რა პრობლემის მიზეზს ვიპოვით საწვავი სისტემის გადამოწმებით
როდის არის ავტომობილის შეფერხებებით, ეგრეთ წოდებული „ჯიკაობით“ სიარული გაურკვეველი? ავტომობილის ასე უცნაურად მოქცევის მიზეზი, მაშინ, როდესაც ყველა საჭირო დეტალი მწყობრშია, მძღოლებს დიდ საგონებელში აგდებს. მევლუდ მელაძე აგვიხსნის, რა მითითებები უნდა მივცეთ ხელოსანს, რომ ჩვენმა ავტომობილმა უცნაური ქცევა შეწყვიტოს.
მევლუდ მელაძე: საწვავთან დაკავშირებით ავტომობილს ხშირად ექმნება ისეთი პრობლემა, რომლის მიზეზის დადგენა და პრობლემის აღმოფხვრა ხელოსნებს ძალიან უჭირთ. ყველა რაღაც ნაწილს ცვლის, შედეგი კი არ არის. თანამედროვეში ვგულისხმობ 1990 წლის შემდეგ გამოსულ ავტომობილებს, რომლებიც არა კარბურატორით, არამედ ინჟექტორებიანი სისტემითაა აღჭურვილი, აქვთ კომპიუტერი, რომელიც არეგულირებს საწვავის მიწოდებას. 2000 წლის შემდეგ გამოშვებულ ავტომობილს კი ასეთი მოწყობილობა აქვს: ხელსაწყოების დაფაზე ანთებს ეგრეთ წოდებულ „ჩეკ ენჯინს“. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერზე შეერთების დროს უნდა იწერებოდეს, თუ რა სჭირს ავტომობილს, ანუ უნდა მოახდინოს მისი დიაგნოსტიკა. მაგრამ, საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით არის ისეთი პრობლემებიც, რომლებსაც კომპიუტერი არ იწერს – ვერ კითხულობს. შესაბამისად, ჩვენ მექანიკურად გვიწევს პრობლემის მოძებნა. მაგალითად, არის შემთხვევა, როდესაც გაზს ვაწვებით, მაგრამ ავტომობილი „ჯიკაობით“, შეფერხებებით მიდის, თითქოს საწვავის გატანა უჭირს, ან, საწვავი იცლება და მალე ჩაგვიქრება. ცოტა ხანში ისევ კარგად გაივლის, მერე კი იგივე ეწყება. მოკლედ, გვაწვალებს. ასეთ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა გიცვლიან საწვავის ფილტრს. მიზეზი, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ, პრობლემა ნებისმიერ შემთხვევაში ნაპერწკლის მიწოდების მექანიკურ სისტემაშია, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც დაზიანებულია. სწორედ იმ კონკრეტულ დეტალს უნდა მივაგნოთ.
– მექანიკური პრობლემის ძებნას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, თუ „ჩეკ ენჯინი“ არ აანთო?
– დიახ. თუ კომპიუტერი აანთო, პრობლემის დიაგნოსტირებას იოლად შეძლებთ, რაც, მაქსიმუმ, 25 ლარი ღირს. თუ არ აინთო, სწორედ მაშინ არის პრობლემა, რადგან, თავად უნდა ვიპოვოთ მიზეზი. ავტომობილი მიგვყავს ინჟექტორების გამწმენდ ხელოსანთან ან სერვისცენტრში, მაგალითად, როგორიც „თეგეტა მოტორსია“. იგი ყველა საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი და თან სერვისი ძვირიც არ ჯდება. პირველ ყოვლისა ვამოწმებინებთ ბენზინის წნევას. თუ წნევა დავარდნილია, შემდეგ უკვე ვამოწმებთ წნევას ბენზინის ფილტრამდე. თუ წნევა ორივეგან დაბალია, მაშინ ფილტრი არაფერ შუაშია და ის არც უნდა შეიცვალოს. ამის მიზეზი ბენზინის „ნასოსია“, რომელიც ინჟექტორიან მანქანებში, ავზში ან მის გარეთ დგას, მაგრამ არა ძრავასთან ახლოს. თუ წნევა ფილტრამდე კარგია და მის შემდეგ დაბლდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იცვლება ფილტრი. თუ წნევა ორივე მხარეს მწყობრშია, ხელოსანი აუცილებლად გეტყვით, მიზეზი მაინც „ნასოსი“ იქნებაო, მაგრამ, არ დაუჯეროთ. (იცინის). თუ წნევა გამოირიცხა, ამის შემდეგ ვამოწმებთ ეგრეთ წოდებულ „აბრატნი კლაპანს“, ანუ უკან დამაბრუნებელ სარქველს, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის ძრავადან უკან, ავზში დაბრუნებას. „ბენზონასოსმა“ რომ უკეთ იმუშაოს, ამისთვის სპეციალური მოწყობილობაა დამონტაჟებული, რომელიც ზედმეტ საწვავს უკან, ავზში აბრუნებს. შეიძლება, ის დაზიანებული იყოს და ამის გასაგებად შეამოწმეთ, რამხელა წნევას იჭერს „აბრატნი კლაპანი“. თუ ეს მოწყობილობაც მწყობრშია, მაშინ საწვავის სისტემას თავს ვანებებთ, რადგან ის ავტომობილის შეფერხებებით მუშაობის მიზეზი არ არის. ამის შემდეგ ვამოწმებთ „სვეჩას“ და, თუ ისიც მწყობრშია, უნდა შემოწმდეს ჰაერის მზომი, ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი“. ეს მოწყობილობა ჰაერის ფილტრის შემდეგ დგას. თუ აქამდე მიხვედით, ჰაერის ფილტრიც დაფერთხეთ. ჰაერის ფილტრი მწყობრიდან ხშირად გამოდის და მისი გამოცვლა ძალიან იოლია. ჰაერის ფილტრის გამოცვლის შემდეგ თუ პრობლემა არ მოგვარდა, მიზეზი ერთი იქნება – ესე იგი, რომელიმე მილიდან ჰაერი იპარება. უნდა ვიპოვოთ ეს მილი და გამოვცვალოთ. ამ თანმიმდევრობას და გამორიცხვის ამ მეთოდებს იმიტომ გირჩევთ, რომ წვრილმანი გაუმართაობის პოვნა ხელოსნებს ძალიან უჭირთ. სიჩქარეთა კოლოფის ჩაშლას ყველა მიხვდება, ასეთი უცნაური მიზეზის გაგება კი მართლა რთულია და, როდესაც თქვენ გეცოდინებათ, გამორიცხვის რა მეთოდით მიჰყვეთ ავტომობილს, ხელოსანსაც გაუიოლებთ საქმეს და შეკეთებაც გაცილებით იოლი დაგიჯდებათ. ასე რომ, მივყვებით თანმიმდევრობას – ვსინჯავთ ბენზინის წნევას სამ ადგილას ფილტრამდე, ფილტრის შემდეგ და „აბრატნი კლაპანის“ ჩართულობით; ვნახულობთ „სვეჩს“, ჰაერის მზომს და ბოლოს – რომელიმე მილს.