კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის მიჰქონდა გიგი წერეთელს სახლიდან წამლები და რა ხიფათი შეემთხვა მას


ორმოცდაექვსი წლის წინ წერეთლების ოჯახში ვაჟი დაიბადა, იმდენად დიდი წონის, რომ თურმე, ირგვლივ ყველას კარგა ხანს ჰქონდა სალაპარაკო, ორწლინახევრის შემდეგ კი ქალიშვილიც შეემატათ. დღეს, პროფესიით ექიმი გიგი წერეთელი აქტიურ პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. გაგაცნობთ წერეთლების ოჯახის ცხოვრებიდან ყველაზე საინტერესო ფურცლებს.

აზა ანთელავა (გიგი წერეთლის დედა): გიგი ძალიან ნიჭიერი, თბილი, მოსიყვარულე და მოუსვენარი იყო, იმდენად, რომ მისი სიცელქის გამო სკოლაში ხშირად მიწევდა ბოდიშის მოხდა. გაკვეთილზე გაჩერება უჭირდა. სკოლაში უფრო მეტად დედაჩემი აკითხავდა, რადგან, დილით ყოველთვის ლექციებზე ვიყავი.

– ბიჭის გაზრდა რთულია. მშობელი სულ იმის შიშშია, ვინმემ არ აიყოლიოს და ცუდ გზას არ დაადგეს. როგორ იზრდებოდა გიგი?

– ბიჭის აღზრდა ნამდვილად რთულია და სირთულეები განსაკუთრებით მერვე-მეცხრე კლასიდან იწყება, მაგრამ, ყველა სიძნელე გადავლახეთ. იცით, მის კლასში ყველა ბავშვი თითქოს არჩეული იყო და ყველამ დიდ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში: მუშაობენ, კარგი ოჯახები აქვთ. ჩვენ ჭავჭავაძის პროსპექტზე, ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდით ცხრა წელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა გიგი. ცალკე არ გვქონდა ბინა. გიგი სამი წლის იქნებოდა, როცა ჩვენთან, ეზოში ლამაზი სკვერი გააკეთეს, შუაში შადრევნით და აუზით. გავედით თუ არა ეზოში, მაშინვე ზედ დაასკდა და ტუჩი გაიხეთქა. საავადმყოფოში გავაქანეთ. სხვათა შორის, არ გაუკერეს. ქირურგმა თქვა, ცუდად დააჩნდებაო. მთელი ერთი კვირა გვერდით ვეჯექი და თითით მეჭირა მისი ზედა ტუჩი, რომ შეხორცებოდა. როცა წამოიზარდა თუ სადმე მეგობართან რჩებოდა, მაშინვე ვრეკავდით და ვამოწმებდით, მართლა იქ იყო თუ არა. რომ გითხრათ, მაინცდამაინც იზიდავდა ქუჩა-მეთქი, ასე არ იყო. ზოგჯერ მის გულისწყრომასაც იწვევდა მუდმივი კონტროლი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. როცა სამართლიანი პროტესტი იყო, ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებოდით და სიტუაციას არ ვამწვავებდით. ასე ვთქვათ, გამოსავალი ყოველთვის იყო. ზოგჯერ ის გვითმობდა, ზოგჯერ – ჩვენ. ყველაფერს კი მისი ნიჭი ფარავდა.

– რა არის გიგის გამორჩეული თვისება?

– ბავშვობიდან მოყოლებული გიგის გამორჩეული თვისება მისი შინაგანი კეთილშობილება და მადლიერების გრძნობაა. რაღაცას კარგს რომ გავუკეთებდით, ისიც ცდილობდა, თავისებურად ესიამოვნებინა ჩვენთვის, კარგად ესწავლა და ჩვენი გული გაეხარებინა. სახლში სულ ინტელექტუალური განწყობა იყო. მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე, ნუგზარი, მწერალია და მთელი ცხოვრება წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული. მე უცხო ენების სპეციალისტი ვარ და მუდმივად უნდა მემუშავა ჩემს თავზე. ამიტომ, ძალაუნებურად, გიგის თვითონაც წიგნისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ბევრს კითხულობდა, სულ აკვირდებოდა მამამისს, რას, როგორ წერდა. ნუგზარი პოეზიაზე როცა მუშაობდა, აუცილებლად მოისვამდა გვერდით და ლექსებს აკითხებდა. ზოგჯერ მამამისს შენიშვნებსაც კი აძლევდა და ნუგზარი ითვალისწინებდა ამ შენიშვნებს – რაღაც სიტყვას შეცვლიდა, რომელიც კონტექსტში უფრო ჯდებოდა. ნუგზარი იტყოდა ხოლმე – რა გინდა, სწორია ეს ბავშვი, ვერაფერს იტყვიო. გიგიმ ერთი-ორჯერ თვითონაც სცადა და ლექსი დაწერა, მაგრამ, ეტყობა, მაინცდამაინც არ ჰქონდა ამისადმი ლტოლვა. ისე, ყველაფერი აინტერესებდა. მუსიკალურ შვიდწლედში დადიოდა, მოსწონდა ფორტეპიანოზე დაკვრა. ბევრ კონცერტზე გამოსულა, მაგრამ ბავშვობის შემდეგ აღარ დამჯდარა ინსტრუმენტთან. მახსოვს, ძალიან ნერვიულობდა კონცერტზე გასვლის წინ, მაგრამ ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა. შემდეგ წლებში, მუსიკალურმა განათლებამ ხელი შეუწყო, სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულიყო და უსმენდა ჯაზს.

– მშობელი ყოველთვის არის იმ მოვლენების ეპიცენტრში, რაც შვილების გარშემო ხდება. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა თქვენი შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი – სტუდენტობა უნდა დაწყებულიყო. არჩევანი, სად უნდა ჩაებარებინა, მასზე იყო თუ თქვენზე?

– ჩვენ ნამდვილად არ დაგვიძალებია, გინდა თუ არა, ეს პროფესია აირჩიეო. მან აირჩია სამედიცინო, რომელიც მაშინ ძალიან მოდაში იყო, ურთულესი იყო იქ ჩაბარებაც. საკმაოდ მაღალი ქულები მიიღო. ჩვენზე ბედნიერი, მგონი, იმ დროს არავინ იყო.

– თქვენი ქალიშვილი რას საქმიანობს?

– ჩემი ორივე შვილი წარმატებულია თავის სფეროში. ნინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ასისტენტია ფილოლოგიის სპეციალობით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ის კიდევ უფრო ბეჯითი და ნიჭიერი იყო. ნინოს წერის ნიჭი მამისგან გამოჰყვა. შვილებში ძალიან გამიმართლა, მაგრამ, იმას, რომ გაგიმართლოს საფუძველიც სჭირდება. ჩვენ მაქსიმალურად, როგორც შეგვეძლო, კეთილი მიმართულებით წარვმართეთ ჩვენი შვილების სულიერება. ჩვენი მეგობრები რომ იკრიბებოდნენ ჩვენთან სახლში, ჩვენს შვილებს იმ დროს არ უნდოდათ გარეთ გასვლა და თამაში, ჩვენთან ყოფნა ერჩივნათ. ამით ვცდილობდი, ბავშვები უფროს თაობასთან ახლოს ყოფილიყვნენ.

– ესე იგი, გიგი ძალიან მოწესრიგებული ბავშვი ყოფილა.

– გიგის ცხოვრება ყოველთვის გაწონასწორებული იყო და თვითონაც ცდილობდა, რამე ისეთი არ დაეშავებინა, რაც გულს გვატკენდა. მის მიმართ მამამისი უფრო იყო მომთხოვნი, ვიდრე მე. მეც ვცდილობდი, ყველანაირად ჩემი შვილების გვერდით ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვმუშაობდი. თავიდან ნახევარ განაკვეთზეც კი ვიყავი, რომ მათთვის ყურადღება არ მომეკლო. ძალიან ახალგაზრდა დედა მყავდა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მე შემომწირა.

– უმაღლესის დამთავრების შემდეგ როგორ გააგრძელა გზა გიგიმ?

– სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა ნევროლოგიის ინსტიტუტში დაიწყო და იქ რვა წელი იმუშავა. ძალიან უყვარდათ პაციენტებს. მახსოვს, ერთ-ერთმა სახლში დამირეკა და მითხრა: გიგი ექიმი პალატაში რომ შემოდის, რაც არ უნდა გვტკიოდეს, მაშინვე გადაგვივლის, ისე გვახალისებს და გვეფერებაო. ავადმყოფი ძალიან მძიმე მდგომარეობაში რომ იყო, გიგი გვერდიდან არ შორდებოდა. მახსოვს, მაშინ წამლები ძალიან ჭირდა. მამამისიც ხშირად ავადმყოფობდა და ბევრ წამალს ვყიდულობდით. გიგის ბევრჯერ სახლიდან წაუღია წამალი თავისი ავადმყოფებისთვის. მერე საქართველოში არეულობა რომ დაიწყო, საავადმყოფოც დაიკეტა, ავადმყოფები აღარ იყვნენ, მძიმე მდგომარეობა იყო და გიგი მეუღლესთან ერთად მოსკოვში წავიდა. დისერტაცია უნდა დაეცვა, დაწყებული ჰქონდა და ვერ დაასრულა. იქ რაღაც ბიზნესში იყო, ფრანგებთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა, დაახლოებით, ორი წელი იყო. მერე თბილისის მერიიდან მიიღო შეთავაზება, რომ სოციალურ სფეროში გამოცდილი კაცი სჭირდებოდათ და აქედან დაიწყო, მისი აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმა. ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო იმით, რა საქმესაც ის აკეთებს. ადამიანს თავისი ნიჭის გამომჟღავნება ყველგან უნდა შეეძლოს, რაც ყველას არ გამოსდის. შინაგანი თვისებები პოლიტიკაშიც აუცილებელია, ადამიანი უნდა იყოს დადებითი პიროვნება და სიმართლისთვის იბრძოდეს.

– როგორ შეხვდით გიგის დაოჯახებას?

– გიგის მეუღლე, ეკა კანდელაკი, პედიატრია. ერთმანეთს შორიდან იცნობდნენ. მეგობრების ოჯახში ხვდებოდნენ და უცებ გადაწყვიტეს, დაქორწინებულიყვნენ. ჩვენ ნამდვილად არ ჩავრეულვართ მის საქმეებში. არჩევანს, დიდი სიხარულით შევხვდით, ყველანაირად შევუწყვეთ ხელი, რომ ერთად ყოფილიყვნენ და თავიანთი საქმე ეკეთებინათ. 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად. სამი წელია, რაც ცალკე გადავიდნენ. მართალია, როცა ოჯახი დიდია, დამღლელია, მაგრამ, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი. დრო არ მქონდა, საკუთარი თავისთვის ყურადღება მიმექცია. ჩემი თავი არასდროს მახსოვდა, ოღონდ ამათ არაფერი მოკლებოდათ და ბავშვები რეჟიმში ყოფილიყვნენ.

– თქვენ ძალიან პოპულარული და საინტერესო გვარის წარმომადგენლები ხართ. რას გვეტყვით გიგის წინაპრებზე?

– გიგის ბაბუა, ჩემი მამამთილი, აკაკი წერეთელი, ძალიან მწიგნობარი კაცი იყო. 1937 წელს, როგორც ყველა განსხვავებულად და პატრიოტულად მოაზროვნე კაცი, ისიც მოხვდა დაპატიმრებულთა სიაში. ათი წელი იხდიდა სასჯელს პოლიტიკური მრწამსის გამო. შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და რეაბილიტაცია შეეხო. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. დღეს იმ სახლში მისი ძმა და ძმისშვილები არიან თავიანთი ოჯახებით. ჩემი დედამთილი, ბარბარა, უაღრესად კეთილშობილი ქალი იყო. სამწუხაროდ, ერთად არ გვიცხოვრია. სახლში ჰყავდა ორი ვაჟი და რძალი და მათთან ერთად იყო. ახალგაზრდა ასაკში მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო და მეც ასევე ვპასუხობდი. ყოველთვის მიყვებოდა თავის წარსულზე, თავის შვილზე მეუბნებოდა, ნუგზარი ხელშესაწყობი ადამიანია და, აბა, შენ იცი, როგორ მიხედავო.


скачать dle 11.3