როცა მწვრთნელი საცემია
სლოვენიის ჰოკეის კლუბ „აკრონის“ მოთამაშეებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ფეხქვეშ გაიგდეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მწვრთნელ-ფეხბურთელები ღამის ბარში ლუდის დასალევად შევიდნენ. გვარიანად შეზარხოშებულმა მწვრთნელმა კლუბის ახალგაზრდა მეკარეს უთხრა, ყველა შინ წაგვიყვანეო. მეკარემ იუარა, აქაოდა ნასვამი ვარო, თუმცა მწვრთნელმა თავისი გაიტანა და ექვს ჰოკეისტთან ერთად ავტომობილში ჩაეტენა. მეკარემ კილომეტრიც კი ვერ გაიარა და ავტომობილი დაამტვრია. ამით გაბრაზებულმა ჰოკეისტებმა მთავარი მწვრთნელი გაიმეტეს.
არადა, დაზარალებული ჰოკეის სამყაროში კარგად ცნობილი მაიკ პოსმაა. ეს კაცი ჯერ ამერიკაში მუშაობდა, მაგრამ მერე მიწვევა სლოვენიიდან მიიღო და ამ ქვეყნის უძლიერესი კლუბი ჩაიბარა. ინციდენტის შემდეგ პოსმამ ისევ ამერიკისკენ გაქუსლა, კლუბის პრეზიდენტმა კი ექვსივე ჰოკეისტი დაითხოვა და ახლა მწვრთნელს ეხვეწება, შენ თუ დაბრუნდები, უკვე გაგდებულებს, ვისაც გსურს, იმას მივაყოლებო.