რა დაუშალა თენგიზ არჩვაძემ ანუკა ქებურიას და რატომ გახდა ის „საპოჟნიკი“
დიდი ბედნიერებაა ისეთ ოჯახში დაიბადო, როგორც ეს ანუკა ქებურიას შემთხვევაში მოხდა. ორივე მისი ბაბუა ძალიან წარმატებული იყო თავის საქმეში, თენგიზ არჩვაძის და ბესარიონ ქებურიას შვილიშვილმა ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი აირჩია და დღეს ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია საქართველოში. „ჯორჯიან ფეშენ ვიქზე“ მისმა ჩვენებამ საოცარი ეფექტი მოახდინა და ბევრი საინტერესო წინადადებაც მიიღო.
ანუკა ქებურია: ბავშვობიდან ვხატავდი და სულ ვიცოდი, რა პროფესიას ავირჩევდი, ვფიქრობდი იმაზე, რომ უცხოეთში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე გავთხოვდი და რაღაცეები შეიცვალა ჩემს პირად ცხოვრებაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. გაჩნდა ნატუკა, რომელიც საუკეთესოა, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია. მოგვიანებით, მაკა ასათიანთან სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, სადაც აქსესუარებს ვაკეთებდი. ტანსაცმელი რატომღაც არასდროს მაინტერესებდა. ამის შემდეგ დავიწყე „სანდალში“ მუშაობა, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის „ჰენდ მეიდ“ ფეხსაცმელს ქმნიდა. ის ხუთი წელი, რაც „სანდალში“ გავატარე, უდიდესი პრაქტიკა იყო ჩემთვის, ფეხსაცმლის შექმნის ყველა ეტაპზე უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას. ვიჯექი ხელოსნებთან, ვაკვირდებოდი, რა და როგორ ხდებოდა წმინდა ტექნიკურ დონეზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიზაინერი, რომელიც მხოლოდ მოდელს ხატავს, ფანტაზიას გასაქანს მისცემს და რაღაც საოცრებას დახატავს, შეიძლება, ხელოსანმა მისი გაკეთება ვერც შეძლოს, ანუ ტექნიკურ დონეზე წარმოუდგენელი, არარეალური იყოს შესრულება. ესკიზი იმით არის საინტერესო, რომ შემდეგ ის ფეხზე ნახო.
– ვიცი, რომ ამის შემდეგ სენ-მარტინის სკოლაში სწავლობდი, რომლითაც ბევრი დიზაინერი ამაყობს.
– კი, ამის შემდეგ წავედი სენ-მარტინში, ფეხსაცმლის დიზაინის კურსების გასავლელად. მაგრამ იმდენად კარგი პრაქტიკა მქონდა, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, იქ ძალიან ბევრი ვისწავლე და ბევრი ახალი აღმოვაჩინე-მეთქი. წავედი იმიტომ, რომ მენახა, კეთდება თუ არა იქ ფეხსაცმელი განსხვავებული წესით, როგორი ტექნიკა აქვთ, მაგრამ, ყველაფერი ზუსტად იგივენაირად ხდება, როგორც აქ, რამაც ძალიან გამახარა. იქ უბრალოდ, შთაგონების მეტი საშუალებებია, მეტს ნახულობ, მეტი მნიშვნელობა ენიჭება იდეას. სხვათა შორის, სენ-მარტინში ფეხსაცმელს საკუთარი ხელით ვაკეთებდით, მართალია, არა ლანჩზე, არამედ მის იმიტაციაზე, მაგრამ, სხვა ყველაფერი – ტყავის გადაჭიმვა, შეკერვა თვითონ მიხდებოდა. ლონდონში დიდხანს არ ვყოფილვარ, მოკლევადიანი კურსები იყო და შემდეგ ისევ თბილისში ჩამოვედი. გავხსენი ჩემი სალონი და პატარა გამოფენა გავაკეთე შარდენზე. რომელიმე ცნობილ მოდის სახლში ფეხსაცმელზე მუშაობაზე არ მიფიქრია, რადგან აქ მაქვს ოჯახი, მაქვს ჩემი საქმე და ვცდილობ, ჩემი შექმნილი გავიტანო სხვადასხვა ქვეყანაში. საინტერესო იქნება, რომელიმე დიზაინერთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე აქ ყოფნა და ჩემი რაღაცეების კეთება მირჩევნია. ერთი ან ორი თვით სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი, ისინი როგორ მუშაობენ. ზაფხულში შესაძლოა, მოკლევადიანი სტაჟირება გავაკეთო.
– რეალურია შანსი იმისა, რომ შენი ფეხსაცმელი და აქსესუარები უცხოეთში გაიტანო?
– პარიზისა და მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში „შოუ-რუმებში“ მონაწილეობის წინადადება მაქვს მიღებული. ორი წლის განმავლობაში ჩავდიოდი მოდის კვირეულის პერიოდში და ყველას რაღაც წინადადებას ვთავაზობდი, მაგრამ საერთოდ არ მელაპარაკებოდნენ. წარმოიდგინე, ვიღაც უცხო გოგო მოდის, დიდი ჩანთით და გეუბნება, იცით, მე მინდა, ჩემი ფეხსაცმელები გაჩვენოთ – ამას, რა თქმა უნდა, სერიოზულად არავინ აღიქვამდა. არასდროს მქონია იმის ამბიცია, ისეთი მაგარი ვარ, ვიღაცამ თავისით უნდა მიპოვოს-მეთქი. აბსოლუტურად არ მეთაკილებოდა ასე, ჩანთით სიარული. რვა წელია, ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ. თუმცა, იმის პრეტენზია ნამდვილად მაქვს, რომ ჩემი საქმე ძალიან კარგად მესმის და კარგადაც ვაკეთებ. ერთი სიტყვით, თავიდან სერიოზულად არ მიყურებდნენ, მაგრამ მერე, როგორც იქნა, ვანახე მათ ჩემი ნამუშევრები და ყველას ძალიან მოეწონა. მითხრეს, გაქვს საშუალება, პარიზის და მილანის შოუ-რუმებში გამოიტანოო? მაგრამ, კოლექციის მომზადება ძალიან რთულია. ორმოცი წყვილი ფეხსაცმლის შექმნა, გზისა და იქაური ხარჯების დაფარვა, „შოუ-რუმის“ დაქირავება, იქ აგენტის აყვანა, რომელიც ყველა საჭირო ადამიანს შენამდე მოიყვანს – უდიდეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც თბილისში ჩატარებულ მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღების საშუალება მომეცა. ყველა ის ადამიანი, ვინც საჭიროა, რომ კოლექცია ნახოს, აქ იყო და ჩემი ნამუშევრები ძალიან მოეწონათ. ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე. შეიძლება, ნახო ფეხსაცმელი და ძალიან მოგეწონოს, მაგრამ ის ვინც ტექნიკურად ერკვევა თუ როგორ იქმნება ფეხსაცმელი, აღფრთოვანებულნი იყვნენ. ჩემი მოდელები ისეთი ტექნოლოგიით არის შესრულებული, რომელიც აქამდე არავის გამოუყენებია. მქონდა ფეხსაცმელი, რომელიც რკინის ბადისგან შევქმენით ანუ ბადეს ფეხსაცმლის ფორმა მივაღებინეთ. მოდაშია ლითონი და რკინა, მაგრამ ჩემს ფეხსაცმელზე არ არის სტანდარტული რკინის „კნოპკები“, რკინის ფირფიტები მოვერცხლილია და მერე ისეა დაფერილი და დამუქებული, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ფერს იღებს.
– საქართველოში კი არა, მსოფლიოს არც ერთ დიზაინერს არ ჰქონია მსგავსი კოლექცია.
– ძალიან დიდი მადლობა. ასეთი შეფასება ბევრი მოვისმინე და ძალიან გამიხარდა. არავის არ ჰგავს – ეს წინადადება მართლა მახარებს. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ამდენი რამ არის შექმნილი, ამდენი არაჩვეულებრივი დიზაინერი იყო და არის, მათ შემდეგ, რომ ადამიანში ჩემი ნამუშევარი გაოცებას იწვევს, ეს ძალიან მსიამოვნებს.
– ვიცი, რომ ლონდონში მცხოვრებ ქართველ დიზაინერებთან მეგობრობ, არ გიფიქრია, რომ მათ გვერდით ანუკა ქებურიას სახელიც იყოს?
– თათა და ნაკა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან, ჯერ კიდევ თბილისიდან. დევიდ კომა სენ-მარტინში სწავლობდა ჩემ მეგობართან ერთად, მერე ერთმანეთი გავიცანით და დავმეგობრდით. საქმიანი და შემოქმედებითი მეგობრობა გვაქვს. (იცინის) ლონდონი ერთადერთი ქალაქია, სადაც თბილისის გარდა ვიცხოვრებდი. უამრავი სხვა საინტერესო ქვეყანა და ქალაქია, მაგრამ ლონდონის კულტურა სულ სხვანაირია. იქ იცი რა იქნება ხვალ, ზეგ და შენც უფრო პროგრესულად აზროვნებ, მეტი ფიქრის და ინსპირაციის საშუალება გაქვს. საოცრად არის განვითარებული თანამედროვე არტი, ჩემს სფეროში ყოველდღე რაღაც საინტერესო ხდება, რაც ახალ იდეებს ბადებს. როდესაც თბილისში ხარ, ოჯახი გაქვს, ყოვედღიური საზრუნავი, სახელოსნო, სადაც ყველაფერზე ფიქრობ – ნებისმიერ საყოფაცხოვრებო საკითხზე და სულ ტემპში ხარ ამ ყოფითი პრობლემებით, შეუძლებელია ახალი იდეები მოვიდეს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ძალიან რთულია ამ ყველაფრის დატოვება და წასვლა. უამრავი ვალდებულება მაქვს, შვილი მყავს, რომელსაც ყველაზე მეტად ვჭირდები.
– შენი ორივე ბაბუა ძალიან ცნობილები იყვნენ. რატომ არ გააგრძელე თენგიზ არჩვაძის გზა?
– ვერც ერთი ბაბუის ტრადიცია ვერ გავაგრძელე, ვერც მსახიობი გავხდი და ვერც მფრინავი. (იცინის) ისე, სხვათა შორის, რაღაც ასაკში მქონდა მფრინავობის სურვილი. ბავშვობიდან ხელოვნებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ როდესაც ერთადერთხელ, ხმამაღლა ვიფიქრე, თეატრალურში ხომ არ ჩამებარებინა-მეთქი, ბაბუაჩემი გაგიჟდა და გადაირია. არ იფიქრო და არც გაბედოო.
– რატომ?
– მიუხედავად იმისა, რომ ამხელა წარმატებას მიაღწია, ამდენი კინოროლი შეასრულა და ხალხის ასეთი სიყვარული აქვს, მსახიობობა მისთვის მაინც ძალიან მტკივნეული პროფესიაა, უნდოდა გამფრთხილებოდა, არ უნდოდა მტკენოდა. თენგიზმა მითხრა, ეს ისეთი პროფესიაა, სადაც საკუთარ თავზე დამოკიდებული არ ხარ, გამართლებას უნდა ელოდოო. დედაჩემიც მსახიობია, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახდინა. გამომდინარე აქედან, ისეთ პროფესიამდე მივედი, სადაც ასე თუ ისე, საკუთარ თავზე ვიქნებოდი დამოკიდებული.
– მფრინავობაზე როდის ფიქრობდი?
– ბავშვობაში. მქონდა ასეთი პერიოდები. მართალია, ჩემი დიდი ბაბუა არ მინახავს, მაგრამ მისი ისტორია ყოველთვის ძალიან მხიბლავდა. ბაბუა ახალგაზრდა წავიდა საფრანგეთში. პარიზში ის მფრინავობას სწავლობდა. ლუი ბლერიოსი იყო ერთ-ერთი პირველი მფრინავი, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა. ამის შემდეგ მან იმდენი მოხერხებულობა გამოიჩინა, რომ თვითმფრინავი იყიდა. მაშინ ძალიან მარტივი, ამ გადმოსახედიდან, ძალიან სასაცილო თვითმფრინავები იყო, „კუკურუზნიკის“ ტიპის. სხვათა შორის, იმ თვითმფრინავის მაკეტი სახლში დღემდე მაქვს. „კალკებით“, ქაღალდებითა და ხის უმარტივესი კონსტრუქციებით იყო აგებული. ოცდახუთი ცხენის ძალა ჰქონდა. სწავლის პროცესში თვითმფრინავი ძალიან ხშირად იმტვრეოდა, ვარდებოდნენ და მისი შეკეთება ძალიან ძვირი ჯდებოდა. სწორედ ამ მიზეზით შეიძინა საკუთარი თვითმფრინავი. ერთი ამბავი ვიცი, როდესაც ბაბუა თვითმფრინავით ჩამოვარდა. მისი ძრავა ძალიან ძვირი იყო, სხვა ნაწილებს არანაირი ფასი არ ჰქონია. ბაბუა წყალში ჩავარდა, მაგრამ ძრავას ხელი მაინც არ გაუშვა. წყლიდან ძრავიანად ამოძვრა. გადარჩა ის ძრავა. ამ თვითმფრინავით თბილისში ჩამოვიდა, პირველი აფრენები მოაწყო. ძალიან პოპულარული გახდა მთელ საქართველოში. სხვათა შორის, ანა ახმატოვა წერს ერთ-ერთ წერილში: პარიზის ერთ კაფეში ვისხედით, სადაც ერთი ძალიან სიმპათიური ქართველი ბიჭი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეულიო. წარმოიდგინე, სიმპათიური ქართველი, თან შებერტყილი მეგრელი. (იცინის). ანა წერს, ფეხსაცმელმა საშინლად მომიჭირა და მაგიდის ქვეშ ჩუმად გავიხადე, ისე რომ გადასაფარებელი მეფარებოდა. ძალიან არ მინდოდა, ეს ვინმეს შეემჩნიაო. წამოსვლის დროს ფეხსაცმელი ჩუმად ჩავიცვი და ვიგრძენი, რომ შიგნით რაღაც დევს და მაწუხებსო. გარეთ გამოვედი და ფეხსაცმელში ფურცელი აღმოვაჩინე, სადაც იმ ქართველ ბიჭს თავისი სავიზიტო ბარათი ჩაუდიაო (იცინის). სადაც ამხელა გამბედაობა ეყო ბაბუაჩემს, მერე როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა, ალბათ, ადვილი მისახვედრია. ერთი სიტყვით, არც ერთი ბაბუის გზას არ გავყევი. სხვათა შორის, თენგიზი ხშირად ხუმრობს ხოლმე, ამდენი იმიტომ ისწავლე, რომ ბოლოს „საპოჟნიკი“ გამხდარიყავიო, მაგრამ როდესაც ჩემი ნახელავი ნახა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ხელოვნებაა და უდიდეს შემოქმედებით ნიჭს მოითხოვს. ძალიან მოეწონა და ახლა ჩემით საოცრად ამაყობს. ჩემს ჩვენებაზეც იყო და ძალიან ამაყად იჯდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო დედაჩემსაც, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და სულ გვერდში მედგა.