რატომ კანკალებდა შიშისგან ანი ხანჩალიანი
ანი ხანჩალიანის სახელის გაგონებისას, ალბათ, ყველას ის კადრი წარმოუდგება თვალწინ, როდესაც პატარა, შეშინებული, ნამტირალევი გოგონა დიდ სცენაზე, უამრავი ხალხის წინ გამოვიდა და საოცრად იმღერა. დღეს ანი უკვე „ნიჭიერის“ ფინალშია, მაგრამ მასთან საუბარს, რა თქმა უნდა, იმ დღით ვიწყებთ, როდესაც პატარა ანის ძმა საავადმყოფოში დააწვინეს.
ანი ხანჩალიანი: სცენაზე საშინლად ანერვიულებული გავედი. ჩემი ძმა ქასთინგამდე ერთი დღით ადრე საავადმყოფოში დააწვინეს, მაგრამ იმ დღეს დედა მაინც გამომყვა. ჩემს გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა მისულიყო საავადმყოფოში. ისე, არ ჰქონდა წამოსვლის საშუალება, უბრალოდ, ღამით დავურეკე და ვთხოვე, გეხვეწები, მარტო არ გამიშვა-მეთქი. იმ დღეს პირდაპირ ოპერასთან შევხვდი დედას და ძალიან მიხაროდა, რომ ჩემ გვერდით იყო. უცებ რომ წავიდა, საშინლად ვინერვიულე.
– ახლა ხომ კარგადაა შენი ძმა?
– ახლა უკეთაა, მაგრამ სისხლის დაავადება აქვს, რომელიც უკვე ოთხი წელია აწვალებს. იმ დღეებში ძალიან ცუდად გახდა – დასივდა, დააყარა. ფიქრობდნენ, რომ, ან დაავადება გაურთულდა, ან ალერგია ჰქონდა. მხოლოდ ხუთდღიანი გადასხმების და კვლევების შემდეგ მიხვდნენ, რომ, თურმე, ჩუტყვავილა ჰქონია. მისთვის ძალიან ბევრი გადასხმა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ჰემოგლობინი 20-25-მდე ვარდება, გადასხმა ერთადერთი საშუალებაა. ერთი სიტყვით, ის ახლა ნორმალურად არის, მაგრამ, იმ დღეს, დედას რომ დაურეკეს, ვუთხარი, უნდა წახვიდე, არტურს სჭირდები-მეთქი. ერთმანეთს ვაწყნარებდით, მაგრამ, მარტო რომ დავრჩი, ცრემლები ვეღარ შევიკავე. „ნიჭიერის“ გოგონები სულ ჩემთან ერთად იყვნენ, მამშვიდებდნენ და მაწყნარებდნენ. თან ვფიქრობდი, იქნებ არც ღირს სიმღერა, ნამტირალევი ხმით ცუდად რომ გამომივიდეს-მეთქი?
– მაგრამ, ძალიან კარგად იმღერე.
– იმ წუთას კარგი შეფასებები მივიღე, მაგრამ, მერე, როდესაც ჩანაწერი ვნახე, არ მომეწონა ნამღერი, გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა, მემღერა. სცენაზე სულ ვკანკალებდი, მერე კი უკვე ჩემს ძმაზე დავიწყე ფიქრი და თითქოს მომეშვა, კარგად წავიდა ყველაფერი. დიდ მადლობას ვუხდი ჟიურის, რომ გამიყვანა და შანსი მომცა. ახლა კი ჩემს მაყურებელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დამიმესიჯა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ვეცდები, მათი იმედები გავამართლო.
– ბავშვობიდან მღერი?
– დიახ, სულ პატარა ვიყავი, როდესაც უკვე რაღაც მელოდიებს ვმღეროდი. დედას ოთხი შვილი ჰყავს. ექვსი თვის ვიყავი. დედა ცუდად იყო და მეზობლის ქალი იყო შემოსული მის დასახმარებლად. ხელში ვყავდი იმ ქალს აყვანილი და უთქვამს, საკუთარ თავს აძინებს ანი, მგონი მღერისო (იცინის). ყველა ეუბნებოდა დედას, შენი შვილი მომღერალი უნდა გამოვიდესო. დედა მარტო ზრდიდა ოთხ შვილს. მე და ჩემს და-ძმებს რომ დაგვაწვენდა, მუსიკას გვირთავდა და მუსიკის ფონზე ვიძინებდით. სულ მუსიკაში გავიზარდეთ. თუ მუსიკას არ ჩართავდნენ, უფრო ცუდად ვიძინებდით, ვხმაურობდით და ვგიჟობდით (იცინის).
– შენ უფროსი ხარ?
– არა, ნაბოლარა. ოცდაექვსი წლის მყავს უფროსი და. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ფალიაშვილის ნომერ პირველ სამუსიკო სასწავლებელში შევედი. ჩემი იქ მისვლაც ძალიან უცნაურად მოხდა: დედას მეგობარს თავისი შვილი გამოცდებზე მიჰყავდა მუსიკალურში და, უბრალოდ, გვთხოვა, წამოდითო. ჩვენც წავყევით. ნამდვილი საოცრება მოხდა, დღემდე არ მჯერა. ალა ჩიკვაიძე იყო იმ გოგოს პედაგოგი. ბავშვმა ფორტეპიანოზე კლასიკური ნაწარმოების დაკვრა დაიწყო და, რატომღაც, სრულიად უმიზეზოდ, სიმღერა დავიწყე. ავყევი, ავყევი და უცებ მასწავლებელმა გაგვაჩერა. დაიწყეს ჩემი შემოწმება, ამბობდნენ, ამ ბავშვს ნიჭი აქვსო. მე კი ძალიან დაბნეული ვიდექი. თქვეს, ამ ბავშვმა ჩვენთან უნდა დაიწყოს სწავლაო. ერთი სიტყვით, გამოცდები ჩავაბარე, სადაც ცაბაძის ჩემი საყვარელი სიმღერა ვიმღერე. ისე, ბაღში, ნებისმიერ ღონისძიებაზე, სულ მამღერებდნენ, მაგრამ პროფესიულად სიმღერას ექვსი წლის ასაკიდან მოვკიდე ხელი. სხვათა შორის, სკოლაში მე და ჩემი ძმა დუეტსაც ვმღეროდით, მაგრამ ახლა ის აღარ მღერის.
– ვიოლინოზეც უკრავ?
– დიახ. მუსიკალურში ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობ, მაგრამ, მითხრეს, მეორე ინსტრუმენტიც შეგიძლია, აირჩიოო. ბავშვობიდან ვოცნებობ, რომ ვიოლინოზე ვიცოდე დაკვრა და უკვე მესამე წელია ვეუფლები. ახლა უკვე ოცნებასავით მაქვს, რომ ოდესმე სტრადივარიუსის ვიოლინოზე დავუკრა (იცინის).
– არ ფიქრობ, რომ ერთი ნომერი ვიოლინოს თანხლებით შეასრულო?
– ძალიან კარგი იქნება და, შესაძლოა, ეს ნომერი ფინალში ვაჩვენო. ძალიან მომეწონა ნახევარფინალის ბიორკის სიმღერა, რომელიც ნინო ჩაჩავამ შემირჩია – საკმაოდ რთული სიმღერაა, მაგრამ, შენ ძალიან მოგიხდებაო. თან, რა იყო უცნაური, იცი? რომ კომპიუტერში ვიქექებოდი, მაგრამ სიმღერის ფონოგრამა ვერ ვიპოვე. ნინოს ვუთხარი, ორიგინალი მინუსის გარეშე ეს სიმღერა არ ივარგებს-მეთქი. მან მითხრა, ნუ ნერვიულობო და, ორ კვირაში ისეთი ფონოგრამა დამახვედრეს, გავგიჟდი. უმაგრესი იყო.
– სხვა რას საქმიანობ? სკოლაში, ალბათ, ძალიან პოპულარული გახდი.
– მეცხრე კლასში ვარ. სკოლაში ადრეც ყველა ძალიან თბილად მექცეოდა, მაგრამ ახლა სულ სხვაა, ბევრად უფრო პოპულარული გავხდი. მეორე დღეს რომ მივედი სკოლაში, პლაკატებით დამხვდნენ (იცინის). იცი, რაზე მეცინება?! როგორ იცვლება ყველაფერი ცხოვრებაში და როგორ იცვლებიან ადამიანები. მაგრამ, როგორი ცნობილიც არ უნდა გავხდე, ალბათ, არ შევიცვლები, ყოველთვის უბრალო დავრჩები. ჩემი ოცნება იყო, სცენაზე ვმდგარიყავი, ახალი სიმღერები მემღერა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ „ნიჭიერი“ გამოჩნდა, რომელმაც გზა გამიხსნა, ნიჭის გამოვლენის შანსი მომეცა. მასწავლებლები ადრეც უამრავ ღონისძიებაზე მეპატიჟებოდნენ და, იმდენად მინდოდა სიმღერა, არაფერზე ვამბობდი უარს. ერთხელ, მახსოვს, კონცერტზე მიკროფონები გაფუჭდა და ძალიან ბევრი მომღერალი წავიდა. ასაკით ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ, მე კი მაშინ 10 წლის ვიყავი. ინგლისელი სტუმრები ესწრებოდნენ ამ კონცერტს. არ წავედი და უმიკროფონოდ ვიმღერე. აკაპელასავით გამოვიდა. რამდენიმე სიმღერა ვიმღერე. ასე თქვეს, ეს ბავშვი უმიკროფონოდ რომ ასე მღერის, მიკროფონით რას იზამსო (იცინის). ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ჩემს თავზე, ხომ?!
– პირიქით, ცოტას. მითხარი, რითი ერთობი, რა გიტაცებს სიმღერის გარდა?
– ახლა ვცეკვავ, თუმცა ამ მხრივ ცოტა მორცხვი ვარ. მარტო რომ ვრჩები, კარგად ვცეკვავ, ისე კი ცოტა კომპლექსი მაქვს, მაგრამ, უნდა მოვიშორო ეს კომპლექსი. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ხატვა, ყველაფერს ვხატავ, რაც ფანტაზიაში მაქვს. მყავს ახლო მეგობრები, თუმცა, ძალიან კომუნიკაბელურიც არ ვარ, უფრო მორცხვი ვარ. ისე, ეს სიმორცხვე სცენაზე არ ვარგა, უნდა მოვიშორო, გახსნილი უნდა ვიყო და არაფრის შემეშინდეს. ბოლო კონცერტზე ისე აღარ შემშინებია. ჩემი ძმაც იქ იყო და მეგობრებიც იყვნენ. ერთი რამ მინდა, დავამატო, რომ ახლა ჩემი მასწავლებელი ვიქტორია ვოსკანოვაა.
– დედა როგორ ახერხებს, რომ ოთხ შვილს გზა გაუხსნას?
– მიუხედავად იმისა, რომ ბევრის საშუალება არ გვაქვს, დედა მაინც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმ ნიჭს, რომელსაც თავის შვილებში ხედავს. ახლა, მაგალითად, ძალიან მთხოვა, რომ ოპერის განხრით დამეწყო სწავლა მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. მართალია, უფრო ესტრადა მიყვარს, ძალიან მომწონს ფრენკ სინატრა, გლორია გეინორი, ბარბარა სტრეიზანდი, მაინც არ გავუტეხე დედას ხათრი და კლასიკურ საოპერო ვოკალშიც ვემზადები.
– რაზე ოცნებობ?
– ყველაზე მთავარი, რაზეც ვოცნებობ, ჩემი ოჯახის წევრების და ახლობლების ჯანმრთელობაა. რა თქმა უნდა, მინდა ვიმღერო და წარმატებული მომღერალი გავხდე, ვიდგე განათებულ სცენაზე და ბევრი ვიმუშაო. ისე მიყვარდა სიმღერა, რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი: კასეტებს ვუსმენდი და პაუზებით ტექსტებს ვიწერდი. შეცდომები, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ, მიხაროდა სიმღერა. ფინალში გადასვლამ დამარწმუნა, რომ რაღაც ნიჭი მაქვს და ამიტომ ამ გზას გავაგრძელებ.