„თბილისელების“ სამზარეულო
ხარჩო უზბეკურად
საჭირო ინგრედიენტებია: 1 საშუალო ზომის ქათამი (1,2 კილოგრამი), 3 თავი ხახვი, 40 გრამი კარაქი, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 500 გრამი პომიდორი, 200 გრამი ნიგოზი, 3 კბილი ნიორი, 20 გრამი ქინძი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათამი კარგად გარეცხეთ, დაჭერით მომცრო ნაჭრებად და დაასხით 2,5 ლიტრი წყალი. ხარშეთ 45 წუთი. ქაფი მოაშორეთ. ბულიონი გადაწურეთ. ხორცს მთლიანად მოაშორეთ ძვლები და ცალკე მოათავსეთ თასში.
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. კარგად მოშუშეთ კარაქში. დაასხით ერთი სადილის კოვზი ბულიონი და შუშეთ კიდევ ცოტა ხანს. ჩაყარეთ მასში ქათმის ხორცი, დაასხით 3 სადილის კოვზი ბულიონი, მოშუშეთ 15 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ ფქვილი, კარგად გახსენით და შუშეთ კიდევ 10 წუთი.
პომიდორს გადაავლეთ მდუღარე. გააცალეთ კანი და თესლი, რბილობი დაკეპეთ და ჩაყარეთ ბლენდერში. ჩაუმატეთ ნიგოზი, ნიორი, დარიჩინი. ათქვიფეთ ბლენდერით. ბულიონი გააცხელეთ. ჩაუმატეთ მოშუშული ხორცი, ბლენდერში გატარებული პომიდორი და იდუღოს კიდევ 7 წუთი. ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ქინძი, მარილი და პილპილი.