გამოცდილება
არაერთხელ დადასტურდა, რომ პრინციპი, „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“, ქართული პოლიტცხოვრების „თანამდევი, უკვდავი სულია“, ისევე, როგორც ის, რომ „შენი იყო, ახლა ჩემია“. ჰოდა, თუკი ორიოდ წლის წინათ კახი კალაძე თავს პრეზიდენტის მხარდამჭერად მოიაზრებდა, ახლა უკვე ყოფილი პრემიერის გუნდში გადაბარგდა (ყოველ შემთხვევაში, მოარული ხმებით). ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ბ-ნ კალაძეს პოლიტიკური ამბიციები (თუმცა ისიცაა, ვითომ, რატომ არ უნდა ჰქონდეს?!), სამაგიეროდ, ვიცით, რომ, სახელდობრ, ბ-ნ შოთა მალაშხიას ამ საკითხისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, დაახლოებით, ასეთი პათოსისა: სპორტსმენი სპორტში დაეტიოსო. ხოლო, რაკი ნათქვამია, „ქვა იმან ესროლოსო“, ბ-ნი მალაშხიას შესახებ სრულიად გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციას გადავხედეთ (სიტყვიერად გაცხადებული დემოკრატიის მადლით, ასეთი რამე-რუმეები ამ ჩვენს „შუქურაშიც“ კი ჯერჯერობით ნებადართულია) და კიდევ ერთხელ დავადგინეთ, რომ მისი შრომითი ბიოგრაფია სარემონტო-სამმართველოს მუშობით იწყებოდა, მესამე თანრიგის ელექტრომექანიკოსობით გრძელდებოდა და მეისრეობასა-ელექტრომონტიორობაზე გადიოდა, ვიდრე სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტს დაამთავრებდა და ნევროპათოლოგის კვალიფიკაციას მიიღებდა (2004 წლამდე გაქანებულ ნევროპათოლოგად მუშაობდა). 2004-ში კი პირდაპირ საქართველოს პარლამენტში მოხვდა (და მას შემდეგ იქაა), ოღონდ, განა ჯანდაცვის კომიტეტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიაში, თანაც, თავმჯდომარის პოსტზე (აგერ უკვე, მეორე მოწვევის პარლამენტია!). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ნევროპათოლოგიასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ისეთივე კავშირი აქვს (თუ, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობას ბოდვით იდეად არ განვიხილავთ), როგორც სპორტსა და პოლიტიკას, სავარაუდოდ, ბ-ნი მალაშხია ბ-ნ კალაძეს რჩევას საკუთარი გამოცდილების (და საქართველოს რეალური რუკის) გათვალისწინებით უნდა აძლევდეს.