კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სპეცოპერაცია ჩაატარა სოსო ცინცაძემ მავრიტანიის ჯუნგლებში და რატომ გააოცა ის ბეირუთში შუქნიშანზე გაჩერებულმა ტანკმა


პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი. საკუთარი პროფესიის წყალობით მან მსოფლიოს ერთი ნახევარსფერო თითქმის მთლიანად „დალაშქრა“, დასავლეთის ცივილიზაციას აღმოსავლური კულტურა ამჯობინა, შესაბამისად, აზიის ჯუნგლებშიც ბევრჯერ მოხვდა და ნილოსის ნაპირებზეც, მაგრამ ამერიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ არ დაუდგამს ფეხი. მან თავისი მოგზაურობების შესახებ ბევრი ეგზოტიკური ისტორია გვიამბო. ისიც გაგვანდო, რისი აღება გაუჭირდა ქურთისტანის ლიდერის ხელიდან და ვინ გაათენებინა კობრების გარემოცვაში ღამე მავრიტანიის ჯუნგლებში.


– ბატონო სოსო თქვენზე ამბობენ, ორჯერ არის ნამყოფი მსოფლიოს გარშემოო, მართლა ასეა?

– კი, საკმაოდ სტაჟიანი მოგზაური ვარ. პირველად უცხოეთში 1967 წელს მოვხვდი. იქ რომ ჩავედით, ომი რამდენიმე დღის დამთავრებული იყო. საერთოდ, ჩემი უცხოეთში ყოფნა ყოველთვის საქმიან ვიზიტებს უკავშირდებოდა. როგორც ტურისტი თითქმის, არსად არ ვყოფილვარ. ჩემი სადოქტორო ნაშრომის თემა იყო „ბრიტანეთის კოლონიური პოლიტიკის ასპექტები“. რადგან ეგვიპტე იყო კლასიკური ქვეყანა, რომელზეც ბრიტანეთის გავლენა იგრძნობოდა, ამიტომაც მეც ვიყავი მეცნიერთა იმ სპეცჯგუფში, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა. ამას გარდა, ნასირის მმართველობის დროს საბჭოთა კავშირსა და ეგვიპტეს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. ქაიროში ჩასულს პირველი რაც თვალში მეცა, ეს იყო საბჭოთა სამხედროების გავლენა. ამის მიუხედავად, იქ პირველად ვნახე რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანი. ეგვიპტე საბჭოთა კავშირის ფონზე, შვეიცარია გახლდათ. ეგვიპტეში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ალექსანდრიამ, პირამიდებმა. ძალიან მომეწონა ნილოსი. მე ისტორიკოსი ვარ, როცა ვუყურებდი პირამიდებს, სფინქსის ქანდაკებას, რომელსაც ცხვირი აქვს მოტეხილი, რადგან ნაპოლეონის ჯარისკაცები მას ქვემეხების სამიზნედ იყენებდნენ, თავი ნაპოლეონის ეპოქაში მეგონა, ქვემეხების ხმებიც კი „მესმოდა“ (იცინის). სწორედ იქ მიმართა ნაპოლეონმა ეგვიპტელებს პროკლამაციით, რომელიც ასე იწყებოდა: მე ჩამოვედი რათა გაგათავისუფლოთ ქართველების ბატონობისგანო. იქიდან წამოიყვანა ნაპოლეონმა რუსტამი, რომელსაც გვერდიდან არ იშორებდა. თუმცა, ბოლოს მან უღალატა ნაპოლეონს. ჩემთვის ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო ასუანის კაშხალი, რომელსაც იმ პერიოდში აშენებდნენ. ასეთი გრანდიოზული მშენებლობა ნანახი არ მქონდა. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ასუანში მოხდა ინციდენტი – ამ კაშხალს ნასირი საბჭოთა კავშირის დახმარებით აშენებდა. მოსკოვიდან ასუანში ჩატანილი იყო უზარმაზარი გენერატორები. საელჩოში ვიყავით, მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა. დღისით, მზისით, მშენებლობაზე დაეშვა ისრაელის ორი ვერტმფრენი, ააფეთქეს გენერატორები და წავიდნენ. ასუანზე ძალიან გაძლიერებული დაცვა იყო. როცა ვიკითხე: დაცვა სად იყო, ასე იოლად როგორ ააფეთქეს გენერატორები-მეთქი, მიპასუხეს: ეგვიპტელები ხედავდნენ რომ აფეთქებდნენ, მაგრამ ლოცვის დრო იყო და თავს ხომ არ დაანებებდნენო? (იცინის)

– რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

– ნანახი მაქვს ევროპისა და აზიის თითქმის ყველა ქვეყანა, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იაპონიამ მოახდინა. სანამ იქ ჩავიდოდით, გაგონილი მქონდა ტოკიოს ცნობილი თევზის ბაზრის შესახებ, მაგრამ რაც იქ ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. დილის ოთხ საათზე წავედით ბაზარში, რადგან ექვის ნახევარზე ბაზარი აღარ არის. უშველებელ ტერიტორიაზე იყიდება თევზი, მოცუცქნული ლიფსიტებით დაწყებული ოცკილოგრამიანი თევზით დამთავრებული. ისეთი სისუფთავე იყო იმ ბაზარში, წარმოგიდგენიათ, ეს ჩემზე, „დეზერტირის“ ბაზრის კარგად მცნობ ადამიანზე, როგორ გავლენას მოახდენდა? ერთ საათში დამთავრდა ვაჭრობა და უცებ შემოცვივდნენ სპეცტანსაცმელში ჩაცმულები და ისე გააკრიალეს იქაურობა, გავოცდი. მერე ტელევიზიაში მიგვიყვანეს, სადაც ვნახე საოცარი ტექნიკა. იმ პერიოდისთვის, როგორც პოლიტიკური მიმომხილველი, უკვე ვთანამშრომლობდი პირველ არხთან და ტელევიზიას კარგად ვიცნობდი. იაპონიის ფონზე, ჩვენ ქვის ხანაში ვიყავით, სულ ორი კამერა არსებობდა მოამბისთვის, რომ აგვემუშავებინა ჩაქუჩებს ვურტყამდით (იცინის).

ძალიან მომეწონა კენია. მოვხვდი იმ ცნობილ ეროვნულ პარკში, სადაც ღამით გაყურებინებენ, როგორ ჭამენ ლომები თხებს. ეს არის დიდი ნაკრძალი, სადაც მხეცები ცხოვრობენ ბუნებრივი ცხოვრებით. ნაკრძალში არის სასტუმრო, რომელიც ჩემი იქ ყოფნის დროს ორ ინგლისელ დას ეკუთვნოდა. ტურისტები დაცვის თანხლებით შეჰყავთ სასტუმროში, რომელსაც დიდი აივანი აქვს. ღამით აივნის წინ მდებარე დიდ მოედანზე, უყურებთ, როგორ მოვარდება ვეფხვი, მისდევს თხას და ჭამს. ეს პარკი ყველა ტურისტზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ძალიან მომეწონა ბეირუთი და ინდოეთი. ბეირუთი აღმოსავლეთის პარიზია. ოკეანის პირას ხარ და უცებ, ორ საათში შეგიძლია, ახვიდე მთაში და ისრიალო თხილამურებით. ეს არის ულამაზესი ქალაქი, სადაც ყველგან იასამნებია. საოცარი სურნელია მთელ ქალაქში. ცენტრალურ ქუჩაზე გავედით, სადაც ვხედავ, რომ მოდის ოკუპანტი ქვეყნის, ისრაელის ტანკი. შუქნიშანზე აინთო წითელი – ტანკი გაჩერდა, აინთო მწვანე – ტანკი წავიდა. ასეთი რაღაც საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ვერ დავიჯერებდი. ქურთისტანში ყოფნის დროს, მათმა ლიდერმა მუსტაფა ბარზანმა დაგვპატიჟა. ის მოსკოვში ხშირად ჩამოდიოდა და იქიდან ვიცნობდი. მთაში წავედით მასთან. ძალიან ციოდა. მუსტაფამ სუფრაზე აიღო დედალი და ხელებში ისე დაატრიალა, ყველა ძვალი გამოცვივდა. მთლად სუფთა ხელები არ ჰქონდა, მაგრამ რას ვიზამდი? როგორ არ შეჭამ, შეურაცხყოფად მიიჩნევს და სამუდამოდ დარჩები ქურთისტანში. (იცინის). საოცარი ქვეყანაა ინდოეთი, სიამოვნებით წავიდოდი იქ კიდევ. განუმეორებელია ტაჯმაჰალი. ინდოეთში ყოფნის დროს მე გამიმართლა – სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ, ათი დღე დასვენების საშუალება მოგვცეს. იმ დროს ინდოეთს საბჭოთა კავშირის ვალი ჰქონდა, რადგან ფულს ვერ უხდიდა, საბჭოთა კავშირიდან ჩასულ დელეგაციებს ისე ემსახურებოდნენ, რაც შეიძლება, ბევრი ფული დაეხარჯათ, რომ ვალი გაქვითულიყო. ჩვენ ვცხოვრობდით იმ სასტუმროში, სადაც ამერიკელი მილიონერები ცხოვრობდნენ, ზღაპრული აპარტამენტები და განსაკუთრებული კვება გვქონდა, ინდოეთიდან რომ ჩამოვედი ოთხი კილოგრამი მქონდა მომატებული (იცინის). ათი დღე ვცხოვრობდი ოკეანის პირას, კურორტ მაჰაბალაპურამში. ეს იყო ზღაპრული ადგილი, საოცარი ეგზოტიკით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიყავი ზუსტად იმ დროს, როცა იქ აპართეიდი მძვინვარებდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ავტობუსებს, პარკში სკამებს ეწერა: „მხოლოდ თეთრებისთვის.“ ზუსტად იმ პერიოდში მოხდა სკანდალი, ერთ-ერთი მინისტრი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ ფერადკანიან საყვარელთან გამოიჭირეს.

– მოგზაურობა ფათერაკიანი თავგადასავლების გარეშე წარმოუდგენელია, თქვენ თუ აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციებში?

– ოკეანეებშიც ვყოფილვარ, უდაბნოშიც, მაგრამ ყველაზე დიდი ფათერაკი მავრიტანიაში გადამხდა, სადაც საქართველოს დღეები იმართებოდა. დელეგაციაში ჩემთან ერთად იყო გელა ლეჟავა, რომელიც მაშინ ჯანდაცვის მინისტრი იყო. დიდი მიღების შემდეგ, ჩვენი საელჩოს რუსი ეროვნების წარმომადგენელმა მე და გელას შემოგვთავაზა, ქალაქგარეთ გაგასეირნებთო. ერთი ციცქნა ქალაქი იყო, იქ რა უნდა გვენახა და სიამოვნებით დავთანხმდით ქალაქგარეთ წასვლაზე. ქალაქი დამთავრდა და ჯუნგლები დაიწყო. მივდივართ გზაზე და უცებ ჩვენი „ჟიგული“ ვერტიკალურად, ცხვირით ჩავარდა დიდ ორმოში, რომელიც ფერმერების მიერ მგლების დასაჭერად იყო გათხრილი. ნადირის ხაფანგში აღმოვჩნდით ჩვენ. რუსი პანიკაში ჩავარდა: მე ხვალვე პარტიიდან გამრიცხავენ და სამსახურს დამატოვებინებენ, თქვენი აქ წამოყვანის უფლება არ მქონდა, უნდა როგორმე მანქანა ამოვიყვანოთო. ჩვენ გავგიჟდით, აქედან მანქანა როგორ უნდა ამოვიყვანოთო-ვუთხარით, მაგრამ, იმან თავისი არ დაიშალა. გავიხადეთ მე და გელამ თეთრი სმოკინგები, ჯუნგლებში ხეებზე ჩამოვკიდეთ და დავიწყეთ „სპეცოპერაცია“ – პატარა ნიჩბით ორმოში მიწის ჩაყრა. მთელი ღამე ვყარეთ მიწა და რომ გათენდა, ცოტა მანქანამაც ამოიწია. თან ვართ ჯუნგლებში, ყველა მხრიდან ნადირის ბღავილი ისმის. სწორედ იმ დღეს, სანამ ქალაქიდან გავიდოდით, ჩვენი საელჩოს ექიმს მოუყვანეს ადგილობრივი მცხოვრები, რომლისთვისაც კობრას უკბენია. თურმე, ის გლეხი მიწაზე მუშაობდა და მოშარდვა მოუნდა. კობრამ ზუსტად შეურჩია ადგილი და ისე უკბინა, რომ ექიმი ხუმრობდა: რომ მოიყვანეს, სამი ფეხი ჰქონდაო (იცინის). ეს ისტორია ახალი მომხდარი იყო. ღამე ვართ ჯუნგლებში, რომელიც კობრებითაა სავსე. გელა მეუბნებოდა: მოდი, სანამ მე ვთხრი, შენ ჯოხი ურტყი, კობრამ ჩვენც არ გვიკბინოსო. როგორც იქნა ამოვიყვანეთ მანქანა ორმოდან და ვართ თავიდან ბოლომდე ტალახში ამოგანგლულები. მეგზურს შევთავაზეთ, შენს სახლში წაგვიყვანე, დავიბანთ მაინცო, მაგრამ იმ კაცმა არ წაგვიყვანა, ცოლი რას იფიქრებსო. წავედით მე და გელა სასტუმროში, თანაც პრეზიდენტის აპარტამენტებში ვცხოვრობდით. უნდა გენახათ იმ მცველების თვალები: გადმოვედით მანქანიდან ტიტვლები, ტალახში ამოგანგლულები და ხელში თეთრი სმოკინგები გვიჭირავს (იცინის). გაოცებულები საღამომდე პირს ვერ კუმავდნენ. მოგვიანებით, როცა პრეზიდენტთან მივედით მიღებაზე, გვკითხა: რა გჭირდათ დილას, რატომ ამოიგანგლეთ ტალახში, ასეთი ტრადიცია ხომ არ გაქვთ სამშობლოშიო. გელამ დაიწყო მოყოლა – ჩვენ ახტალა გვაქვს საქართველოში და ვიფიქრეთ, რომ აქაც სასარგებლო ტალახი გექნებოდათო.

ევროპის ყველა დიდ ქალაქში ვარ ნამყოფი. ევროპას აქვს თავისი ხიბლი. მაგალითად, რომში ყველა კუთხეს და ქვას თავისი ისტორია აქვს. ერთხელ, რომის გარეთ გავედით მე და ჩინგის აიტმატოვი, ერთად ვიყავით დელეგაციაში. ძალიან ცხელოდა, ჩინგიზ აიტმატოვი ქვაზე დაჯდა, გიდმა უთხრა: მაგ ქვაზე ნერონი იჯდა, როცა რომიდან გაიქცაო. მართლაც, რომ ვნახეთ, იმ ქვას ფირნიში ჰქონდა მიკრული. ვიყავი პალერმოშიც, სადაც დაგვპატიჟა ადგილობრივმა კონდიტერმა, გინდა თუ არა, ამ საღამოს დოსტოევსკიზე უნდა ვისაუბროთო. მეორე დღეს გაზეთებში დაიბეჭდა, როგორ ქეიფობდნენ საბჭოთა დელეგაციის წევრები იტალიელ მაფიოზებთან ერთად, ეს საქმე საელჩომ ჩაფარცხა და ყველა იოლად გადავრჩით... (იცინის).


скачать dle 11.3