ისინბაევამ დასვენება გადაწყვიტა
რუსმა ჭოკით მხტომელმა, სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესომ და ყველა დროის რეკორდსმენმა ელენა ისინბაევამ, კარიერის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მარტში ელენამ დოხაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ მეოთხე ადგილი აიღო და, ეს მაშინ, როცა მანამდე მეტოქეებს თითქმის ნახევარი მეტრით უსწრებდა.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, არც ერთი ტურნირი არ გამომიტოვებია. იცით, ეს რას ნიშნავს? რვა წლის განმავლობაში ყოველდღიურად ბევრს ვშრომობდი და ახლა დასვენება მინდა. ეს კარიერის დასრულებას არ ნიშნავს, მაგრამ, ზუსტად არ ვიცი, როდის დავუბრუნდები ვარჯიშებს. ეს, შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ მოხდეს. ახლა ცოტას პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცლი“, – განაცხადა ისინბაევამ და აშკარად გადაამლაშა, მას პირადი ცხოვრებისთვის მუდამ ეცალა და ამის მტკიცებულებად ისიც კმარა, რომ კიევის ერთ-ერთ ღამის ბარში მას ადგილობრივი დიჯეი მოეწონა, იგი საცხოვრებლად მოსკოვში, საკუთარ სახლში გადაიყვანა და დღემდე „აჯაზებინებს“.