ვის ვერ შეუცვლიან მამაკაცები შორენა ბეგაშვილს და რა აქვს მას საერთო გეებთან
ის ბოლო პერიოდის ყველაზე სკანდალური ქართველი ქალია. საზოგადოება ხშირად უყენებს მას მძიმე მორალურ ბრალდებებს და თითსაც ხშირად იშვერენ მისკენ, თუმცა, ვინც მას იცნობს, ყველამ იცის, რომ სკანდალური, სექსუალური იმიჯის მიღმა სულ სხვა ადამიანი დგას. შორენა ბეგაშვილს პოპულარობა მძიმე ტვირთის სანაცვლოდ ერგო, თუმცა, თავად ყოველთვის ფიქრობდა, რომ, ბევრი ტკივილის მიუხედავად, მისი დროც ოდესმე დადგებოდა. დღეს შორენა საკუთარი იღბლის მადლიერია, თუმცა, არც იმას ივიწყებს, რომ ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და არც კონკიას ზღაპარია მარადიული.
შორენა ბეგაშვილი: არასდროს მიფიქრია, საკუთარ თავზე, რომ იღბლიანი ვარ, თუმცა, ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ თურმე, მეც მიღიმოდა იღბალი და ამას ადრე ვერ ვხვდებოდი. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ, ის ტკივილები, რაც გადავიტანე, ის გამოცდები, რაც ცხოვრებას ჩავაბარე, საჭირო იყო იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი საპირისპიროდ შეტრიალდა – ეტყობა, ყველას თავისი დრო აქვს და ეს დრო, ადრე თუ გვიან, მოდის, მთავარია, შენს დროს გაბოროტებული არ შეხვდე. არასდროს არ ვიდებ გულში წყენასა და ბოღმას. შეიძლება, მთელი წელი ვიყო მშვიდად, მაგრამ, უცებ ავფეთქდე, თუმცა, ეს „აფეთქებები“ ძალიან ხანმოკლეა. თავს არასდროს ვიბოროტებ, რაც ძალიან მადგება. ბევრი მოვითმინე და მოვიგე – ღმერთი ყოველთვის მაძლევდა საამისო ძალას. როცა პროფესიულ კარიერას ვიწყებდი, ძალიან ბევრ პროექტში ვცადე ბედი, მაგრამ ხშირად არ მიმართლებდა, ახლა კი, ერთ თვეში ორი კარგი ფილმის პრემიერა შედგა, რომელშიც მეც ვმონაწილეობ.
– როგორ არის საქმე მთავარ „პროექტში,“ რომელსაც ქალის პირადი ცხოვრება ჰქვია?
– ეს მართლაც მთავარი პროექტია, მე ვფიქრობ, რომ, ამ მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის განცდაა, როცა უყვარხარ შენთვის ძვირფას ადამიანებს, ამ მხრივ კი ყოველთვის განებივრებული ვიყავი. დავიბადე ოჯახში, სადაც საკმაოდ ბევრი ყოფითი პრობლემა იყო, მაგრამ, ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩემში სიკეთის მარცვალი ჩაედოთ. მათი წყალობით გავიზარდე კეთილი ადამიანი და ამის ხმამაღლა თქმის არ მრცხვენია. ჩემი მშობლები დიდხანს – ათი წელი ელოდნენ ჩემს დაბადებას. ალბათ, ამიტომაც, გამორჩეულად თბილად, სიყვარულით მზრდიდნენ. გვქონდა ტრადიციული ოჯახი, სადაც ვერ გაიგებდით ყვირილს, ხმამაღალ საუბარს. ცხოვრებაში ყველაფერს ფული და მატერიალური მდგომარეობა არ განსაზღვრავს. მართალია ბევრი რამ მაკლდა, მაგრამ ყველა ფულიან მამას მერჩივნა მამაჩემი, რომელიც დღეს ცოცხალი აღარაა. ის, როგორც ყველა რუსთაველი, მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა – დედაც მთელი ცხოვრება შრომობდა, პურის ქარხნის თანამშრომელი იყო. მათგან მემკვიდრეობით მერგო შრომისმოყვარეობა. ვიღაცისთვის შეიძლება, ეს ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ, შრომის ფასიც ვიცი და აქამდეც ბევრი მიშრომია. მე არასდროს მავიწყდება ჩემი წარსული, ის სირთულეები, რაც ადრეული ასაკიდან მქონდა – თუნდაც ის, რომ მივდიოდი გაყინულ სკოლაში, სადაც ქარი ისე უბერავდა, როგორც გარეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი ბედნიერი, თან, ამას ჩემს ჩაკეტილ და არაკომუნიკაბელურ ხასიათსაც თუ დავუმატებთ, ჩემთან ურთიერთობა არ იყო იოლი. ჩემი სამყარო მქონდა და, რამე რომ გამეკეთებინა, აუცილებლად უნდა „ეჯიკა“ ვინმეს, თუმცა, სიცელქეც არ მაკლდა – 8 წლის ასაკში ისე დავიწვი, დღემდე მაქვს ტანზე „შრამი“, მერე რკინაზე ჩამოვეხიე, მერე მანქანამ დამარტყა, მაგრამ მფარველი ანგელოზი არ მტოვებდა. მაშინ, როცა რთული ცხოვრება მქონდა, ვიცოდი, რომ ის სირთულეები დროებითი იყო და ცხოვრება რაღაცას მიმზადებდა. ჩემი ჩაკეტილი სამყარო დაინგრა და ბედის ირონიით, ახლა მაქვს ისეთი პროფესია, რომ ყველას უნდა გავუგო და ყველას ტყავში უნდა შევძვრე (იცინის).
– ახერხებ ამას?
– მე მგონი, კი, პროფესიული თვალსაზრისით, საყვედური არ მეთქმის იღბალთან. როცა თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, ყველა მეუბნებოდა: მანდ ისეთი „ჩაწყობაა“, შენ ვერ ჩააბარებ, პატრონი არ გყავსო, მე გავედი გამოცდებზე და გამიმართლა – მფარველის გარეშეც მოვეწყვე. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ყველა ბილეთი ზეპირად ვიცოდი და გამოცდებს იოლად ვაბარებდი ხოლმე. თეატრალურ ინსტიტუტშიც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ წარმატებები ცოტა გვიან, ბევრი მარცხის შემდეგ მოვიდა ჩემთან.
– რის ხარჯზე მოვიდა შენთან ეს წარმატება? როცა შენკენ თითს იშვერენ და საკმაოდ მძიმე ბრალდებებს გიყენებენ, ალბათ, ძალიან ძნელია ცხოვრება?
– იცით, რა, ადრე ამაზე ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი, არავის დანახვა არ მინდოდა. ახლა კი, ეტყობა, იმუნიტეტი გამომიმუშავდა და აღარ ვნერვიულობ, ჩანს, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. უკვე არავის აზრი აღარ მაინტერესებს, თუნდაც ის, როცა ჩემზე ამბობენ, თითქოს ახალგაზრდებს ვრყვნი. ხშირად მესმის: „უი, ეს გოგო კიდევ გახდილია?“ მე, მინდა გავიხდი, მინდა – არა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს პროფესიას დასჭირდება. მე ხომ ვიცი, რისი გამკეთებელი ვარ. მათ, ვინც ჩემზე ამბობენ, რომ ახალგაზრდობას ვრყვნი, კარგად გაახილონ თვალი, აქამდე არ უნახავთ ფილმი, სადაც ქალს გაუხდია?! თუ, მაშინ ვრყვნი ახალგაზრდებს, როცა ვამბობ, რომ ბანანი და შოკოლადი მადისაღმძვრელია?! მე მგონი, ისეთ ეროტიკას აჩვენებენ სხვადასხვა არხებზე, მათ ფონზე, გარყვნილებაში მე არ უნდა დამადანაშაულონ. ეს ხმები ისეთ დისკომფორტს მიქმნის, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ქუჩაში არ გამოვჩნდე, ხან სათვალით ვინიღბები, ხან, ლამის ჩადრით დავდივარ. ასე თუ არ მოვიქეცი და თუ მიცნეს, სადაც არ უნდა ვიყო, მამაკაცების არმია მომდევს (იცინის). ჩემს ტელეფონზე მოდის საშინელი მესიჯები, მათი ავტორები ახალგაზრდა ბიჭები, დაბოღმილი გოგონები, ფულიანი ბიძები და მათი ჭარბთმიანი ცოლები არიან. წარმოგიდგენიათ რამდენ შემოტევას ვუძლებ?! (იცინის).
– შენი გული ვის ეკუთვნის?
– არავის, მხოლოდ ჩემს შვილს – ევას. თაყვანისმცემლები ყოველთვის ბევრი მყავდა, მათ შორის კარგი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ სიყვარულში ძალიან გამიმართლა. როდესაც ოჯახი დამენგრა, ძალიან იმედგაცრუებული და გულნატკენი დავრჩი, თუმცა ამ ქორწინებას უიღბლოდ ვერ ჩავთვლი, რადგან მყავს შვილი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ის ჩემთან ერთად იზიარებს ჩემი ცხოვრების როგორც კარგ, ასევე ცუდ დღეებს. მასთან ერთად ვიძინებ და მასთან ერთად ვიღვიძებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემს შვილზე წინ ვინმე დავაყენო, არც ერთ მამაკაცს არ შემოვუშვებ ჩემს შვილზე წინ ჩემს ცხოვრებაში, ევა კონკურენციას უწევს ყველა მამაკაცს ერთად. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, გათხოვებას საერთოდ აღარ ვაპირებ. შეიძლება, ცოტა ხნის მერე დავბრმავდე, დავყრუვდე და ვინმე შემიყვარდეს, მაგრამ, ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. ცხოვრებაში იმდენი რამ გადავლახე მარტომ, რომ იმას, რაც ახლა მაქვს, ვერც ერთი მამაკაცის პრეტენზიების გამო ვერ დავთმობ. მარტოც მშვენივრად ვუმკლავდები ცხოვრებას. ჩემში არის მამაკაცური საწყისიც – სახლში ისეთი ხელმარჯვე ვარ, ყველაფერს, მათ შორის კაცურ საქმესაც, მშვენივრად ვაკეთებ.
– ასე გაგიცრუეს იმედები ქართველმა კაცებმა?
– არა, იმედები არ გამიცრუეს. ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მიყვარდა და, ყველა, ვინც მიყვარდა, მე თვითონ დავტოვე, ოღონდ, დავტოვე მათი ცუდი საქციელის გამო. პირველად მათ დაუშვეს შეცდომები. როცა მიყვარს, ძალიან ერთგული ვარ, გვერდზე არ ვიხედები და მამაკაცს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. როცა მიყვარდა, ყოველთვის ვიყავი ერთგული – ამას ვერ გადავეჩვევი. თუ ვინმემ დამკარგა, თავის თავს უნდა დააბრალოს. მე მათთან იმდენად კარგი და სრულყოფილი ურთიერთობა მქონდა, რომ მათ თავად გადაწყვიტეს ამისგან თავის დაღწევა, ამას ვერ გაუძლეს (იცინის). ვიცი, ამის დაჯერება ბევრს გაუჭირდება, მაგრამ, ახლა მარტოც კარგად ვგრძნობ თავს, ჩემ გვერდით არიან ჩემი მეგობრები და ორიენტაციაშეცვლილი მამაკაცები, რომლებმაც ძალიან კარგი მეგობრობა იციან. ისინი არიან საუკეთესო პარტნიორები კლუბში, ცეკვის დროს, თანაც, ვიცი, რომ ცუდად არასდროს მომექცევიან. მეგობრები არიან ჩემი მფარველები, მათ გარემოცვაში ძალიან მშვიდად ვარ, ისინი ყველგან და ყოველთვის მიცავენ. გეების გარდა, ჩემ გვერდით მამაკაცი არ არის, თუმცა, ამისი თქმაც არ მინდა, მერე ნახეთ შემოტევები (იცინის).
– ფულთან დაკავშირებით ხარ იღბლიანი?
– იღბლიან თამაშებში არ მიმართლებს, კაზინოში კი სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. ასე მგონია, არც ლატარიაში გამიმართლებს, ამიტომაც, არასდროს ვყიდულობ ბილეთებს. ფული ჩემთან მხოლოდ შრომით მოდის, არც ველი სხვისგან არაფერს. თავად ვუძღვნი საკუთარ თავს „ბანტიან“ მანქანებსა და კონვერტებს. თუ სხვისგან მივიღებ ამ ყველაფერს, ვიცი, რომ იმას პატრონიც მოჰყვება (იცინის). წარმატებასაც და მარცხსაც მშვიდად ვიღებ, დეპრესიაში არ ვვარდები. ვიცი, რომ კარგი პერიოდი, შეიძლება, ცუდმა შეცვალოს და ყველაფრისთვის მზად ვარ. ზუსტად ჩემზეა ნათქვამი სოლომონის სიტყვები: „ესეც გაივლის“. მაგრამ, კონკიას ზღაპრისაც მჯერა. ჩემს ცხოვრებაშიც ახდა ასეთი ზღაპარი, თუმცა, ჩემი დაკარგული ფეხსაცმელი ჯერ ჩემამდე არ მოსულა... (იცინის).