ყურნასიამოვნებები
„ხელმწიფის ნავში“
როგორც ჩანს, „ხელმწიფის ნავში ჩაჯდომა“ არა მხოლოდ ლოკალური, გლობალური მასშტაბითაც არ ამართლებს. ჰოდა, რაკი არ ამართლებს, ბუშის სახელობის ქუჩა იმით შემოგვიბრუნდა, რომ, უცხოური პრესის შეფასებით, ბ-ნი ობამა ბ-ნ სააკაშვილს არ შეხვდა, არც მეტი, არც ნაკლები, იმ საპატიო მიზეზით, რომ ბ-ნები პუტინი და მედვედევი არ გაენაწყენებინა. საქმეს ვერც იმან უშველა, რომ ავღანეთში ჩვენი 750 სამხედრო მოსამსახურე უკვე გაემგზავრა, ერთი ამდენი კი გასამგზავრებლად ემზადება (ნეტავ ობამას გული მოლბობოდა და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველას, სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს, სიამოვნებით გაგვამწესებდნენ ავღანეთში თალიბებთან შესაბრძოლებლად). არადა, ჩვენი პრეზიდენტი იმასაც კი ბრძანებდა, რომ საქართველოს გამთლიანების გზა ავღანეთში დემოკრატიის დამყარებაზე გადისო. ჩვენ არ ვიცით, კვლავაც სჯერათ თუ არა იქ, ზემოთ, ამ თეზის, თუმცა, გვაგულიანებენ, რომ ჩვენი სამხედროები ავღანეთსა და ერაყში სამხედრო კვალიფიკაციას იმაღლებენ და ეს საბრძოლო გამოცდილება მათთვის მისწრებაა (ისიცაა, მისწრება რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომშიც გვახეირებდნენ და მხოლოდ რუსებისვე მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავები არ იქნებოდა ჩვენს ანგარიშზე). როგორც გაირკვა, ეს ჩვენი და ჩვენთვის საუკეთესო სამხედრო კონტინგენტი ყარაულში დააყენეს (მეორე მხრივ, მადლობა ღმერთს, რადგან უფრო უსაფრთხოდ არიან!). ეს ამბავი ჩვენმა ელმედიამ მეტად პიკანტური საკაზმით მოგვაწოდა – პირველად ხდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, რომ არაწევრი ქვეყნის სამხედროებს სამხედრო ბაზის დაცვა მიანდესო (იმას კი აღარ ამატებენ, რომ მხოლოდ ჩვენს სამხედროებს ნატო არაფერსაც არ ანდობს, სამაგიეროდ, ყურმა ხომ ისიამოვნა?!). და მერე რა, რომ, როდის ყოფილა, ყარაულში დგომა ვინმეს ცხელ ომში გამოსდგომოდა?!