ხილული სასწაული უმეცართათვის
„სკიტეში ცხოვრობდა ერთი ბერი, – მოგვითხრობს ღირსი არსენ დიდი (მეხუთე საუკუნე), – სხვა მამებს შორის სახელგანთქმული თავისი ცხოვრებითა და სათნოებებით, მაგრამ, უმეცრებით (რაკი იყო მიამიტი და საღვთო წერილში განუსწავლელი) მოიხიბლა და უწმიდეს საიდუმლოთა მიმართ ურწმუნობა გაუჩნდა. იგი ამბობდა, რომ პური, რომელსაც საღვთო საკურთხევლიდან ვიღებთ და ბარძიმით ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, არ არის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, არამედ სახეა ხორცისა და სისხლისა.
ორი გამოცდილი ბერი მიხვდა, რომ მონაზონი არა ბოროტი განზრახვით, არამედ თავისი უბრალოებისა და უმეცრების გამო საუბრობდა ასე წმიდა საიდუმლოთა შესახებ. მათ მოინდომეს მისი გამოსწორება, მივიდნენ მასთან, ისაუბრეს სულისთვის სასარგებლო თემებზე და უთხრეს: „ყური მოვკარით, მამაო, ერთ ძმაზე დაუჯერებელ ამბავს – თითქოს იგი ამბობდეს, რომ პური, რომელსაც ვიღებთ და საკურთხევლის ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, არის არა ქრისტეს ხორცი და სისხლი, არამედ მათი სახე“. მონაზონმა უპასუხა: „ამას მე ვამბობდი“.
ბერებმა დაუწყეს ვედრება: „ირწმუნე ისე, როგორც გადმოგვცა წმიდა კათოლიკე ეკლესიამ – ჩვენ გვწამს და ვაღიარებთ, რომ პური ჭეშმარიტი ხორცია ქრისტესი და ღვინო ბარძიმში – ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლია და არა სახე ხორცისა და სისხლისა“.
მათ ამის ნათელსაყოფად დაიმოწმეს მრავალი ადგილი წმიდა წერილიდან და წმიდა მამებიდან. მაგრამ მონაზონი თავისი მიამიტობის გამო ამბობდა: „თუ საქმით არ შევიტყობ, ვერ დავიჯერებ“. მაშინ ძმებმა შესთავაზეს: „მამაო, ვილოცოთ სამივემ, მთელი შვიდეული ვიმარხულოთ, რათა ღმერთმა გაგიცხადოს ეს საიდუმლო. გვჯერა, ასეც იქნება, რადგან იგი არ მოინდომებს, დაღუპოს შენი მრავალწლიანი შრომა“.
მიამიტმა მონაზონმა სიხარულით მიიღო ეს სიტყვა და თითოეული მათგანი მთელი კვირით ჩაიკეტა თავის სენაკში. „შენ უწყი, უფალო, – თავის ლოცვებში ასე მიმართავდა ღმერთს ეს მონაზონი, – მე ბოროტი ზრახვის გამო კი არ ვარ ურწმუნო, არამედ ჩემი მოკლე ჭკუით არ შემიძლია, გავიაზრო და ჩავწვდე ამ საიდუმლოს. შენი სახიერების გამო მაუწყე ჭეშმარიტება. დაე, განვიკურნო ურწმუნობის სენისგან“.
ასევე ლოცულობდა ორი ბერიც: „მეუფეო, განუცხადე ჩვენს ძმას შენი საიდუმლო, დაე, ირწმუნოს და არ დაღუპოს თავისი ღვთივსათნო ღვაწლი“.
შეისმინა ღმერთმა მათი ლოცვა და განუცხადა თავისი საშინელი საიდუმლო.
დამთავრდა შვიდდღიანი ლოცვა, მარხვა და დადგა კვირადღე. სამივე ბერი შევიდა ეკლესიაში და ერთ ადგილზე დადგა. საღვთო ლიტურგიის დროს აღეხილათ თვალები და წმიდა ტრაპეზზე დადებული პურის ნაცვლად მათ დაინახეს ყრმა.
ის იყო, მღვდელმა ხელი გაიწოდა პურის გასატეხად, რომ ბერებმა იხილეს – როგორ დაეშვა ციდან უფლის ანგელოზი დანით ხელში. მან დაკლა ყრმა და ბარძიმში ჩაასხა სისხლი, ხოლო მისი სხეული დაანაწევრა.
ძმები მივიდნენ წმიდა საიდუმლოებთან საზიარებლად, მივიდა ურწმუნო მონაზონიც, მაგრამ, როგორც კი ხელი მოჰკიდა უმ, სისხლიან ხორცს, ხოლო ბარძიმში სისხლი დაინახა, შეძრწუნდა და შეჰყვირა: „მწამს, უფალო, რომ პური შენი ხორცია და ღვინო – შენი სისხლი“! ხორცი პურად იქცა, სისხლი კი – ღვინოდ და ეზიარა ბერი დიდი მოშიშებითა და გულშემუსრვილებით.
„ქრისტე ღმერთმა უწყის, – თქვეს ბერებმა, – რომ ადამიანთა მოდგმას არ შეუძლია უმი ხორცის ჭამა და სისხლის სმა. ამიტომაც, რწმენით მაზიარებელთ, უფალი აძლევს თავის ხორცს პურის სახით, ხოლო საკუთარ ცხოველმყოფელ სისხლს – ღვინის სახით“.
ყველამ აღუვლინა დიდება ქრისტე ღმერთს ამ საიდუმლოს გაცხადებისთვის; აგრეთვე იმისთვის, რომ არ დაუშვა ღვთისმოსავი ბერის დაღუპვა ურწმუნოების გამო.
წმიდანთა ცხოვრებიდან ამოკრებილი
სასწაულები და ხილვები