როგორ უტარებს ამერიკაში მასტერ-კლასებს ერთი-ერთზე დათო ბახტაძე ბექა სიხარულიძეს და როგორ პატიჟებდა ბექას ედი მერფი საკუთარ სახლში
„ვცხოვრობ ამერიკაში, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ ჩემთვის საქართველო სამშობლოა და სადაც უნდა ვცხოვრობდე, ყოველთვის ქართველი ვიქნები“, – ეს სიტყვები მსახიობ გივი სიხარულიძის შვილს, ბექა სიხარულიძეს ეკუთვნის, რომელიც 12 წელია, ამერიკაში ცხოვრობს. აქვს თავისი საჩოგბურთო აკადემია და ჩოგბურთს ასწავლის ბევრ ცნობილ ვარსკვლავს. უკვე გადაიღეს სამ ფილმში. ბექა იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არასდროს ნებდება, არ ჩერდება. აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და შესაბამისად, წინ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.
ბექა სიხარულიძე: ბავშვობიდან სპორტზე გაგიჟებული, სპორტის ფანატი ვიყავი. მამა მკაცრი არ ყოფილა, ლექსებზე მზრდიდა. მეუბნებოდა, მე ასე მჯერა, ასე ვიცხოვრე, ეს მიმაჩნია სწორად, მოგწონს? – მოგწონს, თუ არადა, ეს შენი საქმეაო. როცა გეუბნება, მამაკაცი მამაკაცი უნდა იყოს, მანდილოსანი – მანდილოსანიო, თუ ცოტათი მაინც აზროვნებ, უნდა მიხვდე, როგორ იცხოვრო, რა გააკეთო. მე მამაჩემის ბოლომდე კმაყოფილი ვარ, რომ ასე გამზარდა. მეუბნებოდა – არ მოიტყუო, არ მოიპარო, სიკეთე აკეთე, გიყვარდეს ადამიანი, ზრდილობიანად მოექეციო. თუ შეგიძლია, ადამიანს აპატიე, ეს უფრო დიდი ვაჟკაცობააო. თორემ, ჩვენთვის მუშტის დარტყმა უცხო არასდროს ყოფილა. მე კარატისტი ვარ, კიგბოქსინგში საქართველოს ნაკრებში ვიყავი. მამაჩემი ყოფილი ბოქსიორია და ჩემი ძმაც. მეუბნებოდა, ნარკოტიკი არ გაიკეთო და ისე არ დათვრე, რომ მეორე დღეს არ გახსოვდეს, რა თქვი და რა გააკეთეო. მიხარია, რომ მამა ამ ყველაფერზე მელაპარაკებოდა და მეც ყოველთვის ვითვალისწინებდი. მამამ ამ ცხოვრებაში რამდენიმე რაღაც მთხოვა და რომ დავუჯერე, სწორედ იმიტომ ვარ დღეს ცოცხალი.
– კარატეზე მშობლების ინიციატივით შეხვედი?
– კარატეზე ჩუმად დავიწყე სიარული, ისე, რომ არავინ არაფერი იცოდა. ჩუმად, სიცივეში, გაყინულ დარბაზში ვვარჯიშობდი, ვიყინებოდი. თანაც, კარატისტები ფეხშიშველები ვარჯიშობენ. საშინელება იყო. ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი და მამამაც მაშინ გაიგო. იმ დროს კრივზეც დავდიოდი და კიგბოქსინგზეც. მამამ რომ შეიტყო, გაეღიმა, მე ხომ ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა კარატეში საქართველოს ნაკრებში ვიყავი და შავი ქამრის მფლობელი ვარ. შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვედი მსოფლიო ჩემპიონატზე და უკან ვეღარ გამოვფრინდი. მოკლედ, კარგად ჩავრჩი. ეს 12 წლის წინათ იყო. ორი ჩემოდნით ჩამოვედი და დავრჩი. ამის შემდეგ კიგბოქსინგის შეჯიბრებაში რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა, ერთი წავაგე და რამდენიმე მოვიგე.
– ძირითადად, ჯიბეში 20 დოლარით ჩადიან ხოლმე ამერიკაში. შენ რამდენი გედო ჯიბეში?
– ვერ მოვიტყუები, იმიტომ რომ, მამაჩემის მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. იმ დროს დედა გარდამეცვალა და გვერდში დამიდგნენ. მაშინ რა თანხაც მქონდა, საქართველოში ნორმალური ფული იყო, მაგრამ ამერიკაში კაპიკებს უდრიდა. რაღაც პერიოდი ისე ვიყავი, რომ პურს ვყიდულობდი, კარაქს ვუსვამდი და მხოლოდ იმას ვჭამდი. მანქანაშიც მძინებია. ახლა რომ ვიხსენებ, ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გამევლო. საერთოდ, ძალიან ჟინიანი, მებრძოლი ადამიანი ვარ, ბოლომდე არასდროს ვნებდები და სულ ვიბრძვი.
– არასდროს უთქვამს მამას, საქართველოში დაბრუნდიო?
– მამა პირველად რომ ჩამოვიდა და, ნახა, როგორ მიჭირდა, გაგიჟდა. მითხრა, შვილო, აქ რა გინდა, ჩაალაგე ჩემოდანი და ახლავე წამოდიო, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საქართველოში წაგებული დაბრუნდება. თუ დავბრუნდები – მოგებული ჩამოვალ. ამიტომ, მაშინ წამოსვლაზე არც მიფიქრია, დავრჩი და ავაწყე ჩემი ცხოვრება. 12 წლის წინ, როდესაც ვჩხუბობდი, ძალიან ცოტა შემოსავალი მქონდა, კაპიკები. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩოგბურთის სკოლა გამეხსნა.
– არ მითხრა ახლა, რომ ჩოგბურთსაც თამაშობდი...
– მოცეკვავე ვიყავი და ჩოგბურთსაც ვთამაშობდი, ოღონდ ინტენსიურად არა. მამას სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი. მთელი მსოფლიო მოვიარე მასთან ერთად. მაშინ 11-12 წლის ვიყავი. იმ დროს რომ ფულს ვშოულობდი, სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ჩემზე გაცილებით უფროს მამაკაცს. უცხოეთში ბევრს დავდიოდი, განათლებას ვიძენდი. ანსამბლში ყველაზე პატარა ვიყავი, თან ლამაზი ბიჭი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ტექნიკურად კარგად ვცეკვავდი, – „სამაუჩკა“ ვიყავი. მამაჩემს არასდროს უსწავლებია, მაგრამ გულიანად, ხასიათში ვცეკვავდი და უცხოელებს ეს მოსწონდათ. ფულს და საჩუქრებს მაძლევდნენ. მახსოვს, გერმანიაში, კონცერტის მერე რესტორანში წავედით. გერმანელები მოვიდნენ და როგორც პატარა ბავშვს, ღიმილიანი სახით, ფულები მაჩუქეს. ეს არასდროს დამავიწყდება. თუმცა, ჩოგბურთი ყოველთვის მიყვარდა და ერთხელაც მამაჩემს ვუთხარი, ჩოგბურთი ჩემი ცხოვრებაა და ამიტომ მას უნდა გავყვე-მეთქი. უარი არ უთქვამს. იმ დროს კუნჭულია და ჯანუაშვილი იყვნენ საბჭოთა კავშირში პირველი ნომრები. ერთი ჩემი თანატოლი იყო, მეორე – ერთი წლით უფროსი. რომ მეთამაშებოდნენ, თან მეღადავებოდნენ, რადგან, 12 წლის ასაკში დავიწყე სერიოზული ვარჯიში. ისინი რომ სამ საათს ვარჯიშობდნენ, მე – ექვსს. 2-3 წლის შემდეგ, მათ ჩემპიონატზე შევხვდი და ორივეს მოვუგე. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერა. წყვილშიც ვთამაშობდი და მარტოც. საქართველოს ნაკრებში ვიყავი. ჩოგბურთი იყო მთელი ჩემი ცხოვრება. როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, სან-ფრანცისკოში მეგობარს ვესტუმრე. მან გამაცნო ერთი კაცი, რომელსაც ჩოგბურთის აკადემია ჰქონდა. ვეთამაშე და სამსახური შემომთავაზა. ერთდროულად ორ სკოლაში დავიწყე მუშაობა. ორი წლის შემდეგ დავბრუნდი ლოს-ანჯელესში. ის ორი ჩემოდანი წამოვიღე და გავხსენი საკუთარი სკოლა. ამჟამად, მინიმუმ, 120 სტუდენტი და 4 ასისტენტი მყავს. ვავარჯიშებთ რამდენიმე ვარსკვლავს და მათ შვილებსაც.
– ვინ არიან ისინი?
– 5 წლის განმავლობაში ვავარჯიშებდი ედი მერფის 5 ბავშვს. ნიჭიერი ბავშვები იყვნენ, მაგრამ არცთუ ისე მშრომელები. ედი მერფიც მოდიოდა სკოლაში. მერე მეც რამდენჯერმე ვესტუმრე სახლში. უსერიოზულესი ადამიანია, ძალიან კარგი და ვინც მას იცნობს, ყველა ამბობს, როდესაც კამერა ირთვება, ის აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხდებაო. ედი მერფის შვილების გარდა, ჩემს სკოლაში ასევე დადიოდნენ ამერიკაში ძალიან ცნობილი მსახიობი ჯენიე გერთი და მისი შვილი. ის თამაშობდა ცნობილ ტელესერიალ „ბევერლი ჰილზს 90210-ში“. ასევე, მონაწილეობა მიიღო 2007 წელს ცნობილ შოუში DANCING WITH THE STARS 2007-ში. ჯენიეს მეუღლე არის ცნობილი მსახიობი პიტერ ფასინელი. რამდენჯერმე ჩემს სკოლაში ჩოგბურთი ვითამაშე ძალიან ცნობილ ვარსკვლავთან, რომელიც ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი – მეთიუ პერისთან. სხვა მსახიობებთანაც მქონდა ურთიერთობა, თუმცა მათი სახელების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.
– როგორც ვიცი, ფილმებშიც გიღებენ, მონაწილეობდი ბაბლუანის „მემკვიდრეობაში“. გადაგიღეს ნიკა ხომასურიძის ფილმში.
– როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, ჯერ ფინანსური საკითხების მოგვარებას ვცდილობდი. უკვე მაქვს ჩემი ბიზნესი და შემიძლია, ფილმებში გადაღებას მივხედო. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მასწავლებელი არის დათო ბახტაძე. ის ჩემი უახლოესი მეგობარი, უნიჭიერესი მსახიობი და მასწავლებელია. მასტერ-კლასებს მიტარებს ერთი-ერთზე, ყველანაირად მეხმარება. პირველად გადამიღეს ამერიკულ „რეინჯერებში“. ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. მეგობარმა გოგონამ გააგზავნა ერთ-ერთ სააგენტოში ჩემი და თავისი ფოტოები. მე ამიყვანეს და ის – არა. ერთ დღესაც დამირეკა პროდიუსერმა და მითხრა, თქვენ მჭირდებით ფილმისთვისო. გადამიღეს. შემდეგ უკვე ვმონაწილეობდი თემურ და გელა ბაბლუანების ფილმში. იმ დროს თბილისში ვიყავი ჩამოსული და ამერიკაში ვაპირებდი დაბრუნებას. წამოსვლამდე შევხვდი თემურ ბაბლუანს. მითხრა, „მემკვიდრეობაში“ ერთი როლია, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, შენ ითამაშოო. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, საოცრად ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. ბევრისგან გამიგია, თემურ ბაბლუანთან მუშაობა რთულიაო, მაგრამ ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. გელაც ჩემი ახლობელია, ერთად ხშირად ვართ. ამერიკაში ვნახულობთ ერთმანეთს. გელა საოცრად ნიჭიერი ადამიანია და მალე მთელი მსოფლიო გაიგებს, ვინ არის ის. როდესაც თემურმა ფილმში გადაღება შემომთავაზა, ვთხოვე, ხუთ წუთს მომცემთ, რომ მოვიფიქრო-მეთქი? აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი ამერიკაში. მამაჩემმა მითხრა, შენ გადაწყვიტე შენი ბიზნესიო. ვუპასუხე, უკვე ყველაფერი გადავწყვიტე-მეთქი და ასე დავრჩი თბილისში. დიდი მადლობელი ვარ ბაბლუანების, რომ გადამიღეს და საკუთარი თავისაც, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ამის შემდეგ უკვე ნიკა ხომასურიძის ფილმში ვითამაშე მთავარი როლი. ეს არის სასიყვარულო კომედია. არც კი ვიცოდი, ასეთი ჟანრის ფილმი თუ იყო ჩემს ხასიათთან ახლოს. „მემკვიდრეობაში“ ყველაზე საშინელი ადამიანის როლი შევასრულე, რომელიც ბავშვს აკვლევინებს. იმედი მაქვს, კარგი ფილმი გამოვა. ნიკოლოზი ძალიან მშრომელი ადამიანია, ჩამოვიდა აქ, ისწავლა, შრომობს და წინ ბევრი გეგმა აქვს. მე მჯერა, რომ ყველაფერს მიაღწევს.
– ბევერლი ჰილზზე ცხოვრობ? მანდ ჩვეულებრივი ამბავია, მეზობლად ძალიან ცნობილი ადამიანი გყავდეს.
– ძალიან ახლოს ვცხოვრობ, დაახლოებით ათ წუთის სავალზე. ძალიან ხშირად დიდი ვარსკვლავების გვერდით აღმოვჩენილვარ რესტორანში. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი ნაცნობების სიაში ბევრია ცნობილი პროდიუსერი, მსახიობი და მათთან ვმეგობრობ. ზოგიერთი მსახიობი ძალიან ჩაკეტილი ბუნებისაა, ზოგი, პირიქით – უშუალო, გახსნილი. ნოემბერში გადაღებაზე გავიცანი ტომ კრუზი და კამერონ დიასი. დიასთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრე. მეგობრული, თბილი, თავაზიანი, კარგი ხასიათის ადამიანია. იგივე შემიძლია ვთქვა, ტომ კრუზზეც – საოცრად ზრდილობიანია, გამარჯობის თქმასაც ვერ დაასწრებ. ვარსკვლავური სენი არც ერთს არ სჭირს, რაც ძალიან სასიამოვნო და მისაბაძია.