ადამიანი-ამფიბია მსოფლიო რეკორდებისთვის ემზადება
მთელმა საქართველომ, და არა მარტო საქართველომ, გაიგო უნიკალური მოვლენის შესახებ, რომელსაც სახელად ბეგლარ ელბაქიძე ჰქვია და რომელსაც ძალიან ბევრ ქვეყანაში „ადამიანი-ამფიბია“ შეარქვეს. მსოფლიოში უნიკალური კაცი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს, მხოლოდ ფეხებით ცურავს, იგი ვერტიკალურად მოძრაობს წყალზე, ისე, თითქოს წყალზე დადის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბატონ ბეგლარს ხელები შეკრული ჰქონია ან, გახსნილი, მაგრამ, ხელებში სხვადასხვა ნივთი სჭერია. თავად ხუმრობს კიდეც, რომ მხოლოდ ფეხებით ცურვისას, ვინმე თუ მიაწვდის, ყავასაც მშვენივრად დალევს. ბატონ ბეგლარს უამრავი მოწვევა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, თურქეთმა რეკორდების დამყარება, დაფინანსება შესთავაზა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბატონი ბეგლარი ამ ქვეყნის სახელით დაამყარებდა რეკორდს. ადამიანმა-ამფიბიამ უარი თქვა და თავისი რეკორდებით საქართველოსთვის აპირებს მსოფლიო სახელის მოხვეჭას. თუმცა, ამისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, ქალაქის მერიისა და ბიზნესკომპანიების დახმარება სჭირდება. საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურთა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი“, გვანჯი მანიას თაოსნობით, წელს რამდენიმე ღონისძიებას გაუკეთებს ორგანიზებას. ივლის-აგვისტოში ათამდე რეკორდია დასამყარებელი: დარდანელის სრუტე, მესინის სრუტე იტალიაში, ბონიფაჩოს სრუტე საფრანგეთში, ალექსანდრიის საზღვაო არეალი, ჰიბრალტარი ევროპიდან აფრიკაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადგილებისა, რომელსაც მხოლოდ ფეხებით მოცურავე ადამიანი გადალახავს. თხუთმეტკილომეტრიანი მონაკვეთი, ათობით საათი წყალში, გაოცებული მსოფლიო, უდიდესი აღიარება – ამას ბატონი ბეგლარი ნამდვილად გვპირდება, თუ, რა თქმა უნდა, მის გვერდით მისი ქვეყანა დადგება.