რატომ არ ჰყოფნის დედამიწაზე ადგილი მანანა თოდაძეს და როდის დაფრინავს ის
მომღერალი მანანა თოდაძე უკვე წლებია მოსკოვში ცხოვრობს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, სულ თავისი საყვარელი ქალაქის, თბილისის ნოსტალგია აწუხებს და როცა კი დროს გამონახავს, ყოველთვის ჩამოდის. მანანა ძალიან თბილი, გულახდილი და სასიამოვნო ადამიანია. მას უამრავი მეგობარი ჰყავს. სწორედ მისი მეგობრებისგან შევიტყვე, რომ მანანა ძალიან კარგი მზარეული, დიასახლისი და მესაიდუმლეა.
მანანა თოდაძე: უკვე ათი წელია, მოსკოვში ვცხოვრობ და დამიჯერეთ, იმდენად მენატრება თბილისი, ვერ წარმოიდგენთ. სიზმარშიც კი თბილისს ვხედავ. ხანდახან, ისე სიგიჟემდე მომენატრება ხოლმე ჩემი ქალაქი და აქაური მეგობრები, რომ მონატრებისგან ტირილამდეც კი მივდივარ. რომ ჩამოვალ, ფეხით დავდივარ ქუჩებში და ხალხს, სახლებს, თითოეულ ხეს ვაკვირდები. სულ აქეთ მინდა ყოფნა და მიზეზს ვეძებ ხოლმე, აქ ჩამოსასვლელად. ერთი სიტყვით, ორად ვარ გაყოფილი. იქაც არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს, ჩემი ადგილიც დავიმკვიდრე და საკუთარი, საყვარელი საქმეც მაქვს.
– გაგიჭირდათ მოსკოვში საკუთარი ადგილის პოვნა და ადგილის დამკვიდრება?
– საერთოდ, ყველაფერი რთულია ამ ცხოვრებაში. თუ არ იშრომე და შენი ადგილი შენვე არ დაიკავე საზოგადოებაში, ისე არაფერი გამოვა. მთელი ათი წელი დამჭირდა ამისთვის. ბევრი ქართველი ცხოვრობს მოსკოვში და ხშირად ვიკრიბებით, დაბადების დღეებს ერთად ვიხდით, ერთმანეთთან ოჯახებში დავდივართ სტუმრად. მეგობრები რომ არ შევიკრიბოთ, ისე კვირა არ გავა. ძალიან დაკავებულები ვართ, მაგრამ ერთმანეთისთვის დრო ყოველთვის გვრჩება.
– როგორც თქვენი მეგობრებისგან შევიტყვე, არაჩვეულებრივი კულინარი ხართ. თქვენი საფირმო ლობიოსა და ჩაქაფულის გაკეთება რუსეთშიც ხშირად გიწევთ.
– (იცინის) ნამდვილად ასეა. მეგობრები მირეკავენ და მიკვეთავენ ჩემს, ეგრეთ წოდებულ, საფირმო ლობიოსა და ჩაქაფულს. მერე მოდიან და გემრიელად მიირთმევენ. მიყვარს, სტუმრად რომ მოდიან. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა ჩემი მეგობრებისთვის. საერთოდ, სამზარეულოში ტრიალი და საჭმელების კეთება მიყვარს, მაგრამ აი, ცხობისა, რა მოგახსენოთ. ცომთან ვერ ვმეგობრობ (იცინის). აჩი მეფარიძე, თამუნა ამონაშვილი, თემურ თათარაშვილი, ქეთა თოფურიას დედა – ნატა და რა ვიცი, კიდევ ვინ აღარ მესტუმრება ხოლმე მოსკოვის ბინაში და მიირთმევს ჩემს საფირმო ლობიოს. ბევრი ჩემი მეგობარი, მაგალითად, თამარ გვერწითელი და სოსო პავლიაშვილი ისეთი დაკავებულები არიან გასტროლებით, რომ ხშირად ვერ ახერხებენ შეხვედრებს. იქ ასეა, ყველა დაკავებულია. მეც საკმაოდ დაკავებული ვარ და ხანდახან მიკვირს ჩემი თავის, როგორ ვასწრებ ამდენს-მეთქი. (იცინის). ხმის ჩამწერ სტუდიას ვხელმძღვანელობ, მიწვევებიც ხშირად მაქვს. აქტიური ადამიანი ვარ და ალბათ, ამიტომ არ მიჭირს ამდენი საქმის ერთდროულად კეთება და გაძღოლა. სხვათა შორის, ჩვენი ჩამწერი სტუდია ძალიან პოპულარულია და რუსეთის შოუ-ბიზნესის ბევრი ვარსკვლავი აკეთებს აქ სიმღერის არანჟირებას. ირაკლი ფირცხალავას სიმღერა კი, რომელსაც ჩვენს სტუდიაში გაუკეთდა არანჟირება, დღესაც „ემტივიზე“ ტრიალებს. უმაღლესი ხარისხის აპარატურა გვაქვს და ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალი – კოტე ნონიკოვიც წავიყვანეთ სამუშაოდ.
– რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან მეგობრობთ?
– რასაკვირველია, უამრავი მეგობარი მყავს რუსულ შოუ-ბიზნესშიც, მაგრამ, ისეთი დაკავებულები არიან, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს. ექვსი თვით ადრე აქვთ ჩამოწერილი, სად უნდა წავიდნენ და სად – არა. ყველას თავისი განრიგი აქვს. მეც ასე ვარ, ჩემი დღის განრიგით ვცხოვრობ. შეხვედრები რომ ეწყობა, იქ ვხვდები მათ და ყველასთან თბილი ურთიერთობა მაქვს. მაგალითად, არ არსებობს, ჩემს დაბადების დღეზე ლარისა დოლინა არ მოვიდეს და არ მომილოცოს. არასდროს ავიწყდება.
– ორი ქალიშვილის დედა ხართ. უფროსი, ლეილა მომღერალია. მეორე ქალიშვილი არ აპირებს დედის და დის კვალზე წასვლას და ამღერებას?
– ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი არაჩვეულებრივი შვილები მაჩუქა. მათით ვცოცხლობ და ვსულდგმულობ. სხვათა შორის, ფიზიკურად ვერ დავიმსგავსე ვერც ერთი (იცინის). ძნელია ჩემი მხრიდან მათზე საუბარი, თუმცა ფაქტია, ლეილა ძალიან ნიჭიერია. უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია და ძალიან უყვარს მსმენელს. საერთო წრე გვყავს და ჩემი მეგობრები ამბობენ, შენსავით „ჯიგარი“, აქტიური და გიჟიაო (იცინის). გაგიმხელთ, რომ სიურპრიზს ვუმზადებთ ქართველ მსმენელს და სულ მალე გავახარებთ. მეორე ქალიშვილი, თამუნა კი, ძალიან მორიდებული, მშვიდი და წყნარია. იმდენი პროფესია გამოიცვალა, ჯერ ვერ გავიგეთ, რა უნდა. ახლაც სწავლობს. ამთავრებს, აბარებს... ამთავრებს, აბარებს... ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ, რომელ პროფესიას აირჩევს. ყოველ შემთხვევაში, მომღერლობას ნამდვილად არ აპირებს.
– რუსეთში არასოდეს შეგქმნიათ პრობლემა ქართველობის გამო?
– დამიჯერეთ, არასდროს შემქმნია პრობლემა ჩემი ეროვნების გამო და არ მიგრძნია დისკომფორტი. მანქანით დავდივარ და როცა მაჩერებენ, საბუთებს მიმოწმებენ და უპრობლემოდ მატარებენ. როცა ადამიანი წესიერად იქცევა, წესებს არ არღვევს და არავის არაფერს უშავებს, მას არავინ ერჩის. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. საქართველოში რომ დაარღვიო კანონი, არ მოგთხოვენ პასუხს? რასაკვირველია, მოგთხოვენ და სწორიცაა. ასეა რუსეთშიც. ბავშვობიდან მოწესრიგებულად გამზარდეს მშობლებმა და დღესაც არ მიყვარს, როცა პრობლემა მექმნება. ვცდილობ, საბუთები ყოველთვის წესრიგში მქონდეს, მაქსიმალურად ისე მოვიქცე, რომ თავაწეულად და უსაფრთხოდ ვიარო. მე ხელოვანი ადამიანი ვარ და პოლიტიკაში არ ვერევი. რასაკვირველია, ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალი მაწუხებს, მაგრამ პოლიტიკოსი არ ვარ. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამით ვცდილობ, ჩემი ქვეყნის წარმოჩენას. ერთს კი გეტყვით, ყველა იმ რუს ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც დაუდგამს საქართველოს მიწაზე ფეხი, ისევ უნდა აქ ჩამოსვლა.
– ბედნიერი ქალი ხართ?
– რასაკვირველია, ბედნიერი ვარ – რადგან დედა ვარ, ქართველი ვარ, ჩემი საქმე მაქვს და ღმერთმა იმის ნიჭი მომცა, სიმღერით გამოვთქვა ის, რასაც გულში ვფიქრობ და განვიცდი. ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და ამიტომაც მყავს ამდენი მეგობარი. ესეც ხომ ბედნიერებაა?! არ მიყვარს, როცა ადამიანი საკუთარ პრობლემებზე წუწუნებს. ყოველთვის ვცდილობ, უარყოფითი ემოციით და განცდით არ „დავგრუზო“ სხვა ადამიანი. სულ კარგის მოლოდინში ვარ. თავს შემოვუძახებ ხოლმე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, და ამის მჯერა.
– ამბობენ, ქალი წარმატებულად და ბედნიერად არ ითვლება, თუ მას კარიერასთან ერთად პირადი ცხოვრებაც არ აქვს მოწყობილიო. ამაზე რას ფიქრობთ? აუცილებელია სრულყოფილი ბედნიერებისთვის გვერდით საყვარელი მამაკაციც გყავდეთ?
– ჩემი აზრით, შემოქმედი ადამიანისთვის პირადი ცხოვრების მოწყობა ძალიან რთულია. მას თავისი სამყარო აქვს და თავისებური ხედვა. თუ ირჩევ ხელოვნების გზას, მაშინ ადამიანმა პირად ცხოვრებაზე უარი უნდა თქვა. ბევრი ხელოვანი ვიცი, რომელსაც ქმარი ჰყავს, მაგრამ ბედნიერი არ არის. რასაკვირველია, თუ ამ საქმეში მეორე ნახევარიც ხელს შეგიწყობს, ამას რა ჯობია. მაგრამ, ეს იშვიათობაა. რომელ ქალს არ უნდა ოჯახი ჰქონდეს, გვერდით საყვარელი მამაკაცი ედგას და საქმეშიც წარმატებული იყოს, მაგრამ, ეს ყველაფერი ერთად ძნელია. ჩემი აზრით, ბევრ რამეში შეიძლება, ქალმა იპოვო ბედნიერება. მაგალითად, შვილებში, შემოქმედებაში, მეგობრებში... ეს ცოტაა ბედნიერებისთვის?! გამოგიტყდებით, გულის სიღრმეში მეც მინდა, გვერდით ძლიერი, გამგები, საყვარელი მამაკაცი მედგას, რომელიც სწორად შემაფასებს, ხელს შემიწყობს შემოქმედებაში, მაგრამ რას ვიზამ... ხელოვანი ხალხი, ხომ იცით, ცოტას ვაფრენთ (იცინის). სულ ვოცნებობ, აღფრთოვანებული ვარ, სადღაც დავფრინავ და მეგობრები დამცინიან, ჩამოდი, ქალო, დაბლა, რას დაფრინავ დედამიწაზე ვეღარ ეტევიო (იცინის). ხშირად ცხოვრებაში ცხვირიც წამიტეხავს, მაგრამ ესეც ხომ ცხოვრებისეული გამოცდილებაა? ერთი კია, ღმერთმა დამიფაროს, ადამიანების ნდობა დავკარგო და ყველა ერთი საზომით გავზომო. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით უამრავი კარგი და კეთილი ადამიანია ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ.