როგორ მოვუაროთ მგრძნობიარე კანს
მგრძნობიარე კანი – თანამედროვე ქალების უმრავლესობის პრობლემაა. დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო, სტრესები და არასწორი მოვლა დამანგრევლად მოქმედებს კანზე. ეკოლოგიურ პრობლემებსა და სტრესებს ასე ადვილად ვერ მოვერევით. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, მისი მოვლით გავაბათილოთ „გარედან“ მიყენებული ზიანი.
მგრძნობიარე კანი ძალზე სათუთ მოპყრობას ითხოვს. ასეთ კანს აქვს ძალიან თხელი დამცავი შრე და მტკივნეულად რეაგირებს არასასურველ გარე ფაქტორებზე. მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვთ, უნდა მიიღონ მეტი ვიტამინები, ბურღულეული; შეზღუდონ ციტრუსებისა და მატონიზებელი სასმელების რაოდენობა; ყურადღება მიაქციონ ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის მდგომარეობას. გარდა ამისა, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შერჩევისას; შეეცადონ, ძირითადად გამოიყენონ ხალხური (მცენარეული) საშუალებები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რჩევები მგრძნობიარე კანის მოსავლელად, შეიძლება, შემდეგი სახით ჩამოვაყალიბოთ:
1. მგრძნობიარე კანზე ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს:
* სიცივე და მზის პირდაპირი სხივები;
* სტრესები;
* მატონიზებელი სასმელები – ყავა და მაგარი ჩაი;
* ალკოჰოლი;
* მწარე, ცხარე, მლაშე საკვები;
* ფიზიკური გადაღლა.
2. კანის მოვლის საშუალებების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ:
* თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი მოიწონოს დერმატოლოგმა;
* გავლილი ქონდეს ტესტი ჰიპერალერგიულობაზე;
* უნდა შეიცავდეს კანის დამარბილებელ კომპონენტებს – ცხიმმჟავებს, რომლებიც შედის რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ზეთში;
* უნდა შეიცავდეს, აგრეთვე, კანის დამამშვიდებელ კომპონენტებს – ალანტოინსა და ბისაბოლოლს;
* ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას.
3. გამოყენების წინ ჩაიტარეთ ტესტი ალერგიულობაზე:
* პროდუქტი მცირე დოზით წაისვით კანზე ყურის უკან და 1-2 დღის განმავლობაში დააკვირდით. თუ დაგეწყოთ ქავილი, კანი გაგიწითლდათ, აგექერცლათ ან წვა იგრძენით, ესე იგი, მასზე ალერგია გაქვთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მისი მოხმარება – ასეთი სარისკო ექსპერიმენტები მხოლოდ პრობლემას მოგიმატებთ.
გთავაზობთ კანის დამაწყნარებელი ნიღბის რეცეპტს:
ჩაის ჭიქაში ჩაასხით 3 სადილის კოვზი (სავსე) ნაკლებცხიმიანი არაჟანი, დაამატეთ 2 სადილის კოვზი ნუშის ზეთი, დაფქული შვრია და კარგად მოურიეთ (უნდა გამოვიდეს საშუალო სისქის მასა). მიღებული მასა წაისვით ახალდაბანილ სახესა და კისერზე (შეიძლება დეკოლტეზეც), 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით შესაფერისი მკვებავი.
ამ ნიღბის კომპონენტები ძალიან კარგად ავსებს ერთმანეთს. შვრია საუკეთესოდ წმენდს ფორებს და ამზადებს კანს სასარგებლო ნივთიერებების შესაწოვად; არაჟნის ცხიმმჟავა არბილებს და ამშვიდებს კანს, ნუშის რძე კი არეგულირებს კანში წყლის ბალანსს და იცავს მას გამოშრობისგან.