დაუშვებს თუ არა თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობის შეცდომას მეორედ და მოუწევს თუ არა მას მესამე ქმრის მოძებნა
თაკო გაჩეჩილაძე გათხოვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ, ტრფობის ობიექტი ჯერ ვერ იპოვა. თუმცა, არც ეძებს, თორემ, ნათქვამია, ვინც ეძებს, პოულობსო. პერიოდულად მის ცხოვრებაში მამაკაცები ჩნდებიან და ქრებიან, რადგან ზედაპირული ურთიერთობები არ მოსწონს და „კაპრიზები“ ამ საკითხში ოთხმაგად ძლიერდება, რომელთა გამოც ცივი და უკარება ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძლიერი ქალის სისუსტე მის შინაგან სილამაზეშია მიმალული. მას უნდა მიაგნო. ასე რომ, სასიძოებო, აისბერგის დადნობაც შესაძლებელია, მთავარია, მოინდომოთ.
– თმა შეგიჭრია, ვარცხნილობა შეგიცვლია. რა ხდება პირად ცხოვრებაში, ხომ არ არის რაიმე ცვლილება?
– მნიშვნელოვანი არაფერი. საერთოდ, მომხრე ვარ მრავალფეროვნების, რაღაც, ასე მომინდა. ჩემი ვარცხნილობის შეცვლა პირად ცხოვრებას არანაირად არ უკავშირდება. ყველაფერი თითქმის ძველებურადაა.
– თაკო გაჩეჩილაძე რომ შემიყვარდეს, როგორ უნდა ავუხსნა სიყვარული?
– (იცინის) აივანთან შანდლებით და ფიალებით უნდა მოხვიდე და სერენადები მიმღერო: „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია...“ (მღერის). რა თქმა უნდა, ეს – ხუმრობით. არაფერი არ არის საჭირო, არანაირი სიყვარულის ახსნა, სასიყვარულო წერილები და სიტყვები. ჩემთვის მთავარია საქციელი, რომელსაც მეტ ყურადღებას ვაქცევ, ვიდრე ბანალურ ფრაზებს. ადამიანმა საქციელით უნდა გამოხატოს გრძნობა. ყურადღებას უნდა ვხედავდე და ვგრძნობდე, რომ მიფრთხილდება. რასაკვირველია, ძალიან კარგი მოსასმენია, როცა ადამიანი ხშირად გეუბნება, რომ უყვარხარ, თუმცა, სიტყვები საქმით უნდა დაამტკიცოს.
– ურთიერთობის რა ეტაპზე იწყება შენთვის სიყვარულის პერიოდი?
– საერთოდ, ძალიან რთულად მიყვარდება, ამას მივხვდი. არ ვიცი, ეს რითაა გამოწვეული, ალბათ, გამოცდილებით, – ხასიათიდან გამომდინარე, ან, რაღაც სხვაა მიზეზი, მაგრამ, ძალიან რთულად „შევდივარ“ გრძნობებში. შემიყვარდება, როცა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს დავინახავ. დღემდე იმიტომ არ ვარ შეყვარებული, რომ ბევრი თვისება აკლიათ თანამედროვე მამაკაცებს და, რთულია, იპოვო ისეთი ადამიანი, რომელშიც ყველაფერი ერთად იქნება.
– შენთვის ბევრს უთხოვია ხელი?
– არა. ვერ მოგატყუებ, ძალიან ბევრს არ უთხოვია, თუმცა, არც ამის ნაკლებობას განვიცდი. გეტყვი, რომ არაერთხელ მქონია მსგავსი შემოთავაზება, თანაც, თაყვანისმცემელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, მაგრამ, თვითონ მე არ შევდივარ მათთან ახლო ურთიერთობაში. ჩემთვის ზედაპირული ურთიერთობა არ არის საინტერესო და არც მხიბლავს. არ ვარ ის ტიპი, რომ ვთქვა: კაი, გავერთობი, მერე რა მოხდა-მეთქი. თუ მამაკაცს სერიოზული თვალით არ შევხედე, ისე ვერ ვიწყებ ურთიერთობას და, მგონი, ამიტომაც მაქვს უკარებას სახელი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიმართლე არ არის.
– კიდევ რა კრიტერიუმით ირჩევ ტრფობის ობიექტს?
– რომ გითხრა, მახინჯებით ვიხიბლები-მეთქი, რა თქმა უნდა, მოგატყუებ. კარგია, თუ სიმპათიურიც იქნება, მაგრამ, გარეგნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, პირველივე შეხვედრისას თვალით უნდა მომეწონოს, რომ საუბრის სურვილი გამიჩნდეს. ამიტომ, უმჯობესია, ვიზუალი მის პიროვნულ სილამაზესთან იყოს სინთეზში. ისე კი, რაღაცეებზე შეიძლება თვალის დახუჭვა, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი სიტუაცია არ არის.
– ბაყაყისთვალება, დიდფეხა და მილიონერი რომ იყოს, ოღონდ, ძალიან რომ უყვარდე?
– (იცინის) უი, არა, რას ლაპარაკობ! ფული ამ შემთხვევაში არის ისეთი ბოლო, ვერც კი წარმოიდგენ. მე თუ არ შემიყვარდა, მარტო მისი სიყვარული და ფული არ მაინტერესებს. ზუსტად ვიცი, რომ ასეთი არ შემიყვარდება, თორემ, აქამდე მივაქცევდი ყურადღებას მსგავს ცალმხრივ ურთიერთობებს. არავის სიმდიდრე და ციხე-კოშკები არ მაინტერესებს. გეტყობა, გაგიკვირდა, მაგრამ, რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოს, ასეა. გეთანხმები, ახლა ისეთი დროა, რომ მაგას ექცევა ყურადღება, ჩემს შემთხვევაში კი, გარწმუნებ, ასე არ არის და არც ყოფილა, რადგან, ვინც იცნობდა ჩემს მეუღლეს, ყველამ იცის, რა ფინანსური შესაძლებლობებიც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არც არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას მამაკაცის მატერიალურ მხარეს.
– შეიძლება, ქორწინებაზე ნაუცბათევი გადაწყვეტილება მიიღო?
– არავითარ შემთხვევაში. პირველ ქორწინებაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ მაინც შევცდი. თანაც, მთელი ხუთი წელი ვხვდებოდით, გვიყვარდა ერთმანეთი და, მით უმეტეს, მეორეზე უფრო დიდხანს ვიფიქრებ. პირველ შემთხვევაში პატარა ვიყავი – 15 წლის ასაკში თავში გიქრის ადამიანს, მაგრამ, ახლა უკვე გავიზარდე და, ხუთი წელი მაინც აღარ ვაპირებ ურთიერთობის გაბმას, ნაუცბათევ გადაწყვეტილებას არ მივიღებ. ამ ნაბიჯს თუ გადავდგამ, იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, ჯვარი მწერია, მეორე და უკანასკნელი იქნება.
– სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ვნებას შორის?
– ყოფილა შემთხვევა, ოღონდ ჩემს ცხოვრებაში არა, ანუ, სხვებისგან მსმენია, რომ ვნების შემდეგ წამოსულა სიყვარული, მე კი უფრო მომხრე ვარ, ჯერ სიყვარული იყოს და მერე – ვნება. ვნება მაინც არასულიერია და ხორციელ სიამოვნებას ექვემდებარება, სიყვარული კი სულ სხვა რამეა. ჩემი აზრით, ადამიანი თუ გიყვარს, მასთან ერთად ვნების გარეშეც შეიძლება იცხოვრო. რა თქმა უნდა, ეს უიშვიათესი შემთხვევაა, მაგრამ, მაინც არსებობს ასეთი სიყვარული.
– ანუ, ცხოვრება სექსის გარეშე?
– ხომ წარმოუდგენელია?! მაგრამ, ვიცი ოჯახი, სადაც კაცს არ ჰქონდა უნარი, მაგრამ ქალს არ მიუტოვებია იმის გამო, რომ მათ საწოლში არ ჰქონდათ ურთიერთობა – აიყვანეს შვილი და დღემდე ერთად ტკბილად ცხოვრობენ. მინდა გითხრა, რომ ეს ქალი დღემდე პატიოსანი და ქალიშვილია, თუმცა, შვილთაშვილის ბებიაა – აი, ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული. მე იმას კი არ ვამბობ, რომ თავი დაიკოდეთ და ისე იარეთ-მეთქი (იცინის), ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?
– შენთან წამოსვლამდე, განწყობის შესაქმნელად, შენს სიმღერებს ვუსმენდი და მათში ცეცხლი, ვნება და ქარიშხალი შევიგრძენი. ეს შენს სინაზესთან არის გაერთიანებული თუ ვცდები?
– ცეცხლსა და ვნებაზე დაგეთანხმები, სინაზეზე კი რა გითხრა?! არ ვიცი, რაღაც, მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. რომ მითხრა, შენი თავი დაახასიათეო, ვერ დაგიხასიათებ. შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხედავ, ზოგჯერ კი – პირიქით, მოჭარბებულად ვხედავ ჩემს თავში რაიმეს და მომწონს კიდეც. შენ თუ ასე დაინახე, ძალიან მიხარია – ქალისთვის ხომ ვნებაც და სინაზეც აუცილებელი კომპონენტებია. თუმცა, მე კიდევ ერთ სიტყვას დავამატებდი – ძლიერი. ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები გამოვიარე, რამაც დამარწმუნა და, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მე ვარ ძლიერი.
– „რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისაო“... შენ რას გააკეთებ იმისთვის, რომ სხვა არ მოენატროს?
– მოენატრება და, წავიდეს, ვინ აკავებს? თუ მამაკაცი ვერ დამაფასებს და სხვა მოუნდება, ესე იგი, ჩემი ღირსი არ არის. შევეცდები ავირჩიო ის ადამიანი, ვინც სხვისკენ არ გაიხედავს და, სანამ ამაში არ დავრწმუნდები, არც ის გახდება ჩემი და არც მე – მისი.
– მაგრამ, შენ ერთხელ უკვე გადადგი ნაბიჯი, რომელშიც დარწმუნებული იყავი, რომ არ ცდებოდი.
– მართალია, მაგრამ, გაგიმეორებ: მაშინ პატარა ვიყავი და, გარდა ამისა, ჩვენი ოჯახი სხვისკენ გახედვის გამო არ დანგრეულა, ანუ, ღალატი არ იყო დაშორების მიზეზი. მისაღებია ის აზრიც, რომ შეყვარებულობის პერიოდი რადიკალურად განსხვავდება ცოლქმრული თანაცხოვრებისგან, მაგრამ, ასე ალბათ, უფრო ადრე იყო, თორემ, ახლა არაფრით აღარ განსხვავდება. ჩემს შემთხვევაში შეყვარებულობის პერიოდი ნამდვილად რადიკალურად განსხვავდებოდა ცოლქმრობის პერიოდისგან. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მამაკაცი აუცილებლად ჩემზე უფროსი უნდა იყოს, დინჯი და კაცური. ჩემზე პატარა ან ჩემხელა ბიჭთან ურთიერთობა გამორიცხულია.
– როგორ გესმის სიტყვა „კაცური“ და რას ნიშნავს ეს შენთვის?
– დადინჯებული და ჩამოყალიბებული ნამდვილი მამაკაცი, რომელიც არ ამჩატდება, ანუ, არ არის ცანცარა და, შეიძლება ისევ გაგიკვირდეს, მაგრამ, უნდა გითხრა, რომ ჩვენთან ასეთი კაცი იშვიათობაა. ზოგს ის აქვს, ზოგს ეს არა აქვს, იმას თუ ეს აქვს, ის არა აქვს და ასე შემდეგ. იდეალურს არავის ვეძებ, მაგრამ, როგორიც მჭირდება, ჯერ ვერ ვიპოვე.
– ესე იგი, წუნია ხარ?
– ალბათ, ვარ. ამიტომაც, დღემდე მარტო ვარ. ბევრი პირდაპირ მეკითხება, როგორ ძლებ ამდენ ხანს მარტო, ნუთუ არავინაა შენი მოსაწონიო და ასე შემდეგ. გაძლებაზე არ არის, უბრალოდ, არ მინდა, არ მაქვს სურვილი. აღარ ვარ იმ ასაკში, როცა, შემიძლია, უბრალოდ, ვიარო და მერე – „დავიშალოთ“. აბა, კარგად იყავი, შენ – შენს გზაზე, მე – ჩემს გზაზე და მორჩა. სერიოზულ ურთიერთობას ვეძებ და ამიტომაც ვარ „კაპრიზნი“. არ ვცხოვრობ დღევანდელობით და ყოველთვის ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, ერთი მხრივ, არც ეს არის კარგი.