შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1968 წლის 10 აგვისტოს, პირველ საათამდე. საქართველოში ცხოვრება ვერ ავაწყვე, უიღბლობა მდევს თან. მაინტერესებს, უცხოეთში თუ გამიმართლებს და კონკრეტულად, რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატებული?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ან დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, იქ ძალების მოსინჯვაც არ გეკრძალებათ. ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი მხარე, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია. ასევე, ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა წარმატება-წარუმატებლობის შანსი შემდეგ ქვეყნებში: ინგლისი, დანია, ალასკა, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, ყაზახეთი, შვეცია, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1993 წლის 23 მაისს, დილის 4 საათზე. რომელი პროფესია იქნება მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი მომავალში?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. პროფესიებიდან კი კარგია ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, სპორტის ფართო სპექტრი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, წარმატებები ელის ასევე, სოციოლოგიის სფეროში.
კითხვა: ჩემი და დაიბადა 1972 წლის, 18 ივლისს, არ უმართლებს არაფერში. იქნებ ამიხსნათ, რატომ და რა არის მისი უიღბლობის მთავარი მიზეზი?
პასუხი: თქვენი და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ძნელია იმის თქმა, რატომ არ უმართლებს, რადგან ამის დასადგენად პირადი ასტროლოგიური რუკის გაკეთებაა საჭირო – ეს ზუსტად მოგვაწვდის მისი უიღბლობის მიზეზს, თუ რის გამო ისჯება და არ უმართლებს. ყოველ შემთხვევაში, გეტყვით, რომ მას სჭირდება გამოლოცვა ანუ კვეთებულის ლოცვა – ეს გაასუფთავებს მის სულს ნეგატიური ენერგიებისგან და, ასევე, ჩემი მხრიდან ვურჩევ გამოავლინოს დისციპლინა, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. გარდა ამისა, უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, საქმეს მიუდგეს მეტი სერიოზულობით და გამოავლინოს პასუხისმგებლობა. ეს თვისებები წარმატებებში შეუწყობს ხელს. მაგრამ, თუ ამ თვისებებს არ ან ვერ ავლენს, ან სათანადოდ არ იწუხებს თავს, მაშინ ცხადია, ის უკვე შედის კოსმიური დასჯის სისტემის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც მას პრობლემებსა და უსიამოვნებებს უქმნის ცხოვრებაში.
კითხვა: ვარ 1977 წლის 2 ივნისს დაბადებული მამაკაცი. რა არის ჩემი კარმული მისია და ჩემი დაბადების მომენტში რომელ ზოდიაქოში იყო მთვარე?
პასუხი: მთვარე თქვენი დაბადების მომენტში იმყოფებოდა მშვილდოსნის ზოდიაქოში. თქვენი კარმული მისია კი გახლავთ ის, რომ გამოავლინოთ ხასიათში შემდეგი თვისებები: იყავით მშვიდობის მტრედი, სადაც შეხვალთ, შეიტანეთ სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და არა აგრესია და დეპრესია. იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. ამავდროულად, უნდა შეგეძლოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება პიროვნებებსა და ორგანიზაციებს შორის. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს თქვენი კარმული მისიის შესრულებას და წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.