კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკო გომელაურის სიცოცხლესთან გამომშვიდობება


ძნელია, ნიკო გომელაურზე წარსულ დროში რაიმე დაწერო, მით უფრო, თუ მას ახლოს იცნობდი, ბევრჯერ ინტერვიუზე ყოფილხარ და მისი ხავერდოვანი ხმისთვის დიდხანს გისმენია.

ნიკოზე ახალს ვერაფერს ვიტყვი... მით უფრო, რომ თავად საშინლად ვერ იტანდა მაღალფარდოვან და საქებარ სიტყვებს. ალბათ, ამიტომაც, მის პიროვნებას ამ დღეებში ძალიან უბრალო და მისთვის შესაფერისი შეფასება მოუძებნეს – ნიკო თბილისში აღარ განმეორდება... ჩვენც, გადავწყვიტეთ, ბანალური ფრაზების ნაცვლად, მისი სავსე და მრავლის მთქმელი ინტერვიუებიდან ფრაგმენტები შემოგთავაზოთ.


3-9 აპრილი, 2009 წელი

„მე რომ ისეთი აღსაზრდელი შვილი მყავდეს, როგორიც თავად ვიყავი, ალბათ, ჩემი ხელით დავახრჩობდი ან თავს მოვიკლავდი. მტირალა, საზიზღარი, განებივრებული ბავშვი ვიყავი. დედაჩემი ჩემზე რომ დაორსულდა, მამაჩემი ერთ თვეში დააპატიმრეს. ოთხი წლის ვიყავი, პირველად მამა რომ ვნახე. ჯეჯი ერქვა და სახლში სულ მას ახსენებდნენ: „აი, ჯეჯი რომ ჩამოვა, ჯეჯი ისეთი მაგარია“... მეც ველოდებოდი. ციმბირიდან რომ ჩამოვიდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ჩემთვის ეს ტრაგედია იყო – გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ამიკრძალა ნებივრობა და დაიწყო ჩემი აღზრდა.“

***

„მეზობლებს ფანჯრებს ვუმტვრევდი, ვხულიგნობდი, მანქანის საბურავებს დანით ვჩხვლეტდი, ქვებს ვესროდი... რატომ აქვთ პატარა ბავშვებს ეს ეგოიზმი, არ ვიცი. ეტყობა, თვითდამკვიდრების მომენტია. ჰგონიათ, რაც უფრო ცუდად მოიქცევიან, მით უფრო დამოუკიდებლები იქნებიან. ერთხელ, წყნეთში, აგარაკზე, ვიღაცის სახლში შევიპარე და ქვეშაგებელს ცეცხლი წავუკიდე. ხის კოტეჯი იყო და კინაღამ სულ დაიწვა“...

***

„ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებისეული შეცდომებია და არ მინდა ამაზე საუბარი. მოძღვართანაც კი არ მითქვამს ამის შესახებ. ამას მე და უფალი მოვაგვარებთ როგორმე. იდიოტი უნდა იყო ადამიანი, რომ შეცდომა არ გქონდეს დაშვებული. ალბათ, თავის დროზე წმიდანებსაც ჰქონდათ ცოდვები. რა თქმა უნდა, რაღაცეებს შევცვლიდი. საერთოდ, არ მესმის ადამიანის, ვინც ამბობს – თავიდან რომ დავიწყებდე ცხოვრებას არაფერს შევცვლიდი, ისევ ისე მოვიქცეოდიო. ესე იგი, იდიოტი ხარ, სხვა არაფერი“.

1-7 დეკემბერი, 2008 წელი

„ყოველთვის მეგონა, რომ სცენაზე სასწაულები ხდებოდა. პატარა ვიყავი, როდესაც დედამ სპექტაკლზე წამიყვანა და ბოლოს საგრიმიოროში შემიყვანა – ბატონ გურამ საღარაძეს ყვავილები მიართვა. იქ სრული შოკი მივიღე. მანამდე ისინი ძალიან ლამაზები და მიუწვდომელნი იყვნენ, რეკვიზიტები ოქროსი მეგონა. აღმოჩნდა, რომ, თურმე, დეკორაცია ქაღალდია, ოქრო – რაღაც შეღებილი ქსოვილი. ქალებს წამწამები მიწებებული აქვთ, დახატულები არიან, ჩამოსდით ოფლი და დაღლილები სხედან. ზოგი უკვე ტრუსებშია, ზოგიც – ნახევრად გახდილი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს, როდესაც ვინმე სპექტაკლის შემდეგ საგრიმიოროში შემოდის. არც მე შევდივარ სხვასთან. თუმცა, ეს კოლეგებს სწყინთ ხოლმე – ზრდილობის გულისთვის მაინც მოელოცა წარმატებაო“.

***

„შეყვარებული ნიკო, ალბათ, ძალიან სულელია. შეყვარებულს ხომ ჭკუა არ მოეკითხება, ისევე, როგორც გიჟს. სულ არ ვფიქრობდი იმაზე, მოსწონდათ თუ არა ჩემი სისულელეები მათ, ვისთვისაც ამას ვაკეთებდი. მეგონა, ამაზე თვითონაც გადაირეოდნენ, არადა შესაძლოა, სულ პირიქით ხდებოდა“.

****

„ჩემ გვერდით ყოფნა, ალბათ, ძალიან რთულია. საშინლად ეგოცენტრიკული ვარ. ჩემი პროფესია მაქვს მარტო და, შესაბამისად, მარტო ჩემი თავი – სხვა არაფერი მაინტერესებს. ვერ დამავალებ ოჯახურ საქმეებს, ონკანს ვერ შევაკეთებ. როდესაც ამ ბინაში გადმოვედით, ნინამ კედლებზე სურათების დაკიდება მთხოვა. ამის გამო მთელი კედლები სისხლში იყო მოსვრილი. ჩაქუჩი გავირტყი ხელში, სისხლი წამომივიდა და მერე დასისხლიანებული ხელებით განვაგრძე მათი დაკიდება. ამის გამო სულ არის ხოლმე ჩხუბი და პრეტენზიები. მაგრამ, რა ქნას ნინამ?! ვუყვარვარ, გვიყვარს ერთმანეთი და ამიტომ ერთმანეთს რაღაცეებს ვპატიობთ, ვუთმობთ. სიყვარულში ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, როცა ადამიანები ერთმანეთის გადაკეთებას იწყებენ. საოცრად ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, ათი წუთი ვიყო „ქაქი“, ვიჩხუბო აბსოლუტურად უაზრო თემებზე, უბრალოდ, შარზე რომ ხარ და, მერე, ასეთივე სისულელემ, ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენოს. ყველას ჩვენ-ჩვენი სიგიჟეები გვაქვს, მაგრამ, მთავარი ხომ მაინც სიყვარულია!“

16-22 თებერვალი, 2009 წელი

„როცა პატარა ვიყავი და ვინმე შემიყვარდებოდა საპასუხოდ სიყვარულს ვერ ვიღებდი, ცალმხრივი იყო ხოლმე ჩემი გრძნობა, მათგან არ ვიყავი სიყვარულით განებივრებული. სულ ორჯერ შევუყვარდი ქალს და ორივე ცოლად მოვიყვანე, თუმცა, სიყვარულში ზარმაცი არ ვყოფილვარ. იმ ორი სიყვარულიდან ერთი წავიდა და მორჩა, მეორე კი დღემდე გრძელდება“.

***

„სიზარმაცის გამო ბევრი რამ გამიფუჭებია, ოღონდ, ეს არ ეხება საქმეს, სპექტაკლს, წერას. ჩემი სახლის პირდაპირ პურის მაღაზიაა. რომ მთხოვონ, პური მოიტანეო, იცი, რა საშინელ ხასიათზე დავდგები?! თან, იცი, რა ხშირად მთხოვენ?!“

***

„არ ვუფრთხილდები თავს. სანამ ვიცოცხლებ ასე ვიქნები – უარს ვერ ვიტყვი ბევრ რამეზე. როგორც იქნება, იქნება. არასდროს არაფერი დამიგეგმავს და არც ახლა ვგეგმავ. ერთხელ ვცადე, ბლოკნოტში ჩავიწერე: „5 საათზე უნდა ვიყო აქ, 7-ზე – იქ“. არ გამოვიდა გრაფიკით ცხოვრება, მომბეზრდა. ურეჟიმო ადამიანი ვარ და ვიქნები“.

***

“ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც იღბლისგან მივიღე – სიცოცხლეა. ვერ დავიჩივლებ, რომ რაღაც ისე არ მაქვს, როგორც უნდა მქონდეს. პირიქით, როგორც კი რაღაც უკმაყოფილება მეუფლება, მაშინვე საკუთარი თავის ლანძღვას ვიწყებ. როგორ შეიძლება, რომ არ ვიყო მადლიერი იმით, რაც მაქვს?! წარმატებული ვარ როგორც მსახიობი; აგერ, ხუთი წიგნი გამოვეცი; რაღაც საერთაშორისო პრემიების ლაურეატი გავხდი; მაქვს ლამაზი ოჯახი, მყავს ჯანმრთელი შვილები... არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ, როდესაც გარშემო ამდენი ცუდი ხდება, ბოლომდე კარგად ვერ ვიქნები. უკეთესი იქნებოდა, ცოტა მეტად ჯანმრთელი ვყოფილიყავი, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჯანმრთელობისთვის მევნო. ასე რომ, ესეც ჩემი ბრალია“.

22-28 მარტი, 2010 წელი

„1988 წელი თითქოს რა შორს არის, არა?! იმ დროსაც იგივე საფიქრალი მქონდა, იგივე სევდა იყო ჩემს ლექსებში. 1988 წელს პირველ-მეორე კურსზე ვიყავი, დავდიოდი მიტინგებზე. ერთი სიტყვით, ვაკეთებდი ყველაფერს, სწავლის გარდა. მერე ლენინგრადში წავედი. მაშინ, როგორც 18-19 წლის ყველა ბიჭი, ვლაღობდი, ვხალისობდი. ლექსებიც ლაღი გახლდათ. თუმცა, როდესაც ახალი კრებულისთვის ვარჩევდი ლექსებს, აღმოვაჩინე, რომ იმ ლექსებშიც საოცრად დიდი სევდა იყო, სევდა ქვეყნის, ადამიანების მიმართ“.

***

„როდესაც გამოდიხარ ვიღაცეებისთვის რაღაცეების დამტკიცების ასაკიდან, როგორი მაგარი ხარ, მერე ნელ-ნელა უკვე საკუთარ თავთან რჩები მარტო და არკვევ, რა, როგორ და საიდან მოდის. შენს თავთან გარკვეული დროის მერე საზოგადოც ხდება, მერე ლექსიც, აზრიც იცვლება. მუდმივი ზრდა არსებობს და, როგორც კი ზრდას დაასრულებ, ესე იგი, შენი შემოქმედებაც დასრულდა. ამაშიც ცუდი არაფერია – დამთავრდა დამთავრდა, ადექი და სხვა რაღაც გააკეთე! ამიტომ, არასდროს ვამბობ, სცენაზე უნდა მოვკვდე, სცენიდან უნდა გამიტანონ-მეთქი. სულ პირიქით. ძალიან მეუხერხულება, რომ უცებ სცენაზე მოვკვდე – ყოველგვარი მეტიჩრობის გარეშე ვამბობ ამას. რა უბედურებაა, კაცო – მოვიდა ადამიანი, ათი თუ თხუთმეტი ლარი ბილეთში გადაიხადა და შუა სპექტაკლის დროს მსახიობი კვდება! თან, ბილეთსაც უკან ვერ ჩააბარებ. რა იდიოტობაა, რატომ მაყურებინებ შენს სიკვდილს? წადი რა, სახლში მოკვდი, ოჯახურ წრეში, თანაც, ოჯახურ ვიწრო წრეში! „ვაიმე, ხალხნო, ვკვდები!“ – რომ დაიყვირებ სცენიდან... „ჩემი თხუთმეტი ლარი მომეცი, ჩაგაკვდა ძაღლი სულში!.. – „რატომ უნდა გინდოდეს ეს სისულელე, არ მესმის“.

***

„ყოველდღიურად საკუთარ სიკვდილზე კი არ უნდა იფიქრო, საერთოდ უნდა იფიქრო ამ ფენომენზე. სიცოცხლე რომ წყდება, ეს ხომ ძალიან საინტერესოა და, ყველა დროში, ყველა ხელოვანთან, ეს მომენტი არსებობდა. რაც უფრო საინტერესო, იდუმალი და უხილავია, მასში ქექვა უფრო მიმზიდველია. სიკვდილ-სიცოცხლის თემა ყოველთვის იყო ჩემს ლექსებშიც. ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს. თუ გვჯერა და თავს თუ ვდებთ მორწმუნეობაზე, უკეთეს სამყაროში მივდივართ და არა უარესში. თუ არ გვჯერა, მაშინ ნუღარ ვთვალთმაქცობთ“.

***

„ბედნიერება, მაინც მგონია, რომ სიკეთის კეთებაშია. არ შეიძლება, ამაზე მეტად რამემ გაგაბედნიეროს თუნდაც მაშინ, როდესაც იცი ეს სიკეთე სადღაც ჩაგეთვლება და მხოლოდ ამიტომ აკეთებ. ის კი არა, რომ ანგარებით გააკეთე, უბრალოდ, გაგიხარდება, თუ ამას ვინმე დაინახავს. მერე რა?! მთავარია, სიკეთე გაკეთდეს, რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობდი იმ დროს“...

***

„მე რომ წავალ, ალბათ, იტყვის დედა:

ეს, რა კარგი გამიზრდია შვილი.

და ინატრებს, ის დღე მისცა ნეტა,

პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ, გაიხსენებს მამა,

პირველად რომ მნახა უკვე დიდი...

კარგია, რომ არ გამათამამა,

კარგია, რომ ასე კარგად მსჯიდი.

წავალ, მჯერა, მერე იტყვის ქალი

(შესალოა, დაიღვაროს ცრემლად),

ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი,

მთავარია, ვიქნებოდით ერთად.

მე არ ვიცი, რას იფიქრებს შვილი,

ალბათ, ცუდს და, ალბათ, ცოტა კარგსაც.

თვითონ ვიცი, მოვაკელი ხილი

და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.

რას იტყვიან ძმები, წავალ როცა,

ალბათ, იქაც შემფიცებენ ძმობას,

ჩემ გარეშე დაიცლება ბოცა,

ჩემ გარეშე აჰყვებიან გრძნობას.

იქ კი, ვიცი, ვინც დამხვდება, იტყვის:

მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას,

კარგი არ უკეთებია თითქმის,

თუ არ ჩავთვლით, რაღაც ლექსის წერას.

მე მინდა, რომ ვუპასუხო ყველას:

ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას,

მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას

– არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას.“

ასეთი იყო ნიკო გომელაური – მსახიობი, პოეტი და, უბრალოდ, თბილისელი... შეიძლება, იყვნენ, არიან ან იქნებიან მასზე უკეთესები ან უარესები, მაგრამ, ნიკო თბილისში მართლაც აღარ განმეორდება...

2004 წელი


скачать dle 11.3