მეგობრული შეთავაზება
არაფერია იმაში არაბუნებრივი, რომ თქვენს მეგობრებს თქვენი ბედნიერება უნდოდეთ. არც ის გაგიკვირდეთ, თუკი ისინი მუდმივად ცდილობენ, ვიღაც გაგაცნონ და პირადი ცხოვრება მოგიწესრიგონ. მაგრამ, თქვენ მათი შემოთავაზების საიმედოობაში ეჭვი გეპარებათ?! რატომ? ისინი ხომ ფეხდაფეხ მიჰყვებიან თქვენს ცხოვრებას თანამგზავრებივით. იციან ყველაფერი, რაც თქვენ თავს გადაგხდენიათ; არც ის წარმოადგენს მათთვის საიდუმლოს, როგორი ტიპის მამაკაცები მოგწონთ და, ასევე, იციან, როგორი ხასიათი გაქვთ, როგორი ტემპერამენტი, გემოვნება და გატაცებები, ანუ, სრულად არიან ინფორმირებულები.
სხვათა შორის, შეფასებებში ნათესავები და ოჯახის წევრები უფრო სუბიექტურები არიან – თქვენზე გადამეტებული წარმოდგენა აქვთ და თქვენი ცხოვრების თანამგზავრადაც იდეალურ ვარიანტს ეძებენ, ამიტომ, დაქალების შეთავაზებები უფრო რეალურია ხოლმე. მაგრამ, არსებობს მინუსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: ჯერ ერთი, ყველა ქალს, მით უმეტეს, თუ ის ჯერ არ არის გათხოვილი, გაუჭირდება, დაქალს გააცნოს ყველა ღირსებით შემკული სასურველი მამაკაცი, თუ ის მისი უახლოესი ნათესავი არ არის. მეორეც, მას არ უნდა, თქვენ მოგიძებნოთ პარტნიორი და თავად ისევ მარტო დარჩეს. იშვიათია ქალი, რომელიც საკუთარ ინტერესებს დაქალის ინტერესებზე უკან დააყენებს. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ხელოვნურად შეაფერხოს თქვენი ბედნიერება. გაითვალისწინეთ და შეეცადეთ, არ დაანახვოთ თქვენი ბედნიერება დაქალს, რომელიც ვერაფრით შეეგუება საკუთარ მარტოობას და, არც ის გააგებინოთ, რომ სასურველი პიროვნება უკვე იპოვეთ.
მაგრამ, ამის მიუხედავად, თუკი ვინმეს გაცნობის პერსპექტივა გაქვთ, ნუ იტყვით უარს. ერთხელ შეხვედრით არაფერი დაშავდება, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული.