ვის სახელს დაარქმევს შვილს ნიგერიელი ბრაიანი და როდის გაემგზავრება ის საქორწინო მოგზაურობაში
არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ჟურნალის საშუალებით გიამბეთ, ქართველებისთვის მეტად უჩვეულო წყვილის შესახებ. ნიგერიელი ბრაიან იდოუ დაქორწინდა ქართველ გოგონაზე, ლოლა პაპავაზე, 11 აპრილს კი მათ ზემო ბეთლემის ტაძარში მართლმადიდებლური წესით იქორწინეს. წყვილს ჯვარი მამა ირაკლიმ დაწერა. სულ რაღაც ორი წლის წინ ბრაიანი არა საცოლის, არამედ სიახლეების საძებნელად, საქართველოში ჩამოვიდა, საინტერესო სამსახურთან ერთად კი, გულისსწორიც იპოვა და ლოლას თავისი ცხოვრება დაუკავშირა. ალბათ, ბედის დამსახურებაა, რომ უბრალო ფეხბურთელი შემთხვევით შეხვდა რესტორანში მიშა ანდღულაძეს და მის პოპულარობასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი. ბრაიანისა და ლოლას სიყვარულის ისტორია ოცდამეერთე საუკუნისთვის ძალიან შესაფერისად დაიწყო: მათ ერთმანეთი კლუბში, ცეკვა-ცეკვაში გაიცნეს. დიდი ხნის განმავლობაში ლოლა და ბრაიანი, უბრალოდ, მეგობრები იყვნენ, მაგრამ სიყვარულმა მალე იჩინა თავი.
ჯვრისწერის დღეს მაყრიონში ძალიან ბევრ შავკანიან ადამიანს ნახავდით, რომელთა უმრავლესობას ქართველი მეუღლეები ჰყავდათ. მათი მცირეწლოვანი, უსაყვარლესი ხუჭუჭთმიანი შვილები კი გადასარევად საუბრობდნენ ქართულად. ბრაიანის მეგობრების ნაწილი მანქანის ფანჯრებზე ჩამომსხდარი, „ზანგურ“ სტილში შემოუერთდნენ მაყრიონს. ცოტა ხანში ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა: ლოლა ულამაზეს თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი და ხელში მშვენიერი თაიგული ეჭირა. პატარძალს გვერდს უმშვენებდა ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი სიძე, რომელსაც, პარადოქსულია, მაგრამ, კრემისფერი ჩოხა მართლაც ძალიან უხდებოდა. ჩოხები ეცვათ ნეფის ხელისმომკიდეებსაც. ბრაიანის მეჯვარეები იყვნენ გიორგი მახათაძე, რიჩარდ ოიებედე და დათო ქარაზანიშვილი, პატარძლის მეჯვარეები კი ლინა ზუდოვა, ნინო ფილიშვილი და შორენა ჩუბინიძე. ბრაიანის ქორწილში ლაგოსიდან მისი ძმაც ჩამოვიდა, რომელიც მოხიბლული დარჩა ქართული საქორწილო ტრადიციებით.
ქორწილი წყვილს დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდა. შესაბამისად, ყველა ნიუანსი წინასწარ კარგად იყო გათვალისწინებული და ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჯვრისწერის დროს წყვილს ეტყობოდა, რომ საკმაოდ ნერვიულობდნენ. ღვთის სახლში შესულები ქორწინების საიდუმლოს ეზიარნენ და სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს. ჯვრისწერის შემდეგ კი მექორწილეებმა რესტორან „თამარიონში“ გადაინაცვლეს, სადაც ნამდვილი ტრადიციული ქართული ქორწილი გაჩაღდა. როგორც აღმოჩნდა, ბრაიანს ბევრი უმეცადინია ქართულ ცეკვაში და „დაისის“ „ქართულის“ აკომპანიმენტის ქვეშგასმებიც მშვენივრად შეასრულა.
ქორწილში იყო თამადა, ტრადიციული სადღეგრძელოები, ბევრი ცეკვა და გართობა გვიან ღამემდე. ძალიან საინტერესო იყო ბრაიანის ურთიერთობა სიდედრ-სიმამრთან, რომელიც არც ისე ტრადიციული იყო, სიძე სიდედრის გვერდით თავს მშვენივრად გრძნობდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბრაიანი და ლოლა მალე შვილს ელოდებიან. ცოტა ხანში ქვეყანას პატარა ქალბატონი იდოუ მოევლინება – ბრაიანს გადაწყვეტილი აქვს, პირველ ქალიშვილს თავისი დედის სახელი დაარქვას. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წყვილმა თაფლობის თვე თბილისში გაატარა, მაგრამ დასვენებას ზაფხულში აპირებენ. ასეა თუ ისე, მეგრელი გოგონასა და ნიგერიელი ბიჭის ქორწილი შედგა და ისინი თავს უბედნიერესად გრძნობენ, თვალები სიყვარულით უციმციმებთ და მათი სიყვარულის ნაყოფი მალე ქვეყანასაც მოევლინება. ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა მივულოცო წყვილს გაბედნიერება და ვუსურვო, სიცოცხლის ბოლომდე ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ქორწილის დღეს უყვარდათ.