კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

 რა „რქები“ მოატეხა სანდრო დავითაშვილმა ნათია მიქაძეს და როგორ შეცვალეს მათ ერთმანეთი


„ვარსკვლავების აკადემიის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე – ნათია მიქაძე და მსახიობი სანდრო დავითაშვილი 17 აპრილს დაქორწინდნენ. ამ უცნაური, ექსცენტრიკული, საინტერესო და ერთმანეთზე საოცრად შეყვარებული წყვილის შემხედვარე, მეც კი მიჭირს მათ, ცოლ-ქმარი, მეუღლეები ვუწოდო. სიყვარულის ისტორია, ნათიამ და სანდრომ, ქორწილის მეორე დღეს მიამბეს.


ნათია მიქაძე: თეატრალურის პირველ კურსზე გავიცანი სანდრო, თვითონ მაშინ მესამე კურსზე იყო. გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ მაშინ არაფერი დაწყებულა, უბრალოდ, ვიფიქრე, რა კარგი ბიჭია-მეთქი და მორჩა. მაშინ სანდროსაც შეყვარებული ჰყავდა და მეც, მაგრამ „უი, რა კარგი ბიჭია“ – ეს მომენტი მქონდა. ვიზუალურად ისე გამოიყურებოდა, ჩაცმის სტილით, ქცევებით, საერთოდ ყველაფრით, რომ არ არსებობს, ყურადღება არ მიგექცია. ასე გადიოდა წლები, ერთმანეთს შემთხვევით, თეატრალურის კაფე „ვინსენტში“ თუ შევხვდებოდით...

სანდრო დავითაშვილი: იმ კაფეს „ზაბიგალოვკა“ უფრო ერქვა (იცინიან).

ნათია: ერთხელ კი ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობრები სანდროსთან ავიდნენ და მეც ავყევი. ის თეატრალურთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. დედამისი გავიცანი. სულ უბრალოდ მოხდა ეს ყველაფერი. მერე რომ გახსენდება, ხომ იცი?! უი, შენთან სახლშიც ხომ ვარ ნამყოფი...

სანდრო: მთელი ინსტიტუტი იქ იჯდა ყოველდღე. მართლა, მთელი თეატრალური, ჩემი სწავლის პერიოდში, დედაჩემის გამოკვებილია (იცინიან). ამ ამბებში გავიდა დრო და ბოლოს მივხვდით, რომ ერთად უნდა ვიყოთ.

– შეყვარებულებს რატომ დაშორდით?

ნათია: ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთი გვენახა – სანამ ომი დაიწყებოდა, ის ზაფხული იყო. „აკადემიიდან“ ახალი გამოსული ვარ. სანამ პროექტში ვიყავი, მაშინ დაწყებულა თბილისში „ადნაკლასნიკების“ ბუმი. ჩემს დას ჩემი სახელით პროფილი გაუხსნია და იქ უამრავი ადამიანი ჰყავდა დამეგობრებული. თეატრალური დამთავრებული მაქვს, საქმე კი – არაფერი და მთელი დღე ამ საიტით ვერთობოდი.

სანდრო: „აკადემიის“ შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი, ერთი კონცერტიც არ მინახავს, რადგან ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. ჩემი რეკლამები და კლიპებიც კი არ მაქვს ნანახი. ნათია დავინახე საიტზე და უბრალოდ, მივწერე, მოვიკითხეთ ერთმანეთი.

ნათია: გავიდა ერთი-ორი კვირა და ერთმანეთი ისევ მოვიკითხეთ. მერე სკაიპში გადავწყვიტეთ ლაპარაკის გაგრძელება და ამ ლაპარაკში ღამეც გავათენეთ. მერე ვიფიქრე, ვიღაცასთან სკაიპში ღამე რატომ გავათენე, ცხოვრებაში რომ არ მილაპარაკია სკაიპით ამდენი-მეთქი.

– სანდრო უცებ რატომ დაინახე ნათია სხვა თვალით. „ამურჩიკის“ ბრალია?

– კი. ძალიან მარტივად დაიწყო ურთიერთობა, უფრო ხშირი კონტაქტი და მერე რაღაცნაირად ხომ ხვდები, ადამიანი შენიანია. მერე შემთხვევით შემხვდა, რას შვრები, არაფერს, წამოდი... ჩავსხედით მანქანაში და ძალიან დიდხანს ვიბოდიალეთ. მერე უკვე იმ ფაზაში გადავედით, რომ – რას შვრები, რეპეტიცია მაქვს, ხომ არ წამომყვები და ნათიაც მოდიოდა. აღმოჩნდა, რომ სულ ერთად ვართ და თავს ორივე ძალიან კარგად ვგრძნობთ.

ნათია: მართლა გაუცნობიერებლად მოვედით აქამდე, ვერ ვხვდები, როდის, რა და როგორ მოხდა. ერთ დღესაც საკუთარ თავთან ვთქვი: აუ, მიყვარს-მეთქი. თან ეს ძალიან მალე მოხდა, არ გვიფიქრია ამაზე წლების განმავლობაში.

სანდრო: ისეთი არასტანდარტული ურთიერთობა გვქონდა, რომ მიჭირს მოყოლა. ჯერ საღამოობით ვემესიჯებოდით ერთმანეთს, მერე შეხვედრა დავუნიშნე, მერე ხელი ვთხოვე... ეს ძალიან სასაცილო მგონია. საერთოდ არ ვარ ეგ ტიპაჟი. ყველაფერი მარტივად მოხდა, ძალდატანების და ბევრი ფიქრის გარეშე.

ნათია: დილით გავიღვიძებდი, ან სანდრო გაიღვიძებდა და ვურეკავდით ერთმანეთს. თავისთავად წამოვიდა, ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ერთად ვიყავით, თითქოს ვალდებულება გაგვიჩნდა ასეთი, რომ სულ ერთად ვყოფილიყავით.

სანდრო: „გვისწორდებოდა“ და ვბოდიალობდით. შესაბამისად, მივედით ლოგიკურ ფინალამდე. მაინც, სულ ერთად ვიყავით და ცალ-ცალკე დაძინებას რაღა აზრი ჰქონდა. ძალიან გვინდოდა ერთად ცხოვრება.

– ისეთი ტიპის ადამიანები ხართ, რომ ქორწილი თქვენთვის ცოტა უცნაური მეჩვენება.

– შენ ეგ ამბავი ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხო. საერთოდ, ვერავის წარმოედგინა, თუ ცოლს მოვიყვანდი, მით უმეტეს ამ ასაკში. ბოჰემური ცხოვრება ჰქვია თუ რა ჰქვია ამას, არ ვიცი – ძონძი ტანსაცმელი მომწონს, ახალს ვერაფერს ვიტან, მირჩევნია „ბომჟიკურად“ და ჩემს გემოზე ვიყო, ვიდრე ახალი მეცვას. ვერ ვიტან „პეროს“. იმდენი ნიუანსი მაქვს ხასიათში, ამ ყველაფერს რომ ეწინააღმდეგება, მართლა ყველას ძალიან გაუკვირდა...

ნათია: იცი რა, მაინც სხვანაირად ვხედავ და შესაძლოა, ამიტომაც ვართ ერთად. კი, ბოჰემურად ცხოვრობს, მაგრამ ჩემთან ის მაინც სხვანაირია – თავისი სიღრმეებითა და ძალიან მაგარი ხასიათით. ცუდი, უარყოფითი თვისება ყველას გვაქვს, მათ შორის სანდროსაც – ფიცხია, ფეთქებადი, მაგრამ ესეც მომწონს. ყველაფერი მომწონს მის ხასიათში, რა ვქნა, მომწონს... მიჭირს მისი დახასიათება, ჩემთვის იდეალური ადამიანია. შევავსეთ ერთმანეთი და მის გვერდით უბედნიერესი ვარ. თუნდაც, ის რომ ჩემი „რქები“ მომატეხა. უაზრო სტანდარტები მქონდა – ჩემი შეყვარებული, უზრუნველყოფილად თუ არ მაცხოვრებს და ისეთი სახლი არ ექნება, როგორიც ჩემი მშობლებისაა, ისე ცოლად არ გავყვები და მსგავსი სისულელეები. ისე კი არაა, რომ სანდრო ცუდად მაცხოვრებს, უბრალოდ მთლიანად შემიცვალა შეხედულებები. თავში „ავარდნილივით“ მქონდა...

სანდრო: გამოვთალე (იცინიან). მართლა ბევრი რაღაცის შეცვლა მომიწია. იმიტომ კი არა, რომ ცუდი იყო, უბრალოდ, ასაკობრივი მომენტებიც ჰქონდა და რაღაც-რაღაცეებიც. გაიზარდა და ამაში ჩემი წვლილიცაა.

– რატომ იშრომე ამდენი?

– უპირველესად, იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა და ახლაც მაგრად მომწონს. მეორე, მასში არის ის თვისებები, რომელიც ყველაზე მთავარია ჩემთვის ადამიანში. სხვისთვის შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, საოცრად კეთილია და ის ავტომატურად გახდა ჩემიანი. ბევრ რაღაცასთან ერთად, რაც „მევასებოდა“ კიდევ ის თვისება აქვს, რომ შეუძლია, სხვისთვის იცხოვროს და ამით „იკაიფოს“. ძალიან ბევრის გაკეთება უნდა ადამიანებისთვის.

– ერთი პროფესია გაქვთ?

ნათია: არა. ხმის სარეჟისორო დავამთავრე.

სანდრო: მაგრამ, მღერის და ამ ყველაფერს ერთად – არტისტი ჰქვია.

– მსახიობის გვერდით ცხოვრება გარკვეულწილად, მაინც თავგანწირვას მოითხოვს.

ნათია: საერთოდ არ მაწუხებს, თუ ვინმე ჩემზე წარმატებულია, მით უმეტეს, სანდრო. არავის ჩრდილში დგომა არ მაწუხებს, საერთოდ. ბიჭისთვის შეიძლება, ეს უფრო რთული მომენტი იყოს, მაგრამ გოგოს შემთხვევაში, ეს მაინც ბუნებრივად ხდება.

სანდრო: მსახიობ ქალს ცოლად არასდროს მოვიყვანდი. ზუსტად რომ ვიცი რაც თეატრში ხდება და რაც ზოგადად ხდება ამ სფეროში, ამიტომაც. ბინძური პროფესიაა, მით უმეტეს ქალისთვის, რომელსაც მთელ ამ სიბინძურესთან შეხება უწევს. მენტალიტეტია მაინც. რაც არ უნდა არაქართველს ვგავდე, მოხევე და კახელი ერთად ვარ და ეს მენტალიტეტი თავიდან ბოლომდე მაქვს გამჯდარი. ნათიამ ჯერ ნაკლებად იცის, რას ნიშნავს მსახიობის ცხოვრება. ბოლო რეპეტიციები იყო და დაახლოებით, ერთი წელიწადია გაჩერებული ვარ. ეს ოცდაოთხსაათიანი რეპეტიციები, გადაღებები ჯერ არ უგრძვნია, თუ დავბრუნდი და გავაგრძელე, იგრძნობს. მაგრამ ერთი კი ვიცი, ნებისმიერ გადაღებასა თუ რეპეტიციაზე, ჩემ გვერდით იქნება.

– ერთმანეთს მშობლები როდის გააცანით?

ნათია: ერთმანეთი პირველ აპრილს გაიცნეს. მამაჩემი დედამისს კი იცნობდა, მაგრამ ჩვენმა დედებმა გაიცნეს ერთმანეთი. სანდროს მამა არ ჰყავს. მიხარია, რომ ჩემს მშობლებს უყვართ სანდრო და ყველანაირად გვიწყობენ ხელს.

– პირველი კოცნა გაიხსენეთ.

– ორი თვე იყო გასული, რაც ერთად დავდიოდით...

– ორი თვე? დიდხანს გივლიათ.

– (იცინიან) სხვათა შორის, ეს ძალიან მესიამოვნა. ძალიან საყვარლად მექცეოდა, ხან თავზე მაკოცებდა, ხელზე მეფერებოდა, მაგრამ არ უკოცნია. ხანდახან უბრალოდ, ვისხედით მანქანაში, შეიძლება, აღარც გველაპარაკა, ამოგვეწურა ყველა თემა, მაგრამ მოგვწონდა ერთად ყოფნა. მერე ამ ყველაფერს ბუნებრივად მოჰყვა კოცნაც.

– რომანტიკულები ხართ?

სანდრო: უამრავი სიგიჟე და სისულელე მაქვს ჩადენილი ცხოვრებაში ამ რომანტიკის გამო. ხომ არის, რომ ადამიანი ამოწურავს თავის რესურსს და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნათია. ამიტომაც მოხდა ყველაფერი თავისთავად. მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემშია და ადრე თუ გვიან გამოიხატება.

– ქორწილზეც მომიყევით.

ნათია: ძალიან ვეცადეთ, რომ ქორწილი ვიწრო წრეში გაგვეკეთებინა, მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ 110 ადამიანი მაინც გამოვიდა. „ქალაქურში“ დავსხედით, მეორე სართულზე და იქ აღვნიშნეთ. ხელი მოვაწერეთ სანაპიროზე, ქორწინების სახლში, ჯვარი მამადავითზე დავიწერეთ.

სანდრო: ჩვენი მეჯვარეები არიან ჩემი მეგობრები: პაატა პაპუაშვილი, დევი ბიბილეიშვილი და გიორგი ტორიაშვილი. ნათიასი კი – ნიკა როყვა, მარიამ ვახტანგიშვილი და თაკო მგელაძე.

ნათია: კაბა ჩემი დიზაინით გავაკეთებინე. ბევრი ვიფიქრე სად შემეკერა, მაგრამ ბოლოს ჟურნალში ზუსტად ისეთი ვნახე, როგორიც მინდოდა და ამიტომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა დიზაინერთან შევიკერავდი თუ სალონში. არაჩვეულებრივ სალონში მოვხვდი, სადაც ზუსტად მიხვდნენ, რა მინდოდა. სანდროს ჩოხა ეცვა, ულამაზესი შავი ჩოხა. ბევრი ვიფიქრეთ მის ჩაცმულობაზეც და ეს მგონი, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

სანდრო: ძალიან ლამაზად ჩაიარა ყველაფერმა. ქორწილში უკრავდა ვიოლინო, კონტრაბასი, ჯაზის ფონზე გავერთეთ. „აკადემიის“ ბავშვები იყვნენ, ბევრი მომღერალი და ერთმანეთს სიმღერას არ აცდიდნენ.


скачать dle 11.3