კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს ბელარუს ვანდალებთან და რომელი ტელეგადაცემის წამყვანი გახდა ის ისრაელის ტელევიზიაზე

10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი:

მსოფლიოს პოლიტიკური ისთებლიშმენტის უხუცესი წარმომადგენელი, ისრაელის პოლიტიკური სცენის ვეტერანი, ნობელის პრემიის ლაურეატი და პლანეტის ყველაზე ასაკოვანი მოქმედი პრეზიდენტი, შიმონ პერესი, ვისი პოლიტიკური კარიერაც აგერ უკვე 65 წელიწადია, გრძელდება, დღესაც წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს მსოფლიო პოლიტიკაში და მის სიტყვას საკმაოდ დიდი წონა აქვს ამჟამინდელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ამ ფაქტების გათვალისწინებით, საინტერესოდ მიგვაჩნია, შიმონ პერესის ბიოგრაფიიდან შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი.

1. 86 წლის შიმონ პერესის თქმით, მისთვის სამყარო ორ ნაწილად იყოფა: წიგნებად და მეგობრებად. ებრაელებით დასახლებულ სოფელ ვიშნიოვოში (მაშინდელი პოლონეთის და დღევანდელი ბელარუსის ტერიტორია) დაბადებული შიმონ პერსკის თანატოლები სენია პერსკის ეძახდნენ. 9 წლის ასაკში მან ლექსების წერა დაიწყო, რომელთა უმეტესობა მოგვიანებით ისრაელში გამოქვეყნდა. გარდა ამისა, შიმონი საინტერესო რეპორტაჟებსაც ამზადებდა და, აღსანიშნავია, რომ ამას იგი ქალის ფსევდონიმით აკეთებდა. რეპორტაჟები გაერთიანებული იყო წიგნში, სახელად „ქალის დღიურები“. პერესი რამდენიმე ათეული წიგნის ავტორია, გარდა ამისა, ის არის ვლადიმირ ნაბოკოვის, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ბორის პასტერნაკის ნაწარმოებების ებრაულ ენაზე თარგმანების ავტორიც. აღსანიშნავია, რომ შიმონი მაღალ დონეზე ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

2. 1994 წელს, ისრაელის საგარეო მინისტრად მუშაობის პერიოდში, შიმონ პერესი სამუშაო ვიზიტით ეწვია ბელარუსის რესპუბლიკას. ამ ვიზიტის მსვლელობისას პერესი ესტუმრა იმ სოფელს, სადაც დაიბადა და სადაც ბავშვობის წლები ჰქონდა გატარებული. აღმოჩნდა, რომ ერთ დროს „ებრაელების სოფლად“ წოდებულ ვიშნიოვოში არც ერთი ებრაელი აღარ ცხოვრობდა, ხოლო პერსკების საკარმიდამოდან მხოლოდ ჭა იყო დარჩენილი. მოგვიანებით მიცემულ ინტერვიუში პერესი იხსენებდა, რომ სოფლის ებრაელების სასაფლაო ვანდალების მიერ იყო განადგურებული, ებრაელების სალოცავში მაღაზია იყო გახსნილი, სადაც ღორის ხორცს ყიდდნენ, ხოლო ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს თვითონ პერესი იქაურ ჩინოვნიკში აერია და მუხლებზე დაცემული სთხოვდა მას ფინანსურ დახმარებას. მას შემდეგ შიმონ პერესს აღარ გასჩენია სურვილი, სწვეოდა ბელარუსს.

3. შიმონ პერესი და პოპულარული ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვეტერანი ლორენ ბეკოლი, ახლო ნათესავები აღმოჩნდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს პერესი შეხვდა ბეკოლს, რომელმაც უთხრა, რომ მამამისიც წარმოშობით იმ სოფლიდან იყო, სადაც პერესი დაიბადა. აღმოჩნდა, რომ ბეკოლის ნამდვილი სახელი და გვარია ბეტი ჯოან პერსკი, ხოლო მამამისი შიმონის ბიძაშვილი იყო. ლორენ ბეკოლი ცნობილი 40-იან წლებში გახდა, როდესაც ჰოლივუდის ლეგენდასთან, ჰემფრი ბოჰარტთან ერთად მონაწილეობდა ფილმებში. ფილმების გარდა მათ ქორწინებაც აკავშირებდათ. ამერიკის კინოს ინსტიტუტის მიერ ბეკოლი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ვარსკვლავად არის აღიარებული.

4. ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა დაწერა სიმღერის ტექსტი, სახელად „იმედის სხივი“. მელოდიის ავტორის მოსაძებნად კი მან ცნობილ ინტერნეტ ვებ-გვერდს songweavers.com-ს მიმართა, სადაც ერთამანეთს ეკონტაქტებიან კომპოზიტორები, მუსიკოსები და ტექსტის ავტორები. პერესის განცხადებას რამდენიმე კომპოზიტორი გამოეხმაურა, რომლებმაც თავისი მელოდია დაადეს ტექსტს. საბოლოოდ, სიმღერის რამდენიმე ჟანრული ვერსია გამოვიდა, დაწყებული მძიმე როკით და დამთავრებული ალტერნატიული ჯაზით. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მელოდიის ავტორი ირანელი კომპოზიტორი სადრი განდეჰარი აღმოჩნდა, ეს ფაქტი კი იმის გამო არის საინტერესო, რომ ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი, პრეზიდენტად არჩევის დღიდან იმუქრება, რომ წაშლის მსოფლიო რუკიდან ქვეყანას, სახელად ისრაელი.

5. შიმონ პერესი საკუთარი ტელეშოუს წამყვანი გახდა. გადაცემას „შეხვედრები ჭკვიან ადამიანებთან პრეზიდენტის სახლში“ ჰქვია და თვეში ორჯერ გადაიცემა ნაციონალური ტელევიზიით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, აილეტ ფრიშის თქმით, პერესის სტუმრები ისრაელის ახალგაზრდა მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც იუწყებიან, გადაცემის პრეროგატივა იქნება ებრაელებსა და არაბებს შორის არსებული დაპირისპირების განხილვა. სხვათა შორის, შიმონ პერესი არ არის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, ვისაც საკუთარი ტელეშოუ აქვს. რამდენიმე წელია, ვენესუელის ტელევიზიით გადაიცემა პრეზიდენტ უგო ჩავესის გადაცემა „ალო, პრეზიდენტი გისმენთ“, რომელშიც ჩვეულებრივი მოქალაქეები პირდაპირ ეთერში ურეკავენ ქვეყნის პრეზიდენტს.

6. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში შიმონ პერესმა ცნობილი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის – „ენტებეს“ ორგანიზებით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს. შეგახსენებთ, რომ 1976 წლის 27 ივნისს პალესტინელმა და გერმანელმა ტერორისტებმა „ეირ ფრანსის“ თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ტერორისტები იმუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ მძევლებს, თუკი ისრაელის მთავრობა არ გაათავისუფლებდა 57 დაპატიმრებულ პალესტინელ ექსტრემისტს. ისრაელის მთავრობა მზად იყო, წასულიყო მოლაპარაკებებზე, მაგრამ პერესი აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. საბოლოოდ, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც უგანდის დედაქალაქის აეროპორტში ჩატარდა და რომელსაც უშუალოდ შიმონ პერესი ხელმძღვანელობდა, ყველა ტერორისტი დაპატიმრებული ან ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო თვითმფრინავის მგზავრებიდან არავინ დაზარალებულა. ერთადერთი დაღუპული ებრაელი სამხედრო, ისრაელის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის – ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა იყო.

7. შიმონ პერესს არაერთხელ აქვს ხაზგასმული, რომ საკუთარ თავს მომავლის ადამიანად მიიჩნევს და ხშირ შემთხვევაში მის თანამედროვეებს უძნელდებათ მისი აზრების გაგება. პერესი ფუტურულოგიის მიმდევარია და საერთოდ არ ინტერესდება წარსული ისტორიით. მისი აზრით, უმთავრესია ადამიანი იყოს ფანტაზიორი და მეოცნებე, ვიდრე კარგად იცოდეს შუა საუკუნეების ისტორია. თავის დროზე პერესი სამსახურიდან ათავისუფლებდა სამხედრო დაზვერვის იმ სპეციალისტებს, რომელთა შორისაც, მისი აზრით, ის ვერ პოულობდა „მომავლის განჭვრეტის სპეციალისტებს“.

8. შიმონ პერესი საკუთარ თავს ისრაელის ნომერ პირველ ფეხბურთელად მოიხსენიებს. 2009 წლის აგვისტოში მას დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით ისრაელში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი პრეზიდენტისთვის ისრაელის საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე 16 გუნდის 16 კაპიტნის მასთან სტუმრობა იყო, რომლებმაც იუბილე მიულოცეს და საჩუქრად ისრაელის საფეხბურთო ნაკრების მაისური გადასცეს, რომელზეც ციფრი „1“ ეწერა. აღსანიშნავია, რომ შიმონ პერესი საკუთარ დაბადების დღეს ებრაული კალენდრის მიხედვით აღნიშნავს და ზუსტად არავინ იცის, სინამდვილეში როდის აქვს დაბადების დღე ღვაწლმოსილ პოლიტიკოსს. მაგალითად, 70 წლის იუბილე პერესმა 20 აგვისტოს აღნიშნა, ხოლო მე-80 დაბადების დღე – 16 აგვისტოს. (ებრაელების კალენდარში, ჩვეულებრივ, წელიწადში 353-355 დღეა, ხოლო ნაკიანში 383-385 დღე).

9. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ბრიტანული იმპერიის რაინდად აკურთხა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაიმართა, პერესმა დედოფლისგან მიიღო წმიდა მიხეილისა და წმიდა გიორგის ორდენები. როგორც წესი, ორდენი გადაეცემა იმ პირს, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი დიდი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ქვეყნების მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ამავე ორდენის კავალრები იყვნენ რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში-უფროსი, „მაიკროსოფტის“ დამაარსებელი ბილ გეიტსი და ჯგუფ „იუთუს“ სოლისტი ბონო.

10. საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლის, კარლა ბრუნის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ვახშამზე, რომელიც შიმონ პერესის სახელზე გაიმართა ელისეს სასახლეში, მინი-სკანდალი მოხდა: ებრაელმა პოლიტიკოსმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ლეონარდო დი კაპრიოს მეგობარი გოგონა, ისრაელის მოქალაქე, ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი, რომელსაც თურმე არ ჰქონდა გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური ისრაელში. პერესის თქმით, ყველა ებრაელი ქალი ვალდებულია, გაიაროს სამხედრო მომზადება და მისთვის მიუღებელია დეზერტირ ქალთან ერთად ერთ სუფრასთან ჯდომა. როგორც შემდგომ პერესის წარმომადგენელმა აღნიშნა, პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ ვახშამზე რაფაელიც იყო დაპატიჟებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ მივიდოდა სასახლეში. ბარ რაფაელი საკმაოდ ცნობილი მოდელია. მართალია, ის ლეონარდო დი კაპრიოსთან რომანით გახდა ცნობილი, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი საფრანგეთის პირველი ლედის – კარლა ბრუნის დაქალიცაა.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3