რამდენ ხანს უმალავდა ნელიკო აგირბა მამას გათხოვების ამბავს და ვინ შეცვალა მისი ცხოვრება
„პირველი არხის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, კავკასიური წარმოშობის, ეროვნებით აფხაზი, ნელიკო აგირბას ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და ბევრი სიახლითაა სავსე. მან ცხოვრება მისსავე მეწყვილე ილია ბეროშვილს დაუკავშირა და სულ ცოტა ხნის წინ პატარა სესილიაც შეეძინათ. ერთმანეთი კი ტელევიზიაში გაიცნეს, მაშინ, როცა სპორტული მიმომხილველი ილია უცებ მთავარ წამყვანად გადაიყვანეს და ნელიკოს მეწყვილედ დასვეს. ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო. ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება ორივემ საკმაოდ მალე მიიღო და დღეს წყვილი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. თუმცა, რა სიძნელე ახლდა მათ ურთიერთობას და რამ ითამაშა დიდი როლი მათი ერთად ცხოვრების გადაწყვეტილებაში, თავად გვიამბობენ:
– ნელიკო, უპირველესად, გილოცავ, ცოტა ხნის წინ დედა გახდი. რა გრძნობაა და როგორ შეცვალა შენი ცხოვრება პატარამ?
– ცოტა გამოძინებული რომ ვიყო, უკეთესად გიპასუხებდი. (იცინის) ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. რომ ამბობენ, აზრი ეძლევაო, ეგ არის. რა აზრი აქვს, სიტყვებით ვერ გადმოგცემ, რაღაც სხვა ადამიანი ხდები ცოტათი. შეგუება არ არის რთული. ერთადერთი, ის მაფიქრებს და ხშირად ილოს ვეკითხები, ხომ არ შევიცვალე, ესეთიც ხომ მოგწონვარ-მეთქი. გადასალახი მომენტია, ბავშვის მერე ცხოვრება და ურთიერთობები იცვლება.
– რა ჰქვია პატარას?
– ეს არის სესილია ბეროშვილი, ორი თვის. დაიბადა 27 ნოემბერს, ერთი კვირით ადრე ველოდებოდით. მამა ვერ იჯერებდა, მეჩხუბებოდა, რატომ მაღვიძებ, თავი დამანებეო. (იცინის) ერთი თვიდან „აღუებიც“ ისწავლა, მე მეუბნება ჩვეულებრივ „აღუებს“, მამამისს – გაპრანჭულს. გოგოებს ხომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მამებთან. ესეც ასეა.
– როგორც ყველა გოგოს, მასაც უფრო მეტად მამა უყვარს, ჰო?
– ჰო, ეგრეა, და ამიტომ ბიჭიც მინდა.
– ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მაინც ვის ჰგავს?
– როგორც კი დაიბადა, მამას ცოტა შეეშინდა. იმას შეატოვეს თავიდან. ახალდაბადებული ბავშვები ხომ ცოტა ლურჯები არიან და ილო გაოცებული უყურებდა. თურმე, მისთვის არავის უთქვამს, რომ ახალდაბადებული ბავშვები ვერ არიან ლამაზები, (იცინის) და ეგონა, რომ რაღაცა სჭირდა. მერე გავიგე, მეგობრებისთვის უთქვამს, ჩემი ბავშვი კუ-ნინძას ჰგავსო. ნელ-ნელა მამას დაემსგავსა, ერთნაირად სძინავთ, ერთნაირად ამოძრავებენ ხელებს, მოკლედ, მამას გოგოა. რაღაც ჩემიც აქვს.
– ამასობაში, მამაც შემოგვიერთდა. ილო, რატომ არ მოგეწონა ბავშვი თავიდან?
– ჯერ იმით დავიწყებ, რომ მშობიარობას დავესწარი. თანამედროვე ხალხი, თურმე, ესწრება და ჩვენც არ ჩამოვრჩით. ბავშვი რომ ვნახე, თავიდან რაღაცა მწვანე ფერი ჰქონდა, თუ ლურჯი, რაღაცნაირები არიან. მერე გალამაზდა და გალამაზდა.
– ნელიკო, „პირველი არხის“ საკმაოდ ცნობილი სახე იყავი, მაგრამ უცებ გაქრი ეკრანიდან, უფრო სწორად – ორივენი. თქვენ ხომ დილის გადაცემა მიგყავდათ ერთად.
– მოხდა, ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია, ჩვენი გადაცემა „ალიონი“ დაიხურა და გაიხსნა ახალი გადაცემა. ამიტომ „ალიონის“ ხალხი წამოვედით. ზოგი სად მუშაობს, ზოგი – სად. მე რაღაც შემოთავაზება მაქვს და ვნახოთ, ცოტა ხანში.
– ილია, შენ ნელიკოსგან განსხვავებით ახალი სახე იყავი. როგორ მოხვდი ტელევიზიაში? როგორც მე ვიცი, თავიდან მარტო სპორტის წამყვანი უნდა ყოფილიყავი.
ნელიკო აგირბა: ილია ყოფილი ფეხბურთელია.
– სად თამაშობდი?
ილია ბეროშვილი: ჰო, ფეხბურთელი ვიყავი, „ვით ჯორჯიაში“ ვთამაშობდი. ცოტა ხანს ჩერქეზეთში ვიყავი. დედა მყავს ჩერქეზი და იქ ვთამაშობდი ნალჩიკის „სპარტაკში“. მერე თავი დავანებე. შემეცვალა მსოფლმხედველობა. ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები და კავკასიურ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. მერე რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, მიმტანადაც ვმუშაობდი რესტორან „მეიდანში“ და ბოლოს გავიგე, რომ ტელევიზიაში სპორტის წამყვანზე ქასთინგი იყო გამოცხადებული და მივედი. პროდიუსერებმა შემამოწმეს, ერთი კვირის მერე დამირეკეს და მითხრეს, დაგამტკიცეთ სპორტის წამყვანადო. სპორტის წამყვანობის წაყვანაზე მაინც ვემზადებოდი. სამი დღე იყო დარჩენილი სეზონის დაწყებამდე. მოულოდნელად, მთავარი წამყვანი – კოსტა წავიდა, და მე მისი ადგილი შემომთავაზეს. დავთანხმდი თავიდან ცოტა მეშინოდა. სპორტი ადვილი იყო, 2 წუთი უნდა წამეყვანა, მთელი გადაცემის წაყვანაზე კი მაინც ცოტა ვნერვიულობდი, გამოუცდელი ვიყავი. მაგრამ, ნელიკო რომ იყო იქ, იმიტომ დავთანხმდი. სხვა რომ ყოფილიყო, არ დავთანხმდებოდი.
– ნელიკოს მანამდე არ იცნობდი, ტელევიზიაში ნახე პირველად?
– ჰო, ტელევიზიაში გავიცანით ერთმანეთი.
– მერე რა მოხდა, როგორი იყო თქვენი შემდგომი ურთიერთობა, როდის მიხვდით, რომ მარტო თანამშრომლები არ იყავით?
ნელიკო: ო, ეს ცოტა მძიმე თემაა...
– ნელიკო, მაშინ შენ გათხოვილი იყავი?
ილია: თავიდან ძალიან ახლო ურთიერთობა არ მქონია. ახალი წამყვანები ვიყავით ერთად და იმათთან უფრო ვახლობლობდი, ვიდრე ნელიკოსთან. იმის გამო, რომ მერე ერთად მოგვიწია გადაცემაზე მუშაობა, უფრო დავახლოვდით და თანდათან გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა.
ნელიკო: მძიმე იმიტომაა ეს თემა ჩემთვის, რომ მაშინ გათხოვილი ვიყავი. კრიზისი გვქონდა ურთიერთობაში, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე კარგად იყო მომწიფებული. რაღაც გამოსაცდელი ვადა გვქონდა. ახლა უხერხულია, ყოფილი მეუღლის გარეშე რომ ვლაპარაკობ მასზე, მაგრამ დავუთქვით ერთმანეთს გამოსაცდელი ვადა და სამწუხაროდ, არ გამოვიდა. სამწუხაროდ, იმ მომენტისთვის, თორემ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ისე გამოვიდა, რომ მაშინვე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთული გასაგები იყო იმ ოჯახისთვის. რთული დასაჯერებელია, რომ მანამდე არაფერი ყოფილა ჩვენ შორის და მერე დაიწყო ყველაფერი. მაგრამ, მართლა ასეა. ჯერ ერთი, ესეც კავკასიელია, რაც არ უნდა იძახოს რაღაცეები და მეც აფხაზ ბებიასთან ვარ გაზრდილი.
– პირველ მეუღლესთან რამდენ ხანს იყავი?
– ქორწინებაში – მხოლოდ და მხოლოდ ერთი წელი. მერე, ბუნებრივია, როცა ამდენ დროს ატარებ ადამიანთან და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თავისი როლი ჩემმა პალტომაც ითამაშა...
– რა პალტომ, რა იყო ამისთანა?
ილია: მე ნახევრად ჩერქეზი ვარ – დედით, და პალტო ეცვა ნელიკოს რაღაც აფხაზური „უზორებით“, აფხაზური მოქარგულობით და ძალიან ჰგავდა ჩერქეზულს. ამითაც მიიქცია ყურადღება. დღემდე ხუმრობს, ამ პალტოს გამო შეგიყვარდიო, მაგრამ არც იმხელა როლი ითამაშა, რაც მას ჰგონია.
– როდის მიიღეთ ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება, როდის გადაწყვიტეთ, რომ ურთიერთობისთვის საბოლოო სახე მიგეცათ?
ნელიკო: ისე გამოვიდა, რომ იმ დროს მე დეპრესიაში ვიყავი. ამ გადაწყვეტილებამდე კი, ნელ-ნელა მივედით – სულ ნარნარით გადავიდა ჩვენი ურთიერთობა სტაბილურ ფაზაში.
ილია: ჩემთვის გასაგები იყო ყველაფერი. როცა ადამიანს დაშორდები, ცოტა მძიმე გადასატანია, ნელიკომ თვითონ მოაგვარა პრობლემები. მე არ ჩავრეულვარ და ვერც ჩავერეოდი. იყო პერიოდი, როცა არც ვიცოდით, სერიოზული სახე ექნებოდა თუ არა ჩვენს ურთიერთობას. როცა ნელიკოც ცოტა აზრზე მოვიდა და დეპრესიიდანაც შედარებით გამოვიდა, მერე უკვე ნელ-ნელა გაირკვა ყველაფერი.
ნელიკო: მთლად ნელ-ნელაც არ გამოვიდა, რაზეც სესილის არსებობა მეტყველებს.
ილია: არიან ადამიანები, ორი სამი წელი ემზადებიან სერიოზული ნაბიჯისთვის. ჩვენთან ასე არ ყოფილა. უბრალოდ, ელემენტალურად ცოტა დრო მაინც გვჭირდებოდა ორივეს, რომ გავრკვეულიყავით სიტუაციაში, უფრო ნელიკო გარკვეულიყო. იმის გამო, რომ კავკასიური სისხლი გვირევია, რაღაც ეტიკეტის დაცვა მოგვიწია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ერთად ვართ.
– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
– დეკემბერში გავიცანით ერთმანეთი, ხომ? ეთერში გავედით სადღაც თებერვლის ბოლოს. ვიქირავეთ ერთად სახლი პეკინზე, ერთი წელია თითქმის.
– თქვენს გადაწყვეტილებას ოჯახი როგორ შეხვდა?
– სანამ წამყვანები ვიყავით, მაშინაც ძალიან დადებითად იყვნენ განწყობილი ნელიკოს მიმართ ჩემები. მერე უკვე, რომ ვუთხარი, რაშიც იყო საქმე, ძალიან გაუხარდათ. პოზიტიურად შეხვდნენ ამ ამბავს. დედაჩემი უფრო, იმიტომ რომ კავკასიელია და რომ გაიგო, ნელიკო აფხაზიაო, უფრო გაუხარდა.
– ნელიკო, ამით მოიგე მომავალი დედამთილის გული?
– იმედია, მარტო ამით არა. მამაჩემს ნანახი არ ჰყავს ილო.
– უი, ტელევიზორს არ უყურებს მამაშენი?
– მამაჩემი მეზღვაურია და წელიწადზე მეტი რეისშია. დისკი გავუგზავნე და ილო ისე ნახა. პირველ ქმარს გავშორდი და ახლა ილოსთან ვარ-მეთქი, მამაჩემს ერთდროულად შევატყობინე ყველაფერი. დიდხანს ვერ ვბედავდი, გაშორების ამბავი გამემხილა, მაგრამ მერე უკვე ილო მყავდა გვერდით და გამბედაობაც შემემატა. ვუთხარი და მერე ილოც დაელაპარაკა.
– ილია, შენ რა უთხარი სიმამრს?
– არაფერი. ვუთხარი, რომ ნელიკო საიმედო ხელშია და არაფერზე ინერვიულოს.
– ეთერში ერთად მუშაობა გიადვილდებოდათ?
– ძალიან რთული იყო. თან, მაშინ ნელიკო ფეხმძიმედ იყო. ტოქსიკური ფეხმძიმობა ჰქონდა და გამოუძინებლები ვიყავით. მოკლედ, ცოტა რთული პერიოდი გვქონდა.
ნელიკო: ჰოდა, საქვეყნოდ გეუბნები მადლობას იმისთვის, რომ ამიტანე იმ პერიოდში.
– ახლა რას აპირებთ, დაუბრუნდებით ეკრანს ისევ ერთად?
– ვფიქრობთ, ისევ ერთად წაყვანაზე. ერთი პროექტი აქვს, რომელსაც თვითონაც იდეალურად წაიყვანდა და ვნახოთ, რა იქნება. საერთო პროექტიც გვაქვს.
– ანუ, შეიძლება, ისევ ერთად გიხილოთ?
– არის შანსი.