კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ხანს ძლებს მოჭრილი მატრიცარია ვაზაში და როდის არ უნდა დაუსველოთ სენპოლიას ფოთლები


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან – თენგიზ პაპავასთან ერთად, ამჯერად, მცენარეების იოლად გაყვავილების ხერხებზე ვისაუბრებთ. თუ რომელი მცენარე დაიწყებს მალე აყვავებას და როგორ შევუნარჩუნოთ მათ ხანგრძლივი ყვავილობა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– ბატონო თენგიზ, გვესაუბრეთ ისეთი მცენარის შესახებ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავილობს და ამასთანავე იოლი მოსავლელია...

– ბუნებაში არსებობს მრავალი ასეთი მცენარე, მათგან ერთ-ერთი კი მატრიცარიაა, რომელიც დეკორატიულიცაა და ასევე სამკურნალო. სელექციონერებმა გამოიყვანეს ისეთი ჯიშები, რომელთა ყვავილები უფრო დიდი და ლამაზია. ეს მცენარე სასიამოვნო სურნელისაა. ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული და ხარობს ყველგან. შეგიძლიათ, გაზარდოთ როგორც ბაღში, ასევე ოთახის პირობებშიც.

– რის სამკურნალოდ გამოიყენება მატრიცარია?

– მედიცინაში მას იყენებენ ანთების საწინააღმდეგოდ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და სხვა მრავალი დაავადების განსაკურნებლად. დეკორატიული მცენარე უფრო ფართოყვავილიანია. ის ძირითადად მეცნიერების შრომის ნაყოფია.

– რით მრავლდება მატრიცარია?

– ეს მცენარე თესლით მრავლდება. ზაფხულის ბოლოს, როგორც კი ყვავილობა დამთავრდება, საყვავილე ღერო თავს ხრის და ნელ-ნელა ხმობას იწყებს. თესლი იქამდე უნდა აიღოთ, სანამ დაბლა დაიბნევა.

– როგორ ნიადაგში გვირჩევთ მატრიცარიის ჩარგვას?

– ნიადაგის მიმართ ის პრეტენზიული არ არის. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ არ უყვარს ძალიან ნესტიანი მიწა. ითესება სექტემბერ-ოქტომბერში. მიწის ბოლო ფენაზე სასურველია, მოაყაროთ ფხვიერი მიწა ან სილა. ინტენსიური ზრდის პერიოდში ნიადაგში უნდა შეიტანოთ მინერალური სასუქი 10 დღეში ერთხელ.

– ამ სეზონზე ხშირად მოვრწყათ მცენარე, რომ ზაფხულში კარგად იყვავილოს?

– მატრიცარიას ძალიან ხშირი მორწყვა არ უყვარს. წყალი დაასხით ზომიერად. მთავარია, შეუნარჩუნოთ 16-20 გრადუსი სითბო, რომ მცენარე კარგად დაფესვიანდეს.

– რაც შეეხება განათებას?

– მატრიცარიას ძალიან უყვარს კარგი სინათლე. მცენარის ზრდის პირველ ეტაპზე თუ საკმარისი სინათლე არ იქნება, ის ზრდას წყვეტს. ამიტომ, აუცილებლად კარგად განათებულ ადგილას მოათავსეთ.

– რით შეიძლება დაიღუპოს მცენარე?

– სიბნელისა და ხშირი მორწყვის შედეგად მცენარე შეიძლება, დაღუპვამდე მივიდეს. თუმცა, ზედმეტმა სიმშრალემ ფოთლების გაყვითლება და მცენარის დეფორმაცია შეიძლება, გამოიწვიოს. მატრიცარია მორწყეთ და ნიადაგი გაანოყიერეთ მხოლოდ დილის საათებში. მუდმივად აკონტროლეთ მისი სიმშრალე და ნესტიანობა.

– კიდევ რას გვირჩევთ ამ სეზონზე, რომ მცენარეს რაიმე საფრთხე არ დაემუქროს?

– გახსოვდეთ ორი პირობა: კარგი განათება და ზომიერი მორწყვის რეჟიმი. მცენარე ასევე უნდა დაიცვათ დაავადებებისგან. ის ხშირად ავადდება ფიტოფტოროზით. მასთან საბრძოლველად გამოიყენეთ 0,15-პროცენტიანი კონცენტრაციის ხსნარი, რომელიც უნდა გააზავოთ 1 ლიტრ წყალში. ამ მცენარის ერთ-ერთი პოზიტიური მხარეა ასევე ის, რომ მოჭრილი მატრიცარიაც მშვენივრად ძლებს ვაზაში, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში. ასე რომ, თუ ბაღში ან ბინაში აყვავებული მატრიცარია გექნებათ, ზაფხულში შეგიძლიათ საჩუქრადაც მიართვათ ვინმეს, ის მშვენივრად იგრძნობს თავს სხვის ბინაშიც, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ვაზაში ხშირად უნდა უცვალოთ წყალი.

– რას გვეტყვით სენპოლიას შესახებ და როგორ მოვუაროთ მას, რომ კარგად იყვავილოს?

– სენპოლია ძალიან პოპულარული და ლამაზი მცენარეა. ის თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი ოთახის მცენარეა. მისი ჰიბრიდებიც დიდი ხანია გამოჰყავთ. ამ მცენარის უამრავი ჯიში არსებობს. ზოგიერთი მათგანი ღია ფერისაა, ზოგი კი პირიქით, მკვეთრი ლურჯი ყვავილებით გამოირჩევა. არსებობს ოთახის ჭრელფოთლიანი ჯიშებიც. მცენარის ხანგრძლივ ყვავილობას კარგი განათება სჭირდება, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ მცხუნვარე მზეს უნდა მოარიდოთ. კარგი ყვავილობისთვის შეგიძლიათ, სენპოლია ნათელ ფანჯარაზე მოათავსოთ. მცენარეს მოსწონს დაახლოებით, 20 გრადუსი ტემპერატურა. ცივი ორპირი ნიავი და ცვალებადი ტემპერატურა ხელს უშლის სენპოლიას ყვავილობას. ამიტომ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბინაში შეინარჩუნოთ ერთნაირი ტემპერატურა და ქარს მოარიდოთ.

– ამ მცენარეს ნამდვილად აზიანებს ხშირი მორწყვა?

– თუ სენპოლიას ნიადაგი ძალიან დასველდა, შეიძლება ფესვები დაულპეს. ამიტომ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო გრილა, მიწა მით უფრო მშრალი უნდა იყოს. მორწყვისას ქოთანი ლამბაქზე დადგით და წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხით, შემდეგ კი დაწრიტეთ. ასეთ ნიადაგში სინესტე ნაკლებად იქნება და მცენარის ლპობასაც თავიდან აიცილებთ. ეცადეთ, მორწყვისას ფოთლები არ დაუსველოთ, თორემ ამით შეიძლება მცენარე დაავადდეს. ჩამოცვენილი ყვავილები და დაზიანებული ფოთლებიც მალევე მოაშორეთ.

– რა ზომის იზრდება სენპოლია და იოლია თუ არა მისი გამრავლება?

– სენპოლიას ყველა ჯიში პატარა ზომისაა. ის ძალიან კომპაქტურია და იოლად დადგამთ ფანჯრის რაფაზე. მცენარე დაახლოებით, 20 სანტიმეტრ სიმაღლემდე იზრდება. მისი გამრავლება შესაძლებელია ძალიან იოლად. სენპოლიას ფოთოლი ჩადეთ წყალში ან მსუბუქ მიწაში და ძალიან მალე ფოთოლი დაფესვიანდება. დაფესვიანებისას ჯიშის ყველა თვისება შეუნარჩუნდება.


скачать dle 11.3