როდის არ შეიძლება ტრილიუმის ნიადაგის გამოშრობა და რა გავითვალისწინოთ გაზაფხულზე რეოს გახარებისას
გაზაფხულზე თითქმის ყველა მცენარე იღვიძებს და აქტიურ ზრდას იწყებს. ამ დროს მათ ზამთართან შედარებით ინტენსიური მოვლაც სჭირდება და დიდი ყურადღებაც, რომ კარგად გაიხარონ. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა დაგვეხმარება, გავარკვიოთ, როგორ მოვუაროთ ამ სეზონზე ტრილიუმსა და რეოს და რა დამატებითი პირობების გათვალისწინებაა საჭირო მათი გახარებისთვის.
– ბატონო თენგიზ, როგორი მცენარეა ტრილიუმი და ძირითადად სად ხარობს ის?
– ტრილიუმი ერთ-ერთი ულამაზესი მცენარეა, რომელიც გამოიყენება ბაღების დეკორაციებში. თუმცა, ეს მცენარე არც ისე ხშირად გვხვდება. მისი გახარება შესაძლებელია ბინაშიც. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ მას ჩრდილიანი ადგილი მოსწონს. ის მრავალწლიანი, გამძლე, მსხვილად დატოტვილი ფესვიანი მცენარეა. თუ შეიძენთ, არ ინანებთ, რადგან ულამაზესი მცენარეა, განსაკუთრებით ყვავილობის დროს.
– როდის ყვავილობს მცენარე და როგორია ამ დროს?
– ტრილიუმი ყვავილობს მაისის შუა რიცხვებიდან და ყვავილობა მთელი თვე გრძელდება. ფოთლებს მცენარე აგვისტოს ბოლომდე ინარჩუნებს, რომლებიც ნაყოფის მომწიფებამდე იღუპება. ამ მცენარის ნაყოფი ზაფხულის ბოლოს მწიფდება. ტრილიუმის ყვავილი სხვადასხვა ფერისაა, გვხვდება: თეთრი, ვარდისფერი და წითელი გულით, ლილიების ყვავილს წააგავს, თითქოს სამქიმიანი ვარსკვლავია. თუ თქვენ ბინაში უკვე გაქვთ ეს მცენარე, კარგად მოუარეთ, რათა მალე იყვავილოს. ერთ თვეში ის უკვე ყვავილების გამოღებას დაიწყებს. მცენარის კარგი ყვავილობისთვის აუცილებელია მისთვის შესაფერისი პირობების შექმნა.
– როგორ პირობებში ვამყოფოთ ტრილიუმი, რომ კარგად იყვავილოს?
– ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ტრილიუმი ჩრდილში იზრდებოდეს. თუ ბაღშია მცენარე, ეცადეთ ხის ქვეშ დარგათ, თუ ბინაშია, დადგით მაღალი მცენარეების გვერდით. ასე მცენარეს დაიცავთ სიცხისა და სიმშრალისგან. მას არ მოსწონს მზიანი და მცხუნვარე ადგილები. ასეთ ადგილას, ის საერთოდ ვერ გაიხარებს.
– რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე?
– ყველაზე კარგად ტრილიუმი იზრდება დრენაჟირებულ და ნოყიერ ნიადაგში. მის შემადგენლობაში სასურველია, მაღალი ხარისხის საბაღო კომპოსტი შედიოდეს, რომელზეც დამატებული იქნება ძველი ნაკელი. მცენარის ჩარგვა ხდება მეჩხერად, თუმცა შემდეგ თავად მრავლდება და ხშირი ბალახოვანი მცენარე ლამაზი ყვავილებითაა შემკული.
– რა ზომის შეიძლება გაიზარდოს მცენარე?
– ტრილიუმის მინიატურული სახეობებიც არსებობს, რომლებიც 5 სანტიმეტრზე მაღალი არ იზრდება. ზოგიერთი ტრილიუმი 70 სანტიმეტრსაც კი აღწევს. ყველაზე ხშირად გვხვდება 20-40 სანტიმეტრი სიმაღლის ტრილიუმები. ბინაში გასახარებლად სწორედ ამ ზომის მცენარის გაზრდას გირჩევთ. ის კომპაქტურიც იქნება, ლამაზიც და ამასთანავე ოთახშიც დიდ ადგილს დაიკავებს.
– როგორ მოვუაროთ მცენარეს და ხშირად მოვრწყათ თუ არა?
– მთავარია, მცენარე ჩრდილში ამყოფოთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ტემპერატურამ მოიმატა. თუ ნიადაგი სწორად გაქვთ შერჩეული, სხვა დამატებითი საშუალებები არ სჭირდება. წელიწადის სხვადასხვა სეზონზე განსხვავებულად უნდა მორწყათ. თუ სიმშრალეა, შესაბამისად, ტრილიუმს მეტი მორწყვა სჭირდება, ზამთარში – იშვიათად, გაზაფხულსა და ზაფხულში კი მაღალი ტემპერატურის გამო, აუცილებლად ხშირად მორწყეთ. ნიადაგი ხელით მოუსინჯეთ ხოლმე. ამ პერიოდში და შემდეგ თვეებშიც მცენარის მიწა არ უნდა გამოშრეს, რადგან ის ცუდად რეაგირებს სიმშრალეზე. ზაფხულში შეგიძლიათ, მცენარე აივანზეც გაიტანოთ, მაგრამ მხოლოდ ჩრდილიან ადგილას. თუ ახლა კარგად მოუვლით და ამ პირობებს გაითვალისწინებთ, ძალიან მალე ტრილიუმი ლამაზი ყვავილებით დაამშვენებს თქვენს ბინას.
– კიდევ რომელი მცენარის გახარებას გვირჩევთ ოთახის პირობებში?
– რეო ოთახის არაჩვეულებრივი მცენარეა. ის ჭორიკანას ახლო ნათესავია. ვიზუალურად ამ მცენარეზე უფრო ლამაზია და არც პრეტენზიული მოსავლელია. რეოს მუქი ფერის ფოთლებიდან პატარა თეთრი ყვავილები გამოსდის. თუ კარგად მოუვლით, ხშირად გაგანებივრებთ ლამაზი ყვავილებით. გახსოვდეთ, რომ მცენარე მზის გულზე არ დადგათ, თორემ ფოთლები გაუხუნდება და ეფექტური აღარ იქნება.
– რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყათ მცენარე?
– ზამთარში ზედმეტი წყალი არ მოგივიდეთ, რადგან ამით შეიძლება, რეოს ფესვები და ღერო დაულპეს. წელიწადის სხვა სეზონებზე კი რეგულარულად მორწყეთ. მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არა ძალიან სველი. თუ თქვენ წყლის დასხმის დაბალანსებას შეძლებთ, მცენარე არაჩვეულებრივად გაიხარებს.
– რაც შეეხება ტემპერატურას...
– რეოს მოსწონს ოთახის ტემპერატურა18-24 გრადუსი. ის ტემპერატურის მხრივ არაა პრეტენზიული. ზამთარში ეცადეთ, 16 გრადუსი მაინც იყოს. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება მცენარეს.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ რეოს მოვლისას და სად შეიძლება ამ სეზონზე მისი დადგმა?
– თუ რეოს ფოთლის წვეროები გაუხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლები ტენი აქვს. დადგით სხვა მცენარეებთან ერთად, ან სველკენჭებიან ლანგარზე. გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარეს ზრდის პერიოდი აქვს და ზომიერად მორწყეთ. მცენარისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია. ის ძალიან მაღალი არ იზრდება და ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, დადგათ. მთავარია მცენარეს კარგი სინათლე მოხვდეს. რეოს გახარება არც ისე რთულია, ამასთანავე კომპაქტურია და ბინაშიც არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. თუ უკვე გაქვთ ეს მცენარე, ამ სეზონზე ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ მისი ნიადაგის ტენიანობას და განათებას.