რატომ ატარებდა მარინე თბილელი დამბროვსკის გვარს და ვინ აღმოაჩინა იგი, როგორც მსახიობი
ვინც მსახიობ მარინე თბილელს იცნობდა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს იყო საოცარი, სიკეთით სავსე, დიდსულოვანი ქალბატონი, ხელოვანი, რომელიც სამყაროს უშურველად უზიარებდა თავისი სულის ნაწილს, ხალას ნიჭსა და ერუდიციას. სამწუხაროდ, ჩემს თაობას მის მიერ სცენაზე ადრე განსახიერებული ბევრი როლი (თეკლა – „კრწანისის გმირებში“, ლარისა – „უმზითვოში“, ფლორელა – „ცეკვის პორტრეტში“ და სხვები) არ უნახავს, მაგრამ ბედნიერება ჰქონდა, ეხილა მისი არაჩვეულებრივი კეკელა ხუხლაშვილი „ძველ ვოდევილებში“, დარეჯანი – „კაცია-ადამიანში?!“, ნათელა აბაშვილი – „კავკასიურ ცარცის წრეში“ და ასე შემდეგ... აღარაფერს ვამბობთ კინოროლებზე, რომლებსაც მისი სილამაზითა და ნიჭიერებით აღფრთოვანებული მაყურებელი დღემდე სიამოვნებით უყურებს. თუმცა, თავად ქალბატონი მარინეს თავი ლამაზ ქალად არ მიაჩნდა: „მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე... მინდოდა, ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ ამბობდნენ, ალბათ, ჩემზე, ლამაზიაო...“
დღეს ქართულ სცენას ქალბატონი მარინეს ქალიშვილი – ბაია დვალიშვილი ამშვენებს, რომელსაც სულ უფრო და უფრო ხშირად ამსგავსებენ დედას. რას ფიქრობს თავად ბაია ამ მსგავსებაზე და რა დაუტოვა ანდერძად დედამ საყვარელ ქალიშვილს, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი თავად მარინე თბილელის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრების ზოგიერთ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ნათლია
ქალბატონი მარინეს ხელოვნების ბევრმა თაყვანისმცემელმა დღემდე არ იცის, რომ თბილელი მისი ფსევდონიმია. ეს შესანიშნავი გვარი, თურმე, აკაკი ვასაძემ დაანათლა. მარინეს დედა ორჯერ ყოფილა გათხოვილი: პირველი ქმარი გვარად დამბროვსკი ჰყავდა, თბილისელი პოლონელი, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონია და იქ ცხოვრობდნენ. ეს კაცი „ისპანკით“ ასეთი ავადმყოფობა ყოფილა მაშინ გავრცელებული) დროს დაღუპულა. მარინეს დედა ლამაზი, თანაც, მდიდარი ქალი იყო. როგორც ჩანს, იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული ვიღაც ექიმი ჩასულა, სომეხი კაცი, რომელსაც იმდენი მოუხერხებია, რომ ეს ლამაზი და მდიდარი ქალი ცოლად მოუყვანია. ცოტა ხანში ოჯახი თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად, სადაც ქმარი მალე ტვინის ანთებით გარდაცვლილა. მარინე ამ დროს 6-7 წლის იყო. სხვათა შორის, ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, როგორც მისი უფროსი და-ძმა, თუმცა, სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.
მოკლე:დ, ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციის დროს, აკაკი ვასაძე მიუბრუნდა თურმე მარინეს და უთხრა: მარინე, ამიერიდან შენ იქნები თბილელი, შენ კი სერგო, – ისნელი (სომეხი მსახიობი იყო რუსთკაველის თეატრში, რომელიც ისანში ცხოვრობდა). ასე მიიღეს მარინემაც და სერგომაც თეატრალური გვარები და მათი ნათლია აკაკი ვასაძე იყო...
მარინე თბილელი აკაკი ვასაძის რძალიც გახდა – მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი, გოგი ვასაძე იყო, რომელთანაც ბიჭი შეეძინა. ბავშვს ბაბუის სახელი დაარქვეს. მარინე ოჯახური კონფლიქტის გამო წამოვიდა ვასაძეების სახლიდან. ჩემი ფეხი არ იქნება ამ სახლშიო, – თქვა და დედასთან დაბრუნდა, რომელთან ეროთადაც ვორონცოვზე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა წლების განმავლობაში...
შემთხვევითი შეხვედრა
სწორედ ვორონცოვზე, ქუჩაში მიმავალი გააჩერა იგი ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც კაცმა დაე ჰკითხა, სად სწავლობო? მარინე მაშინ პედაგოგიგიურ ტექნიკუმში სწავლობდა. პასუხი რომ მიუღია, უთქვამს, არ შეგიძლიათ, კინოსტუდიაში გამოიაროთო? როგორც შემდეგ თავად ქალბატონი მარინე იხსენებდა, ეს კაცი პირველი ქართული კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი. სამსონ სულაკაური აღმოჩნდა. სწორედ ამ შემთხვევითმა შეხვედრამ განაპირობა მარინეს შემდგომი ბედი: იგი კინომსახიობთა სკოლაში ჩაირიცხა. მალე ეს სასწავლებელი თეატრალურ ინსტიტუტს შეუერთდა და მარინემაც იქ განაგრძო სწავლა.
მომხიბვლელმა ახალგაზრდა მსახიობმა მალე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. თავიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, შემდეგ, ერთი პერიოდი, სოხუმის თეატრში მუშაობდა. სხვათა შორის, სწორედ იმ დროს საკავშირო მასშტაბის კონკურსი ჩატარდა ოსტროვსკის „უმზითვოსი“, სადაც მარინე ლარისას როლს თამაშობდა. ამ როლისთვის მან საკავშირო პრემია მიიღო, რაც მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. სოხუმის თეატრის შემდეგ მარინე თბილელმა მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი დაიპყრო და, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მან ეს თეატრი შემოქმედებით ზენიტში მყოფმა დატოვა – კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა. იმდენად დიდი იყო ნოსტალგია რუსთაველის თეატრის მიმართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეუღლეს, ბატონ აკაკი დვალიშვილს (ბატონი აკაკი თავის დროზე კულტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ, – თ. ო.) გამოუცხადა, რუსთაველის თეატრში გადავდივარო. „როდესაც ვკითხე, რატომ-მეთქი? გული მწყდებოდა, რუსთაველის თეატრიდან რომ წამოვედი, ახლა ოცნება ავისრულე და ისევ ჩემს თეატრში ვბრუნდებიო, – მიპასუხა“, – იხსენებდა შემდგომში ბატონი აკაკი.
მარინე თბილელი რუსთაველის თეატრში „კავკასიური ცარცის წრით“ დაბრუნდა და, როგორც ცნობილია, როდესაც რობერტ სტურუამ რეპეტიციაზე დაუძახა და სთხოვა, სცენაზე ასულიყო, დაიხარა და სცენას აკოცა...
იღბლიანი მსახიობი
სპექტაკლებში ხშირად ძალიან ლამაზ და მომხიბვლელ ქალებს თამაშობდა, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად სახასიათო როლები უყვარდა. თუმრე, ძალიან მოსწონდა, მოსამსახურე გოგონას, ტასიას როლი სპექტაკლში „მისი ვარსკვლავი“. პრინციპულად მიაჩნდა, რომ ქართველი მსახიობი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, ქართულ რეპერტუარში, ქართულ პიესაში მოძებნოს საკუთარი თავი და თავისი სათქმელი იქ თქვას. კი, კარგია შექსპირი, მოლიერი, ლოპე დე ვეგა, მაგრამ მათ თავიანთი პატრონი ჰყავთ, ქართულ თეატრში კი ქართულ დრამატურგიას უნდა მიენიჭოს უპირატესობაო, – ამბობდა და ყოველთვის ცდილობდა, უსათუოდ მიეღო მონაწილეობა ქართულ პიესაში.
რაც შეეხება კინოში მოღვაწეობას, ბევრი საინტერესო როლი შეასრულა ფილმებში, მაგრამ, როგორც ბატონი აკაკი დვალიშვილი ამბობდა: „კინოში მას თავისი როლი არ უთამაშია, კინორეჟისორები ძირითადად მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს, არადა, შეიძლებოდა მისი მსახიობური ნიჭის უფრო კარგად გამოყენება. სულ ლამაზი ქალების როლების თამაში თავად უაზრობადაც კი მიაჩნდა და სახასიათო როლზე ოცნებოდა, რომელიც მოქალაქეობრივი იდეით იქნებოდა გაჟღენთილი. სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულება არ დასცალდა“.
მიუხედავად ამისა, მარინე თბილელი არასდროს უარყოფდა, რომ იღბლიანი მსახიობი იყო. ყოველთვის ამბობდა: კარგი თვალით მიყურებს რეჟისურა და ამან, რასაკვირველია, განაპირობა ჩემი წარმატებები და დამკვიდრება ქართულ თეატრსა და კინოშიცო... „ხომ არიან მსახიობები, რომელთაც რაღაცეებზე სწყდებათ გული, აქვთ განუხორციელებელი ოცნებები... მარინეს მსგავსი ნოსტალგია და გულისწყვეტები არასდროს ჰქონია. მიაჩნდა, რომ ბედნიერი მსახიობი ქალი იყო ქართულ თეატრში. ბედნიერი იყო, რომ ჰქონდა საყვარელი საქმე, ჰყავდა შესანიშნავი შვილები და ასე შემდეგ... მაგრამ ძალიან დაიჩაგრა, როდესაც უკვე ასაკოვან ქალს გარდაეცვალა ვაჟიშვილი აკაკი ვასაძე, რომელიც პირველი მეუღლისგან ჰყავდა. დედა-შვილს საოცარი დამოკიდებულება ჰქონდათ, უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ კამათიც უსაზღვრო იცოდნენ. თან, იცით, რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე... მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“, – იხსენებდა ბატონი აკაკი დვალიშვილი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა მეუღლე და თავის დროზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი გული როგორმე მოეგო.
დღეს აკაკი დვალიშვილი და მარინე თბილელი ისევ ერთად არიან იმქვეყნად და ალბათ, იქიდან ადევნებენ თვალს ქალიშვილის წარმატებებს, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას.
***
– ბაია, დედა, ქალბატონი მარინე, როგორც მსახიობს, რას გარიგებდათ ხოლმე?
– არაფერს, უბრალოდ, მეუბნებოდა, ეცადე, რეპეტიციებიდან და სპექტაკლებიდან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოო და მე ეს სიტყვები დევიზივით მაქვს.
რამდენიმე წელია, დედა ცოცხალი აღარ არის და ახლა უფრო ვხვდები, როგორ უყვარდა იგი მაყურებელს. ხშირად კომპლიმენტის სახით მეუბნებიან, რომ დედაჩემს ვგავარ, იხსენებენ, როგორც არაჩვეულებრივ მსახიობს, ლამაზ ქალს, საინტერესო ადამიანს და ამით ბედნიერი ვარ. როგორც ჩანს, მან იმდენი რამ დატოვა ამქვეყნად, რომ დღემდე უყვართ და აფასებენ ასე ძალიან.
– ანდერძად რა რჩევები დაგიტოვათ?
– ეცადე, ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო, ყველაფერში კარგი დაინახო და მისგან დადებითი ენერგია აიღოო, თუმცა მის თხოვნას ვერ ვასრულებს. დედას საკმაოდ დიდი დოზით ჰქონდა ამის ნიჭი – სიცოცხლის სიყვარულის ნიჭი. მე ბევრად ნაკლები მაქვს...
– ირგვლივ მყოფნი რომ დედას გამსგავსებენ, გასაგებია, თქვენ თვითონ რას გრძნობთ, რით ჰგავხართ დედას?
– კოსმეტიკას საერთოდ არ ვხმარობ, მაგრამ, როცა სპექტაკლის წინ გრიმს ვიკეთებ, ზოგჯერ მგონია, რომ სარკიდან დედა მიყურებს. რაღაცით უკვე გარეგნულადაც ვამსგავსებ ჩემს თავს და ხანდახან დამიჭერია, რომ ხმის ტონიც მიგავს, სცენაზე რაღაც ჟესტსაც მისებურად ვაკეთებ და ასე შემდეგ... ერთხელ, დედას ნივთებში რაღაც ანკეტას წავაწყდი, ეკითხებიან – რისი გეშინიაო? სიბერის და სცენის მიტოვებისო, – უპასუხია... თქვენი ცხოვრების გაგრძელებას რაში ხედავთო? – ჩემი ცხოვრების გაგრძელებას ჩემს შვილში ვხედავ, ის განაგრძობს ჩემ სცხოვრებასო და, მინდა, რაღაცნაირად ავუხდინო ეს ოცნება, ღირსეულად გავაგრძელო მისი გზა სცენაზე.
– ქალბატონი მარინე დიასახლისობითაც გამოირჩეოდა. თქვენ თუ გიყვართ სამზარეულოში ტრიალი?
– მორიდების გარეშე მინდა, გითხრათ, რომ კარგი დიასახლისი ვარ. დედა ყველაფერს გემრიელად აკეთებდა. არ ვტრაბახობ და მეც არაჩვეულებრივად გემრიელი საჭმელები გამომდის. მიყვარს სადილების გამოგონება, ახალი კერძების კეთება – არის ამაში რაღაც შემოქმედებითი... სხვათა შორის, გურმანი ვარ და ოჯახში ყველაზე მეტს მე ვჭამ – სპექტაკლიდან მოსული, პირველად მაცივარს ვაღებ ხოლმე (იცინის)...
– ბაია, საუბარში მითხარით, რომ კოსმეტიკას არ იყენებთ... როგორც ჩანს, არც სამკაულებს სწყალობთ...
– დიდად არც სამკაულები მიყვარს... დედაჩემს ძალიან უყვარდა, მე – ისე რა... არ ვეკუთვნი, ასე ვთქვათ, ჩამცმელთა და თავის მომვლელთა კატეგორიას. ამაში საამაყო არაფერია, რადგან ქალმა თავს ყოველთვის უნდა მოუაროს, მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ ჯიში და გენი თავისას შვრება – რაც უნდა უარო თავს, ხიბლი გენეტიკურად არ მოგდგამს, ფერუმარილი ვერაფერს გიშველის.
– ქალბატონი მარინე თავს ლამაზ ქალად არ მიიჩნევდა, არადა, ნამდვილად იყო ლამაზი. სილამაზის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია – რას ნიშნავს ქალისთვის სილამაზე?
– გარეგნული სილამაზე ღვთის წყალობაა და გარკვეულ მომენტამდე ძალიან ეხმარება ადამიანს ცხოვრებაში. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ბევრი ვერ იყენებს ამ სილამაზეს, რადგან შინაგანი ნათება არ აქვს. ჩემთვის სილამაზე როგორც ქალში, ისე მამაკაცში, პირველ ყოვლისა, სწორედ შინაგანი ხიბლია...
– და, ბოლოს... კიდევ ხომ არაფერი გექნებათ სათქმელი?
– წლებთან ერთად ბევრი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, რასაც ძალიან განვიცდი... აბსოლუტურად ყველაფერი წარმავალია ამქვეყნად: როლიც, წარმატებებიც, პოპულარობაც... რჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები, სადაც არის უამრავი სიხარული, აღმოჩენა, იმედი... გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს!..
თამარ ოთიაშვილი