როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
სვინატაშვილი-სინატაშვილი
ისტორიულ საბუთებში გვარი გვხვდება ორი ფორმით, კერძოდ, სვინატაშვილი და სინატიშვილი. უფრო ადრინდელია სვინატაშვილი. დამოწმებულია იმერეთის ეპარქიის საეკლესიო-მეტრიკულ წიგნში, 1821 წლის ჩანაწერში, შესაძლოა, იყოს უფრო ადრეც.
ფუძე სვინა ქართული სიტყვაა და „შვილის მომნათლავს“ და „ნეფის მეჯვარეს“ ნიშნავს.
ფუძეთი სვინ, სვინა გვხვდება გვარი სვინტრაძე.
ფორმით სინატა იგივე დღევანდელი სინატაშვილების გვარია. გვარი ძირითადად მოიხსენიება სოფელ რიონში. არიან მაცხოვრისა და ფერისცვალების ეკლესიებში მონათლულები, როგორც ქართველი მართლმადიდებელნი.
იმერეთის ეპარქიის საეკლესიო-მატრიკულის წიგნში, 1821 წელს ასეთი ჩანაწერი გვხვდება: „სოფელს რიონს მცხოვრებმა სვიმონ სვინატაშვილმა, მეორითა ქორწინებითა, იქორწინა დარეჯანთან, გვირგვინი უკურთხა მღვდელმა იესე ჩხიკუაძემ (ჩხიკვაძე)“. საეკლესიო ჩანაწერებში, 1882 წელს ასევე დაფიქსირებულია: „გლეხი სიმონ პეტრეს ძე სინატაშვილი, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარებისა, პირველის ქორწინებით ცოლად შეირთო იქვე მცხოვრები გლეხის, ანტონ მანჩალაძის (დღევანდელი მაჩალაძის) ასული ირინა, მართლმადიდებლის სარწმუნოების აღსარების, პირველის ქორწინებითა. მღვდელი მორჩაძე, პროჩეტნიკი მარკოზი“.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით დაფიქსირებულია 456 სვინატაშვილი: ქუთაისში – 266, წყალტუბოში – 154, თბილისში – 36.
გავაშელი
გავაშელი და გავაშელიშვილი ერთი და იგივე ნათესაური გვარია. 1840-იან წლებში დაფიქსირებულია მხოლოდ გავაშელიშვილი. მოიხსენიება ონის რაიონის სოფლებში, კერძოდ, გომში და ღებში. გომში მოსახლეთა ნაწილი სასულიერონი არიან, ნაწილი – საბატონო გლეხები. ღებშიც არიან სასულიერონი და სახელმწიფო გლეხები.
დაფიქსირებულია ამავე ძირის გვარები: გავაშელიძე, გავაშელაური, მათ, ვარაუდით, ნათესაური კავშირი არა აქვთ აღნიშნულ გვარებთან.
გვარების, გავაშელის და გავაშელიშვილის, ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გავაშელი. გავაშელი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში.
„გავაშელი დამაკოჩია, უცხოვრია ხოირსში, მართებია აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა, მოიხსენიება 1621 წელს“.
საქართველოში 1 183 გავაშელი ცხოვრობს: ონში – 391, თბილისში – 334, ადიგენში – 138. არიან სხვაგანაც.
1 138 გავაშელიშვილი: თბილისში – 296, ონში – 190, გარდაბანში – 183. არიან სხვაგანაც.
გოგრიჭიანი
რაჭული გვარია. ამბროლაურის რაიონში ცხოვრობენ სოფლებში: სადმელი, ურავი, ღები, ჩორდი, ჯვარისუბანი. იყვნენ საბატონო და სახელმწიფო გლეხები.
ალექსანდრე ღლონტი წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“ წერს: „გოგრიჭი, მეტსახელი, გვარებში: გოგრიჭიძე, გოგრიჭიანი“. ამავე აზრისაა ილია მაისურაძე.
გოგრიჭიანების თიკუნებია: ჩხუტეენი, ლეჩხუმეენი, საგიეენი, მამუჩიანი.
საქართველოში 1 669 გოგრიჭიანი ცხოვრობს: თბილისში – 516, ონში – 228, რუსთავში – 174. არიან სხვაგანაც.
ბოხაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ბოხა.
ამავე ძირისაა გვარი ბოხვაძე.
ბოხაშვილები ღებელები არიან. ის დაფიქსირებულია 1840-იან წლებში. „ღები – სახელმწიფო გლეხები: ბოხაშვილი, გავაშელიშვილი, გობეჯიშვილი, გოგრიჭიანი“.
საქართველოში 243 ბოხაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 86, ონში – 42, გარდაბანში – 29. არიან სხვაგანაც.
გობეჯიშვილი
რაჭული გვარი გობეჯიშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან გობეჯი. ეს გვარი კი, საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის 374-ე ადგილზეა.
გობეჯიშვილები 1840-იანი წლების აღწერის ჩანაწერებით, ცხოვრობდნენ რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონის სოფლებში: ნიგვზნარა, ონჭევი, ურავი, ღები, ჭიორა, ხურუთი. იყვნენ საბატონო გლეხები.
გობეჯიშვილთა თიკუნებია: ერმელეენი (ერმილედან), გოგეენი, (გოგედან), ნინეენი (ნინიადან), ფეტუვენი და სხვა.
გვარი გობეჯიშვილის შესახებ უტყუარი ზეპირი გადმოცემა შემდეგს გვეუბნება: ქართული ისტორიული, ძირძველი კუთხიდან, დვალეთიდან რაჭაში გადმოვიდა სამი ძმა: გობეჯი, ია და ხამიჯა. სამივე ეს სახელი ძველ საბუთებში დაფიქსირებულია რაჭა-სვანეთის სინამდვილეშიც.
სახელად იამ (ია არის და იყო როგორც ქალის, ისე კაცის სახელი), სოფელ სადმელში დაიდო ბინა და საფუძველი ჩაუყარა იაშვილის საგვარეულოს, რომლებიც შემდგომში დიდგვაროვანი ფეოდალები გახდნენ.
გობეჯი სოფელ ღებში დასახლდა, შექმნა ოჯახი და დასაბამი დაუდო გობეჯიშვილების გვარს.
ძმების გადაადგილება მომხდარა მეცამეტე საუკუნის ბოლო წლებში, როცა შევიწროებული ოსები დვალეთისკენ დაიძრნენ და იქ მცხოვრები ქართველების შევიწროვება დაიწყეს. ღებიდან გობეჯიშვილები სხვადასხვა ადგილებში გაიფანტნენ. მოგვიანებით, იმიერკავკასიაშიც კი გამოჩნდნენ.
1995 წლის მონაცემებით დაფიქსირებულია 2 278 გობეჯიშვილი: თბილისში – 778, ონში – 532, რუსთავში – 182. არიან სხვაგანაც.
ახუაშვილი
ახუაშვილების წინაპარი იყო სომხით-საბარათიანოში (სოფელ ჭრეშში) მცხოვრები კაცი, სახელად ახუა. ეს ახუა და მამუა ჭრეშიდან გადმოვიდნენ კოდის თემის სოფელ მუხათში (დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონი) და დასახლდნენ მეზობლად. ეს ინფორმაცია დაფიქსირებულია ივანე ჯავახიშვილის წიგნში „საქართველოს ეკონომიკური ძეგლები“.
ახუადან 1817 წლისათვის გვხვდება გვარი ახუაშვილი.
1817 წლის მოსახლეობის აღწერის წიგნში შეტანილი არიან მიხეილ და გაბრიელ (გაბო) ახუაშვილები. მათგან წამოვიდა თიკუნები მახუაანი და გაბუაანი.
გვარი მცირერიცხოვანია.
ახუა იყო როგორც მამაკაცის, ისე ქალის სახელი. ქვემო ქართლში (იგივე სომხით-საბარათიანოში) ახუა ერქვა მწერალ იასე ბარათაშვილის დას, რომელიც ერთ-ერთ ბატონიშვილზე იყო გათხოვილი. ახუა ერქვა იმ ქალბატონს, რომელმაც კახეთში შობა და აღზარდა 9 ვაჟკაცი. ისინი მეფე ერეკლეს გვერდით გმირულ ბრძოლაში დაეცნენ.
სახელი ახუა, როგორც ჩანს, წარმომდგარია სახელიდან ახო. ახო ტყის ნაპირზე გაკაფულ ადგილს ჰქვია, რომელსაც გააკულტურებენ და სავარგულად იყენებენ.
საქართველოში, დაახლოებით, 86 ახუაშვილი ცხოვრობს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით