როდის მწვავდება ნევროზი და რა უნდა გავითვალისწინოთ სეზონთან დაკავშირებით
ნევროზი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა საქართველოში, რაც სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა. საზოგადოებრივი წარმოდგენა ამ პათოლოგიაზე ხშირ შემთხვევაში მცდარია. ნევროზის შესახებ გვესაუბრება, სკანდინავიურ-ქართული სამედიცინო ცენტრის „ნეოკლინიკის“ ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა ასოციაციის ნევროლოგიის სექციის წევრი, საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოების სწავლული მდივანი, მედიცინის დოქტორი გიორგი ჩახავა.
– რა არის ნევროზი?
– ნევროზი – კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნავად. ნევროზი კლინიკურად წარმოადგენს ფსიქოგენური შექცევადი აშლილობების კრებით სახელს, რომლებიც შესაძლოა გაჭიანურდნენ. საერთო კლინიკურ სურათში დამახასიათებელია ასთენიურობა, აკვიატებული ან ისტერიკული გამოვლინებებით, ასევე ხასიათდება ინტელექტუალური და ფიზიკური მონაცემების პერიოდული შემცირებებით. ცნება „ნევროზი“ მედიცინაში შემოღებულია 1776 წელს შოტლანდიელი ექიმის, უილიამ კულენის მიერ.
ფსიქოლოგიურ ფაქტორს ყველა შემთხვევაში წარმოადგენს სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენებით მიღებული ფსიქოგენური ტრავმა ან ინტელექტუალური, ფიზიკური გადატვირთვები. ტერმინმა ჩვენ დრომდე მრავალი ფორმირება განიცადა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩამოყალიბდა. ხშირია სხვადასხვა ვეგეტატიური დარღვევა: პულსის ლაბილობა, არტერიული წნევის დაცემა, ოფლიანობის მატება, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციები. ნევროზის დეფინიცია არის – სხვადასხვა გამოვლინებების ერთობლიობა, დაწყებული შფოთვითი აშლილობიდან დამთავრებული აკვიატებული იდეებით, პანიკური შეტევებით, წარუმატებლობის მოლოდინით და სხვა. შფოთვა, შეუცნობადის მოლოდინი შიშის, წუხილის ერთობლივი განცდაა და შეიძლება, განვითარდეს გარეგანი მიზეზის გარეშე, ან იყოს შეუსაბამოდ მძაფრი რეალურად არსებულ მიზეზთან მიმართებაში. ასეთი შემთხვევები განიხილება როგორც დარღვევა. შფოთვით დარღვევებს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეცვალოს პიროვნების ცხოვრების ჩვეული რიტმი.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი დარღვევები?
– შფოთვითი დარღვევების გამომწვევი გარეგანი მიზეზია სტრესი, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია, გამოიწვიოს სირთულეებმა სამსახურში ან სასწავლებელში. სირთულეებს ასევე შეიძლება, წავაწყდეთ პირად ურთიერთობებში. სირთულეების გამომწვევია ასევე, დისგამია, პოტენციის დაქვეითება, ანორგაზმია, ლიბიდოს დაქვეითება. ცალკე უნდა გამოვყოთ ფინანსური, საცხოვრებელი ადგილის შეცვლით გამოწვეული, ემოციური და სხვადასხვა დაავადებების თანმხლები სტრესი. მაგალითად, საყვარელ ადამიანთან განშორება, ახლობლის სიკვდილი, სიმსივნის ან სხვა ქრონიკული დაავადების არსებობა. დარღვევები შესაძლებელია, გამოიწვიოს მედიკამენტების გვერდითმა მოვლენებმაც და მრავალმა ცხოვრებისეულმა ფაქტორმა.
– როგორია დაავადების სტატისტიკა?
– სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 30 პროცენტს აქვს გარკვეული სახის ნერვიული აშლილობა, მათ შორის პანიკური შეტევები და სხვა ხასიათის ცვლილებები. 15 პროცენტში აღინიშნება დეპრესია. ნევროზი ქალებში უფრო ხშირად გამოვლინდება, ვიდრე მამაკაცებში და აღინიშნება გვიანი მოზრდილობისა და ადრე ზრდასრულობის პერიოდში. მეორე ტალღა იწყება 45-50 წლის ასაკში, აგრეთვე ხშირია ბავშვებში და მოზარდებში. დეპრესიით დაავადებულ პირებში ხშირია მიდრეკილება სუიციდური იდეებისა და მცდელობებისკენ. საქართველოში ხშირია სოციალური ფობიები, განსაკუთრებით საომარი კონფლიქტის რეგიონებში.
– საქართველოში ამ დაავადების რომელი ფორმის გამოყოფა შეიძლება?
– სამწუხაროდ, სარწმუნო ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ კუთხით არ არსებობს. თუმცა, ინტერესი საზოგადოების მხრიდან ასეთი კვლევის ჩატარებისადმი დიდია.
– რა იწვევს ნევროზს?
– მრავალი ნეირობიოლოგიური თეორია არსებობს, რომლებიც დაყრდნობილია სხვადასხვა კვლევაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ნორადრენალინის სისტემის ფუნქციონირების დარღვევას. ნორადრენერგული ბირთვი იღებს იმპულსებს სენსორული სისტემიდან, ტვინის სხვადასხვა უბნებიდან – ჰიპოკამპიდან, ჰიპოთალამუსიდან, თავის ტვინის ქერქისა და ზურგის ტვინისგან და იწვევს შფოთვის, შიშის გამოვლინებას. სხვადასხვა ცხოველზე ექსპერიმენტისას სხვადასხვა სტერეოტიპი ვითარდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სეროტონინის ნეიროტრანსმისტერული სისტემა. სეროტონინი ნერვული უჯრედების ფუნქციონირების ყველა დონეზე მონაწილეობს. მისი მონაწილეობა თანდათანობით დასტურდება ყველა ნეიროფსიქიატრიული დაავადების ეტიოლოგიაში. ამით არის განპირობებული ახალი ანტიდეპრესანტების ეფექტურობა თუნდაც, პანიკის მკურნალობაში. არის ასევე სეროტონინის დეფიციტური თეორია, რომელიც გვაუწყებს, რომ სეროტონინის დეფიციტის მქონე ნეირონებს ნერვული ქსოვილის ფუნქციონირებაზე აქვს გავლენა.
– რა მკურნალობაა საჭირო?
– ხშირ შემთხვევაში, ნევროზული რეაქციების დროს მნიშვნელოვანია ფსიქიატრების, ნევროლოგების, ფსიქოსომატური მედიცინის და შინაგანი მედიცინის სპეციალისტების დროული ჩარევა. არ არსებობს პაციენტი, რომელიც არ იქნება დაინტერესებული მკურნალობით, რადგანაც მათ აქვთ პერსონალური თუ ოჯახური პრობლემები, უთანხმოება საზოგადოებასთან, სოციუმთან. ამ გამოვლინებების მკურნალობაში მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური თერაპია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი. დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ქცევითი, შემეცნებითი ფსიქოთერაპიული მკურნალობა, ფსიქოდინამიკური, ინტეროცეფციული თერაპია და ქცევითი ექსპერიმენტი. გარდა ფსიქოთერაპიისა, გამოიყენება მედიკამენტოზური თერაპია. ძირითადად ეს გულისხმობს, ტრანკვილიზატორებსა და ანტიდეპრესანტებს იმის მიხედვით, თუ რა შფოთვითი აშლილობა ან კონვერსიული დარღვევა აღენიშნება პაციენტს. მაგალითად, დეპრესიისა და პანიკური აშლილობის დროს, არჩევის პრეპარატად რჩება სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, რომლებიც ფართოდ არის ჩვენს ფარმაკოლოგიურ ბაზარზე. მნიშვნელოვანია ელექტროლიტების, კალციუმის, მაგნიუმის და ვიტამინების, სტიმულატორების – პოლიჟენის და ჟენშენის ჩართვა მკურნალობაში, განსაკუთრებით ნევრასთენიული ფორმების დროს. უპირველესად, მნიშვნელოვანია ასეთმა პაციენტმა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას და მისთვის მისაღებ ექიმს, რომელთან ერთადაც შეძლებს ყველა პრობლემის გადაწყვეტას. მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის, ასევე იმ ადამიანთან, რომელსაც პაციენტი ენდობა და უზიარებს თავის აზრებსა და მდგომარეობას. ასეთი თანადგომა გარკვეულწილად, ხელოვნებაა და სჭირდება ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება.
– რა ტიპის ექსპერიმენტებზეა საუბარი?
– ექსპერიმენტები გულისხმობს, გამომწვევი გარემო ფაქტორის, პანიკური შეტევის „ჩამრთველის“ ხელოვნურად შექმნას, რაც შემდგომში მისი აქტუალობის დაკარგვას გამოიწვევს. მაგალითად, შიში გაშლილ სივრცეში გასვლისა – აგაროფობია, ან პირიქით – კლაუსტროფობია. თუ ადამიანს მოვახვედრებთ გახსნილ სივრცეში მას განუვითარდება აგაროფობიისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი. თუ ადამიანი ჩქარა არბის კიბეზე, მას უვითარდება ხშირი სუნთქვა, ქოშინი. ეს არ არის მისთვის უბედურების მომტანი, უბრალოდ, მისი მდგომარეობის ვეგეტატიური გამოვლინებაა.
– რაიმე რჩევა თუ გაქვთ ამ პრობლემით შეწუხებული მკითხველისთვის?
– ადამიანი საკმაოდ რთული, ნატიფი არსებაა. მის შინაგან სამყაროში ჩარევა უნდა მოხდეს ძალიან სათუთად და დელიკატურად. თვითონ პაციენტის განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი არ უნდა იყოს მხოლოდ ექიმისა და მედიკამენტების იმედად. თვითონაც უნდა შეუწყოს ხელი საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამაში დაეხმარება ცხოვრების წესის შეცვლა, სპორტული აქტივობა – სიარული, ცურვა, თხილამურები, ველოსიპედი, თუნდაც ბუნებაში სეირნობა. შრომითი თერაპიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორადაც არ უნდა დაეხმაროს ექიმი ავადმყოფს, ბევრი რამ არის დამოკიდებული თვითონ პაციენტზე. მან უნდა შეძლოს დადებით ფაქტორებზე ყურადღების გადატანა, უარყოფითი ფაქტორების ნიველირება.