„დიდი შვიდეული“ ეკონომიკური აღმავლობის გზას დაადგა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ მსოფლიოს 7 წამყვანი ქვეყნის ეკონომიკის მორიგი ანალიზი წარმოადგინა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობების საერთო შეფასება საკმაოდ ოპტიმისტურია. ევროპის ქვეყნების, იაპონიის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ნელი ტემპით დაადგა გაჯანსაღების გზას. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის, კარლო პადოანას აზრით, უმუშევრობის პიკმა ევროს ზონის ქვეყნებში უკვე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ეგრეთ წოდებული „სამთავრობო პროგრამების“ დასრულების შემდეგ, რომლებიც კერძო სექტორის დახმარებას ისახავენ მიზნად, ვითარების კვლავ გაუარესებას არ გამორიცხავენ. საუბარია საბანკო სექტორზე, სადაც საკრედიტო დეფიციტია მოსალოდნელი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ეკონომიკა კვლავ სტაბილურად ვითარდება. 2010 წლის მეორე კვარტალში ზრდის საშუალო მაჩვენებელი 0,9-დან 1,9 პროცენტამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ შარშან ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 0,4 პროცენტი იყო. გერმანიაში, რომელიც ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მთლიანი შიდა პროდუქტი 2,8 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტები ასკვნიან, რომ გერმანია კრიზისიდან უკვე გამოვიდა. საერთო ჯამში, მსოფლიოს ფინანსური ბაზრების მდგომარეობა კვლავ ანელებს მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკების კაპიტალით უზრუნველყოფა გაუმჯობესდა, კვლავ არსებობს გადაუხდელ ვალებთან დაკავშირებული პრობლემები, – აღნიშნულია დასკვნაში. თუმცა, 2010 წლის მეორე კვარტალში, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაში ეკონომიკური ზრდა შენელდება და კვლავაც პრობლემურია შრომის ბაზარზე შექმნილი ვითარება.