები გვყავდა წაყვანილი გასტროლებზე – ვიყავით ვენესუელაში, პერუში და ეკვადორზე. იქ გავიცანი ჩემი მეუღლე. იმდენ ბავშვს ისე კარგად, დედასავით უვლიდა, წარმოიდგინე, ჩემს შვილებს როგორ მიხედავს-მეთქი. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიყვანე ცოლად. მერე ჩემთან სამუშაოდ გადმოსვლა შევთავაზე, ახლა ერთად ვზრდით ამ თაობებს.
– სულ ახლახან მამაც გახდი, პატარა ანასტასიასაც მოცეკვავედ გაზრდი?
– აბა რა! აუცილებლად მოცეკვავე უნდა იყოს, ოღონდ ცოტა კლასიკისკენ მინდა რომ „წავიდეს“. ახლა, მთლად ბალერინა კი არ მინდა რომ გამოვიდეს – ვიღაცამ რომ სადღაც ხელი მოჰკიდოს, ამას ვერ ავიტან.
მაროკოში გავიგე, რომ ჩემი შვილი დაიბადა. რამადანი იყო, რამადანის დროს იქ მკაცრი წესებით ცხოვრობენ, სასმელს არ სვამენ. მე ვუთხარი: შვილი მეყოლა და უნდა დამილოცოთ-მეთქი. კიო, დამთანხმდნენ. ასე დავარღვევინეთ მე და ანასტასიამ ტრადიცია მუსლიმანებს. კარგად ვიქეიფეთ, ბოლოს ღორის ხორცის ძეხვიც კი ვაჭამე. მოგვწამლავ, მოგვწამლავო, იძახეს. მთელმა კასაბლანკამ გაიგო ჩემი ამბავი. ცოტა მეტი რომ „მეჩალიჩა“, მაროკოს მეფესაც კი გავაგებინებდი (იცინის).
თამუნა ნიჟარაძე