კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიყვანა კრიზისიდან რუსების ნაციონალური ავიაგადამზიდი კომპანია 36 წლის ქუთაისელმა მიხეილ მოშიაშვილმა

მიხეილ მოშიაშვილი საკმაოდ ახალგაზრდა ბიზნესმენია, მაგრამ რუსეთში სახელისა და ქონების მოხვეჭა უკვე შეძლო. ის 1973 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1995 წელს რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური აკადემია დაასრულა საერთაშორისო სავალუტო-საკრედიტო და ფინანსური ურთიერთობების სპეციალობით. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ფლობს ივრითს, ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

1992 წლიდან მოშიაშვილი მსოფლიო ბანკის სასწავლო პროგრამების თანამშრომელია, 1993-1994 წლებში – „ვნეშტორგბანკის“ სავალუტო რეგულირების კონვერსიული ოპერაციების განყოფილების უფროსი ეკონომისტი. 1994-1995 წლებში ის „ამრო ბანკის“ სავალუტო-ფინანსური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. 1995-1997 წლებში მუშაობდა კომპანია „ალსრა ეკოს“ სახაზინო ოპერაციების სამმართველოს უფროსად.

1997-1999 წლებში მიხეილ მოშიაშვილი მომდევნო პერიოდში სკანდალებით ცნობილი სანავთობო კომპანია „იუკოსის“ სახაზინო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოღვაწეობდა; 1999-2000 წლებში ფინანსურ ჯგუფ „რაზგულიაის“ ფინანსური დირექტორი და მმართველობის წევრი იყო. 2000 წლის ოქტომბრიდან გახდა კომპანია „ილიმ პალპ ენტერპრაიზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი, 2002-2003 წლებში კი – კომპანიის მთავარი მმართველი დირექტორი. 2003 წლის სექტემბრიდან მოშიაშვილი საინვესტიციო ბანკ, „გაერთიანებული ფინანსური ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. 2008 წლის ზაფხულიდან კი ის ავიაკომპანია „ავიალინიი როსიის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

გაკოტრებული ავიაალიანსის – „ეარიუნიონის“ ვალდებულებები მისი კლიენტების მიმართ 2008 წლის ნოემბრიდან სწორედ „ავიალინიი როსიიმ“ აიღო. „ამ დროისთვის მზავრების წინაშე არსებული ყველა ვალდებულება შესრულებულია. გადამზიდავების წინაშე არსებული პრობლემები უახლოეს ხანებში მოგვარდება“, – განაცხადა მიხეილ მოშიაშვილმა ავიაკომპანია „ავიალინიი როსიის“ აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნიდან ცოტა ხანში რუსეთის დუმაში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც ახალი ეროვნული ავიაგადამზიდი კომპანიის შექმნას ეხებოდა.

რუსეთის ახალი ნაციონალური ავიაგადამზიდი კომპანია „ავიალინიი როსიი“ „ეარიუნიონის“, „როსიას“, „ატლანტ სოიუზის“, „კავმინვოდავიას“, „ორენბურგსკიე ავიალინიის“, „სარატოვსკიე ავიალინიისა“ და „ვლადივოსტოკ ავიას“ ბაზაზე შეიქმნა. „ეარიუნიონი“ მანამდე ხუთ რუსულ ავიაკომპანიას აერთიანებდა: „კრასეარს“, „დომოდედოვსკიე ავიალინიის“, „სამარას“, „ომსკავიასა“ და „სიბავიატრანსს“. ახალი მასშტაბური ავიაკომპანია ავიაგადაზიდვების სფეროში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად შეიქმნა, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო.

როგორც „ავიალინიი როსიის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ მოშიაშვილმა განაცხადა, „ეარიუნიონის“ დროებით მმართველ კომპანიად ფირმა „პოკროვსკიე ვოროტა“ დასახელდა. მისი თქმით, იმ კომპანიების რესტრუქტურიზაცია, რომლებიც „ეარიუნიონში“ შედიოდნენ ძალიან მტკივნეული საკითხი იყო, რადგან კომპანიებს აღარ გააჩნდათ აქტივები, რომელიც ვითარების ადეკვატური იქნებოდა. მისი თქმით, კომპანია „პოკროვსკიე ვოროტას“ მთავარი ამოცანა კრედიტორების ვალების დასაფარავად საჭირო თანხების მოზიდვა იყო.

როგორც აღვნიშნეთ, უფრო ადრე მიხეილ მოშიაშვილი სხვა სფეროში მოღვაწეობდა – მან 2003 წელს გადაწყვიტა საინვესტიციო ბანკირი გამხდარიყო და „ილიმ პალპში“ მუშაობას თავი დაანება. იმ პერიოდში რუსული პრესა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ მოშიაშვილმა „ილიმ პალპი“ დატოვა, ცოტა ხანში კი „გაერთიანებულ ფინანსურ ჯგუფში“ გადავიდა და ახალ ვითარებაში სცადა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.

რუსეთის „გაერთიანებულმა ფინანსურმა ჯგუფმა“ მიხეილ მოშიაშვილი თავიდანვე მაღალ თანამდებობაზე დანიშნა – ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამ ფინანსური ჯგუფის კლიენტთა უმეტესობას დასავლელი ინვესტორები წარმოადგენდნენ. საქართველოში დაბადებული ებრაული წარმოშობის ფინანსისტ-ბიზნესმენის უმთავრესი მიზანი რუსეთის ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებთან ურთიერთობის გაღრმავება იყო. მოშიაშვილმა რუსულ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ „გაერთიანებული ფინანსური ჯგუფისგან“ მიწვევა მაშინ მიიღო, როცა „ილიმ პალპიდან“ ორი კვირის წამოსული იყო. ჯგუფის პრეზიდენტისა და საბანკო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილია შერბოვიჩის განცხადებით, მოშიაშვილს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წინამორბედი არ ჰყოლია და ახალი პოსტი საგანგებოდ მისთვის შეიქმნა. მისი თქმით, მოშიაშვილის გამოცდილება ფინანსებსა და კორპორაციულ საქმიანობაში, ფინანსური კომპანიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი იყო.

როგორც რუსი ეკონომისტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, „გაერთიანებული ფინანსური ჯგუფის“ წინა სამსახურში „ილიმ პალპში“, მოშიაშვილის მთავარ დამსახურებად კომპანიაში ინვესტორებისთვის სასურველი გარემოს შექმნას მიიჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში კომპანიას სერიოზული კორპორაციული ომი ჰქონდა გაჩაღებული ცნობილი რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას კუთვნილ „ბაზოვიე ელემენტის“ სტრუქტურებთან.

აღსანიშნავია, რომ „ილიმ პალპი“ რუსეთის უმსხვილესი სატყეო მრეწველობის სფეროში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც 1992 წელს შეიქმნა და თავის სფეროში რუსეთში ყველაზე დიდია. ამასთან, იგი ევროპის ხუთ უმსხვილეს სატყეო მრეწველობის კომპანიაში შედის ტყის რესურსებისა და ცელულოზის წარმოების მიხედვით. „ილიმ პალპი“ აკონტროლებს რუსეთის სამ უმსხვილეს ცელულოზურ-საქაღალდე კომბინატს – კოტლასის, ბრატკსკისა და უსტ-ილიმსკის; ფლობს პეტერბურგის მუყაოსა და პოლიგრაფიულ კომბინატებსა და სხვა აქტივებს. „ილიმ პალპი“ რუსეთში ცელულოზის 60 პროცენტს და მუყაოს მესამედს აწარმოებს. უკვე 2002 წლისთვის ამ კომპანიის გაყიდვების მოცულობამ მილიარდ დოლარს მიაღწია, მოგების ოდენობა კი საიდუმლოს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ მიხეილ მოშიაშვილი „ილიმ პალპ ენტერპრაიზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე 27 წლის ასაკში გახდა, ორ წელიწადში კი უკვე კომპანიის მთავარი, მმართველი დირექტორი იყო.

მოშიაშვილი „ილიმ პალპში“ მოღვაწეობის პერიოდში აცხადებდა, რომ ტყეს უნდა შეხედო, არა როგორც რაიმე უნიკალურ მოვლენას, არამედ როგორც ბიზნესის წარმოების წყაროს.

„ილიმ პალპს“ დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული კორპორაციული ომი ჰქონდა „ბაზოვიე ელემენტთან“, მაგრამ ამას მოშიაშვილისთვის წარმატებული მენეჯმენტის წარმოებაში ხელი არ შეუშლია. მისი ინიციატივით განხორციელებული რეფორმის მიზანი მართვისა და ბიზნესის ეფექტურობის ამაღლება იყო. მოშიაშვილმა 2004-2005 წლებში საკუთარი კომპანიის აქციების ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსება შეძლო, რაც იმ დროისთვის სერიოზული წარმატება იყო.

„რეფორმის გატარება და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება ის ელემენტებია, რომელთა გარეშეც კაპიტალიზაციაში ბაზარზე სამართლიანობის მიღწევა შეუძლებელია“, – აცხადებდა მოშიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი განმარტებით, კაპიტალიზებული ბიზნესი, უპირველესად, იაფი რესურსების მისაწვდომობაა ბაზარზე.

მოშიაშვილის დამსახურებად მიიჩნევა ის, რომ მან „ილიმ პალპის“ რესტრუქტურიზაციის პროგრამა შექმნა და ჯგუფის სამ – კოტლასის, ბრატსკისა და უსტ-ილიმსკის ცელულოზურ-საქაღალდე კომბინატებს ერთიან სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება შესთავაზა კაპიტალიზაციის ზრდისა და კომპანიის ბიზნესის მეტი გამჭვირვალობისთვის.

2003 წლის მაისში, როდესაც მოშიაშვილი კომპანიას ტოვებდა, „ილიმ პალპში“ აცხადებდნენ, რომ ის ბრწყინვალედ უძღვებოდა საქმეს და ჰოლდინგის კორპორაციულ სტრატეგიას ქმნიდა. მთავარი პრობლემა მაშინ წარმოიქმნა, როდესაც მიხეილ მოშიაშვილმა საკუთარი კომპენსაციისა და კომპეტენციის მნიშვნელოვნად გაზრდა მოითხოვა. მის ამ მოთხოვნას, ოფიციალური ვერსიით, კომპანიის აქციონერები შეეწინააღმდეგნენ.

„ილიმ პალპიდან“ წასვლის შემდეგ მოშიაშვილი წარმატებული ტოპ-მენეჯერების მაძიებელი კომპანიების ყურადღების ცენტრში მოექცა.

საინტერესოა, რომ რუსეთში მოღვაწე „გაერთიანებულმა ფინანსურმა ჯგუფმა“ არ გაახმაურა არც მიხეილ მოშიაშვილის ხელფასის ოდენობა და არც ის, გადაუხადეს თუ არა მას ის თანხა, რომელსაც თავდაპირველად, თავისი განაცხადით ითხოვდა.

მოშიაშვილის ახალ სამოღვაწეო ასპარეზზე გადასვლას რუსეთის საინვესტიციო კომპანიებიც გამოეხმაურნენ და „გაერთიანებული ფინანსური ჯგუფის“ ინიციატივა მოიწონეს. „რეალური სექტორიდან მოსული ტოპ-მენეჯერი სავსეა ცოცხალი იდეებით და მას საღად შეუძლია ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის მდგომარეობის შეფასება“, – განაცხადა საინვესტიციო კომპანია „ანტანტა-კაპიტალის“ დირექტორმა ევგენი კოგანმა. საინვესტიციო კომპანია „მეტროპოლის“ დირექტორი მიხაილ სლიპენჩუკი კი აღნიშნავდა, რომ მოშიაშვილს კორპორაციულ-საფინანსო საქმეში კარგი პროფესიონალის იმიჯი აქვს და მისი დაწინაურება „გაერთიანებულ ფინანსურ ჯგუფს“ სერიოზულ უპირატესობას აძლევდა კონკურენტების წინაშე.

ანალიტიკოსთა უმნიშვნელო ნაწილი მოშიაშვილის ნაკლად ადამიანებთან მუშაობაში პრობლემებს მიიჩნევს, თუმცა, მისდამი ნაკლები სიმპათიით განწყობილებიც აღიარებენ, რომ ის კარგი პროფესიონალია. ზოგიერთმა მიხეილ მოშიაშვილს ნაკლად ისიც ჩაუთვალა, რომ მან „ილიმ პალპი“ მაშინ დატოვა, როცა ის კორპორაციულ ომს აწარმოებდა ოლეგ დერიპასკას „ბაზოვიე ელემენტთან“. თავად „ილიმ პალპს“ მოშიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

2008 წლის აგვისტოში, იმ პერიოდში, როცა მიხეილ მოშიაშვილი კვლავაც „გაერთიანებული ფინანსური ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, მან კიდევ ერთი სერიოზული შეთავაზება მიიღო კომპანია „ეარიუნიონისგან“. ქუთაისში დაბადებული ებრაული წარმოშობის ბიზნესმენ-ფინანსისტი „ეარიუნიონის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბორის აბრამოვიჩის მრჩეველი გახდა. ეს კომპანია ძმებს ბორის და ალექსანდრე აბრამოვიჩებსა და სახელმწიფოს სანახევროდ ეკუთვნოდა.

მოშიაშვილს „ეარიუნიონში“ საპასუხისმგებლო თანამდებობა და სფერო ჩააბარეს. მას ყველა ფინანსური ნაკადის კონტროლი და თანხმობის მიცემა დაევალა ავიაკომპანიის მიერ წარმოებულ ყველა ფინანსურ ოპერაციაზე. ანუ მისი თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციების წარმოება.

მიხეილ მოშიაშვილმა კიდევ ერთ ახალ საქმეს დიდი ენთუზიამით მოჰკიდა ხელი. მისი თქმით, კომპანიის უმთავრესი ამოცანა იყო გადამზიდავთა მუშაობის მეორადი ანალიზი, როგორც ფინანსური, ისე საოპერაციო თვალსაზრისით და შემოსავლების ოპტიმიზაცია. მას ამოცანად ავიაკომპანიის თვითდაფინანსებაზე გადასვლა დაუსახეს. ამასთან, მოშიაშვილის განცხადებით, მის კომპეტენციაში არ შედიოდა სახელმწიფო ჰოლდინგის „როსტეხნოლოგიის“ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა.

ერთი საინტერესო დეტალი: მოშიაშვილს „ეარიუნიონის“ მენეჯმენტში ჩარევის ნება არ დართეს, თუმცა, უფლება მისცეს, რეკომენდაციები მიეცა კომპანიის მმართველებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მისი ვალი აქციონერთათვის პრობლემების საერთო სურათის წარდგენა იყო. მოშიაშვილის ბორის აბრამოვიჩის მრჩევლად დანიშვნის მომენტისთვის, „ეარიუნიონის“ შემადგენლობაში შემავალი ყველა ავიაკომპანიის საერთო ვალი, ჯამში მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

რუსული პრესა ხშირად სვამს კითხვებს: რამ მიიყვანა რუსული ავიაგადამზიდი კომპანიები სავალალო მდგომარეობამდე? საიდან დაგროვდა მილიარდობით დოლარის დავალიანება? საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, „ეარიუნიონის“ ალიანსი პრეტენზიას აცხადებდა რუსეთის წამყვანი ავიაკომპანიის, ცნობილი „აეროფლოტის“ გვერდით დაემკვიდრებინა ღირსეული ადგილი. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფომ და ძმებმა ბორის და ალექსანდრ აბრამოვიჩებმა, დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ, ქონების გაყოფა ვერ შეძლეს.

„ეარიუნიონს“, რომელიც თავის დროზე ძმებმა აბრამოვიჩებმა შექმნეს, ალიანსი ტყუილად არ ეწოდებოდა. მასში შემავალი ყველა კომპანია ფუნქციონირებდა როგორც ერთი, მთლიანი ორგანიზმი, თუმცა იურიდიულად არ იყვნენ გაერთიანებულნი და ეს არ იყო მხოლოდ ფორმალობა. „ეარიუნიონი“, როგორც გაერთიანებული კომპანია, გაცილებით იოლად მიიღებდა ყოველგვარ კრედიტს, ვიდრე მისი გადამზიდავი კომპანიები ცალ-ცალკე. საბოლოოდ სწორედ ამან მიიყვანა ალიანსი გაკოტრებამდე, – აცხადებენ წყაროები „ეარიუნიონის“ ალიანსიდან, რომელთაც რუსულ პრესასთან ვინაობის გამხელა არ სურთ. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას სულ სხვა ვერსია აქვს: ხელმძღვანელობამ თავად მიიყვანა გადამზიდავი ფირმები კრახამდე.

ამას თან დაერთო ისიც, რომ საავიაციო ბენზინის მიმწოდებლებმა უარი განაცხადეს თვითმფრინავების საწვავით მომარაგებაზე დიდი დავალიანების გამო. ბიზნესი პარალიზებული აღმოჩნდა, რეისები ორი კვირის განმავლობაში ვეღარ სრულდებოდა. ამ დროს კი რუსეთის ავიაციის სფეროში მოღვაწე ჩინოვნიკებს სხვა რამ ადარდებდათ – რა ექნათ „ეარიუნიონისთვის“, რომლის ნახევარიც სახელმწიფოს საკუთრება იყო.

„კრასეარი“ და „დომოდედოვსკიე ავიალინიი“ უკვე კოტრდებოდნენ. მიმომხილველები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ რუსეთში რეისები ასე მასობრივად 2007 წლის ნოემბრის შემდეგ არ გადადებულა, როცა ცენტრალურ რუსეთში ნისლის ჩამოწოლის გამო მთელი კვირა ვერც ერთი რეისი ვერ შესრულდა.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: თავის დროზე „ეარიუნიონის“ შექმნის შესახებ ბრძანებულებას, რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა და დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი. აქედან გამომდინარე, პუტინი დაინტერესებული იყო ამ კომპანიის ბედით. შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ გაკოტრების პირას მისული კომპანიის ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით შარშან, ნოემბერში თათბირი ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა მოიწვია. მან პრობლემის მოგვარების ორი ვარიანტი წამოაყენა: პირველის თანახმად, მისი ლობისტები „როსიმუშესტვო“ და „როსტეხნოლოგიი“ ხდებოდნენ, მეორე შემთხვევაში კი ალიანსი უნდა გაკოტრებულიყო და და მის ბაზაზე ახალი გადამზიდი კომპანია ჩამოყალიბებულიყო.

სახელმწიფო ლობირებით მალევე შეიქმნა დახურული სააქციო საზოგადოება „ეარიუნიონი“, რომლის ხელმძღვანელადაც მიხეილ მოშიაშვილი დაინიშნა. როგორ ჩანს, საბოლოოდ ყველაფერი „ეარიუნიონის“ ბაზაზე ახალი ავიაგადამზიდი კომპანიის „როსავიას“ ჩამოყალიბებით დასრულდება.

ცნობილ ფინანსისტსა და ტოპ-მენეჯერ მიხეილ მოშიაშვილს სამოღვაწეო ასპარეზზე კიდევ არაერთი საინტერესო ცვლილება ელის. მას რუსეთში კორპორაციული ფინანსების სფეროში უმსხვილეს სპეციალისტად და ექსპერტად მიიჩნევენ, მისი მონაწილეობით დადებულ გარიგებათა საერთო მოცულობა კი უკვე რამდენიმე მილიარდი დოლარია.

დავით ბახტაძე


скачать dle 11.3