როგორ დავიცვათ თავი ცოფის საშიშროებისგან და რატომ არის ცოფის ატიპური ფორმა ძნელი სადიაგნოსტიკო
ცოფი ძალიან საშიში დაავადებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ცხოველის, ასევე ადამიანის სიცოცხლეს. ცოფი რამდენიმე სახისაა და თითოეულს განსხვავებული გამოვლინებები ახასიათებს. თუ სახლში ცხოველი გყავთ, აუცილებელია, 3 თვის ასაკიდან ცოფზე აიცრას, რომელიც 11 თვეში ერთხელ უნდა განმეორდეს. ასე დაიცავთ საკუთარ და მის სიცოცხლეს ამ საშიში დაავადებისგან. ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი დაწვრილებით მოგითხრობთ ცოფის ვირუსსა და, მის შედეგებზე, რაც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რა საშიშია ამ ვირუსის მოხვედრა ორგანიზმში.
ზაქრო ბაჯიაშვილი: მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებამდე ადამიანს არ ჰქონდა ცოფისგან დაცვის საიმედო საშუალება. ცოფიანი ცხოველის მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი სასიკვდილოდ იყო განწირული. ამჟამადაც არ არსებობს აღნიშნული დაავადების სამკურნალო წამალი, მაგრამ არსებობს საშუალება, რომელიც მნიშვნელოვნად წევს დაბლა ცოფით დაავადების რისკს. შინაური ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაცია დაგიცავთ თქვენ, ცხოველს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ამ მეტად საშიში დაავადებისაგან. ცოფი (ჰიდროფობია), ვირუსული დაავადებაა, და ჩნდება დაავადებული ცხოველის ნაკბენისგან. ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რასაც ლეტალურ გამოსავლამდე მივყავართ. ცოფის ვირუსი უძლებს დაბალ ტემპერატურას, მაგრამ მაღალი ტემპერატურის, მზის სხივებისა და სადეზინფექციო ხსნარების მიმართ მგრძნობიარეა.
– რომელი ცხოველები ავადდებიან ყველაზე ხშირად ცოფით?
– ყველაზე ხშირად გარეული ცხოველებიდან ავადდებიან მელიები და მგლები, ხოლო შინაური ცხოველებიდან – ძაღლები და კატები, რომლებიც ინფიცირდებიან გარეული ცხოველების ნაკბენით ან ნერწყვის მოხვედრით დაზიანებული კანის ნაწილზე. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვირუსი დასნებოვნების ადგილასაა, შემდეგ მიჰყვება ნერვულ დაბოლოებებს და ხვდება ჯერ ზურგის, შემდეგ კი თავის ტვინში.
– როდის ვლინდება დაავადება?
– დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი მთელ ორგანიზმში გავრცელდება. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია.
– რამდენ ხანს გრძელდება ინკუბაციური პერიოდი?
– ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისი ხანგრძლივობა შეიძლება, ერთი წელიც იყოს.
მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით სანერწყვე ჯირკვალში გადადის, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე შეიძლება, დაიწყოს დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა.
– ცოფის რამდენი სახეობა არსებობს?
– კლინიკური ნიშნების მიხედვით, ცოფის სამ ფორმას, არჩევენ: შმაგს, წყნარსა და ატიპურს. შმაგ ფორმას ახასიათებს სტადიურობა. პირველ სტადიაზე ცხოველი შეშინებულია, იმალება ბნელ ადგილებში ან პირიქით, ძალიან მოსიყვარულეა. ხანდახან ახასიათებს დაკბენილი ადგილის ქავილი. მეორე სტადიაზე ავლენს აგრესიას და მოუსვენრობას. ჩახლეჩილი ხმით იყეფება და იღრინება. ჭამს და ღრღნის უცხო სხეულებს, თავს ესხმის სხვა ძაღლებს და პატრონსაც კი. ცხოველი ვერ ყლაპავს წყალს. მესამე სტადიაზე ვითარდება კანკალი და დამბლა. ცხოველი სულ წევს და კვდება კომატოზურ მდგომარეობაში.
წყნარი ფორმის დროს ახასიათებს დამბლა და ნერწყვდენა. ვერ იღებს საკვეებს და კვდება 2-4 დღეში.
ცოფის ატიპური ფორმა ძნელი სადიაგნოსტიკოა. ის შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე და მეტიც. შეიძლება, განვითარდეს დიარეა ან ნაწლავების ატონია, დეპრესია, რის შემდეგაც შეიძლება დადგეს დროებითი გაუმჯობესება. ცხოველი კვდება ყოველგვარი სიმპტომების გამოვლინების გარეშე. ცოფზე საბოლოო დიაგნოზი ისმება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად.
– ადამიანში რამდენ სტადიად მიმდინარეობს ცოფი?
– ადამიანში ცოფი მიმდინარეობს 3 სტადიად. პირველი სტადიის დროს აღინიშნება ზოგადი სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მადის დაქვეითება. დაკბენის ადგილას ვითარდება არასასიამოვნო შეგრძნება. ავადმყოფს აღენიშნება გაურკვეველი შიში, პანიკა, დეპრესია და უძილობა.
ცოფის მეორე სტადიაზე, რომელიც დგება 1-3 დღეში, ვითარდება აღგზნება და წყლის შიში. სითხის მიღების დროს, ვითარდება ხორხის კუნთების სპაზმი, სუნთქვითი მოძრაობები მტკივნეულია და აღინიშნება კანკალი.
მესამე სტადია, მე-4-5 დღეზე ხასიათდება შედარებით წყნარი ფორმით. ყალიბდება ცრუ იმედი გამოჯანმრთელებაზე, ვითარდება კიდურების დამბლა, ცნობიერების დაკარგვა და ვითარდება კანკალი.
სიკვდილი ვითარდება სუნთქვის დამბლით და გულის გაჩერების შედეგად.
უნდა დავიმახსოვროთ, რომ აღნიშნული სტადიებისას არ არსებობს მკურნალობის არც ერთი მეთოდი და გამოსავალი. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ ქუჩის ძაღლის მიერ შემთხვევით დაკბენის დროს, დაუყოვნებლივ მიმართოთ ანტირაბიულ კაბინეტს. მანამდე სასურველია, დაკბენილი ადგილი დაიბანოთ 10 წუთის განმავლობაში საპნიანი წყლით.
გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხოველს 3 თვის ასაკიდან გავუკეთოთ და ყოველ 11 თვეში ერთხელ გავიმეოროთ. ამით დავიცავთ როგორც ცხოველს, ასევე საკუთარ თავს ამ მეტად საშიში დაავადებისგან.