რატომ არ სურს ნიკა ცქიტიშვილის ძმას რამდენიმე წელი NBA-ში თამაში და როგორ ცხოვრობს ის დამოუკიდებლად სან-ფრანცისკოში
ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ნიკა ცქიტიშვილის ძმა, გიორგი ყიფიანი ორი წელია, სწავლასა და კალათბურთში ვარჯიშს ამერიკაში განაგრძობს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახს იმედი არ გაუცრუოს და კალათბურთელების დინასტია ღირსეულად განაგრძობს.
გიორგი ყიფიანი: უკვე 2 წელია ამერიკაში ვარ. პირველად ქენერიქერზში ჩამოვედი, რომელიც ნიუ-იორკთან არის ახლოს. კალათბურთის სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან კარგად გვასწავლიდნენ და გამორჩეული იმითაც იყო, რომ მარტო ბიჭები ვსწავლობდით.
– მარტო ბიჭები რატომ?
– ასეთი წესი იყო. გოგონები არ გვყავდა, შარვალ-კოსტიუმში ჩაცმულებს უნდა გვევლო. ყოველთვიურად 10 დღეს ვისვენებდით, რომელსაც ნიკასთან, ესპანეთში ვატარებდი. თან, ნიუ-იორკიდან არც ისე შორს არის ესპანეთი და ადვილად ვახერხებდი ამას, დღევანდელისგან განსხვავებით. სან-ფრანცისკოში ერთი მეგობარი მყავდა, უფრო სწორად ჩემი ძმის აგენტი იყო. სწორედ მან ჩამომიყვანა სან-ფრანცისკოში და იმ მწვრთნელთან დამაწყებინა ვარჯიში, რომელიც NBA-ს რამდენიმე მოთამაშეს ავარჯიშებდა. მერე კი მანვე მომიყვანა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში. ვარჯიშს აქ განვაგრძობ. პირველი დივიზიონია და ძლიერი გუნდია. ორი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც NBA-ში ცდილობენ გასვლას.
– თბილისში როდის გეგმავ ჩამოსვლას?
– თბილისში უკვე ორი წელია, არ ვყოფილვარ და ძალიან მენატრება. სწავლა მაისის ბოლოს მიმთავრდება და ალბათ, ჩამოვალ რამდენიმე დღით.
– შენი ოცნებაც, ისევე როგორც ყველა კალათბურთელის, NBA-ში თამაში იქნება. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანში შეძლებ ოცნების განხორციელებას?
– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ რაც მთავარია, მინდა, ეს კოლეჯი დავამთავრო. 4 წელი ჯერ კიდევ უნდა ვისწავლო აქ. თან ჩემი ძმისგანაც ვიცი, რომ NBA-ში პატარა ასაკში წასვლა ნამდვილად არ ღირს. უმჯობესია, კარგად მოემზადო და მერე მოინდომო იქ თამაში. მართალია, ძალიან მინდა, კარგი კალათბურთელი ვიყო, მაგრამ მარტო ეს არ კმარა, განათლება მთავარია. ვცდილობ, ორივე ავიწყო და ორივეში წარმატებული ვიყო.
– რა პროფესიას ირჩევ?
– ჩემი პროფესია ბიზნესმენობაა და სწორედ ამ განხრით ვსწავლობ.
– რამდენი წლის ხარ?
– 20 წლის გავხდი.
– შენი აზრით, ამ ეტაპზე ნიკა ცქიტიშვილის სახელი დაგეხმარა?
– ვერ ვიტყვი, რომ ნიკას სახელი არ დამეხმარა, ნამდვილად დამეხმარა. მართალია, მარტო ნიკას გამო არ მოვხვდი აქ, მაგრამ კარგია, როცა ასეთი ცნობილი ძმა გყავს. ის ყველანაირად, ყველაფერში მეხმარება.
– გინდა, ნიკასთან ერთად გუნდში ითამაშო?
– კი, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ოცნებაა.
– უკვე ორი წელია, ამერიკაში ცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში რა შეიცვალა შენში, როგორც პიროვნებაში?
– უფრო დამოუკიდებელი გავხდი. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ასეთი ნამდვილად არ ვყოფილვარ. სულ დედაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი. ისინი მივლიდნენ და მანებივრებდნენ. მარტო ცხოვრებას მართლა არ ვიყავი შეჩვეული.
– ოჯახის წევრებისგან განებივრებულ ბიჭს მარტო ცხოვრება არ გაგიჭირდა?
– კი, როგორ არა, თავიდან დამოუკიდებლად ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. თან სხვანაირი ხალხია და სხვა ატმოსფეროა. ერთი სული მქონდა, სწავლა როდის დამთავრდებოდა. ახლა კი, რაც კოლეჯში ვსწავლობ, სიტუაცია გაცილებით მომწონს, ხალხიც კარგია და მარტო ცხოვრებასაც შევეჩვიე.
– კოლეჯშიც მხოლოდ ბიჭები სწავლობთ?
– არა, აქ გოგონებიც არიან და ბიჭებიც. გართობაც უკეთესია.
– როგორ ერთობით?
– გუნდის წევრებთან ძალიან ახლოს ვარ, მთელ დღეს ერთად ვატარებთ ოჯახის წევრებივით. შაბათ-კვირას გვასვენებენ ყველაზე უფროსებთან, ანუ სინიორებთან, ასე ეძახიან მათ კოლეჯში, ზოგჯერ სტუმრად, ხან სხვაგანაც წავალთ ხოლმე.
– კოლეჯში დისციპლინის მხრივ რამე შეზღუდვები თუ გაქვთ?
– კი. უპირველესად, მაღალი ნიშნები უნდა გქონდეს, თორემ არ გათამაშებენ.
კატეგორიულად გვეკრძალება ფულის აღება. სანამ პროფესიონალ მოთამაშედ არ ჩაითვლები, NBA-ში ან უცხოეთში არ წახვალ სათამაშოდ, ფულის აღება არ შეიძლება. თუ ეს წესი დაარღვიე, კოლეჯიდან გაგაგდებენ. ასევე გვეკრძალება დალევა, ნარკოტიკებზე ხომ აღარ მაქვს საუბარი. ამაზე ყოველთვიურად გვსინჯავენ. მანდილოსანს უნდა მოექცე კარგად და ასე შემდეგ. აქ ესეთი წესებია, მარტო კალათბურთელად კი არა, პიროვნებადაც გვზრდიან. გუნდის სახელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეარცხვინო.
ის გუნდი, რომელშიც ვთამაშობ, ითარგმნება როგორც „მუშკეტერები.“ ნამდვილად კარგი გუნდია.
– სიმაღლეში რამდენი სანტიმეტრი ხარ?
– 2 მეტრი და 7 სანტიმეტრი.
– ნიკას უახლოვდები ნელ-ნელა.
– ნიკა 215 სანტიმეტრია და არა მგონია, მაგ სიმაღლე გავიზარდო, თან არც მინდა, რადგან „გარე“ მოთამაშე ვარ.
– მოკლედ, ვატოს (სიძეს) გაასწარი სიმაღლეში, ნიკამდე კი ჯერ არ მისულხარ.
– ვატოს და ნიკას შუა ვარ.
– ოჯახში 2 ცნობილი კალათბურთელი გყავთ – ნიკა ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი. ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა, ამ ტრადიციის გაგრძელება.
– კი, ასეა. ნიკას და ვატოს უცხოეთში ბევრი იცნობს, როგორც ცნობილ მოთამაშეებს. ვერ ვიტყვი რომ ეს ცუდია, მათი სახელები ნამდვილად მეხმარება. მათგან ბევრს ვსწავლობ.
– სამივეს ერთად თუ გითამაშიათ, თუნდაც, თბილისში?
– კი, როგორ არა. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე აზარტული ჩვენ სამიდან, ვატოა. წაგებას ვერსად ვერ იტანს, ვერც მოედანზე და ვერც მის გარეთ.
– შენ თუ ხარ აზარტული?
– აზარტული მეც ვარ, წაგება ვის უყვარს!
– ახლა თუ ახერხებ ნიკას მონახულებას?
– შარშან ადვილად ვახერხებდი, რადგან შედარებით ახლოს იყო. სან-ფრანცისკო კი ესპანეთთან შორს არის და ვერ ვახერხებ. დასვენება თითქმის არ გვაქვს, მხოლოდ ახალ წელს დაგვასვენეს ერთი დღით.
– დღეში რამდენი საათი ვარჯიშობთ?
– მინიმუმ, 3 საათი, მაგრამ ძალიან დატვირთული ვარჯიშები გვაქვს.
– ქართველები თუ არიან შენთან?
– არა, კოლეჯში ერთადერთი ქართველი ვარ. ერთი-ორი რუსია, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს.
– მარტო ყოფნა ამდენ უცხოელს შორის ენის დავიწყების საფრთხეს ხომ არ გიქმნის?
– სკაიპი ძალიან მაგარი რამეა. მისი საშუალებით დედაჩემს ველაპარაკები, ჩემს დას, ძმას და ასე შემდეგ. ნამდვილად არ მინდა, ქართულად ლაპარაკი დამავიწყდეს.
– როგორ ფიქრობ, გოგონებში პოპულარული ხარ?
– ამერიკაში კალათბურთელებს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ამიტომ პოპულარულები ვართ.
– შეყვარებული თუ ხარ?
– შეყვარებული მართლა არ ვარ. რომ გავიდე და ცოტა გავერთო – ასეთი არის. ისე, მაინცდამაინც არც დრო გვაქვს ამისთვის.
– ახლა თქვენთან საღამოს 10 საათია, სწავლას მორჩით, ვარჯიშსაც. რა უნდა გააკეთო?
– ყოველ საღამოს ბიბლიოთეკაში უნდა მივიდეთ ორი საათით და ვისწავლოთ. თუ არ მიხვედი და არ ისწავლე, დაგსჯიან. ერთი დღე მაინც თუ გააცდინე, დილის 6 საათზე გაგაღვიძებენ და 6 კილომეტრს გარბენინებენ. ერთმა, მაგალითად, 5-ჯერ გააცდინა და მთელი კვირა დილის 6 საათზე აღვიძებდნენ, რომ ერბინა. ძნელია, მაგრამ არა უშავს, დისციპლინაა.
– წარმოგედგინა, რამდენიმე წლის წინ, რომ ასეთ ვითარებაში შეძლებდი ცხოვრებას?
– ნამდვილად ვერ წარმომედგინა, მაგრამ შევეჩვიე და ძალიან მომწონს დამოუკიდებელი ცხოვრება.
– რა გენატრება?
– ყველაზე მეტად მენატრება ქართული კერძები. რომ ჩამოვალ, უპირველესად, ქართული საჭმელი უნდა ვჭამო. აქ კარგი საჭმელები მართლა არ არის.
– როგორ ფიქრობ, მაქსიმუმ რამდენ წელში შეძლებ NBA-ში თამაშს?
– მაქსიმუმ, 4 წელიწადში NBA-ში ვითამაშებ, ანუ კოლეჯის დამთავრების შემდეგ.