ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რომელ ნოტარიუსს უნდა მივმართო სამკვიდრო მოწმობის მისაღებად?
პასუხი: 2010 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო სიახლე, „ნოტარიატის შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შეგიძლიათ, სამკვიდრო მოწმობა ნებისმიერ ნოტარიუსთან მიიღოთ. თუკი აქამდე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა მოქალაქეს მხოლოდ საკუთარ უბანში მდებარე სანოტარო ბიუროში შეეძლო, „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ამავე განცხადების შეტანა უკვე ნებისმიერ ნოტარიუსთან შეეძლება. განცხადების მიღების აუცილებელი პირობაა ნოტარიუსისთვის პირის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა. გარდაცვალების მოწმობის წარდგენა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ ის ნოტარიუსთან უკვე ინახება, ან სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრში უკვე რეგისტრირებულია მამკვიდრებლის სამკვიდროს გახსნის ფაქტი სხვა ნოტარიუსის მიერ.
კითხვა: მემკვიდრეობის მისაღებად მივმართე ნოტარიუსს გარდაბანში. მაქვს თუ არა უფლება, ახალი კანონის თანახმად, მივმართო სხვა ნოტარიუსს ასეთივე განცხადებით სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ დაიშვება ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წარმოება რამდენიმე სანოტარო ბიუროში. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ იმავე მამკვიდრებლის სამკვიდროსთან დაკავშირებული განცხადებები წარდგენილია სხვადასხვა ნოტარიუსთან, სამემკვიდრეო საქმის წარმოება უნდა გაერთიანდეს და გადაეცეს იმ ნოტარიუსს, რომელმაც ყველაზე ადრე მიიღო განცხადება. ნოტარიუსი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ მიღებული განცხადებისა და სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მასთან წარდგენილი სხვა დოკუმენტების ელექტრონული ასლების გადაგზავნა იმ ნოტარიუსთან, რომელიც უფლებამოსილია, აწარმოოს სამკვიდრო საქმე.
კითხვა: რა წესით ხდება დსთ-ის წევრი სახელმწიფოს გარდაცვლილი მოქალაქის სამკვიდროს მიღება?
პასუხი: თუ გარდაცვლილი დსთ-ის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იყო და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სამკვიდრო მასაში შედის საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, განცხადება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსს. განცხადების მიღების აუცილებელი პირობაა გარდაცვალების მოწმობის, გარდაცვლილის რეგისტრაციის (მუდმივი ბინადრობის) დამადასტურებელი ცნობის ან სამკვიდრო მასაში უძრავი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მოწმობის გასაცემად არ არის სავალდებულო, დსთ-ის წევრი სახელმწიფოდან მამკვიდრებლის მემკვიდრეთა წრის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, რომელსაც მამკვიდრებელი განეკუთვნებოდა.
კითხვა: ხდება თუ არა ნოტარიუსის მიერ სააღმსრულებლო ფურცლის გაცემა?
პასუხი: პირველი აპრილიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ნოტარიუსს აქვს სააღმსრულებლო ფურცლის გამარტივებული წესით გაცემის უფლება. ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, ხელშეკრულებაში სააღმსრულებლო ფურცლის გაცემის პირობა მოითხოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას დაზარალებული მხარე სააღმსრულებლო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე მიიღებს.
კითხვა: აქვს თუ არა კრედიტორს უფლება, მისი შეხედულებისამებრ მოახდინოს სააღმსრულებლო ფურცლის გაცემისას ნოტარიუსის არჩევა?
პასუხი: სააღმსრულებლო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს. სააღმსრულებლო ფურცელს, პირველ ყოვლისა, გასცემს ის ნოტარიუსი (მისი არყოფნისას – შემცვლელი, თუ ასეთი დანიშნულია), რომელმაც დაამოწმა აღსრულებას დაქვემდებარებული სანოტარო აქტი.
იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ მუხლის მესამე პუნქტში მითითებული პირი (ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში), სააღმსრულებლო ფურცელს კრედიტორის არჩევით გასცემს ნებისმიერი სხვა ნოტარიუსი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვს აღსასრულებელი სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს და მონაცემებს მისი გაუქმების (ცვლილების) შესახებ, აგრეთვე, ინფორმაციას სანოტარო მოქმედების შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ (მაგალითად, მოცემული სანოტარო აქტის მიხედვით, უკვე გაცემულია სააღმსრულებლო ფურცელი სხვა ნოტარიუსის მიერ), მისი არსებობის შემთხვევაში.
კითხვა: რა წესით ხდება ნოტარიუსის მიერ გაცემული, დაკარგული ან დაზიანებული სააღმსრულებლო ფურცლის ხელახალი აღება. აქვს თუ არა მას უფლება, გასცეს სააღმსრულებლო ფურცლის ასლი თუ, ამისთვის საჭიროა სასამართლოსთვის მიმართვა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღმსრულებლო ფურცლის დედნის საფუძველზე. სააღმსრულებლო ფურცლის დაკარგვის ან დაზიანების (თუ დაზიანების ხარისხი გამორიცხავს სააღმსრულებლო ფურცლის გამოყენებას) შემთხვევაში, სააღმსრულებლო ფურცლის დამოწმებულ ასლს გასცემს სააღმსრულებლო ფურცლის გამცემი ნოტარიუსი, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში – სააღმსრულებლო ფურცლის ასლი გაიცემა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სააღმსრულებლო ფურცლის დუბლიკატი გაიცემა კრედიტორის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების საფუძველზე და მას ენიჭება დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი. კრედიტორმა განცხადებაში უნდა მიუთითოს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც ითხოვს სააღმსრულებლო ფურცლის მეორე ეგზემპლარის გაცემას. კრედიტორს ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა მოტყუებით სააღმსრულებლო ფურცლის მეორე ეგზემპლარის მიღების გამო. განმეორებით გაცემულ სააღმსრულებლო ფურცელში აღინიშნება, რომ ის გაიცა განმეორებით, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე. კრედიტორი ვალდებულია, დაზიანებული სააღმსრულებლო ფურცელი დაუბრუნოს უფლებამოსილ ნოტარიუსს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზიანებული სააღმსრულებლო ფურცელი ინახება აღმასრულებელთან. ამ შემთხვევაში, ფურცლის მეორე ეგზემპლარი გაიცემა კრედიტორის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა და სასამართლოს აღმასრულებლის ოფიციალური წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.