კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


არ ვარ ცისფერი!

ჩემი გასაჭირი უნდა გაგიზიაროთ. ან რა აზრი აქვს ამის საქვეყნოდ გამომზეურებას, მაგრამ, იქნებ ეს წერილი იმ ადამიანებმაც წაიკითხონ, ვისი აბუჩად აგდების ობიექტიც გავხდი და, მინდა გითხრათ, სრულიად უმიზეზოდ და დაუმსახურებლად. საქმე ისაა, რომ ვსწავლობ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში პირველ კურსზე. ვარ საშუალო სიმაღლის და უსაშველოდ გამხდარი. გარეგნობით 13-14 წლის ბიჭს ვგავარ, არადა, უკვე 18 წლის გავხდი, თუმცა ჯერ წვერიც კი არ ამომსვლია წესიერად. მაინცდამაინც არც სითამამით და თავხედობით გამოვირჩევი, არც დიდი მოჩხუბარი და მოქეიფე ვარ, – რეალურად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს, და სადაც ვერ „გავქაჩავ“, არც ვეკვეხები. ჰოდა, როგორც დავასკვენი, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ჩემი კურსის კუნთიან ტიპებს „ცისფერი“ ვგონივარ და მომენტს არ უშვებენ ხელიდან, რომ არ დამცინონ, რამე დამამცირებელი არ გამაგონონ. არადა, ღმერთი, რჯული, მართლა არ ვარ „გეი“, შემიძლია, ხატზე დავიფიცო. უბრალოდ, ძალიან სუსტი აღნაგობა მაქვს და, როგორც ჩანს, ფიზიოლოგიურადაც ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ, ნამდვილად გოგონები მომწონს, უნდა გამოგიტყდეთ, ერთი გულშიც კი ჩამივარდა, მაგრამ, ისე ვარ ჩემი გარეგნობის გამო დაკომპლექსებული, რომ წესიერად დალაპარაკებასაც კი ვერ ვბედავ – არ მინდა, თუნდაც გამოხედვით დამცინოს, სიტყვებზე აღარაფერს ვამბობ, ეს ოხერი, ცოტა გავსუქდე მაინც, რომ გამჭვირვალე აღარ ვიყო, ეგება ცოტა უფრო დიდი გამოვჩნდე. მაგრამ, არა, არაფერი გამომდის. რაღა დაგიმალოთ და, იმდენს ვჭამ, ერთ დივიზიას ეყოფა, მაგრამ მე მაინც არაფერი მშველის.

ჩემი მშობლებიც ძალიან ნერვიულობენ, განსაკუთრებით – მამაჩემი, რადგან ხვდება, რომ რაღაც პრობლემები მაქვს და არ ვეუბნები, ჩემი აზრით, მიზეზსაც ხვდება. თვითონ საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი კაცია, დედაჩემიც არ არის გალეული ქალი და მე ვის დავემსგავსე, წარმოდგენა არ მაქვს. ხანდახან ისიც კი მიფიქრია, აყვანილი ხომ არ ვარ-მეთქი, მაგრამ ისე ვგავარ დედაჩემსაც და მამაჩემსაც სახით, რომ ამ აზრს მაშინვე უარვყოფ ხოლმე.

ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დავემსგავსო ნორმალურ კაცს და შესაბამისად, როგორ გადავარწმუნო ჩემი თანაკურსელი ბიჭები და გოგონებიც, რომ მეც ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ, ოღონდ, ჯერ გაზრდა მაკლია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, სპორტის რამდენიმე სახეობაზე ერთდროულად ვიარო, იქნებ რამე მეშველოს. მანამდე კი ჩემი მასხრად ამგდებების გასაგონად, კიდევ ერთხელ ვაცხადებ ხმამაღლა: არა ვარ „ცისფერი“!

ვატო, 18 წლის.



თაკო, შენს ზარს ველი!

მიყვარს გოგო, რომელიც მეც მხვდება და სხვა ბიჭსაც, მაგრამ, ისე ვგიჟდები მასზე, რომ ვერაფერს ვეუბნები, ვერც ვშორდები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცი.

წიგნებში რომ ვკითხულობდი ან ფილმებში ვხედავდი, რომ კაცს უყვარს ქალი, რომელიც მას ღალატობს, არარეალურად მიმაჩნდა და ოდესმე როგორ წარმოვიდგენდი, რომ მეც ასეთი ქალი შემიყვარდებოდა. ჩვენ ჯერ ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია, ისიც იმიტომ, რომ მე არ გადავდგი ეს ნაბიჯი – მეშინოდა, ჩემი უსაზღვრო სიყვარული ამით არ შემებღალა. ვფიქრობდი, რომ ეს თავისთავად უნდა მოვიდეს, ბუნებრივად, როცა ყველაფრის კომპლექსი იხსნება და არც ერთი მხარე არ ფიქრობს შედეგზე, ანუ, არ აწუხებს კითხვები: „ვაიმე, ამას რა მოჰყვება?! “ან „ოჯახმა რომ გაიგოს, რა მეშველება?“ მე ასე სათუთად ვუფრთხილდებოდი ჩემს გრძნობას, ჩვენს ურთიერთობას, თაკომ კი ვერ გამიგო. ახლა ვხვდები, რომ, ალბათ, არ ვუყვარდი და იმიტომ.

ამას წინათ ცოლობა ვთხოვე. გაეცინა და მითხრა, ჩემისთანა გოგო ცოლად რაში გჭირდებაო. მე საშინელი პროტესტი გამოვთქვი – ამას როგორ ამბობ, ხომ იცი, რომ გაღმერთებ-მეთქი. თუ მაღმერთებ და გიყვარვარ, ჩემთან სექსი ერთხელ როგორ არ მოგინდაო. მერე შევყევით ლაპარაკს და გაირკვა, რომ იმ ვიღაცასთან, ვისაც ჩემ პარალელურად ხვდება, კარგა ხანია, ინტიმური ურთიერთობა ჰქონია. ეს ჩემთვის შოკი იყო, მაგრამ უარესი თურმე წინ მელოდა. რომ ვუთხარი: ალბათ, გადაწყვიტე, ცოლად მას გაჰყვე-მეთქი, გაეცინა და მითხრა: არც მას ვუნდივარ ცოლად და არც მე მინდა, იკასნაირი ქმარი მყავდეს. უბრალოდ, ერთად კარგად ვგრძნობთ თავს და ვერთობითო.

კინაღამ გული გამიჩერდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი სათაყვანებელი ქალი ერთი ჩვეულებრივი, გრძნობებს მოკლებული არსება ყოფილა. მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან, უნდა ვაღიარო ჩემი უპრინციპობა (მსუბუქად რომ ვქთვა) და თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვუთხრა თაკოს (პირადად ვერ გავუბედე): თაკო, მე მაინც გელოდები! თუ მიხვდები, როგორ მიყვარხარ და, თუ შენშიც გაჩნდა ჩემდამი სულ პატარა სიყვარული მაინც, იცი, როგორ მომძებნო. მე კი მანამდე აღარ შეგაწუხებ. ასი წელი დაგელოდები!

ივიკო, 24 წლის.



სასიდედრომ დამიწუნა

მყავს შეყვარებული, სახელად ია. ჩვენ თითქმის ერთი წელია, ერთმანეთს ვხვდებით, თუმცა, ერთი პრობლემა გვაქვს: იას დედას არ მოვწონვარ სასიძოდ – უმუშევარი სიძე არ მინდაო. მე კი არა, დღეს ნახევარი საქართველო უმუშევარია, მაგრამ ამის გამო ოჯახების შექმნა არ შეწყვეტილა. მეც კი მინდა, რომ მუშაობა დავიწყო, მაგრამ ჩემი შესაფერისი ჯერჯერობით ვერაფერი ვნახე. ძალიან „რიგითი“ საქმე „მეპაზორება“ – ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი მაქვს დამთავრებული, სერიოზულ სამსახურს კი ვერ მივაგენი. ჩემი ძმაკაცების უმრავლესობა ზოგი ბანკში მუშაობს, ზოგი რაღაც ფირმაში განყოფილების გამგეა, ზოგი პროკურატურაში „მოჯდა“ თბილად, ზოგსაც მანქანა ემსახურება, ასეთი თანამდებობები უშოვეს მამიკოებმა, ჩემთვის კი ყველაფერი გაწყდა ამქვეყნად. ადრე თუ გვიან, ალბათ, მეც დავიწყებ სადმე მუშაობას, მაგრამ ვერ ვიგებ, რა მოხდება, ცოტა ხანს, როგორმე, გაგვიტანონ მშობლებმა. მეც დედისერთა ვარ და იაც, თან მის მშობლებს ბინა აქვთ გაქირავებული, არც ჩემებს უჭირთ და, ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ორი ადამიანის შენახვა?!

ირაკლი, 27 წლის.



მამასთან შერიგება არ მინდა

დედამ რომ მიგვატოვა, მე 10 წლის ვიყავი, ჩემი და – 3-ის. ბებიებს არ წავუყვანივარ, მამა გვზრდიდა. მამის მხარე წლების განმავლობაში სულ იმას ჩაგვაგონებდა ამ თითისტოლა ბავშვებს, დედათქვენი უსინდისო ქალია, უპატრონოდ დაგყარათ, არ უყვარხართო. როგორც ყველა ბავშვს, ჩვენც ძალიან გვენატრებოდა დედა, მაგრამ ისე ლანძღავდნენ, ნამდვილ ვამპირად და გველეშაპად წარმოგვედგინა.

დედის წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ მამამ მეორე ცოლი შეირთო. შერთვამდე იმ ქალს ხვდებოდა, სახლშიც მოჰყავდა და ჩვენც წავუყვანივართ მასთან. სანამ ოფიციალური ცოლი გახდებოდა, ის ქალი სულ გვეფერებოდა, გვაქებდა, საჩუქრებს გვჩუქნიდა, მაგრამ, მამაზე გათხოვებიდან რამდენიმე თვეში კლასიკური დედინაცვალი შეგვრჩა ხელში, ოღონდ, ძალიან ეშმაკი: სხვის დასანახავად მზრუნველი დედასავით გვექცეოდა, ისე კი ლუკმას გვითვლიდა, ყველაფერს გვაყვედრიდა და სულ ჩვენს დამცირებას ცდილობდა. ერთი ეგ იყო, ცემას ვერ ბედავდა.

დედაჩვენის მხარესთან ყველანაირი ურთიერთობა მკაცრად გვქონდა აკრძალული, მაგრამ, 12 წლის რომ გავხდი, ერთი მეზობლის დახმარებით დავუკავშირდი ბებიაჩემს და სიმართლეც იმისგან გავიგე: თურმე მამაჩემი საშინლად ეჭვიანობდა დედაჩემზე, რისი საფუძველიც ნამდვილად არ ჰქონია. ამას დამატებია ისიც, რომ მამა სამსახურიდან დაუთხოვიათ, დედა კი – არა, ერთად მუშაობდნენ, რამაც მამაჩემი კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავის უსაფუძვლო ეჭვში, რომ ვითომ მათი შეფი დედას საყვარელი იყო. ოჯახის მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ოღონდ მამაჩემს უსაფუძვლო ბრალდებები აღარ წაეყენებინა, დედა სამსახურიდან წამოვიდა. მოხდა ისე, რომ ახალი სამსახური ვერც ერთმა ვერ იშოვა. არსებობა ხომ გვინდოდა და, როგორც ბევრს დაემართა, დაიწყეს ნივთების გაყიდვა. გასაყიდი რომ აღარაფერი დარჩა, მამამ ყვედრება დაუწყო დედას, ჩემს სახლში რომ ცხოვრობ, ნება იბოძე და რამე სამუშაო მოძებნეო, თვითონ კი, როგორც იტყვიან, ქალებში „გაგულავდა“ და მთლიანად მოიხსნა ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა. მერე ვიღაც ქალის ცოლად შერთვა მოუნდომებია, მაგრამ დედაჩემს როგორ გაყროდა, აღარ იცოდა. ამიტომ, თვითონვე მოუხერხა ამერიკაში სამუშაოდ წასვლა, რაზეც დედა უარს ამბობდა – ასე პატარა ბავშვები უჩემოდ როგორ დავტოვოო, მაგრამ, აიძულეს და მასაც სხვა გზა აღარ ჰქონია, დაეთანხმა. გაისტუმრეს თუ არა დედაჩემი, ლამის მეორე დღიდან მოსდეს ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა მთელ უბანს – თოთო ბავშვები მიატოვა და ვიღაცა კაცს გაეკიდაო. ზოგმა დაიჯერა, ზოგმა – არა, მაგრამ ჩვენთვის, შვილებისთვის ეს არაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ დედამ იქ კარგი სამსახური იშოვა და ვეღარ წამოვიდა. იფიქრა, რადგან ჩამოვედი, ბარემ შედეგი ჰქონდეს ოჯახისთვის ამ ჩემს ნაბიჯსო. თანაც, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მისი ქმარი და მულ-დედამთილი როგორ ტალახში სვრიდნენ მის სახელს. არც დედამისი ატყობინებდა, რაც სინამდვილეში ხდებოდა – ან თავს არ აუტეხოს რამე, ან ნერვიულობისგან არაფერი დაემართოსო. დედამ ეს ამბები, ისიც – არასრულად, მაშინ გაიგო, როცა მამამ გაყრაზე წერილობითი თანხმობა მოსთხოვა. ზუსტად იმ პერიოდში დედა თურმე საავადმყოფოში იწვა დამტვრეული, ავარიაში მოყოლილა და, მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლა დაუპირებია, ვერ მოუხერხებია. როგორც ჩანს, საწყალს უფიქრია, გაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო და თანხმობა გამოუგზავნია. ამას რაც მოჰყვა, იმის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენი დედინაცვლის ცუდ მოპყრობას ჩვენ მიმართ ერთხელ ჩვენი მეზობელი მოხუცი ქალი შეესწრო და რომ ვერ აიტანა ჩვენი დაჩაგვრა იმავე საღამოს, შეიძლება ითქვას, ულტიმატუმი წაუყენა მამაჩვენს: ეს ბავშვები ან შენს ყოფილ სიდედრთან გაუშვი, ან საჩივარს შევიტან შენს ცოლზე, რომ ბავშვებს ჩაგრავს, ავიწროებს და პასუხისგებაში მივცემო. მამას შეეშინდა, მეორე დღეს ჩაგვილაგა ბარგი, მხოლოდ პირადი ნივთები, და ბებიასთან წაგვიყვანა. ჩვენ ძალიან გვიხაროდა, რადგან საშუალება გვეძლეოდა, ასე მონატრებულ დედასთან გვქონოდა ურთიერთობა. მამა ძალიან იშვიათად მოდიოდა ჩვენს სანახავად, ისიც მხოლოდ სკოლაში, ბებიასთან მოსვლას ვერ ბედავდა.

ბებიაჩვენთან გადასვლის შემდეგ ორ წელიწადში დედაც დაბრუნდა ამერიკიდან. საწყალმა, თავისი შრომით იმდენი ფული მოაგროვა, რომ ბინაც ავიშენეთ, არც ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა გვაკლდა და, მასწავლებლებთანაც დავიწყეთ სიარული.

რამდენიმე ხნის წინ გავიგეთ, რომ ჩვენი დედინაცვალი მამაჩვენისგან წასულა. ახლა ზის მარტო, არც შემოსავალი აქვს, არც ხმის გამცემი ჰყავს და, ხან ვის უგზავნის დედაჩვენს და ხან – ვის, შემირიგდიო. დედას ეცოდება და, მე და ჩემი და რომ არ ვიყოთ სასტიკი წინააღმდეგები, დარწმუნებული ვარ, შეურიგდება. მაგრამ ისე დავიღალეთ მამაჩვენის ხუშტურებით, ნამდვილად აღარ შეგვიძლია მისი პრეტენზიებისა და მარადიული უკმაყოფილების მოსმენა. თანაც, საკმაოდ გალოთებულია და, როგორი საყურებელია, დილიდან საღამომდე მთვრალი, მობუზღუნე, მკვნესარი, უსაქმური და ყველათი უკმაყოფილო კაცის ყურება, მით უმეტეს, რომ მისგან კარგი თითქმის არაფერი გვახსოვს... მერე რა, რომ მამა ჰქვია?!

ნიკა, 16 წლის.



ჩემი მშობლების გაყრა ჩემი ბრალია

ახლა, უკვე 40 წელს რომ მივუკაკუნე და ქმარმა ვიღაც ქუჩის ქალის გამო მიმატოვა, თანაც საშინელი სკანდალით (ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ის სკანდალი მე მოვაწყვე, რადგან ვერაფრით ვერ მოვახერხე თავის შეკავება). გამახსენდა ის დღე, ჩემი მშობლები რომ გაეყარნენ ერთმანეთს. ამ ყველაფრის მიზეზი კი მე ვიყავი, 5 წლის ღლაპი. ჩემი ბრალეულობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მამა „ჩავუშვი“ დედასთან, რის შედეგადაც ოჯახი დაინგრა და მე, პრაქტიკულად, უმამოდ გავიზარდე.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დედამ მამას დაავალა საღამოობით ჩემი გასეირნება, რომ თვითონ იმ პერიოდში სახლის საქმეები მოეგვარებინა, რადგან დღისით მუშაობდა. ახლაც მახსოვს, როგორი ხალისით დათანხმდა მამა, რამაც დედის დიდი გაოცება გამოიწვია. სანამ ძირითად საკითხს მივუახლოვდები, გეტყვით, რომ ჩემს მშობლებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, არასდროს ჩხუბი არ მოსვლიათ, თუ არ ჩავთვლით წვრილმან წაკამათებებს. თუმცა, ჩემი ბავშვური ინტუიციით ვგრძნობდი (თუმცა, ბოლომდე, ცხადია, ვერ ვაცნობიერებდი), რომ დედა საკმაოდ ეჭვიანი ქალი იყო, რაც მამას (ამასაც ინტუიციით და გაუცნობიერებლად ვგრძნობდი) ყელში ჰქონდა ამოსული, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა, ყველაფერს ხუმრობაში ატარებდა და დედას სულ იმას უმტკიცებდა, რაც შენ გაგიცანი, სხვა ქალისკენ გახედვის სურვილიც არ მქონიაო. მაშინ, რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვიგებდი ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. ყველაფერს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, როგორ ივსებოდა მამას მოთმინების ფიალა და თითქოს შინაგანად ველოდი, რა ფორმით გამოხატავდა მამაჩემი პროტესტს და რით დამთავრდებოდა ყველაფერი.

მამას დედაჩემი მართლა უყვარდა, ამას მერე მივხვდი, დიდი რომ გავიზარდე, მაგრამ ისე დაღალა მისმა გაუთავებელმა და რაღაც პერიოდამდე მართლა უსაფუძვლო ეჭვიანობამ, რომ მამაჩემმა, როგორც ჩანს, ოჯახი დასანგრევად ვერ გაიმეტა. თუმცა, ბოლოს მაინც ვერ ასცდა ამას და გადაწყვიტა, თავშესაფარი სხვა ქალთან ეპოვა. რადგან მასთან შეხვედრებს დედა ბოლოს მაინც აღმოაჩენდა, საჭირო იყო, საღამოს სახლიდან გასვლის რაიმე ობიექტური მიზეზი და ეს მიზეზიც მალე გამოჩნდა: ჩემი გასეირნება! ეს იყო უბედნიერესი საღამოები ჩემს ცხოვრებაში, რადგან მამა არაჩვეულებრივად მიგებდა მე, 5 წლის ბავშვს და ცდილობდა ყოველ წუთს ბედნიერება და სიხარული მოენიჭებინა ჩემთვის. ამიტომ, ყოველდღე მოუთმენლად ველოდი საღამოს მოახლოებას. ერთ საღამოს კი მახსოვს, ზამთარი იყო და თბილისში თოვლი იდო, პარკში რომ შევედით, მამას ვიღაც ლამაზი ქალი შეხვდა და გადაკოცნა. მერე კარგა ხანს ვისეირნეთ ერთად. მე კარუსელებზე დამსვეს, თვითონ კი სკამზე ისხდნენ, ღიმილით საუბრობდნენ და მე მელოდებოდნენ. მამას არ გავუფრთხილებივარ, მაგრამ, ბავშვური ალღოთი მივხვდი, რომ დედისთვის არაფერი არ უნდა მეთქვა. მთელი თვის განმავლობაში გვხვდებოდა ის ქალი ხან პარკში, ხან სხვაგან და ერთად ვატარებდით დროს. ერთ დღეს კი მე, დედა და მამა ერთად წავედით სტუმრად, ქუჩაში ის ქალი დავინახე, თავი ვერ შევიკავე და მამას შევძახე: მამიკო, მამიკო, შეხედე, ანა დეიდა-მეთქი. ვინ ანა დეიდაო, – დაიძაბა დედაჩემი. მამამ იუარა, – წარმოდგენა არ მაქვს, ვისზე ამბობსო. მე ვითაკილე, იმდენი ვერ მოვტვინე, რომ მამა რაღაცას მალავდა და იმის დასამტკიცებლად, რომ მართალი ვიყავი და არაფერი მეშლებოდა, პირდაპირ ვუთხარი – ვინ და, ყოველ საღამოს ჩვენთან ერთად რომ სეირნობდა და პარკში ხელგაყრილი დაგყავდა-მეთქი. ამის თქმა იყო და, დედაჩემმა ამ შუა ქუჩაში ისეთი იკივლა, შიშისგან, პირდაპირი გაგებით, გული წამივიდა. მერე რა მოხდა, არ ვიცი, არ დამინახავს. გონს რომ მოვედი, ჩემს ლოგინში ვიწექი და თავს ექიმი დამტრიალებდა. მეორე საღამოს კი მამა სახლიდან წავიდა. წასვლის წინ მოვიდა და გულში ჩამიხუტა, თითქოს მაწყნარებდა, შენ არაფერ შუაში ხარო. სწორედ იმ ჩახუტებისას ვიგრძენი, რომ დედა და მამა მე დავაშორე ერთმანეთს და ამ თითის ტოლა ბავშვს საშინელი ისტერიკა დამემართა – მამას ვეხუტებოდი და ხმამაღალი ტირილით ვთხოვდი პატიებას. ჩემი შემხედვარე ბაბუა კინაღამ გადაირია, დედასაც აგინა და მამასაც – თქვენი ასე და ისე, ვინ მოგცათ უფლება, რომ შვილიშვილს მიკლავთო. იმ მომენტში დედას რომ ეთქვა მამასთვის, გაპატიეო, მამა დარჩებოდა და, ზუსტად ვიცი, იმ ქალსაც სამუდამოდ დაივიწყებდა, მაგრამ დედას ეს არ უთქვამს და მამა წავიდა. მე ისევ ამიწია სიცხემ და ერთი თვე ვებრძოდი სიკვდილს. როგორც მერე გავიგე, მამა დილიდან საღამომდე ჩვენი სახლის წინ იდგა, მაგრამ დედა არ უშვებდა, რომ ვენახე. მერე ნელ-ნელა გამოვკეთდი და ცხოვრებაც თავისი გზით წავიდა. მამა დედაჩემის ჩუმად მხვდებოდა ხოლმე სკოლის წინ და სახლამდე მაცილებდა.

მამაჩემს ცოლი არ შეურთავს, არც დედა გათხოვილა. ეტყობა, ისევ უყვარდათ ერთმანეთი და ორივეს უნდოდა შერიგება, მაგრამ, თავმოყვარეობა არ აძლევდა უფლებას არც ერთს, რომ ეს ნაბიჯი პირველს გადაედგა. ასე გაკერპებულებმა გაატარეს მთელი ცხოვრება და, არც ერთს, უფრო კი დედას, არ უფიქრია, რა სატანჯველი გამომიწერა თავისი ამ ვაი-პრინციპულობით. მე კი დღემდე განვიცდი სინდისის ქენჯნას, რომ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, ჩემს ყველაზე თბილ და ტკბილ მამას ამდენი ტკივილი მივაყენე. რომ წამოვიზარდე, დედაც ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ მსხვერპლად უფრო მამა მიმაჩნდა. ახლა კი, ჩემი ასაკისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გადასახედიდან, ვხვდები, რომ სამივე ერთმანეთის მსხვერპლი აღმოვჩნდით, ოღონდ, რატომ, ბოლომდე ახლაც ვერ ვაცნობიერებ.

თაკო, 39 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3